ადამი და ევა
იქნებ, გარისკო?!
ოცნებობთ, რომ მომავალ წელს მაინც გაგიმართლოთ და შეხვდეთ თქვენი ცხოვრების სიყვარულს?! მაშინ, მოემზადეთ ხასიათში შესატანი ცვლილებისთვის. ჭეშმარიტება არის ის, რომ მტკიცე ხასიათის, პრინციპული და შეუპოვარი ადამიანები, განსაკუთრებით ქალები, ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს და ისრულებენ სანუკვარ სურვილებსაც. ზოგჯერ, იქნებ, ნანობენ კიდეც რისკიანად გადადგმულ ნაბიჯებს, მაგრამ, მაინც შეუპოვრად მიიწევენ წინ და წარსულზე არასდროს ნაღვლობენ. წარსული უნდა გააანალიზო და სათანადო დასკვნებიც გამოიტანო. ყველა ადამიანს აქვს აუხდენელი სურვილების ფარული სია, მაგრამ, მათ შორის განსხვავებაა: ზოგი ფიქრობს, რომ ეს სია სიადვე დარჩება, ზოგი კი დარწმუნებულია, რომ შეუსრულებელ ოცნებებს მინიმუმამდე დაიყვანს. მოკლედ, აირჩიეთ, რომელ კატეგორიაში გინდათ ყოფნა და ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, თქვენს ცხოვრებაში რაღაც უკვე შეიცვლება. და კიდევ: წლის მიწურულს აუცილებლად გადახედეთ თქვენს სიას; მასში აუცილებლად აღმოაჩენთ ისეთ სურვილებს, რომლებმაც დაკარგეს აქტუალურობა. ანუ, „რევიზია“ სურვილებისა აუცილებელია, ნუ მოებღაუჭებით ისეთ სურვილებს, რომლებიც ბევრს აღარაფერს მოგიტანთ, უფრო კონკრეტულად კი – საერთოდ აღარაფერში გჭირდებათ. რაც შეეხება რისკს, იმ სურვილებისთვის, რომლებიც რეალურად უკეთესობისკენ შეცვლიან თქვენს ცხოვრებას, ნამდვილად ღირს ბრძოლაც და გარისკვაც. ბოლოს და ბოლოს, ვინც არ რისკავს, ის ვერც შამპანურს სვამს!
არასოდეს თქვა – არასოდეს!
დარწმუნებული ხართ, რომ ბევრი თქვენი ოცნება ვერასოდეს იქცევა რეალობად?! ძალიან ცდებით. უბრალოდ, ამგვარი განწყობა თქვენს შანსებს ამცირებს.
დაიხსომეთ და უთხარით საკუთარ თავს, რომ არ არსებობს ისეთი სურვილი, რომლის ასრულებაც არ შეიძლება. ალბათ, გეღიმებათ, მაგრამ, რეალურად მართლაც ასეა, ზუსტად ისევე, როგორც არ არსებობს უპასუხოდ დატოვებული კითხვები. მონდომება, სურვილი და პასუხი ყველა კითხვას მოეძებნება. შევთანხმდეთ: ნურასოდეს დაიმუხტებით ნეგატიურად ტრაგიკული ისტორიების მოსმენით. ყველა ადამიანი ჩვეულებრივია – ისინიც კი, ვინც ძალიან, ძალიან წარმატებულია. წარმატების მიღწევის ერთ-ერთი მთავარი პირობაა – ყურადღება. რა მოუვა რძეს, თუკი მას გაზქურაზე სულ ერთი წუთით დავტოვებთ უყურადღებოდ? – ადუღდება და გადმოიღვრება. ანუ, ასპროცენტიან შედეგს მიიღებ მაშინ, როცა კონკრეტულ მიზანს მაქსიმალურ ყურადღებას, შრომასა და ძალისხმევას მოახმარ.
ოცნება თავისით არ იქცევა რეალობად, მას კონკრეტული მუშაობა სჭირდება. თუ ხელს არ ჩაიქნევთ და არ ეტყვით საკუთარ თავს: „მე ამას ვერასოდეს შევძლებ,” – ყველაფერი გამოვა. ეს აქსიომაა და, ამიტომაც, არასოდეს თქვა – „არასოდეს”!
ქალური ეშმაკობები
ოჯახში „ამინდს“ ქმნის ქალი – ამაზე არავინ დავობს და, კარგი იქნება, თუ ყველა ქალი კარგად გააცნობიერებს ამას. ყველა სიტუაციაში სწორედ ქალია გადაწყვეტილების მიმღები და არა მამაკაცი, რომელსაც მხოლოდ ჰგონია, რომ სწორედ მისი აზრია ცალსახად მნიშვნელოვანი.
როცა ზრუნავთ იმაზე, რომ იდეალური „უიქ-ენდი“ მოაწყოთ, შეეცადეთ, ფიზიკურად ძალიან არ გადაიღალოთ და არ გამოიფიტოთ. თუ ამას თავიდან ვერ აიცილებთ, აუცილებლად გაღიზიანდებით, გუნებამოშხამულს კი დღესასწაული აღარ გამოგივათ და სხვებსაც ვერ მიანიჭებთ სიხარულს. ამიტომ, როცა დასვენება გინდათ, დაისვენეთ – თავს დამნაშავედ ნუ იგრძნობთ.
ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ წვრილმან უსიამოვნებებსა და მარცხს გუნება არ უნდა წაახდენინოს.
ბევრი ქალი სრულიად დარწმუნებულია იმაში, რომ, მოვალეა, გადაფაროს ნებისმიერი ზომის ამბრაზურა, ანუ, ყველა ვალდებულებას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს და მერე წუწუნებს, რომ გადაიღალა. ცოტა იეშმაკეთ – სთხოვეთ ახლობლებს, მოგეხმარონ და დაჰპირდით, რომ მათი შრომა ჯეროვნად დაფასდება. კიდევ ერთი ეშმაკობა: თუ ოჯახის რომელიმე წევრს ეტყვით, რომ მხოლოდ მას ანდობთ რომელიმე კონკრეტულ საქმეს, ნახავთ, როგორ მოინდომებს და შეეცდება, მაქსიმალურად გაამოთ.
პირადი ცხოვრება აქვს ყველას, მაგრამ, თუ ამას პირდაპირ მოითხოვთ და პრეტენზიებსაც გამოთქვამთ, რომ საკუთარი თავისთვის დრო აღარ გრჩებათ, ვერავინ გაგიგებთ და ჭირვეულობაში ჩაგეთვლებათ. უბრალოდ, ჩუმად იზრუნეთ საკუთარ თავზე – თქვენ ამას შეძლებთ.
ეს მნიშვნელოვანია
არასდროს, არც ერთ სიტუაციაში არ დაკარგოთ საკუთარი ინდივიდუალიზმი. სხვისი მიბაძვით შერჩეული სტილი, სიარულისა და საუბრის მანერა არ მოგიტანთ წარმატებას. როცა ხარ ის, რაც ხარ, გაცილებით თავდაჯერებულიც ბრძანდები, თვითდაჯერებულობა კი წარმატების ერთ-ერთი სერიოზული გარანტია.
შეეცადეთ, იპოვოთ კომპრომისი მოდას, დამკვიდრებულ სტილსა და საკუთარ ინდივიდუალურობას შორის – ეს მართლაც მნიშვნელოვანია. ქალები ხშირად უშვებენ საბედისწერო შეცდომას, როცა ცდილობენ, ვინმეს დაემსგავსონ. სხვა ადამიანის კოპირება ვერასდროს მოგაქცევთ ყურადღების ცენტრში. აბსოლუტურად ჩვეულებრივ კოსტიუმში კი, შეიძლება, იყო სექსუალური, ვნებიანი და განუმეორებელი.
ასევე, მნიშვვნელოვანია ქალისთვის, ზუსტად იცოდეს საკუთარი შესაძლებლობები და ძლიერი მხარეები. განსაკუთრებული ნიჭი ამას არ სჭირდება. ნებისმიერ ქალს შეუძლია, იპოვოს საკუთარი „მე“ და თავი დაამახსოვროს მამაკაცს – ჩვენთვის ხომ სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და, კიდევ: ბედნიერებისკენ სავალ გზაზე, შეიძლება, ბევრი დაბრკოლება, იმედგაცრუება და მარცხი შეგხვდეთ. მაგრამ, ეს ტრადიცია არ არის. განგაშის ზარებს ნუ ჩამოვკრავთ და ნუ ვიტყვით იმას, რომ წარუმატებლები და უიღბლოები ვართ. მნიშვნელოვანია, გვწამდეს, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან კარგად და, თუ დაიჯერებთ ამას, ასეც მოხდება!
საჭირო დროს საჭირო ქმედებით!
გეგმები და ოცნებები ისევეა ჩვენი ცხოვრების ნაწილი, როგორც ის მოვლენები, რომლებიც რეალურად ხდება ან მოხდა. რატომ? იმიტომ, რომ აუხდენელი, შეუსრულებელი მოლოდინები ხშირად ტოვებენ დაუკმაყოფილებლობის განცდას, რაც, თავის მხრივ აჩენს უამრავ ნეგატიურ ემოციას: იმედგაცრუებას, გაღიზიანებას, შფოთს, გულგატეხილობას...
რას ვაკეთებთ, როცა სწორედ ამ ემოციების ზეგავლენის ქვეშ ვართ? დავიწყოთ იმით, რომ ქალებს გაცილებით მეტი რესურსი გვაქვს. ქალი არ უფრთხის და არ ერიდება ბარიერებს. მას ნაკლებად ახასიათებს უკან დახევა და დასახულ მიზანზე ხელის აღება. როცა ხდება ისე, რომ ბევრი გეგმა იშლება და ძნელია, წინასწარ გათვალოთ, როგორი იქნება ჩვენი ბუნებრივი რეაქცია, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მუდმივი არაფერია. წარმატებულობაც გაივლის და ყველაფერი თავიდან დაიწყება. საკმარისია, საჭირო დროს საჭირო ქმედება განვახორციელოთ და გამოსავალსაც ვიპოვით.
ასეა თუ ისე, ყველაფერი ახდენს ჩვენზე გავლენას. ბუნებამ ისე ინება, რომ თავდაცვის მექანიზმი ჩვენში საკმაოდ ძლიერია და ავტომატურად დავიწყებთ გამოსავლის ძებნას. ასეთ დროს ცვლილება, ნებისმიერი და თუნდაც უმნიშვნელო, ყოველთვის პოზიტიურად აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. ცვლილებები შესანიშნავია. მით უფრო, საჭირო დროს. მერე კი მომავალი თვითონ გიჩვენებთ, რამდენად ზუსტი და საჭირო იყო თქვენი ქმედებები.