ყველა კაცი ერთნაირია
შეთქმულების თეორია
სახლში დაბრუნებულ ქეთას ძიძა შეშფოთებული დაუხვდა. ქალი ისე მიეგება სახლის კართან და ისეთი დამფრთხალი სახე ჰქონდა, რომ მისი მღელვარება ქეთისაც გადაედო.
– ნანა, რა ხდება? ბავშვს ხომ არაფერი უჭირს? სიცხე აქვს? ახველებს? სად არის? – სხაპასხუპით მიაყარა შეკითხვები.
– ბავშვი კარგად არის, ოთახშია და თამაშობს. ახლახან ვაჭამე.
– უჰ, მომეშვა. აბა, შენ რა გჭირს? ოჯახში ხომ მშვიდობა გაქვს?
– მე კი მაქვს ოჯახში მშვიდობა, მაგრამ, ვახომ დარეკა.
ქეთი პალტოს კიდებდა. ამ სიტყვების გაგონებაზე შემობრუნდა:
– მართლა? როდის?
– ეს წუთია, მაგრამ, წეღანაც დარეკა და ორი საათის წინაც.
– მერე, რა უნდოდა, მოვენატრეთ? – ჩაიცინა ირონიულად.
– ქეთი, ძალიან გაბრაზებული იყო.
– ჰმ, ეგ ჩემი პრობლემა არ არის.
– ქეთი... შენი პრობლემაა. ძალიან გაბრაზებული იყო-მეთქი. შენზე იყო გაბრაზებული. სულ დაწვრილებით გამომკითხა, სახლში როდის მოდიხარ, ვინმეს თუ ხვდები, აქ თუ გაკითხავს ვინმე... ერთი სიტყვით, ნამდვილი დაკითხვა მომიწყო.
– მთვრალი იქნებოდა ვაჟბატონი და გაიღვიძა მასში მესაკუთრემ, – მხრები აიჩეჩა ქეთიმ, – სიმართლე რომ გითხრა, ეს ამბავი ძალიან ნაკლებად მაღელვებს.
ნანამ თვალები აახამხამა და შეყოყმანდა.
– რა მოხდა? რისი თქმა გინდა? რომ ჩემი ეგოისტი ქმრის უნდა მეშინოდეს და, რადგან მას აღარ ვჭირდები, მონაზონივით უნდა ვიცხოვრო? – გაცხარდა ქეთი, – რა მაგისი საქმეა, სად დავდივარ, ვისთან და რატომ? შენც, ალბათ, იდექი და პასუხობდი... ვერ დაუკიდე ყურმილი?
ნანა შეწუხდა:
– ასეთ სიტყვებს არ ვიმსახურებ შენგან. როგორ უნდა დამეკიდა ყურმილი, რა წესია? თანაც, აშკარად ძალიან ცუდ გუნებაზე იყო. საშინელზე. რაღაც წამოსცდა – ეგ, თურმე, მომენტს არ უშვებს ხელიდანო... რა ჩემი საქმეა, მაგრამ, მგონი, ვიღაცამ რაღაც ძალიან ცუდი უთხრა. ხმაც არ უკანკალებდა ბრაზისგან და არც მთვრალს ჰგავდა. შენ იცი, თუმცა, მე მაინც მგონია და გეტყვი, რომ თქვენი ამბავი ძალიან გამწვავდა.
– მერე, ვინ არის ამაში დამნაშავე? კარი თვითონ არ გაიჯახუნა და გავარდა? – აყვირდა ქეთი, – კიდევ მე უნდა ვიზრუნო მის გუნება-განწყობაზე? გაბრაზებული ყოფილა ბიჭი!
– ქეთი, უნდა დალაპარაკებოდი. ხომ ხედავ, საქმე სადამდე მივიდა, – გულწრფელი სინანულით ჩაილაპარაკა ნანამ.
– მე დავლაპარაკებოდი? სახლიდან ხომ ის გაიქცა?.. მოკლედ, მომეშვას და თავის ცხოვრებას მიხედოს, მე ჩემსას მივხედავ.
ქეთიმ ჩექმები გაიძრო, დაუდევრად მიყარა კუთხეში და ოთახში ბუზღუნით შევიდა. ნანა უკან მიჰყვა.
– რა ვქნა ახლა მე, წავიდე? – ჰკითხა დაბნეულმა.
– რა ვიცი, წადი. შენი სამუშაო დრო დამთავრდა.
– მარტო დაგტოვო? რომ მოვიდეს?
– ვინ, ვახო? ჰმ, მერე რა, მოვიდეს, გგონია, მაგის მეშინია?
– რა ვიცი, აბა... სკანდალი არ მოგიწყოს, არაფერი მოხდეს... ხომ არ დავრჩე შენთან?!
– არა, რისთვის? ხომ გითხარი, არ მეშინია-მეთქი. ეგეთი ვაჟკაციც არ არის, რომ მობრძანდეს. საინტერესოა, რა პრეტენზია უნდა წამომიყენოს, რას ვაშავებ?
ნანა შეყოყმანდა.
– ქეთი, მართლა ხვდები ვინმეს? – ჰკითხა მორიდებით.
ქეთიმ ხელი ხელს შემოჰკრა:
– მოკლედ, გამაოგნებელი ამბავია. რატომ გაინტერესებთ ასე ყველას ჩემი პირადი ცხოვრება? ზრდასრული, სრულწლოვანი ადამიანი ვარ. ჩემს ცხოვრებას ისე მოვექცევი, როგორც საჭიროდ მივიჩნევ. არ მაქვს უფლება?
– უფლება როგორ არ გაქვს, მაგრამ...
– ჰოდა, მომეშვით... ყველამ თავი დამანებეთ... ჩემზე არავინ ფიქრობს, და, საერთოდაც, გეყოფათ, ნუ მტანჯავთ ამ სულელური რჩევა-დარიგებებით.
– კარგი, აღარ შეგაწუხებ. მე, უბრალოდ, ვალდებული ვიყავი, მეთქვა, რაც მოხდა. ხვალ მოვალ... დილით...
ქეთი მარტო დარჩა. ბავშვთან გავიდა და ჩაეხუტა. საშინელ სიცარიელეს გრძნობდა. იტირებდა, მაგრამ, შვილი შეებრალა. პატარა ისე შესციცინებდა, რომ გული შეეკუმშა... „დებილი ვარ, მართლა რატომ მივიყვანე საქმე იქამდე, რომ ვახოსთან ლაპარაკს ვეღარ ვახერხებ? რისთვის მჭირდებოდა ეს ყველაფერი, რატომ გავუშვი? ახლა კი სისულელეს სისულელეზე ვაკეთებ... რა ვქნა, როგორ მოვიქცე?..“
***
გიგი შეშფოთებული ადევნებდა თვალს ვახოს, რომელიც ჭიქას ჭიქაზე სცლიდა...
– გეყოფა, რა, უკვე მთვრალი ხარ, ცუდად არ გახდე.
– ცუდად გავხდე, რა, თხუთმეტი წლის თინეიჯერი ვარ?! შენ ხომ მითხარი, ცოტა ალკოჰოლი არ გაწყენსო. ჰოდა, ახლა ჭკუას ნუღარ მარიგებ.
– ცოტა არ ნიშნავს ნახევარ ბოთლს. აღარ დალიო...
ვახომ გამეტებით დაარტყა ხელი მაგიდის ზედაპირს:
– მართალი ხარ, აღარ დავლევ. ახლა ავდგები და ჩემს ცოლს ვესტუმრები.
გიგის გული გადაუქანდა:
– აუჰ, ესღა გვაკლდა. რა გინდა ჩემგან, ტო... ვნანობ, რომ ვთქვი და დაგანახვე ქეთი. სად არის შენი კეთილგონიერება? ამაზე დიდ სისულელეს ვერ გააკეთებ... ახლა ცოტა დამშვიდდი, დაიძინე და ხვალ დაელაპარაკე. დამიჯერე, რა!
– არა, ახლავე უნდა წავიდე. მომეცი მანქანის გასაღები!
– რომელი მანქანის? – ვითომ ვერ მიხვდა გიგი.
– შენი მანქანის და ეგრე ნუ მიყურებ, მაინც ვერ გადამათქმევინებ. რადგან ვთქვი, წავალ კიდეც.
– მთვრალი უნდა დაჯდე საჭესთან? თანაც, ჩემს მანქანაზე?
– ჰო. პირველად ხომ არ ვჯდები შენი მანქანის საჭესთან, მთელი საღამო მე არ ვიჯექი?
– მაშინ ნასვამი არ იყავი, ახლა კი მაგარი მთვრალი ხარ.
– გიგი, არ ვაპირებ შენთან დებატებს. მომეცი გასაღები!
– ვახო, მორჩი ამ სისულელეს...
– მომეცი გასაღები...
გიგიმ სასოწარკვეთით დააცეცა თვალები.
– დამიმტვრევ მანქანას. მანქანას ვინ ჩივის, შენ რამე არ დაგემართოს... მერე, ვინ იქნება პასუხისმგებელი?
– მე. სრულწლოვანი ვარ. მანქანას თუ დაგიმტვრევ, მევე გაგიკეთებ. შენ არ იდარდო მაგაზე. მომეცი გასაღები..
– ქეთისთანაც გააფუჭებ ყველაფერს.
– ეგ შენი საქმე არ არის.
– ვერაფრით გადაგაფიქრებინებ?
– ვერა. მომეცი გასაღები. გიგი, ისე ნუ იზამ, რომ ძალით წაგართვა. იცი, თუ მოვანდომებ, შევძლებ ამას.
– მე წაგიყვან, – ნაწილობრივ დათმობაზე წავიდა გიგი.
– არა, მარტო წავალ. ჩემს ცოლთან მოწმეები არაფერში მჭირდება.
– ქვემოთ დაგელოდები, საერთოდ არ ამოვალ ზემოთ.
– გიგი, ნერვებს ნუ მიშლი, გასაღები მომეცი!
გიგიმ ამოიოხრა და გასაღები გაუწოდა. ვახომ ქურთუკს სტაცა ხელი და გავარდა. გიგიმ თავზე იტაცა ხელები. ყველაფერს ნანობდა: იმასაც, რომ ვახოს თავისთან ცხოვრება შესთავაზა; იმასაც, რომ ქეთი და თავისი კავალერი მეგობარს დაანახვა... ნინისთან თავის დაშორებასაც... თუმცა, გულის სიღრმეში მეგობარს მაინც ეთანხმებოდა და იმასაც ხვდებოდა, რომ მის ადგილას თვითონაც ზუსტად ასე მოიქცეოდა.
***
ლიზამ მძინარე ქმარს ლოყაზე აკოცა. მობილური აიღო და ფეხაკრეფით გავიდა ოთახიდან.
– ალო, ნინი, შენ ხარ? რა ხმა გაქვს, ხომ არ გაგაღვიძე? უი, არ ვიცოდი, ასე ადრე თუ იძინებდი... რა განერვიულებს... ყველაფერი კარგად არის... დაგირეკა თომამ? ჰო? მერე, რაო? არა უშავს. მაგარი ამბავი მაქვს შენთვის... დილამდე? არა, ვერ მოვიცდი. ჩემმა ქმარმა ივენთის მოწყობა გადაწყვიტა – თავისი კაფე უნდა გააპიაროს, მთხოვა, შენი მეგობრები და ნაცნობები დაპატიჟეო. თანამშრომლებიც, რა თქმა უნდა. იცი, კიდევ ვის ეპატიჟება? გადაირევი, რომ გაიგებ. გიგი რომ მუშაობს, იმ კომპანიას.
– ლიზა, შენ ხომ არ გაგიჟდი, ეს არის მაგარი ამბავი? ამისთვის გამაღვიძე შუაღამისას? ან, ფიქრობ, რომ მე მოვალ მაგ ივენთზე? თუ ღმერთი გწამს, მომეშვი, ფეხის დამდგმელი არ ვარ მაგ წვეულებაზე. არც იოცნებო! – გაისმა ნინის გაღიზიანებული ხმა.
– პირიქით, პირიქით, სულელო. აუცილებლად უნდა მოხვიდე, ოღონდ, ძალიან მაგარ ფორმაში და თომასთან ერთად. გასკდება გიგი ბოღმისგან. თან, იმასაც მიხვდება, რომ შენთან შანსი აღარ აქვს, – ხმადაბლა ატიტინდა ლიზი.
– მორჩა, მაგ თემაზე ლაპარაკს აღარ ვაპირებ. ტყუილად თავი აღარ შეიწუხო და აღარ დამირეკო. არც ხვალ მითხრა რამე სამსახურში, თორემ, გადავირევი.
– აუ, ნინი, მოიცა, რა... არაჩვეულებრივად გავერთობით. ძალიან მაგარი იქნება. ქეთისაც დავპატიჟებ და...
– ისევ ქეთი! – შეჰყვირა ნინიმ, – მორჩა! არაფრის გაგონება აღარ მინდა, მომეშვი და დაიძინე...
ლიზამ ტუჩები გაბუსხა: „რა უცნაური გოგოა ეს ნინი... სულ მაგისთვის ვცდილობ, ეს კიდევ ჭირვეულობს და გაუგებარ რაღაცეებზე ნერვიულობს. მაინც დავითანხმებ.”
– ლიზა, სად ხარ? – საძინებლის ზღურბლზე ნამძინარევი ლევანი გამოჩნდა, – რა ხდება?
– არაფერი, საყვარელო... წყალი მომინდა და ავდექი.
– მომეჩვენა, რომ ვიღაცას ელაპარაკებოდი, – კაცმა დაეჭვებით დახედა სავარძელზე მიგდებულ ცოლის მობილურს.
– მე? არა... მხოლოდ წყალი დავლიე, – იუარა ლიზამ. ქმართან მივიდა და მიეხუტა, – ჩემი ეჭვიანი მეუღლე... რა ჩერჩეტი მყავხარ, ამ შუაღამისას ვის უნდა ველაპარაკებოდე?
– რა ვიცი, მეც ეგ გამიკვირდა.
– წყალი დავლიე. სულ ეს იყო. წავიდეთ, დავიძინოთ, ხვალიდან შენი წვეულებისთვის მზადებას შევუდგები. ცოტა მუცელი შემეტყო და, მინდა, ისეთი კაბა ვიყიდო, რომელშიც ძველებურად მომხიბვლელი ვიქნები.
– ფული რამდენიც გინდა, აიღე, ჩემს ბარათს მოგცემ, – ლევანმა კიდევ ერთხელ გაიხედა მობილურისკენ, ლიზამ გაიცინა და ქმარს მთელი სხეულით უფრო მაგრად მიეკრა. კაცს მაშინვე გადაავიწყდა თავისი ეჭვები...
***
ქეთის ზარის ხმა ძილში ჩაესმა. იფიქრა, მომეჩვენებოდაო და გვერდი იცვალა. მერე, როცა ზარს კარზე ფეხების ბრახუნიც მოჰყვა, იკადრა ადგომა. ხალათი ნაჩქარევად შემოიცვა და, შეშინებული, ფეხაკრეფით მიუახლოვდა კარს. ბრახუნი განმეორდა.
– ვინ არის? ვინ ხარ?
– კარი გააღე, ვახო ვარ! – მოესმა გარედან.
ქალმა ქმრის ხმა ვერ იცნო.
– შენ ვახო არ ხარ. ახლავე მოსცილდი კარს, თორემ, პოლიციაში დავრეკავ!
– ქეთი, ვახო ვარ. თუ არ გჯერა, სათვალთვალოში გამოიხედე და დარწმუნდები.
ქეთიმ ფრთხილად გაიხედა სათვალთვალოში. კართან მართლაც ვახო იდგა და ბარბაცებდა. ცოტა იყოყმანა და ურდული გახსნა. ვახო სახეარეული შემოვიდა ბინაში და ცოლს ამღვრეული მზერა მიაპყრო.
– მშვენივრად გამოიყურები... რა იყო, სხვას ხომ არ ელოდი? რაღაც, ძალიან გაოცებული მიყურებ...
– ვახო... რა გინდა, რისთვის მოხვედი? თუ საჩხუბრად, ცუდი დრო შეგირჩევია, ძალიან დაღლილი ვარ და მეძინება... თანაც, არ მინდა, ამ შუაღამისას აქ სკანდალი მომიწყო და სამეზობლო ფეხზე დააყენო. მთვრალი ხარ და არც საუბარი გამოგვივა, – ქეთი ცდილობდა, სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
– საჩხუბრად არ მოვსულვარ, – თავი გადააქნია ვახომ, თან ცოლს მზერას არ აშორებდა.
– აბა, რისთვის მოხვედი?
– აი, ამისთვის, – მოულოდნელად ვახო ცოლს სწვდა, ხელში აიტაცა და საძინებლისკენ გააქანა...
გაგრძელება შემდეგ ნომერში