კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდან ჩნდება ადამიანში სხვადასხვა საცდური და როდის იკვებება მისი სული ღმერთით

ქრისტიანები წელიწადში 4 მარხვას ვინახავთ, ეკლესიაში დავდივართ, აღსარებას ვამბობთ, ვეზიარებით, მაგრამ, ამ ყველაფერზე მაინც ზედაპირული წარმოდგენა გვაქვს. არაფერი ვიცით იმ სამი ბრძოლის შესახებ, რისი გადატანაც განსაკუთრებით მარხვის პერიოდში გვიწევს. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 

– სანამ უშუალოდ მარხვაზე ვისაუბრებდი, მინდა, ზამთრის დადგომა მივულოცო ყველას. მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს – ზამთარი რა მოსალოციაო. თუ ჩვენ ეკლესიური აზროვნებით შევხედავთ ზამთარს, მისი დადგომა უფრო მეტად მისალოცია, ვიდრე გაზაფხულის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი შემოდგომის ასაკში იმყოფება. წმიდა მამები წელიწადის დროებს ადარებნენ ჩვენს ასაკს. გაზაფხული აღარ დაბრუნდება, რადგან, ეს არის ჩვენი ბავშვობა, ზაფხული – ეს არის ჩვენი ახალგაზრდობა, შემოგომა – შუა ასაკი და ზამთარი – უკვე ჩვენი სიბერე, მის შემდეგ კი ჩვენს ცხოვრებაში სასუფეველი უნდა დამკვიდრდეს. ვინ რა მდგომარეობაში ან ასაკშიც არ უნდა ვიყოთ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ჩვენი ბოლო ზამთარია და ეს პერიოდი განსაკუთრებულად უნდა გავატაროთ მარხვის დაცვით, აღსარებით, ზიარებით. 

– მამაო, არაერთხელ გვისაუბრია მარხვაზე, მისი შენახვის წესებზე. მიუხედავად ამისა, მაინც არ ვიცით ბევრი რამ. იმის გაცნობიერებაც კი გვიჭირს, რა არის ჩვენთვის მარხვა, რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენს ცხოვრებაში. 

– ყველას, ვინც დიდი ხანია, დადის ეკლესიაში ან, პირიქით, ახლა იწყებს სიარულს, მინდა ერთი რამ ვურჩიო: მარხვა შეინახეთ როგორც ნეოფიტებმა. „ნეოფიტი“ ახლად მოქცეული ადამიანია. გაიხსენეთ თქვენი პირველი მარხვა – რა საყვარელი მდგომარეობა იყო, როგორი გაფართოებული თვალებით მოდიოდით და ყველაფერს როგორი მოწიწებითა და მოშიშებით აკვირდებოდით. აი, ასე შეინახეთ ყველამ მარხვა – ეს იყოს თქვენთვის პირველი მარხვა, პირველი ზიარება, პირველი აღსარება, ეკლესიაში პირველი მოსვლა. ასე თუ მიუდგებით, მაშინ, ყოველთვის მოწესრიგებული, აღფრთოვანებული იქნებით – გარკვეულ მოლოდინში, სიხარულსა და ბედნიერებაში. აი, ასე დავიწყოთ მარხვა. თუ დავსვამთ ასეთ კითხვას: რა არის თქვენთვის მარხვა? ბევრი იტყვის: არ უნდა ვჭამო ხორცი, რძის ნაწარმი, მაგრამ, თუ რაღაც პრობლემები მექნება, მამაოს გამოვთხოვ კურთხევას და რძის ნაწარმს მივიღებ. ეს გასაგებია და ამაზე ბევრი საუბარი არც არის საჭირო. თუ გინდათ, გაიგოთ, რა არის მარხვა, ცნობიერებით უნდა გადახვიდეთ სამოთხეში. 

– ეს, არ მგონია, ადვილი იყოს. ადამიანის ცნობიერებას ხშირად უჭირს ასეთ რაღაცეებში ჩაწვდომა, გააზრება. 

– მინდა, გაგახსენოთ სამოთხისეული მდგომარეობა მაცხოვრის უდაბნოში გამოცდით: როდესაც მაცხოვარმა ნათელი იღო, მას ეშმაკმა სამი გამოცდა მოუწყო. პირველი: ქვები პურებად გადააქციეო – ანუ, ხორციელი მდგომაორება; მეორე: ტაძრის ქიმიდან გადმოხტი და ანგელოზები აგიტაცებენო; მესამე: ამ ყველაფერს, რასაც კი ხედავ, მოგცემ, ოღონდ, თაყვანი მეციო. იოანე ღვთისმეტყველი შესანიშნავად ბრძანებს: ადამიანის პირველი საცდური მოდის ადამიანის გულისთქმა თვალთა, გულისთქმა ხორცთა და სიამე ამა თვალთა. აი, ეს ყველაფერი დაამარცხა იესო ქრისტემ. როდესაც ევამ სამოთხეში ნაყოფი დაინახა, ის იმდენად ლამაზი იყო, რომ ჯერ თვალით შეცდა. ადამიანის ბუნება ისეთია, რომ, როდესაც დაინახა თვალმა, შემდეგ მოუნდა სხეულს და მოუნდა მისი შეჭმა. როგორც კი შეჭამა, მაშინვე მოუნდა ამა სოფლის სიამე – განღმრთობა ღმერთის გარეშე. მარხვა კი ებრძვის სიამეს თვალთა. ადამიანის მახსოვრობა უძიროა, ის უნდა განიღმრთოს, მარადიულობაში უნდა გადავიდეს, ამისთვის კი მის გონებას სჭირდება მომზადება,  მომწიფება. შეიძლება, ადამიანს რაღაც გადაცემები არ აინტერესებს, მაგრამ, ყველაფერი, რასაც თვალი ხედავს, ადამიანის გონებაში, მის შრეებში იბეჭდება და გარკვეულ დროს იჩენს თავს. ამიტომ, იქნებ, მარხვაში მაინც მოვერიდოთ თვალის სიავეს, რომელიც ძალიან ბევრნაირია. 

– კიდევ რას უნდა მოერიდოს ადამიანი? 

– სიამეს ხორცისა – აი, რას უნდა მოერიდოს ადამიანი. შენი ხორციელი მადა უნდა შეამცირო, რომ სულიერმა მადამ გაიღვიძოს შენში. რატომ? როდესაც შენი წინაპარი სამოთხეში ცხოვრობდა, ის ბედნიერი იყო, მისი სული იყო უფალთან შეერთებული, მისი სამშვინველი იკვებებოდა სულიდან, ხოლო სხეული სამშვინველიდან იღებდა საკვებს. როცა ადამიანი დაეცა, ყველაფერი თავდაყირა დადგა: სულმა სამშვინველისგან დაიწყო კვება, სამშვინველმა – სხეულისგან, ხოლო სხეულმა კი – სიამეებიდან, გარკვეული ცნობისმოყვარეობიდან. მარხვაში უნდა დავიბრუნოთ სულიერი ბედნიერება  – ეს კი ჩვენი სულის ღმერთთან დაკავშირებაა. თუ სხეულს არ შეუმცირე მადა, ბუნებრივია, შენი სული ვერ იქნება ბედნიერი. ეს ყველაფერი კი მარხვაში უნდა მოხდეს. თუმცა, დღეს იმდენი გემრიელი სამარხვო კერძი გამოვიდა, ხშირად ისეთი დანაყრებულები ვართ, რა მადის შემცირებაზეა საუბარი. ხორციელი მადა მარხვაში უფრო იღვიძებს, ვიდრე ხსნილში – ისეთი სამარხვო სუფრები გაიშლება უახლოეს მომავალში... მერე დაიწყება რეკევები: იჭმევა, მამაო, ახალ წელს თევზი? როდის იჭმევა – 31 დეკემბერს თუ 1 იანვარს? 12 საათს 5 წუთი, რომ აკლია თუ 10?.. პატრიარქმა რომ იცის ჩვენი გემოთმოყვარეობა, ამიტომაც დაუშვა ეს. თქვენ კი უნდა ეცადოთ, რომ ცოტათი შეაწუხოთ თქვენი მუცელი – სუფრიდან რომ ადგებით, კიდევ უნდა გშიოდეთ – იქნებ, სტუმარი მოგივიდათ, იქნებ, საომრად მიდიხართ, ვინმეს სჭირდება თქვენი დახმარება, მაგრამ, არა, სუფრიდან ისეთი დანაყრებულები ვდგებით, მაშინვე წამოგორება, კოტრიალი, ხელში პულტის აღება გვინდება. ანუ, მარხვაში მოიკელით ხორციელი მადა, რომ სულიერმა მადამ გაიღვიძოს. სხვა დროსაც აღმინიშნავს და ახლაც მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენი სული დაშორებულია ღმერთისგან, აღარ იკვებება მისგან, ამიტომაც, სახეზე გვაწერია ყველას სევდა, მოწყენილობა, თითქოს ცა ჩამოიქცა ჩვენს თავზე. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხორციელი უბედურებებია, ხორციელი განსაცდელები, რომლებიც იმიტომ დაუშვა ღმერთმა ჩვენზე, რომ გაგვახსენოს: არსებობს სულიერი განსაცდელები, სულიერი სიხარული. 

– მარხვაში ადამიანები უფრო ხშირად ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან. თუმცა, დღემდე ბევრს აწუხებს კითხვა: რა სიხშირით უნდა ეზიაროს, რამდენჯერ უნდა ეზიაროს. ამაზე ბევრ მოძღვარს განსხვავებული პასუხი აქვს. 

– როდესაც იოანე ოქროპირს ეკითხებიან: ხშირად უნდა ვეზიაროთო? ის პასუხობს: არა, ხანდახან – არა, დღესასწაულებზე – არა. აბა როდის? როცა მოემზადები, მაშინ. ანუ, მაშინ უნდა ეზიაროთ, როდესაც ამისთვის მოემზადებით. ყოველკვირა ეზიარები, ხანდახან თუ დღესასწაულებზე, ეკლესიაში სულიერმადაგაღვიძებული უნდა მოხვიდე, უნდა იყო მომზადებული, მოწესრიგებული ზიარებისთვის. ხშირად ზიარების წინ, ლამის პირდაპირ ბარძიმთან ამბობენ აღსარებას, ფურცლებზე ჩამოწერილი ცოდვებით მოდიან. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. არ ჯობია, თვეში ერთხელ გამონახოთ დრო, მიხვიდეთ მოძღვართან და მას გულდასმით ესაუბროთ, დაგარიგოთ, რომ გაიგოთ, რა არის აღსარება, მარხვა, ეკლესიაში სიარული, ზიარება, რა არის ხორციელი უბედურება და სულიერი უბედურება – ეს ყველაფერი ხომ უნდა ისწავლოთ? რუსულ ლექსიკონში ასეთი ცუდი ტერმინი არსებობს: „ზაკონ ბოჟი“, თითქოს ღმერთი პროკურორია ან მოსამართლე, რაღაც კანონებს გიწესებს და უნდა შეასრულო. ეს არასწორი ტერმინია. უფლის მცნებები არსებობს და არა კანონები. 10 მცნება არსებობს და არა კანონები. ღმერთი მცნებებს იძლევა და ყველას შესრულება შესაძლებელია, არავინ თქვას, რომ რთულია ქრისტიანობა. რა არის რთული – გიყვარდეს მოყვასი, არ მოიპარო, არ მოკლა, ისე მოექეცი სხვას, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ?! ადამიანი ყველაფერს ეპოტინება, კარგია ის თუ ცუდი, რადგან, ადამიანის ბუნება არის ცნობისმოყვარე, მომხვეჭელი. მოდი, ასეთი მომხვეჭელები ვიყოთ სულიერებაში, ყველაფერი გვაინტერესებდეს სულიერებაში. სასულიერო პირებს გვიყვარს ძვირფასი მანქანები, ეკლესიაშიც გვინდა ყველაფერი სასიამოვნო იყოს: ტკბილი ღვინო, გემრიელი სეფისკვერი, სასიამოვნო გალობა, ქადაგება, სიმპათიური მოძღვარი, რომ კარგად ვიგრძნოთ თავი. ანუ, სიამე თვალთა ეკლესიაშიც არის. ამიტომ, ამ სამ განსაკუთრებულ ბრძოლაზე უნდა ვიფიქროთ მთელი მარხვის განმავლობაში: თვალი უნდა მოვარიდოთ ხედვას, სხეული განვაშოროთ სიამოვნებას და განვერიდოთ სიამეს ამასოფლისას. 

 

скачать dle 11.3