როგორ იძია შური ყაჩაღმა „მგელმა“ ორსული ცოლის სიკვდილის გამო
„ეგეთი მეომარი ყველა ოჯახში რომ იზრდებოდეს, საქართველო სამყაროს არსებობამდე იარსებებსო,“ – უთქვამს ერეკლე მეორეს ერთ ქიზიყელ კაცზე.
გაგი დედაბრიშვილის სიკვდილზე მეტად ეშინოდათ თურმე ლეკებს. ბევრჯერ გადაულახავს ალაზანი თანასოფლელ ბიჭებთან ერთად და უკან გამოუტაცებია ქართველებისთვის წართმეული ნაალაფარი. ამბის მიმტანს არ უშვებდა სახლში, რამდენი კაციც არ უნდა დახვედროდა ალაზანგაღმა. დამსახურებისთვის თავადმა გიორგი ანდრონიკაშვილმა საყარაულო კოშკი ჩააბარა თურმე და თავისი საყვარელი დურბინდიც აჩუქა. როდესაც გაგი სოფელში იყო, ერთი ლეკიც კი ვერ ბედავდა საყაჩაღოდ გადმოსვლას.
ზარბაზანი არ ჰქონდა გიორგი ანდრონიკაშვილს, თორემ, იმასაც გაისროდაო, ასე ამბობდნენ ქიზიყელები, ისე გაჰხარებია თავადს ხუთი გოგოს შემდეგ მეექვსე ბიჭის დაბადება. თავისი სახელიც დაარქვა და, თავს ევლებოდა, მთელი საგვარეულო და ამალა, ცივ ნიავს არ აკარებდნენ მემკვიდრეს.
ერთ საღამოსაც, გალავანს გარეთ, წარაფში ასეირნებდა გადია ოთხი წლის გიორგის. მოსაღამოვდა და თავადს ბიჭი მოუკითხავს. გადაუტრიალებიათ ახლომახლო ტყეები და ბუჩქები, მაგრამ, ვერსად უპოვიათ. მეორე დღეს ერთ იმ სოფლელ გლეხს უთქვამს, ალაზნის ჭალიდან ქალის კივილი ისმოდა გუშინ, მაგრამ, სოფელში რომ სიმშვიდე იყო, ტურის კივილი მეგონაო. გადაუჩხრეკიათ მთელი ჭალა და დამხრჩვალი ქალი უპოვიათ – პატარა გიორგის გამზრდელი. ასეთ რამეს ლეკების გარდა ვერავინ გაბედავდა კახეთში და გიორგი ანდრონიკაშვილს რაზმი შეუკრებია. იმ დღესვე მეფე ერეკლეს ეახლა და სთხოვა – შევესევი ბელაქანს და მიწასთან გავასწორებო. ერეკლეს უთქვამს: ლეკებთან ზავი გვაქვს დადებული; თანაც, ბელაქანი რომ გადაწვა, იქნებ კახშია ბავშვი გატაცებული ან ნუხის სახანოშიო. დავიცადოთ, გავიგოთ, ვინ გაიტაცა და მერე დავიხსნათო. გიორგი გამწარებული დაბრუნებულა ქიზიყში. გაგიჟებას ცოტაღა უკლდა თავადს – დაავლებდა თოფს ხელს და ყოველ წუთას ალაზნისკენ იწევდა, თურმე. ამ დროს გამოჩენილა გაგი დედაბრიშვილი, თავადისათვის სამი დღე უთხოვია და ბავშვის დაბრუნებას შეჰპირებია. იმავე ღამით გადაუცურავს ალაზანი, საიდუმლოდ უნახავს გალეკებული ქართველი და ბავშვის ადგილსამყოფელი გაურკვევია: „ბელაქანში ნაჯაფ ბეგ უშაღს ჰყავს თავის სასახლეშიო; ანდრონიკაშვილთან რომ ზავი დადო, მაშინ მოსწონებია ბიჭი და იმან მოატაცებინა ლეკებსო. თვითონ სულ გოგოები ჰყავს შვილები და, ალბათ, მემკვიდრედ უნდაო.“
ნაჯაფ ბეგის სასახლის ახლოს ყარაჯალის პატარა მთიდან მგელი აყმუვლებულა იმ ღამით; მთელი ღამე ყმუოდა, სანამ ბეგი მოთმინებიდან არ გამოვიდა და თავისი ამალით მთისკენ არ დაიძრა მგლის მოსაკლავად. ამასობაში გაგი გალავანზე გადამძვრალა და სახლიდან პატარა გოგია მოუტაცებია. მთელი ღამე ტყე-ტყე უვლიათ და დილას ანდრონიკაშვილისთვის მემკვიდრე მიუყვანია. გაგიჟებულა თავადი ამ გაუგონარი ვაჟკაობის შემხედვარე და გაგისთვის დიდძალი წყალობა მიუცია. ვაჟკაცობა კი დაუფასდა, მაგრამ, სახელი დაუკარგავს გაგის – მას შემდეგ მთელი მხარე „მგელს“ ეძახდა და შერჩა ეს სახელი. მას შემდეგ ბეგების, ხანებისა და სულთნების მემკვიდრეების მოტაცება ხელობად უქცევია „მგელს.“ წელიწადი არ გავიდოდა, სადმე, ალაზანგაღმა არ აყმუვლებულიყო და ვინმე დიდგვაროვანი ყმაწვილი არ მიერთმია ანდრონიკაშვილისთვის. როგორც წესი, მემკვიდრის გათავისუფლების სანაცვლოდ, ლეკი დიდებულები დიდძალ გამოსასყიდს იხდიდნენ ხოლმე. იქიდან აღებულ წილს „მგელი“ სოფლის ობლებსა და ღარიბებს ურიგებდა ხოლმე. ერთხელაც, დანიელ ბეგის მემკვიდრე ბაჰადური მოუტაცებია და დიდძალი გამოსასყიდიც მოუთხოვია. დანიელ ბეგი ანდრონიკაშვილს შეხვედრია და უთქვამს: რაც გადასახდელი მაქვს, ათჯერ იმდენს პირადად შენ გადაგიხდი, ოღონდ, „მგელი“ სახალხოდ დასაჯე რამე მიზეზითო. ფულს დახარბებია უმადური თავადი, გაგისთვის ქურდობა დაუდია ბრალად, სახალხოდ გაუშიშვლებია და ასი მათრახი დაურტყამს თავისი ხელით. დასისხლიანებული ქმრის დანახვაზე, გაგის ორსულ ცოლს გული გახეთქვია და ადგილზე მომკვდარა.
გაგი სამ თვეში წამომდგარა ფეხზე, დანიელ ბეგს ხლებია და ყმობა უთხოვია. სულთანი „მგლის“ ერთგულებაში დარწმუნებულა და ოცი კაცი მიუცია საყაჩაღოდ. რისხვად მოვლენია მგელი მთელ კახეთს, მისი შიშით ძრწოდნენ თურმე დიდებულები. ერეკლე მეფეს შეუთვლია, მგელო, მგლობას მოეშვი, თორემ, დაგიჭერ და სახალხოდ გაგატყავებო. მგელს შემოუთვლია: მე მგლობას თავს მაშინ დავანებებ, როდესაც ჩემს მოსისხლეს – გიორგი ანდრონიკაშვილს წიხლის ცემით მოვკლავო. გიორგი ანდრონიკაშვილი მშიშარა კაცი არ იყო, მაგრამ, „მგლის“ მუქარას ძალიან შეუშინებია. ღამე წამოხტებოდა და მგლის ყმუილი ესმოდა თითქოს.
ორი წლის შემდეგ ქალიშვილი გაუთხოვებია გიორგის, დიდი ქორწილი გადაუხდია და შემთვრალ სტუმარ-მასპინძლებს გალავანს გარეთ გაუსეირნიათ ცხენებით. უცებ საიდანღაც ლეკების პატარა რაზმი გამომხტარა და თავს დასხმია მაყრიონს. თვითონ თავადი ქამანდის სროლით ჩამოუგდიათ ცხენიდან, მისი მხლებლები კი დაუწიოკებიათ და სასახლისკენ გაუყრიათ. გაუტაცებიათ პატარძალი, რომელიც იმ ღამესვე ჩაიყვანეს ნუხის სახანოში დანიელ ბეგთან. იმ დღის შემდეგ მგლის ყმუილი აღარავის გაუგია კახეთში. თვითონ თავადი კი იმავე ადგილას უპოვიათ – არც ერთი ჭრილობა არ ჰქონია თურმე, წიხლის ცემით იყო მკვდარი.