ვის მიმართ ვერ გამოხატავს ანი მამულაშვილი სითბოსა და სიყვარულს
GDS-ის მეგაპროექტმა „ერთი ერთში“ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ოთხშაბათის საკმაოდ დატვირთული საღამოს ეთერის მიუხედავად, სწორედ ამ გასართობი არხისკენ მიმართა. გამიკვირდა, როდესაც, სხვა შოუების მსგავსად, პროექტის წამყვანებად არა უკვე გამოცდილი გასართობი ტიპის გადაცემების წამყვანები შეარჩიეს. თორნიკე გოგრიჭიანმა და ანი მამულაშვილმა სრულიად განსხვავებული ნიშა დაიკავეს იმ არცთუ პატარა სივრცეში, რასაც „ქართული ტელევიზია” ჰქვია.
– ანი, „რუსთავი 2-დან”, კერძოდ კი, „კომედი გრუპის” გადაცემებიდან მახსოვხარ. როგორც ვიცი, „ჯიდიესის“ გახსნის დღიდან ამ არხზე ხარ...
– „რუსთავი 2-ზე” ბევრად მეტხანს ვიმუშავე ტელეკომპანია „იმედში.” 17 წლის ვიყავი, „იმედში” რომ მივედი და 2007 წელს წამოვედი არხიდან, ნოემბრის ცნობილი დარბევის შემდეგ. მაშინ ძველი თანამშრომლები გამოუშვეს და მეც მათ რიცხვში აღმოვჩნდი. ამის შემდეგ მუშაობა დავიწყე „კომედი გრუპში“, სადაც ძირითადად, საორგანიზაციო საქმეები მევალებოდა და შემოქმედებით საკითხებთან შეხება არ მქონდა. ბიჭების თხოვნით, მხოლოდ რამდენიმე სკეტჩში მივიღე მონაწილეობა. ამის შემდეგ კი უკვე იყო „ჯიდიესი“ – არხი, რომელიც ჯერ არ მაუწყებლობდა და, ალბათ, სულ ოცდაათამდე ადამიანი ვმუშაობდით. პირველივე ქასთინგზე, რომელიც გამოაცხადეს, მივედი და დავიწყე მუშაობა. ეთერში მეგაპროექტით „ერთი ერთში“ არ გამოვჩენილვარ. პირველი იყო დილის გადაცემა, სადაც ახლაც განვაგრძობ მუშაობას.
– „ერთი ერთში“ როგორ შეირჩა შენი კანდიდატურა?
– ქასთინგი არ გვქონია. როგორც ვიცი, უბრალოდ, რამდენიმე ადამიანი მოსინჯეს. როდესაც ტესტი ჩამიტარეს, გადაწყვიტეს, რომ ეს გადაცემა უნდა წამეყვანა, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.
– ტელევიზიის გარეთ რით ხარ დაკავებული, როგორ ცხოვრობ და ერთობი, როგორ ატარებ თავისუფალ დროს?
– მყავს შვილი, რომელსაც, სამწუხაროდ, იმდენ დროს ვეღარ ვუთმობ, რამდენიც მინდა. სამწუხაროდ, მთელი ამ წლების განმავლობაში ისე ვცხოვრობდი, რომ დიდი დრო მისთვის არასდროს მქონდა. „იმედის” საინფორმაციოში მუშაობის დროს მართლა კატასტროფული გრაფიკი მქონდა და, ალბათ, საინფორმაციოში აღარასდროს ვიმუშავებ. ახლაც დროის ძირითად ნაწილს ტელევიზიაში ვატარებ, იქიდან კი სახლში მოვრბივარ, რომ ბავშვთან ვიყო. საერთოდ, ძალიან მიყვარს ხალხმრავლობა, მეგობრებთან ყოფნა. მაგრამ, რადიკალურად განსხვავებული პერიოდებიც მაქვს ხოლმე, როცა არავის ნახვა არ მინდა და მომწონს მარტო ყოფნა. შეიძლება, დილით გავიღვიძო და საერთოდ არ მინდოდეს გარეთ გასვლა. ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა, ფეხით სეირნობა. ცოტა ეგოისტი ვარ. არ ვიცი, ეს დედისერთობის ბრალია თუ რისი, მაგრამ, ამ თვისებას საკუთარ თავს ვამჩნევ. მიყვარს რაღაცეების დამოუკიდებლად კეთება, არ მომწონს ვინმეზე დამოკიდებულება, ვინმესთან რამის შეთანხმება, თუნდაც სეირნობის დროს ვინმეს ტემპზე აწყობა (იცინის).
– რა იგულისხმება შენს დამოუკიდებლობაში?
– ყველაფერი. არასდროს, არც ერთ სამსახურში, ვინმეს დახმარება არ გამომიყენებია, ყოველთვის ყველაფერს დამოუკიდებლად ვაკეთებ, შესაძლოა, მეტი მოთმინება და შრომა მჭირდება, მაგრამ ასე მირჩევნია. „ჯიდიესშიც“, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჩემი მეგობარი აქ მუშაობდა, ჩვეულებრივი ქასთინგი გავიარე, როგორც „დილის” ყველა წამყვანმა და, ისევე ველოდებოდი პროდიუსერებისგან ზარს, როგორც დანარჩენები. ქასთინგის შესახებაც „ფეისბუქიდან“ გავიგე. საერთოდ, ადვილად ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდება. მიუხედავად ბევრწლიანი გამოცდილებისა, ეკრანზე არასდროს ვჩანდი და ხალხიც არ მიცნობდა. ვფიქრობ, საჭირო დროს საჭირო ადგილას ვერ მოვხვდი. კარგია, რომ ახლა მაინც მოხდა ის, რაზეც მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ჩემი საქმეა; რაც ყოველთვის ძალიან მომწონდა და ვამბობდი, რომ, რეპორტიორობაზე მეტად, მინდოდა, წამყვანი ვყოფილიყავი. მაშინ უფრო საინფორმაციოზე ვფიქრობდი, მაგრამ, ახლა მივხვდი, რომ გაცილებით კარგია შოუს წაყვანა – ბევრი თავისუფლება გაქვს, შეგიძლია იმპროვიზაცია. „დილაში” კულტურის ბლოკი მიმყავს, ნიუსებს ვკითხულობ და იქ დიდი თავისუფლება არ მაქვს. მიყვარს, როდესაც თავისუფალი ვარ.
– ადრე დაოჯახდი, როგორც ვხვდები.
– 19 წლის ასაკში გავთხოვდი და მყავს 7 წლის შვილი. ერთ დღეს ვართ დაბადებულები – 15 იანვარს მე 28 წლის ვხდები, მია კი – 8 წლის. ზუსტად ოცი წლით ვარ მასზე უფროსი. დაბადების დღეზე საჩუქარი გავიკეთე, ასე გამოვიდა.
– ანი, ქმართან გაშორებული ხარ?
– მეუღლე მყავს, ის ჩემი მეორე ქმარია. 16 წლის რომ ვიყავი, მას ჯერ კიდევ მაშინ ვუყვარდი. მაშინ ჩვენი ურთიერთობა არ შედგა, მერე მე გავთხოვდი, ქმარს გავშორდი და კიდევ წლების შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს.
– ძალიან საინტერესო და რომანტიკული ისტორიაა, რომელსაც მშრალად მიყვები.
– არ ვარ რომანტიკული ადამიანი, მაგრამ, შევეცდები, მთელი ჩემი რომანტიზმი გამოვიყენო და ისე მოგიყვეთ ეს ამბავი (იცინის). კახა ძალიან ღირსეული ადამიანია, ის ჩემს ცხოვრებაში არასდროს გამოჩენილა, გამორიცხულია, რომ მას გათხოვილი გოგოსთვის რამე ეთქვა. 16 წლის ვიყავი და, რომ გითხრა, მის მიმართ რაიმე გრძნობა მქონდა-მეთქი, მოგატყუებ. შეიძლება, ხმამაღალი ნათქვამი გამომდის, მაგრამ, იმ პერიოდში ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა და კახას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევდი. ერთმანეთს რამდენჯერმე შევხვდით, მაგრამ, შეყვარებულები არასდროს ვყოფილვართ. გაცილებით უფრო ბავშვური და ცანცარა ვიყავი იმ პერიოდში, ვიდრე დღეს თექვსმეტი წლის გოგოები არიან. მოკლედ, ჩვენი ურთიერთობა არ განვითარდა.
– ახლა რას გიყვება, შენმა გათხოვებამ ძალიან ატკინა გული?
– მასთან იმ პერიოდში არანაირი შეხება არ მქონდა, მაგრამ, როგორც ახლა მიყვება, ამ ამბავს მასზე ძალიან უმოქმედია. ერთხელ ბავშვს ვასეირნებდი ქუჩაში და სრულიად შემთხვევით შემხვდა. დღემდე მახსოვს მისი სასოწარკვეთილი გამოხედვა – მივხვდი, რომ საშინლად დასწყდა გული. გათეთრებული ჰქონდა სახე.
– პირველ ქმარს რატომ გაშორდი?
– კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა, პატარები ვიყავით. ცხრამეტი-ოცი წლის ბავშვებმა ერთად ცხოვრება დავიწყეთ და მალევე მივხვდით, რომ ის სიყვარული ჩვენს ურთიერთობაში აღარ არის, რაც ოჯახისთვის აუცილებელია. ძალიან მშვიდად, სკანდალების გარეშე დავშორდით ერთმანეთს და მასთან დღემდე ნორმალური ურთიერთობა მაქვს. ერთ სფეროში გვიწევს მუშაობა – ისიც ერთ-ერთ ტელევიზიაში მუშაობს. ერთმანეთს, ძირითადად, ბავშვთან დაკავშირებით ვეკონტაქტებით, რომ მოვიკითხო და სადმე ყავაზე დავსხდეთ, ასე არა (იცინის).
– კახა თავიდან როგორ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში?
– კახა საქართველოში არ ცხოვრობდა. ერთერთ მორიგ ჩამოსვლაზე, ჩვენ საერთო მეგობართან, რომელიც, ამავდროულად, ჩემი მეზობელია, სტუმრად მივიდა. მანაც დამირეკა და ასე შევხვდით ერთმანეთს. დამირეკა, მომწერა... ნელ-ნელა ავაწყვეთ ურთიერთობა. როდესაც მომიყვა, როგორ ვუყვარდი ამ წლების განმავლობაში, როგორ მელოდებოდა და ოცნებობდა, ეს ჩემთვის შოკი იყო. მე ასეთი სიყვარული არ შემიძლია. საერთოდ, ცოტა ცივი ადამიანი ვარ, ვერ გამოვხატავ იმ ემოციებსა და იმ სიყვარულს, რომელიც თუნდაც კახას, ჩემი მეგობრების, ჩემთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ მაქვს. ხანდახან მიფიქრია, თუნდაც ჩემს მეგობარზე, ნეტავ, იცოდეს, რა მაგრად მიყვარს-მეთქი, მაგრამ, ასე მისვლა და ამის თქმა არ შემიძლია. რაღაც პრობლემები მქონდა და მაშინ მივხვდი, რომ ადამიანურ სიყვარულზე, გვერდში დგომაზე მნიშვნელოვანი არაფერია. შეიძლება, ეს ცოტა დიდაქტიკურად გამომდის, ჭკუის სწავლებასავით, მაგრამ, საკუთარ თავზე ვიგრძენი, ეს რამდენად მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვცდილობ, საქციელით მაინც ვაგრძნობინო ჩემ გვერდით მყოფ ადამიანებს, თუ როგორ მიყვარს და როგორი ძვირფასები არიან ჩემთვის.
– ბავშვს როგორი ურთიერთობა აქვს შენს მეუღლესთან?
– სანამ კახას ცოლად გავყვებოდი, მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი, ვიქნებოდით თუ არა ერთად, იყო მიასა და კახას ურთიერთობა, თუ როგორი დამოკიდებულება ექნებოდა ჩემს შვილს ადამიანთან, ვისთან ერთადაც უნდა ეცხოვრა. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც გოგოები მეორედ თხოვდებიან და შვილს გასაზრდელად, რატომღაც, მშობლებს უტოვებენ. ვერ ვხსნი ამ ფენომენს. მას აუცილებლად ჩემთან უნდა ეცხოვრა. კახა არაჩვეულებრივად მიუდგა ამ საკითხს. ქართველი კაცი, როგორც არ უნდა ვიჩემებდეთ ევროპელობას, მაინც აზიატად რჩება და მისთვის რთული აღსაქმელია, როდესაც ცოლად შვილიანი მოჰყავს. კახას საერთოდ სხვა დამოკიდებულება აქვს ამ საკითხის მიმართ, თავიდანვე ძალიან ჩაერთო მიას აღზრდაში და მის მიმართ ყოველთვის მზურნველი იყო. ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდში, ავად ვიყავი თუ არ მეცალა, აკითხავდა მას ბაღში. მიაც გიჟდება კახაზე. მან კარგად იგრძნო კახას გულწრფელობა – ბავშვები მათ მიმართ დამოკიდებულებას იოლად ხვდებიან.
– მეორე შვილის გაჩენას ხომ არ აპირებ?
– ზოგადად კი, მით უმეტეს, რომ თვითონ დედისერთა ვარ, ვიცი, ეს რასაც ნიშნავს და არ მინდა, ჩემი შვილი ამისთვის გავიმეტო. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ცოტა მეზარება. მია უკვე 7 წლისაა და, რომ ვიხსენებ მთელ იმ განვლილ პროცესს, მეზარება (იცინის). მხოლოდ ორსულობა და მშობიარობა რომ იყოს, ძალიან დიდი სიამოვნებით გავაჩენდი ბევრ შვილს, მაგრამ, ღამის თევები და სხვა სირთულეები რომ მახსენდება, თავს ვიკავებ. აუცილებლად გავაჩენ, მაგრამ, ალბათ, რამდენიმე წელიწადში.