ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, სად ხდება მოძრავ ნივთებზე უფლების წარმოშობის რეგისტრაცია და კონკრეტულად, რის საფუძველზე წარმოებს მოძრავი ნივთის რეგისტრაცია?
პასუხი: გაცნობებთ, რომ მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების წარმოშობის, უფლებაში ცვლილების, ანდა უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია, წარმოებს მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში. რეგისტრაცია ხორციელდება განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეტყობინების ან ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ინფორმაციის, ანდა დოკუმენტის საფუძველზე. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია, მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ, განცხადების რეგისტრაციისთანავე, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება რეგისტრაციის საფუძვლად წარსადგენი მონაცემების წარდგენის წესს, ის განისაზღვრება ინსტრუქციით.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ვის შეუძლია გაასაჩივროს უძრავი ქონების მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილოება და როგორია გასაჩივრების წესი?
პასუხი: გაცნობებთ, რომ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ოფიციალურად გაცნობისთანავე, ხოლო გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემთხვევაში – გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, გარდა მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებისა, საჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლო წესით. რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს ამ მონაცემების საფუძველზე ამონაწერის თუ სხვა სამართლებრივი აქტის გაცემას, თუ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სხვა რამ არ არის განსაზღვრული. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრება, ასევე არ აჩერებს აღნიშნული გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედებას.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, სისხლის სამართლის საქმის განხილვის რომელ ეტაპზე და როგორ ხდება კონკრეტულად საქმეში არსებული სხვადასხვა სახის ნივთმტკიცების ბედის განსაზღვრა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის, ანდა გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, ის ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, ის გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, – ნადგურდება; სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით, მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება; დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი ან ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ – საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა – გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; დაზარალებულის, გამართლებულის, ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ გადაწყდება საკითხი იმ შემთხვევაში, როცა პირისაგან ამოღებული იქნა ძვირფასი ნივთი როგორც ნივთმტკიცება, მაგრამ შემდეგ ეს ნივთი უკვალოდ დაიკარგა და ამის გამო წარმოშობილია დავა ნივთის მესაკუთრესა და საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელ ორგანოს შორის?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ზოგადად, დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ნივთიერი მტკიცებულების გაფუჭების, დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში კი, მისი მესაკუთრე ან მფლობელი იღებს ფულად კომპენსაციას. ამასთან, ეს წესი არ ვრცელდება იმ ქონებაზე, რომელიც ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას, განადგურებას და საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს ადვოკატის მიერ ბრალდების მხარისთვის წინასწარი გამოძიების პროცესში მტკიცებულებათა გადმოცემის თაობაზე დაყენებული შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ, იმ მომენტისთვის არსებული მასალის მხარისთვის, კონკრეტულად კი, დაცვის მხარისთვის სრული მოცულობით გადაუცემლობა, იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, გამოძიების რა ეტაპზე შეუძლია, მოსთხოვოს ადვოკატმა პროკურორს იმ დროისთვის მის ხელთ არსებული მტკიცებულებების გადაცემა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ამგვარი მოთხოვნის უფლება ადვოკატს აქვს სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. ამასთან, დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, შესაძლებელია თუ არა სისხლის სამართლის საქმეზე საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადის აღდგენა და დადებით შემთხვევაში, როგორ ხორციელდება ეს პროცედურა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა, თუ ეს არ იწვევს ბრალდებულის უფლებებისა და გარანტიების არამართლზომიერ შეზღუდვას. გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობა სასამართლოში წერილობით უნდა შევიდეს საპატიო მიზეზის აღმოფხვრიდან 1 კვირის განმავლობაში. სასამართლო ამ საკითხს განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე 10 დღეში. ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის მტკიცების ტვირთი ეკისრება ვადის გამცდენ პირს. სასამართლოს გადაწყვეტილება გაცდენილი ვადის აღდგენის შუამდგომლობის თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება.