საინტერესო ცნობები ფილმის – „მარტო სახლში“ ვარსკვლავზე, ჯო პეშიზე
წინასაახალწლო პერიოდში სატელევიზიო ეთერში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში თითქმის ყველა ტელეარხზე ჰოლივუდური ბლოკბასტერის – „მარტო სახლში” პირველ და მეორე ნაწილებს ატრიალებენ. ფილმი დღემდე არ კარგავს აქტუალობას და მისი გმირები ყოველთვის სასურველი სტუმრები არიან ყველა ოჯახში. მავანთა აზრით, მაკოლეი კალკინთან ერთად, ფილმის მთავარი ვარსკვლავი ჯო პეშია, რომლის მიერ განსახიერებული ბოროტმოქმედი ჰარი ყველასთვის საყვარელ პერსონაჟად ითვლება.
* ჯო პეში, სრული სახელი და გვარი – ჯოზეფ ფრანჩესკო დელორეს ელიოტ პეში, დაიბადა 1943 წლის 9 თებერვალს, ნიუარკში, ნიუ-ჯერსის შტატში პარიკმახერ მერისა და მძღოლ ანჯელო პეშების ოჯახში.
* ჯო პეშის სიმაღლე 163 სანტიმეტრია.
* ჯოს კარიერა 5 წლის ასაკში დაიწყო. თავდაპირველად ის თეატრის სცენაზე გამოჩნდა, რასაც მოჰყვა მისი გამოჩენა ტელევიზიაში – 10 წლის ასაკში ჯო პეშიმ საბავშვო გადაცემა „სტართაიმ კიდსში” მიიღო მონაწილეობა. 1960-იანი წლების დასაწყისში ჯო პეში მცირე ხანს პარიკმახერად მუშაობდა, ხოლო შემდგომ მუსიკალური კარიერა აირჩია და სხვადასხვა ჯგუფებში გიტარაზე უკრავდა. 1968 წელს ჯო პეშიმ „ჯო რიჩის” ფსევდონიმით ჩაწერა მუსიკალური ალბომი „ლითლ ჯო ქენ სინგ,” ანუ, „პატარა ჯოს სიმღერა შეუძლია”.
* პირველი როლი მხატვრულ ფილმში ჯო პეშიმ 1975 წელს ითამაშა – ეს იყო დაბალბიუჯეტიანი კრიმინალური დრამა – „სიკვდილის შემგროვებელი”. ფილმი მარტინ სკორცეზემ და რობერტ დენირომ ნახეს და ჯო პეშის დაურეკეს, რასაც მოჰყვა პეშის მიწვევა ფილმში „ცოფიანი ხარი”, სადაც მან ჯო ლამოტას (რობერტ დენიროს პერსონაჟის) ძმის როლი განასახიერა. ამ როლისთვის ჯო პეშიმ „ოსკარის” ნომინაცია მიიღო.
* ჯო პეშის ყველაზე ცნობილი ფილმებია: „სასიკვდილო იარაღი”, „ერთხელ ამერიკაში”, „კარგი ბიჭები”, „მომვლელი”, „კაზინო”, „ჩემი კუზენი ვინი”.
* ჯო პეში ბავშვობაში ძიუდოში ვარჯიშობდა. ამჟამად მსახიობი გოლფის თამაშითაა გატაცებული.
* მას შემდეგ, რაც ჯო პეშის დედამ ნახა ფილმი „კარგი ბიჭები”, მან დაურეკა შვილს და უთხრა, რომ კინო კარგია, მაგრამ, ის ძალიან ბევრს იგინება ეკრანზე (ფილმში ჯო პეშიმ რამდენჯერმე გამოიყენა სიტყვა „ფაქ”).
* „მარტო სახლში” ბოროტმოქმედ ჰარის როლი თავდაპირველად რობერტ დენიროს უნდა ეთამაშა, თუმცა, მან უარი თქვა და როლი თავის მეგობარ ჯო პეშის დაუთმო.
* 1988-1992 წლებში ჯო პეში დაქორწინებული იყო კლაუდია მარტა ჰაროზე, რომელთანაც ჰყავს ქალიშვილი – ტიფანი. 2007 წელს, 64 წლის ასაკში, ჯო პეში დანიშნული იყო 37 წლის მოდელზე ენჯი ევერჰარტზე, მაგრამ, 2008 წელს ისინი დაშორდნენ.
* კინემატოგრაფიდან წასვლის მიუხედავად, ჯო პეშიმ ვერ უთხრა უარი თავის მეგობრებს – მარტინ სკორცეზესა და რობერტ დენიროს და... 2014 წელს მათი საერთო ნამუშევრის, ფილმ „ირლანდიელის” პრემიერა შედგება.