კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ახალ წელს ათი წლის უნახავი შეყვარებული მიბრუნდება

ახალი წელი ახლოვდება და ძალიან ბედნიერი ვარ. ჯერ ერთი, ყველაზე მეტად საერო დღესასწაულებიდან ეს დღე მიყვარს და, მეორეც, ათწლიანი განშორების შემდეგ საქართველოში ბრუნდება ჩემი შეყვარებული და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით. შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ, მთელი ეს ათი წელი ველოდი მის ჩამოსვლას. სხვა კაცისკენ არც კი გამოხედავს, თუმცა, მომწონებელიც და ხელის მთხოვნელიც ბევრი მყავდა. სხვათა შორის, ბევრი ახლობელი ცდილობდა ჩემს „გამოფხიზლებას“ და მეუბნებოდა: ის რა ღირსია, შენისთანა ქალმა ასე უერთგულოს, როცა, ქორწილამდე ნახევარი წლით ადრე წავიდა ამერიკაში, ვითომდა სამუშაოდ და ბინის ფულის ჩამოსატანად, მაგრამ, ათი წელი ისე გავიდა, ერთი საჩუქარიც არ გამოუგზავნია შენთვისო. ის იქ ქალებს არ იკლებს, შენ კი ლამის მონაზვნად აღიკვეცოო. თავიდან ეს „შეგონებები“ მართლაც ცუდად მოქმედებდა ჩემზე, მაგრამ, მერე და მერე, რომ დავფიქრდი, უფრო რეალურად შევხედე ამ ყველაფერს, კონკრეტულად კი – ქალების თემას. ჯერ ერთი, აქედან ვინ დაუთვალა ამერიკაში ავთოს საყვარლების რაოდენობა და, მეორეც, ახალგაზრდა, ჯანმრთელი კაცი ათი წლის განმავლობაში უქალოდ როგორ გაძლებდა? ჩემთვის მთავარი ის იყო, ცოლი არ შეირთო. სხვათა შორის, ეს რომ გაეკეთებინა, მოქალაქეობასაც ადვილად მიიღებდა, მაგრამ არ გააკეთა, რადგან, ისევ მე ვუყვარდი და ჩემთან დაოჯახებაზე ფიქრობდა. მართალია, ნახევარი წლით წავიდა და ძალიან დიდხანს მოუწია დარჩენა, მაგრამ, ესეც ხომ მასზე არ იყო დამოკიდებული – განა, ასე ადვილია ცხრა მთას იქით სამსახურის შოვნა? რაც შეეხება ერთგულებას, ამას ვერავინ აიძულებს თავს, თუ ეს მისი სურვილი არ არის. ჩემი აზრით, როცა მართლა ძალიან გიყვარს, არც ერთგულებაა რთული და შეუძლებელი. ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, საახალწლოდ ავთო ჩამოდის და მთელი არსებით ვემზადები მის შესახვედრად და დასახვედრად. რა თქმა უნდა, ასეთი ბედნიერი  არ ვიქნებოდი, თვითონ რომ არ მოეწერა ჩემთვის: მიყვარხარ და მენატრები. თუ მაპატიებ და შენც თუ ისევ გიყვარვარ, 31 დეკემბერს, დილით აეროპორტში დამხვდიო. ცხადია, დავხვდები. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ჩემს უსაყვარლეს ადამიანს. დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს აღარასოდეს დავშორდებით და მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით.

მარინა, 33 წლის.

 

მამა დაგვიბრუნდა

ამ რამდენიმე ხნის წინ თქვენს რუბრიკაში წერილი გამოვგზავნეთ მე და ჩემმა დამ (იმ წერილის დაწერაში ჩვენი უფროსი დეიდაშვილი დაგვეხმარა და ახლაც ის გვეხმარება), რომლითაც ვთხოვდით ჩვენგან წასულ მამას, სახლში დაბრუნებულიყო, რადგან დედა ძალიან ცუდად გვყავდა. ეტყობა, ღმერთის სურვილი იყო, რომ ვიღაც ახლობელს წაუკითხავს ის წერილი და მამაჩვენისთვის მიუტანია – შენი შვილები ხომ არ წერენო. აღმოჩნდა, რომ მამას თვითონაც ჰქონია სურვილი, ოჯახში დაბრუნებულიყო, მაგრამ, ვერ ბედავდა. თავს დამნაშავედ გრძნობდა და ეშინოდა, ვაითუ არ მიმიღონ და გამომაგდონო. ჩვენი წერილის წაკითხვის შემდეგ კი კარზე მოგვადგა საჩუქრებით დატვირთული. ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა ჩვენს სახლში – ვინ იცინოდა და ვინ ტიროდა, ვერ გაიგებდით. დედამ ძალიან განიცადა ეს ამბავი და გვეშინოდა, უარესად არ გამხდარიყო, მაგრამ, პირიქით მოხდა – რამდენიმე დღეში ფეხზეც კი წამოდგა. მამამ საუკეთესო კლინიკაში დააწვინა და ჯერჯერობით იქ მკურნალობენ. ახალი წლის შემდეგ კი გერმანიაში უნდა წაიყვანოს.

ექიმმა ნება დაგვრთო, რომ 31-ში, სულ ერთი დღით, დედა სახლში წავიყვანოთ – გვინდა, მთელი ოჯახი ერთად შევხვდეთ ახალ წელს. აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავით ყველანი ერთად.

ახლა ერთადერთი ნატვრა გვაქვს მე და ჩემს დას (და მამასაც), რომ დედიკო გამოჯანმრთელდეს. მერე კი მართლაც უბედნიერესი ბავშვები ვიქნებით მთელ დედამიწაზე.

მადლობას ვუხდით „თბილისელებს“, რომ თქვენი მეშვეობით მოხდა ჩვენი ოჯახის გამთლიანება და ყველას წინასწარ გილოცავთ ახალ წელს!

ბედნიერი ოჯახი  

 

დარეჯან, დაურეკე ბებიას!

დიდი ხანია, ვფიქრობ, მოგწეროთ ერთი პატარა ისტორია და, როგორც იქნა გადავწყვიტე.

დაახლოებით, სამი-ოთხი წელია, პერიოდულად მირეკავს მოხუცი ქალბატონი და ვიღაც დარეჯანს კითხულობს. ყოველ დარეკვაზე ვეუბნებით, რომ ნომერი არასწორად აქვს ჩაწერილი და ამ ნომერზე ნუღარ დარეკავს, მაგრამ, გადის ორი-სამი თვე და ისევ რეკავს. ერთხელ ისიც კი ვუთხარი ხუმრობით, უნდა გაგიცნოთ, რომ დარწმუნდეთ, დარეჯანი არ ვარ-მეთქი. ამას წინათ კი დამირეკა მამაკაცმა და ისევ დარეჯანი იკითხა. ვუთხარი, რამდენი წელი უნდა მირეკოთ, რით ვერ დაადგინეთ იმ დარეჯანის ნომერი-მეთქი. ის კი მეუბნება: რა ვქნა, ქალბატონო, ერთმა მოხუცმა ქალმა მთხოვა, დამერეკა სხვა ნომრიდან, თავის შვილიშვილთან უნდა დაკავშირებაო. მაშინ კი მივხვდი, რაც ხდება და დარწმუნებული ვარ, არ ვცდები. როგორც ჩანს, იმ დარეჯანმა სპეციალურად არასწორად ჩააწერინა მოხუც ბებიას მობილურის ნომერი (რომელიც, შემთხვევით, ჩემსას დაემთხვა) და ამით მოიშორა თავიდან. ცხადია, თვითონ საერთოდ არ ურეკავს, საწყალი ბებო კი ვერა და ვერ უკავშირდება შვილიშვილს.

თქვენი რუბრიკის მეშვეობით მინდა მივმართო დარეჯანს:

დარეჯან! არ ვიცი, რამდენი წლის ხართ ან რატომ ექცევით ასე ბებიას. ოდესმე თქვენც მოხუცდებით და თქვენი საქციელი ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ უკან. როგორი წყენაც არ უნდა გახსოვდეთ მისგან, დალაპარაკებასა და მოკითხვას რა უდგას წინ. იქნებ როგორ უჭირს, იქნებ როგორ სჭირდება თუნდაც თქვენი ხმის გაგონება. ღმერთის წინაშე მაინც ხომ უნდა იყოთ მართალი! თუ შვილები გყავთ, რა მაგალითს აძლევთ ასეთი საქციელით, თქვენი გულქვაობის შემხედვარე, როგორი ადამიანები უნდა გაიზარდონ?

მე უკვე იმ ასაკში ვართ, რომ განსაკუთრებით მტკივნეულად განვიცდი, როცა უფროს და უმცროს თაობებს შორის ურთიერთობის პრობლემები ჩნდება. მართალია, არც ერთს არ გიცნობთ, მაგრამ, ძალიან მეცოდება მოხუცი ქალბატონი, რომელიც აგერ უკვე ამდენი წელია, შვილიშვილს ურეკავს, რომ მისი ხმა მაინც გაიგონოს, მაგრამ, ამაოდ.

რა თქმა უნდა, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ, თუ გყავთ მოძღვარი, აღსარებაში თუ ეუბნებით თქვენი საქციელის შესახებ?

ბოდიშს გიხდით, რომ თქვენს საქმეში ჩარევა გამომივიდა, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს თქვენმა საქციელმა მაიძულა.

ჩემი უმორჩილესი თხოვნაა (რა თქმა უნდა, თუ ამ წერილს წაიკითხავთ), ამ ახალ წელს მაინც დაურეკოთ თქვენი ნახვის მონატრებულ ბებიას და მოიკითხოთ. რა იცით, რისი თქმა უნდა. თუ მოინახულებთ, კიდევ უკეთესი იქნება. დამიჯერეთ, დიდი სიმძიმე მოგეხსნებათ გულიდან. თუნდაც ნაწყენი იყოთ მისგან, თუ ამ წყენაზე მაღლა დადგებით, საოცარ შვებას იგრძნობთ. ამიტომ, ნუღარ გადადებთ, დაურეკეთ მოხუც ბებოს და მიულოცეთ ახალი წელი!

თამარი, 60 წლის.

скачать dle 11.3