როდის უწესებს მკაცრ აკრძალვებს გოგონას „მისტერ სექსუალურობა“ და „ბესტ მოდელი“ ბექა ჩიტაია და რა არის სალი დავითაშვილისთვის მამაკაცის მხრიდან მიუღებელი
სულ ცოტა ხნის წინ „ბესტ მოდელის“ 21 წლის მოდელი და ფეხბურთელი ბექა ჩიტაია „ბესტ მოდელ ოფ ჯორჯიას“ გამარჯვებული გახდა და ბულგარეთში საერთაშირისო კონკურსზეც იმყოფებოდა. სალი დავითაშვილი, რომელიც ასევე „ბესტ მოდელის“ მოდელია, ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, თუმცა, უკვე აქვს შემოთავაზებები და ერთ-ერთ სერიალში ეპიზოდური როლიც შეასრულა.
ბექა ჩიტაია: ფეხბურთელი ვარ და ბელგიის გუნდში ვირიცხები. 5 წლიდან დავიწყე ფეხბურთის თამაში და 13 წლამდე საქართველოში ვთამაშობდი. შემდეგ უკრაინაში გადავედი სათამაშოდ, დაახლოებით სამი წელი ვიყავი იქ და ისევ საქართველოში დავბრუნდი. შემდეგ თურქეთში ვითამაშე ორი წელი, ერთი წელიც – ჰოლანდიაში და ახლა უკვე ბელგიაში ვთამაშობ. ამ ყველაფერში მამაჩემსაც დიდი დამსახურება მიუძღვის. ისიც ფეხბურთელია და დღემდე ბელგიაში თამაშობს. მე ჯერ ოფიციალური კონტრაქტი არ მაქვს, მაგრამ, გუნდში ვირიცხები – სინჯები გავიარე და ამიყვანეს. ჩემი გუნდი მესამე დივიზიონს მიეკუთვნება, „ა-კლასია,“ ანუ, პერსპექტიული გუნდია; არც ცუდია, არც ძალიან კარგი, საშუალო დონის არის. ბევრ გუნდს სჯობია, მით უმეტეს – საქართველოში.
– რა პოზიციაზე თამაშობ?
– ცენტრალური თავდამსხმელი ვარ. ჩემი საყვარელი გუნდია მადრიდის „რეალი” და, ძალიან მინდა, ოდესმე ამ გუნდში ვითამაშო.
– რატომ გადაწყვიტე მოდელობა?
– „ბესტ მოდელის“ ხელმძღვანელის, კახი ხაბეიშვილის შემოთავაზების შემდეგ დამაინტერესა ამ სფერომ. როცა საქართველოში ვარ, მაშინ „ვხდები” მოდელი, მაგრამ, ბელგიაში მხოლოდ ფეხბურთით ვიქნები დაკავებული. კახის წყალობით, ბევრ კონკურსში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ამ კუთხით ჩემი პირველი წარმატება იყო „მისტერ ვალენტინზე“ ნომინაცია „მისტერ სექსუალურობის“ აღება. ამის შემდეგ ვმონაწილეობდი კონკურსში „ბესტ მოდელ ოფ ჯორჯია“, რომლის ეროვნული დირექტორი საქართველოში არის ეკა მგალობლიშვილი. ის სისტემატურად ატარებს ამ კონკურსს და შემდეგ უკვე გამარჯვებული გოგოც და ბიჭიც გაემგზავრნენ უცხოეთში, საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც 19 ნოემბერს გაიმართა. კონკურსში სხვადასხვა სააგენტო მონაწილეობს. შესარჩევ კონკურსზე ჟიურიმ 20 მონაწილე აგვარჩია: 10 გოგონა და 10 ბიჭი. ამის მერე ნახევარფინალში გადავედი და ჟიურის გადაწყვეტილებით გავხდი „ბესტ მოდელ საქართველო“. 1 დეკემბერს გავემგზავრე ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში. კონკურსში დაახლოებით 80 ქვეყნიდან იყვნენ კონკურსანტები და მე ოცეულში მოვხვდი. გავიმარჯვე ნომინაციაში „საუკეთესო ნაციონალური კოსტიუმი“ და ამით გავხდი ჟიურის რჩეული. ოთხი დღე გვქონდა რეპეტიციები, ცნობილი ქორეოგრაფი გვამეცადინებდა. ფაქტობრივად, ორი დღე და ღამე არ გვძინებია, გამოუძინებელი დავდიოდი. 5 დეკემბერს ჩატარდა ფინალი: ჯერ გამოვედით საცურაო კოსტიუმებში. თავიდან ჩემთვის პრობლემა იყო საცურაო კოსტიუმით გამოსვლა, მაგრამ, სხვა გზა არ მქონდა. ჯერ თბილისში გადამალახინა კახიმ ეს პრობლემა და იქ მერე უფრო გამიადვილდა. 5-6 ბიჭი აგვარჩიეს და ჩაგვაცვეს თავისი ბრენდების შარვალ-კოსტიუმები. მეორე დღეს გვეცვა ნაციონალური სამოსი. მე, რა თქმა უნდა, ჩოხა მეცვა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ზოგადად, კონკურსზე საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო და გამიხარდა, რომ ოცეულში მოვხვდი.
– სალი, შენ შესახებაც მომიყევი.
სალი: სკოლაში დავდივარ. მოდელობა ორი თვის წინ დავიწყე. მცირე პერიოდის მიუხედავად, სხვადასხვა კონკურსში მივიღე მონაწილეობა. ასევე, იყო ბატონი გია ჯაჯანიძის პროექტი „მშვიდობის წრე“, სადაც წარმოდგენილი იყო ევროპის 12 ქვეყნის ეროვნული სამოსი. მე წარვადგენდი ბელორუსიას. ასევე, გასვიანის სტუდიაში, ჩემს კოლეგასთან და დეფილეს პედაგოგთან, კრისტი ყიფშიძესთან ერთად გადავიღე ფოტოები. ვმონაწილეობდი კონკურსში „ბესტ მოდელ ოფ ჯორჯია“, მაგრამ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვეღარ გავაგრძელე მეორე ტურში მონაწილეობა. ზოგადად, მოდელობა ძალიან მომწონს. „ბესტ მოდელში“ არის მოდელების დიდი ბაზა, რომელსაც სხვადასხვა გადაღებისთვის, პროექტებისთვის, კასტინგებისთვის იყენებენ. პედაგოგოგებიც ცნობილი ადამიანები არიან, თავიანთი საქმის პროფესიონალები. ასევე „რუსთავი 2-ის“ სერიალში „ნათია და ნათია“ მე და ერთი მოდელი პატარა ეპიზოდში გადაგვიღეს – მაცდური გოგონები ვიყავით, რომლებიც მთავარ გმირს ესიზმრებოდა. კიდევ არის შემოთავაზება, რომ გავხდე ცნობილი ქართველი დიზაინერის პროდუქციის სახე.
– რას აკეთებ თავისუფალ დროს?
– ტანსაცმლის დიზაინერობა მინდა, ვხატავ ტანსაცმლის ესკიზებს. ჯერ ჩემთვის არაფერი შემიკერავს, არც მიცდია, მაგრამ, აუცილებლად ვცდი და, ვფიქრობ, გამომივა.
– ერთმანეთის გემოვნებაში თუ „ჯდებით”? ბექა, როგორი გოგონები მოგწონს?
ბექა: თავისთავად, მაღალი უნდა იყოს, თავისებური ეშხი უნდა ჰქონდეს, თუმცა, უფრო მეტად „ბლანდინკა“ გოგონები მიზიდავს. შეიძლება, მოდელი არ იყოს, მაგრამ, ისეთი აღნაგობა ჰქონდეს, რომ მოდელს სჯობდეს. რა თქმა უნდა, სალიც მომწონს, ძალიან კარგი, ლამაზი გოგონაა.
– ამ სფეროში როგორი „თავმდამსხმელი” ხარ?
– „დასტოინი“, უფრო მშვიდი. როცა გოგონა მომწონს, ვერ ვიტყვი, რომ მის გასაცნობად სერიოზულ ინიციატივას ვიჩენ. არ მინდა, ქაჯივით მოვიქცე.
სალი: როცა ბიჭი ინიციატივას იჩენს, ეს ნამდვილად არ არის ქაჯობა, უბრალოდ, ზღვარი უნდა იცოდე ქაჯობასა და ნორმალურ მოქცევას შორის. რომ ელოდები და ის კი არ იჩენს ინიციატივას, ეს, მისი მხრიდან, დიდი სისულელეა.
ბექა: როცა მისი მხრიდან არაფერი მოდის, ამ დროს არ არის ინიციატივის გამოჩენა საჭირო. მაგრამ, როცა ატყობ, რომ თვითონაც დაინტერესებულია, მერე უნდა გააქტიურდე, სხვანაირად უნდა მოიქცე, უფრო მეტად უნდა გამოიჩინო ყურადღება. ისე, ანუ, თუ მისგან არაფერს ვგრძნობ, როგორი მაგარი გოგონაც არ უნდა იყოს, მის მიმართ ინიციატივის ან ყურადღების გამოჩენის სურვილი საერთოდ არ მიჩნდება.
– როგორები ხართ, როცა გიყვართ?
– როცა გოგონა გიყვარს, მასთან ხარ ურთიერთობაში, ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად იჩენ ყურადღებას მის მიმართ – ეს მამაკაცის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა. ხშირად მინახავს, როგორ ჩხუბობენ შეყვარებულები. მე არ ვარ ასეთი. დამთმობიც ვარ ბევრ რამეში, ბევრ რამეში – არა. რა თქმა უნდა, ისიც უნდა იყოს დამთმობი. საჩუქრები, სიურპრიზები არ მიყვარს არც ჩემი მხრიდან, არც გოგონას მხრიდან. უბრალო ურთიერთობა უფრო მომწონს, ვიდრე გადატვირთული. რაც შეეხება გოგოს ხასიათს, არც გიჟი უნდა იყოს და არც მუდო, ნორმალური ხასიათის უნდა იყოს, მოსაუბრე, ჩემთან აქტიური, სხვასთან – არა. ყურადღებიანიც უნდა იყოს, რადგან, მე თვითონ ძალიან ყურადღებიანი ვარ. მაგრამ, არ მიყვარს, როცა ძალიან გამომწვევად აცვია, შენ გვერდით არის და ვიღაც სხვანაირად უყურებს. ასეთ დროს ცუდად ვიქცევი ხოლმე. ამიტომაც, ვცდილობ, ძალიან გამომწვევად არ ჩავაცვა ჩემს გვერდით მყოფ გოგონას. უპირველეს ყოვლისა, გავაფრთხილებ, თუ არ დამიჯერებს, მერე ძალიან მკაცრი ვიქნები და ყვირილს დავიწყებ – ქართული მენტალიტეტი მაინც თავისას შვრება.
სალი: იდეალი არ მყავს, არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ქერა ან შავგვრემანი იყოს, არც მის პროფესიას ვანიჭებ დიდ ყურადღებას.
– ბექამ თქვა, ჩემს შეყვარებულს რაღაცეებს ავუკრძალავო. როგორი რეაქცია გექნება შენ ასეთ რამეზე?
– სასიამოვნოა, როცა ბიჭი ყურადღებას იჩენს და გეუბნება: ეს არ ჩაიცვა ან ეს. როცა რაღაცას გთხოვს, ეს შენც უნდა გაითვალისწინო, ძალიან არ უნდა გაიგიჟო თავი, უნდა დაუჯერო, მაგრამ კატეგორიული ტონი მიუღებელია. ზომიერად მკაცრი ბიჭები მომწონს. მიყვარს, როდესაც ყურადღებას მაქცევენ.