კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღიკვეცა ბერად ჭაბუა ამირეჯიბი და რა ორგანიზაციაში ამოყო მან თავი

„… დიდხანს ვიცოცხლე. ბევრი ვნახე. მიუტევებელი ცოდვები არ მადევს. მტრები მყოლია, მყავს ამჟამადაც, მაგრამ ისინი ჩემზე სუსტები იყვნენ და არც ახლა არიან „ყარამანები“…  გავაჩინე და გავზარდე ექვსი შვილი. დავრგე ოცდაათამდე ხე. მყავდა და მყავს ერთგული მეგობრები. დავწერე და ვწერ რაც შევძელი. თუ ხელახლა მომიწია ცხოვრების დაწყება, ახალს არაფერს ვიზამ – ვიცხოვრებ ისე, როგორც ვიცხოვრე”.  

„…თბილისში დავიბადე. თოთხმეტ-ნახევარ გირვანქას ვიწონიდი, ანუ, ექვს კილოგრამს, ორას გრამ ნაკლებს. აღნაგობის მიხედვით, შეიძლებოდა ფიქრი, რომ მძიმე წონის სპორტსმენი გავხდებოდი, მაგრამ შტანგისტობა თუ მოკრივეობა არ მეწერა, კალათბურთი ვარჩიე და შემდგომში პროფესიულ პატიმარ-მარბენლად ჩამოვყალიბდი… დედა და მამა ძველი არისტიკრატიული მოდგმისანი იყვნენ: მამა – ირაკლი გიორგის ძე ამირეჯიბი – ცნობილი ადვოკატი. დედა – პედაგოგი, „ქალთა უმაღლესი კურსებით“, თითქმის გარუსებული. ქართული მამაჩემის ოჯახში ისწავლა, კარგად განათლებული, მშვენიერი თავადის ქალის, სოფიო სოფრომის ასულ მაღალაშვილ-ამირეჯიბისგან. დედა – მარიამ მიხეილის ასული ნაკაშიძე – პირდაპირი ჩამომავალი იყო სამეგრელოს, აფხაზეთისა და გურიის მთავრებისა. მამაჩემის წინაპართა წოდებრიობაზე თვით გვარი მეტყველებს. ამირეჯიბობა სახელო, ანუ, დღევანდელი ტერმინოლოგიით, თანამდებობა იყო, მანდატურთუხუცესის (შინაგან საქმეთა მინისტრის) პირველ მოადგილეს ნიშნავდა. იგი დაზვერვა-კონტრდაზვერვას ხელმძღვანელობდა. სახელო საგვარეულო იყო, მემკვიდრეობით გადადიოდა და ამირეჯიბის გვარის მატარებელი ყოველი ოჯახი ცდილობდა, თავისი ნაშიერი მოემზადებინა ამ თანამდებობის დასაკავებლად. კონკურენცია მწვავე და დაუნდობელი იყო. ყოველი კანდიდატი შესაფერის განათლებას იღებდა როგორც საქართველოს, ისე ბიზანტიის აკადემიებში. აქედან – გვარის ტრადიციული ნასწავლობა-განათლებულობაც. ბოლოს ას წელიწადში ერთადერთ უბირ კაცად ქვეყანას მოვევლინე მე – პედაგოგიური ფაკულტეტის სამი კურსის მეტი არა დამიმთავრებია რა. მეორე კურსზე უკვე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი, ვწერდი, ვიბეჭდებოდი – სწავლას თავი მივანებე… დავუბრუნდეთ ბავშვობასა და ყრმობას. ჩემი ქართული ენა ზემოხსენებულ ბებოს და პაპას წყალობით ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით – პაპასი, რომელიც თავის დროზე მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის არმიის არტილერიის შტაბსკაპიტანი გახლდათ. ისინი ქართლელები იყვნენ, ანუ, იმ ენის მფლობელნი, რომელიც ქართულ ლიტერატურულ ენას დაედო საფუძვლად… ჭირვეული, ძნელი ბავშვი ვიყავი. საფიქრებელია, ოჯახს თავი მოვაბეზრე და „გამაბარეს“, ანუ, აღსაზრდელად  მიმცეს სორბონადამთავრებულ ქალბატონ მელანია მეძმარიაშვილ-გველესიანის ოჯახში. ამ უბრძენესმა ქალბატონმა პირდაპირ ამავსო ჩემი ასაკისთვის ერთობ დიდი და მრავალმხრივი ცოდნით. სკოლაში შვიდი წლისა  მიმიყვანეს, პირდაპირ მეორე კლასში დამსვეს და უფროსკლასელებსა და  მასწავლებლებს გულწრფელად უკვირდათ ჩემი „განათლებისა“ და ინფორმაციულობის დიაპაზონი. ჩემი მეორე ენა რუსული იყო; ეს ოჯახშივე და შემდეგ გარემოცვისგან ვისწავლე… ჩვიდმეტისამ დავამთავრე „ამიერკავკასიის კავშერგაბმულობის ტექნიკუმი“ გადამცემი რადიოსადგურების განხრით და აქვე მომენიჭა „პირველი რიგის თადარიგის მესამე რანგის სამხედრო ტექნიკოსის“ წოდება. საინტერესო დამთხვევა: 1941 წლის 22 ივნისს კალათბურთის მოედანზე მომნახა მეზობლის ბიჭუნამ, სამხედრო კომისარიატის უწყება გადმომცა. ვითამაშე ბოლომდე, 23-ში კი ჯარში ვიყავი. ბანაკშიც ასე მოხდა: ვთამაშობდი კალათბურთს, „ვიზივალშიკმა“ დაიძახა: „ამირეჯიბი ნა სვობოდუო.” ვითამაშე ბოლომდე, გამოვემშვიდობე ყველას და გავედი ზონიდან. სამხედრო სამსახური დავიწყე ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში, კავშირგაბმულობის 203-ე ცალკე ასეულში უფროს რადისტ-ტელეგრაფისტად. რამდენიმე თვის შემდეგ გადამიყვანეს 26-ე ავიადივიზიის რადიოსადგურის უფროსად ქ. გროზნოს აეროდრომზე, საიდანაც „კუკუ ამომკრეს“, როგორც რეპრესირებული მშობლების შვილს და უცხოეთში ემიგრირებულთა ნათესავს. ყოველივე ეს დამალული მქონდა მხოლოდ იმიტომ, რომ, მინდოდა, მენახა ომი. შემდგომი ბედის გადასაწყვეტად მომავლინეს ჩრდ. კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. იქ შემთხვევით შემხვდა ნათესავი კაცი, ამ სამხედრო ოლქის საფინანსო სამმართველოს უფროსი, რომლის წყალობით აღმოვჩნდი საინტენდანტო სამსახურში, კერძოდ – ტრანსპორტში. იმხანად სპარსეთის ყურედან, ირანისა და ამიერკავკასიის გავლით, მოკავშირეთა სამხედრო დახმარება ავტოკოლონებით მოედინებოდა. აქ ყველაფერი იყო, ავტომანქანებით დაწყებული, ყოველგვარი შეიარაღება, ამუნიცია და დამთავრებული 1903 წლის მოსავლის „უხარშავი“ თეთრი ლობიოთი. ერთ-ერთი ასეთი კოლონის უფროსის მოადგილედ გახლდით უფროსი ლეიტენანტის ჩინით, მაგრამ, აქაც რამდენიმე თვეში მომაგნო ყოვლისშემძლე „ასობნიაკმა“ და მეორედ, ამჯერად, საბოლოოდ, გამომისტუმრეს რუსებმა თავისი არმიიდან, როგორც „არასწორად გაწვეული“. საიდან და როგორ დაიწყო ჩემი „უკუღმართი“ ცხოვრება? – სწორედ აქედან და, აი, როგორ: დავბრუნდი, აღმადგინეს თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსზე. ომის დრო იყო. საღად მოაზროვნე, მამულიშვილურად განწყობილი სტუდენტობა იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ, რა საშუალებებითა და ხერხებით დასძრომოდა საქართველო რუსეთის იმპერიის კლანჭებს. ყალიბდებოდა არალეგალური ორგანიზაციები და ერთ-ერთ ასეთში, კერძოდ, „თეთრ გიორგიში“, მეც ამოვყავი თავი. ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა ამისთვის დაბადებული ახალგაზრდა კაცი – მხნე, განათლებული, „უშიში, ვითარცა უხორცო“ და თავდადებული მებრძოლი მუსტაფა შელია. ორგანიზაციის მიზანს შეადგენდა შეიარაღებული აჯანყების გზით საქართველოში საბჭოთა წყობილების ლიკვიდაცია. ახალგაზრდები, გამოუცდელი, მხოლოდღა თავისუფლების წყურვილით აღჭურვილი მამულიშვილები ვიყავით და, ცხადია, ჩვენი მიზანსწრაფვა კრახით დასრულდა. 1944 წლის აპრილში უშიშროების ჯარების „ტროიკამ“ ოცდახუთი წლის პატიმრობა მომისაჯა… 

…შიშის ძლევის უნარი ბავშვობაშივე თავს გადამხდარმა შემთხვევებმა შემძინა… შიში სხვადასხვანაირი მიგემია. აი ერთი მათგანი.

ხუთი წლისა თუ ნაკლებისა ვიქნებოდი, შიში მხვდა და სამუდამოდ დამამახსოვრდა კიდეც. ჩემი აზრით, სწორედ იმ შემთხვევით დაიწყო ჩემი ცხოვრება, რადგან, ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს – დანარჩენი არსებობაა.

მოგეხსენებათ, რევოლუცია კინოსეანსი როდია, რომ დაიწყოს და წინასწარ ცნობილი საათ-ნახევრის შემდეგ დამთავრდეს. იგი კომეტას ჰგავს, უზარმაზარი კუდი იცის. ჩემთვის იმ კუდის დასაწყისი იყო ათას ცხრაას ოციანი წლების გვიანი შემოდგომა. ღამის სამ საათზე ჩვენს ბინას ოთხი ფორმიან-ნაგანიანი კაცი ესტუმრა. მამაჩემი ერეკლე ქალაქგარეთ იყო. მოსულებს ერეკლეს დარდი ამჯერად არცა ჰქონდათ, მის ძმას ეძებდნენ. პროფესიონალი რევოლუციონერი და პოლიტიკური მოღვაწე იყო ჩემი ბიძა – შალვა ამირეჯიბი, ეროვნულ-დემოკრატი. რუსეთის ჯარების შემოსვლის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება ერთობ მძაფრად გამოამჟღავნა. ჩეკისტები დაეძებდნენ, მისი მოკვლისთვის ფულადი ჯილდოც კი იყო გამოცხადებული. ჩვენ ექვს თუ შვიდოთახიან ბინაში ვიდექით. ყველა ოთახი და სათავსო გაიჩხრიკა, ჯერი საძილეზე მიდგა. იქ მე და ჩემს დას, როდამს გვეძინა. დედა ჩეკისტებს დაჰყვებოდა ოთახიდან ოთახში. შინ სხვა არავინ იყო. საძილეში შევიდნენ. ტანსაცმლის კარადიდან, უჯრებიდან, ზანდუკებიდან ყველაფერი გადმოიყარა და იატაკს მოეფინა, როგორც ყველა ასეთ შემთხვევაში ხდებოდა. დაამთავრეს ჩხრეკა. სამნი გავიდნენ, ოთახში ერთიღა იყო. ისიც გასვლას აპირებდა, რომ ჯგუფის უფროსმა ღია კარს იქიდან უბრძანა – მაგ ბავშვის ლეიბი ნახეო! მჩხრეკავმა შარვლის ჯიბიდან დიდი, კაუჭიანი, ბასრი სასხლავი დანა ამოიღო და გაშალა. ის დანა მე კომეტის კუდის ნაწილაკი მგონია. მჩხრეკავი რევოლუციაში პირდაპირ ვენახიდან იქნებოდა მოსული – მდიდარი გლეხის მოჯამაგირეობიდან, ან, საკუთარი, მაგრამ პატარა ვენახიდან – დიდს ვერ შეელეოდა. ლეიბის თავში დანის კაუჭს პირი მოაკიდებინა, გამოუსვა და ბოლომდე ჩაჭრა. ლეიბიდან მატყლის კურკუმელებმა გადმოიხედეს. მჩხრეკავმა ლეიბში ხელი შემოყო, ძებნის აზარტს აჰყვა, მუჯლუგუნებმა გამაღვიძა და ვიკივლე – დედიკო, მუცელი გამიჭრეს-მეთქი. მჩხრეკავს ორგანოების პრესტიჟის გრძნობა ბავშვის კივილმა თუ ჩაუხშო, თორემ, ისე მკვირცხლად არ მოცუცხავდა… 

…როგორც ყოველ წელს, ზაფხულს კიკეთში ვატარებდით. აგარაკი ხეხილის დიდ ბაღში იყო განლაგებული, ჰექტარზე არანაკლები იქნებოდა. მამა მთიბავებს ქირაობდა – ენაგეთელ გლეხკაცებს. თივის საფასურად მუშაობდნენ. ვიჯექი, მათი ცქერით ვერთობოდი. ჩემი მისვლისას საუზმე დამთავრებული ჰქონდათ, ისვენებდნენ. ერთ მათგანს ჩაეძინა და ერთობ ხმამაღალი ხვრინვა ამოუშვა. მეორე ადგა, მიეპარა, მხვრინავის სახეზე ჩაიმუხლა და, როგორც დიდი სულხან-საბა ბრძანებდა, კარგა მოზრდილი „კუს ძვრით“ უპასუხა ხვრინვას. დამსწრეებმა ამას ხმამაღალი სიცილ-ხარხარი მოაყოლეს, რამაც შეურაცხყოფილი გამოაღვიძა და იკითხა – რა მოხდაო? უთხრეს. ამას თიბვა მოჰყვა. შეურაცხმყოფელს შარვლის ტოტები აკეცილი ჰქონდა. დაზარალებულმა, რაღაცნაირად იყო, დრო იხელთა, შეურაცხმყოფელს ზურგიდან მოექცა და ცელი წვივებში მთელი ძალ-ღონით გამოჰკრა. წვივებიდან სისხლის ღვარმა იფეთქა. დაზარალებულმა ჭრილობებზე მშრალი ქვიშა „მიილესა“. თიბვა გაგრძელდა და მე მხოლოდ კარგა ხნის მერეღა მოვედი გონს, ხმამაღალი ტირილით გავიქეცი შინისკენ. მამამ მკითხა, რა გატირებსო? ვუამბე, რასაც შევესწარი. მამა მთიბავებთან ჩავიდა და მე მას მერე კაი ხუთი წელიწადი მესიზმრებოდა ნახული განუკითხაობა…

 …მყავდა ექვსი შვილი, მართალია, სხვადასხვა მეუღლეებისაგან, რაც ჩემი მარბენლობით აიხსნება, მაგრამ, ღმერთმა ინება და, აგერ, უკვე ოცდათხუთმეტი წელია, მყავს გასაოცარი მეუღლე, პოეტი თამარ გრიგოლის ასული ჯავახიშვილი. ამ ხნის მანძილზე ჩვენ შორის არამცთუ რაიმე ექსცესს, სერიოზულ შელაპარაკებასაც კი არ ჰქონია ადგილი. ვცხოვრობთ მშვიდად და ბედნიერად, რამდენადაც ეს ჩვენს „აწეწილ“ დროშია შესაძლებელი. შვილებს დავუბრუნდეთ. უფროსი – მანანა, პირველი გაქცევის შვილი, მამის კვალს გაჰყვა – წერს მოთხრობებს, ქვეყნდება, მკითხველს მოსწონს. მეორე – ლეილა, ეს პაპის კვალს გაჰყვა, იურისტია, დიპლომატი, საქართველოს საელჩოში მსახურობს მოსკოვში. ამათ შემდეგ – ოთხი ვაჟი, ოთხივე გათავისუფლების შემდეგ მეყოლნენ. უფროსი – ირაკლი, რუსების არმიაში სამსახურის შემდეგ მოხალისედ წავიდა აფხაზეთში, დაიღუპა და წაიღო ჩემი ურყევი ჯანმრთელობა – სამი ინსულტი! ირაკლი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით არის დაჯილდოებული. დანარჩენმა სამმაც მიიღო მონაწილეობა აფხაზეთის ომში. ღმერთმა დამინდო, სამივე გადარჩა. ირაკლის მომდევნო, ლაშა – მოქანდაკეა, ქუცნა – კინორეჟისორ-ოპერატორია, შალვა – ბიოფიზიკოსი. შვილიშვილები – უკვე შვიდი, შვიდივე გოგო. 

ბავშვობასა და ყრმობაში ვწერდი ლექსებსა და მოთხრობებს, მაგრამ, ოციდან ორმოცამდე ბანაკებში დაწერილიდან ცოტა რამღა გადარჩა, დაწერილის ადგილის სპეციფიკის გამო: ვწერდი – მართმევდნენ. სერიოზული ლიტერატურული მუშაობა პატიმრობიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყე. მიღებული მაქვს სსრკ სახელმწიფო პრემია (1979), საქართველოს რუსთაველის პრემია (1994), საქართველოს სახელმწიფო პრემია (1998); მაქვს, აგრეთვე, სხვადასხვა უცხოური ჯილდო, პრემიები, პრიზები და სხვა. ჩემი ნამუშევრები გამოქვეყნებულია მსოფლიოს ოცდაათამდე ენაზე. ვარ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, „ღირსებისა“„ და, ჩემი ირაკლივით, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი. მოვრჩი ტრაბახს… 

„… 1944 წლის 10 აპრილს „ტროიკის” თავმჯდომარემ, გვარად ბურდულმა, მკითხა: რომ გაგათავისუფლოთ, როგორ მოიქცევითო. არ დავფიქრებულვარ, მივუგე: როგორც აქამდე მოვიქეცი, ისევ ისე-მეთქი. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, ვისაც საკუთარი წარსულის მიმართ სინანული აწამებს. ვიცხოვრე, როგორც მაღალმა ღმერთმა ინება, ისე. ბედისწერით კმაყოფილი ვარ, თუმცა, შესაძლოა, ცხოვრებას უკეთესი მიმართულება მიეღო. ეგ არი, ეს „უკეთესი“ როგორი იქნებოდა, წარმოდგენილი ვერა მაქვს. საერთოდ, რას ნიშნავს უკეთესობა? მე არასოდეს მქონია დიდი მადა და მოთხოვნილებები. კმაყოფილი ვიყავი და ვარ ამით, რასაც ღმერთი იმეტებს…  ვწერ ნელა და ძნელად, მაგრამ, სადა, ადვილი ენით, შესაძლებლობისდა მიხედვით – გასაგებად, რთულსა და ხელუხლებელ თემებზე. ვიწყებ წერას მხოლოდ მას მერე, როცა წიგნს მთლიანად დავინახავ და, იმ ნაწყვეტით, რომელიც იმ მომენტში მეხასიათება. გადავდებ და წავიკითხავ მხოლოდ ორიოდ კვირის შემდეგ. ან „ჭკუაზე მოვიყვან“, ან კალათაში ჩავყრი. გამოვტყდები, უარყოფა იშვიათად ხდება. ხელნაწერს არავის ვუმალავ. ყოველთვის მაინტერესებს სხვათა აზრი, ამა თუ იმ მცირე ნაჭრის გამოც კი. როგორც ვთქვი, განწყობილების მიხედვით ვწერ წიგნის ნაწილებს. ეს, შესაძლოა, ფინალიც იყოს. როცა ეს ნაწყვეტები დაწერილია, აი, მაშინ იწყება ყველაზე რთული სამუშაო – კომპოზიცია, ანუ, ამ ნაჭრების ერთ წიგნად შეკვრა, მუშაობა მასალის სწორ განლაგებაზე, ერთობლიობად ქცევა. 

ახლა იმაზე, რატომ აღვიკვეცე ბერად. ერთ-ერთი ასეთი მიზეზი უფლისგან მფარველობაა. მადლობა  უნდა გადამეხადა ღმერთისთვის, ერისთვის, ბედ-იღბლისთვის. ყოველთვის მჯეროდა, რომ უკიდურესი განსაცდელიდანაც კი „საღ-სალამათი“ გამოვიდოდი და ასეც ხდებოდა. საქართველოს ერთი პაწაწინა  ნაწილი ვარ და, ჩემი ასაკით კი არა, ჩემი დამსახურებით, მომავლის მწამს.”  

 

скачать dle 11.3