ქრისტიანული სასწაულები
წმიდა ნიკოლოზის მიერ აღსრულებული სასწაულები
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქ
ილია მეორის ქადაგებიდან
„წმიდა ნიკოლოზი ყოველ გაჭირვებულ ადამიანს ეხმარებოდა. იგი ჯერ კანონიზებულიც არ იყო, რომ, ხალხი, როგორც წმიდანს, პატივს მიაგებდა. იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა მორწმუნემ ხატმწერს მისი ხატი შეასრულებინა და ტაძარში მიიტანა. პატრიარქმა ეს რომ დაინახა, აუხსნა, რომ, რადგან იგი კანონიზებული არ იყო, ამ ხატის ტაძარში დაბრძანება არ შეიძლებოდა და უკან გაატანა. გავიდა მცირე ხანი. პატრიარქს ზღვით მოგზაურობა მოუწია. უეცრად საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და გემი დაიმსხვრა. პატრიარქი უკვე იძირებოდა, როცა დაინახა, რომ წმიდა ნიკოლოზი მის დასახმარებლად ზღვაზე, როგორც მიწაზე ისე მოდიოდა. პატრიარქმა გაკვირვებულმა ჰკითხა: „ვინა ხარ შენ?“ წმიდა ნიკოლოზმა უპასუხა: „ნიკოლოზი ვარ, შენს საშველად მოვედი“. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქმა მისი ხატი არ მიიღო, ის მის საშველად მოვიდა და გადაარჩინა. აი, ასეთი სასწაულთმოქმედია წმიდა ნიკოლოზი.
რუსეთის ეპარქიაში, კერძოდ, უკრაინაში, ასეთი დიდი სასწაული მოხდა: ნიკოლოზობას ერთი ოჯახი ტაძარში მიდიოდა და ღამით მდინარეზე ნავით უნდა გადასულიყვნენ. გადასვლისას დედას ბავშვი ხელიდან გაუსხლტა და წყალში გადავარდა. წარმოიდგინეთ დედ-მამის გოდება და მწუხარება – მათ ხომ შვილი დაეხრჩოთ. იქ რამდენიმე საათი იტრიალეს, იქნებ, მკვდარი მაინც ვიპოვოთო, მაგრამ, ამაოდ. გადაწყვიტეს, მომხდარის მიუხედავად, მაინც მისულიყვნენ ტაძარში და წმიდა ნიკოლოზისთვის თაყვანი ეცათ. მათ ნაცვლად, სხვა, შეიძლება, დამწუხრებული უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ, ამ ცოლ-ქმარს იმდენი რწმენა ჰქონდა, რომ სალოცავად წავიდა. რომ მივიდნენ, უკვე გარიჟრაჟი იყო და ტაძარი დაკეტილი დახვდათ. დარაჯს სთხოვეს, მათთვის კარი გაეღო, რათა ელოცათ. ამ დროს მათ ბავშვის ტირილი მოესმათ. შევიდნენ ტაძარში და დაინახეს, რომ წმიდა ნიკოლოზის ხატის წინ მათი ბავშვი იწვა სველი ტანსაცმლით. დიდი რწმენისთვის აი, ასეთი უდიდესი სასწაულით დააჯილდოვა ისინი წმიდა ნიკოლოზმა.
ბეთანიის ტაძრის აშენებას სასწაული უძღოდა წინ
„არსებობს ერთი ძველი გარდამოცემა, თუ როგორ ააგეს ტაძარი საკუთრივ ამ ადგილას, მთის ძირში. ამბობენ, რომ თავდაპირველად მის აშენებას მდინარე სამადლოს მეორე მხარეს აპირებდნენ. ეს საკმაოდ ლამაზი ადგილია და, ტაძარიც, აქ რომ აშენებულიყო, ყოველმხრივ გადახედავდა გარემოს, თუმცა, ასე როდი სჯიდა საღმრთო განგებულება! გადმოცემით, მშენებლებს უკვე სამშენებლო მასალებიც აუტანიათ იმ თხემზე, მაგრამ, ერთ დილით, გაოცებულებმა აღმოაჩინეს, რომ სამშენებლო მასალები სადღაც გაქრა! დაიწყეს ძებნა და ხეობის ფსკერზე იპოვეს ისინი, ერთად დაწყობილი მთის პატარა ბექობზე. ყველამ ერთად განადიდა ღმერთი და მონასტრის შენება ახალ, სასწაულით მითითებულ ადგილას დაიწყეს. შესაძლოა, ღვთის განგებამ გაითვალისწინა მისი მომავალი მნიშვნელობა, განსაკუთრებით – ჩვენი, ბოლო ჟამისათვის, როცა ბერ-მონაზვნებს ყველაზე მეტად შეჰფერით და ესაჭიროებათ განშორება ვნებებით შეპყრობილი ამა ქვეყნისაგან, მისი ამაოებისა და საცდურისაგან“.
ბეთანიის მონასტრის მღვდელ-მონაზონ გიორგის აზრების წაკითხვის უნარი ჰქონდა მომადლებული
„ერთხელ ასეთი შემთხვევაც მახსოვს: ლოცვად ვდგავარ დილით და, რადგან სამსახურში მიმეჩქარება (ეს მანამდე ხდება, სანამ შემდგომში არქიმანდრიტი ლაზარე, ბერად აღიკვეცებოდა), ვფიქრობ, ნეტავ, მალე მორჩებოდეს-მეთქი. მამა იოანე კი განაგრძობდა ლოცვას. უცებ, მამა გიორგი, რომელიც ეზოში რაღაცას საქმიანობდა, შემოვიდა და მამა იოანეს სთხოვა, დაეჩქარებინა, რადგან, მე მაგვიანდებოდა. შევკრთი – მან ხომ ჩემი ფიქრი წაიკითხა. დაგვაპურეს და გამოგვისტუმრეს. გზაზე გამოსულებს ერთმა მძღოლმა მანქანა გაგვიჩერა, გამოგვკითხა, ბეთანიიდან მოვდიოდით თუ არა, მამა გიორგი მოიკითხა და თბილისში წაყვანა შემოგვთავაზა. მთელი მგზავრობის განმავლობაში ელდანაცემივით ვიჯექი: მაშ, მოხუც ბერს ჩემი ფიქრები წაუკითხავს და ულოცია კიდეც, რომ შინ მშვიდობით დავბრუნებულიყავით! აი, თურმე, როგორები არიან ბეთანიელი მამები!“