რა აკავშირებს უფლისწულ გიორგის ესპანეთის მეფე ხუან კარლოსთან
ერთიანი საქართველოს უკანასკნელი დიდი ხელმწიფე იყო ალექსანდრე I დიდი (1412-1442). მის მერე გამეფდა მისი უფროსი ვაჟი – ვახტანგ IV (1442-1446). ოთხ წელიწადში იგი უძეოდ გარდაიცვალა. შემდეგ საქართველოს ტახტზე ავიდა ალექსანდრე I დიდის მესამე ვაჟი, გიორგი VIII, იგი ზრდიდა თავისი უფროსი ძმის, უკვე გარდაცვლილი დემეტრე უფლისწულის მცირეწლოვან ვაჟს, უფლისწულ კონსტანტინეს.
გიორგი VIII-ს ტახტისთვის ებრძოდა თავისი ბიძაშვილი, ალექსანდრე დიდის ძმის, გიორგის ძე – ბაგრატი, რომელმაც 1463 წელს დაამარცხა კიდეც და იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი (იმერეთში – ბაგრატ II). მან სათავე დაუდო იმერეთის ბაგრატიონთა დინასტიას.
ბიძა-ძმისწული, გიორგი VIII და უფლისწული კონსტანტინე, 1465 წელს ასევე დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო სამცხის ათაბაგმა ყვარყვარე II-მ. ამით ისარგებლა ბაგრატმა და თავი უკვე საქართველოს მეფედ გამოაცხადა (ტფილისის ტახტზე – ბაგრატ VI).
ტყვეობიდან დაბრუნებულმა გიორგი მერვემ ვერ შეძლო ბაგრატ მეექვსის დამარცხება, ვერ დაიბრუნა ტფილისის ტახტი და კახეთში გამეფდა 1466 წელს (კახეთში – გიორგი I). მან დაუდო სათავე კახეთის ბაგრატიონთა დინასტიას.
ბაგრატ VI ქართლსა და იმერეთს განაგებდა 1466-1478 წლებში. ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ, უფლისწულმა კონსტანტინემ შეძლო ტახტის დაბრუნება და ცოტა ხანს აკონტროლებდა ქართლსა და იმერეთს, მაგრამ, შემდეგ, 1484 წელს, ალექსანდრე ბაგრატის ძემ მოახერხა და გამეფდა იმერეთში, ქართლი კი დარჩა კონსტანტინე II-ს. მან დაუდო სათავე ქართლის ბაგრატიონთა დინასტიას.
დაახლოებით 1512 წელს კონსტანტინე II-ის ვაჟმა, ბაგრატმა, თავის ძმას, მეფე დავით X-ს გამოსთხოვა მუხრანის ტერიტორია საუფლისწულოდ და „არაგვისა და ქსნის-ხევნი მთიულ-მოხევითურთ თვისსა მორჩილებასა ქვეშე” მოაქცია – მოგვითხრობს ვახუშტი ბატონიშვილი.
@ბაგრატ აღაშენა ციხე მტვერისა“ – ქსნის ციხე. ამავე ბაგრატმა დაატყვევა ქსნის ციხეში კახეთის მეფე გიორგი II (ავ-გიორგი), რომელიც ქართლს არბევდა. ავ-გიორგი იქვე გარდაიცვალა.
ასე დაარსდა მუხრანელ ბაგრატიონთა საუფლიწულო-საბატონო; ასევე, სათავე დაედო ქართლის დინასტიის უმცროს განშტოებას – მუხრანბატონთა დინასტიას.
საუფლისწულოს საზღვრები დროთა განმავლობაში იცვლებოდა. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულისათვის მასში სამოცამდე სოფელი შედიოდა.
მუხრანელ ბაგრატიონთა სახლის უფროსს მუხრანბატონი ეწოდებოდა, სახლიკაცებს – მუხრანბატონიშვილები. ქართლის სამეფოში შიდა ქართლის სადროშოს სარდლობა მუხრანბატონებმა მიიღეს.
მუხრანის საუფლისწულო შეგვიძლია შევადაროთ ევროპულ საჰერცოგოს, თანაც, სამეფო საგვარეულოსგან გამოყოფილ ჰერცოგთა დინასტიას. ხანდახან, თუ სამეფო შტო შეწყდებოდა, ვითარცა მონათესავე შტო დინასტიისა, ადიოდა სამეფო ტახტზე. საქართველოშიც იყო ასეთი პრეცედენტი (ბაგრატ III ავიდა დავით III კურაპალატის ტახტზე და საქართველოს კუთხეების სხვა ტახტებზე). ისტორიამ გაიმეორა მაგალითი 1658 წელს, თუმცა, მივყვეთ ქრონოლოგიურად.
ბაგრატ უფლისწულის გარდაცვალების მერე, 1540 წელს, მისი ვაჟი – ვახტანგი (I მუხრანბატონობის ნუმერაციით) გახდა მუხრანბატონი. 1580 წელს, ვახტანგის გარდაცვალების შემდეგ, მისი ძე – თეიმურაზი (I) გახდა მუხრანბატონი. თეიმურაზი დაიღუპა მარაბდის ბრძოლაში.
თეიმურაზის უფროსი ვაჟი, ვახტანგი, იშვილა ქართლის უძეო მეფე როსტომმა. როსტომის გარდაცვალებით წყდებოდა ქართლის მეფეთა შტო. ქართული კანონების მიხედვით, როცა წყდება სამეფო შტოს მამაკაცური ხაზი, მემკვიდრეობა გადადის ყველაზე ახლო ნათესავებზე, მაგრამ, აუცილებლად ბაგრატიონებზე.
როსტომ მეფის სიკვდილის მერე, 1658 წელს, ვახტანგ V (ქართლის, ტფილისის მეფეთა ნუმერაციიით) ავიდა ქართლის ტახტზე, ხოლო ვახტანგის ძმა – კონსტანტინე (I მუხრანბატონობის ნუმერაციით) გახდა მუხრანბატონი.
1668 წელს, კონსტანტინეს სიკვდილის მერე, მუხრანბატონი გახდა მისი ძე – თეიმურაზი (II მუხრანბატონობის ნუმერაციით).
თეიმურაზ მუხრანბატონის შვილი იყო კონსტანტინე (II) მუხრანბატონი. იგი გარდაიცვალა 1716 წელს. მისი შვილი იყო კონსტანტინე (III) მუხრანბატონი.
კონსტანტინე (III) მუხრანბატონის ვაჟი იყო ივანე (იოანე) მუხრანბატონი, რომელსაც ერეკლე II-მ მიათხოვა თავისი ქალიშვილი – ქეთევანი.
1801 წელს დაიღუპა იოანე მუხრანბატონი და მუხრანბატონი გახდა მისი ვაჟი – კონსტანტინე (IV).
თუმცა, მალე რუსეთის იმპერიამ მუხრანის საუფლისწულო-საბატონო გააუქმა.
კონსტანტინე (IV) მუხრანბატონის უფროსი ვაჟი იყო ივანე (II), დაბადებული 1812 წელს. იგი გახდა მუხრანბატონთა დინასტიის უფროსი. 1895 წელს გარდაიცვალა ივანე მუხრანბატონი და შტოს მეთაური გახდა მისი ვაჟი – კონსტანტინე (V).
მუხრანბატონობა ამ შტოს წარმომადგენლებს გაუგვარდათ. რუსეთის იმპერიაში მათ მოიხსენიებდნენ რუსული ფორმით, როგორც მუხრანსკებს.
„მუხრანსკი” ნიშნავს მუხრანის მფლობელს, ბატონს. ამ შტოს ყველა წარმომადგენელი ბაგრატიონ-მუხრანსკის გვარს ატარებდა. სინამდვილეში კი, ლეგიტიმური უფროსი შეიძლებოდა მხოლოდ ერთი მუხრანბატონი ყოფილიყო, სხვები კი – მუხრანბატონიშვილები.
ქართულად წერისას ასე უფრო უპრიანია.
კონსტანტინე მუხრანბატონი გარდაიცვალა უძეოდ, 1903 წელს და შტოს უფროსი, მუხრანბატონი, მუხრანის უფლისწული გახდა მისი ბიძაშვილი – ალექსანდრე (I) ერეკლეს ძე. ალექსანდრე ბაგრატიონი იყო გენერალი.
1918 წელს ალექსანდრე ბაგრატიონი ბოლშევიკებმა მოკლეს და მუხრანის უფლისწული, მუხრანბატონი გახდა მისი ვაჟი – გიორგი (I).
1919 წელს უძეოდ გარდაიცვალა ბაგრატიონ-მუხრანელთა სამეფო შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი, ქართლის მეფის, ვახტანგ V-ის შთამომავალი, დიმიტრი პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი.
მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში გიორგი ბაგრატიონ-მუხრანბატონს ოჯახთან ერთად მოუწია ემიგრაციაში წასვლა. უკვე ემიგრაციაში, მუხრანბატონებმა გამოაცხადეს პრეტენზია ქართლის დინასტიის, ქართლელი გრუზინსკების (მუხრანული შტოს უფროსი განშტოების), ვახტანგ V-ის შთამომავლების მემკვიდრეობაზე, ანუ, ტფილისისა და მთელი საქართველოს ტახტზე, - ისე, ტფილისის ტახტის მფლობელობა აგრძელებს ერთიანი სამეფოს მეფეთა ნუმერაციას, რაც მათ დაუმტკიცა რუსეთის ტახტის მემკვიდრემ, ვლადიმირ კირილის ძემ (რომელიც მერე მისი სიძეც გახდა). ამგვარად, ემიგრაციაში გიორგი ალექსანდრეს ძე გამოცხადდა დინასტიის მეთაურად.
როგორც ადრე ვუამბეთ მკითხველს, 1940 წელს, ემიგრაციაში ყოფნისას, მისი ვაჟი, ირაკლი, დაქორწინდა იტალიელი გრაფის, უგო პასქუინის ასულ მარია ანტუანეტაზე. მათ 1944 წლის 22 თებერვალს შეეძინათ ვაჟიშვილი – გიორგი, რომელსაც ქართველები ვიცნობდით ლეგენდარული ქართველი ავტომრბოლელი პრინცის – გიორგის, ესპანურად – ხორხეს სახელით.
1946 წელს ირაკლი ბაგრატიონმა კვლავ იქორწინა, ამჯერად ბავარიის პრინცის ასულზე, ინფანტა მერსედესზე, რომელიც დედის მხრიდან იყო ესპანეთის მეფის შვილიშვილი. ირაკლი ბაგრატიონსა და ინფანტა მერსედესს შეეძინათ ორი შვილი: 1947 წელს – მარია დე ლას პასი და 1949 წელს – ბაგრატ ჟან მარი.
მარიამ და ბაგრატ ბაგრატიონები საკმაოდ ახლო ნათესავები არიან ესპანეთის ახლანდელი მეფის – ხუან კარლოსისა. მათი ბებია, მარია ტერეზია ბურბონი ჰაბსბურგი იყო ხუან კარლოსის პაპის, ესპანეთის მეფის, ალფონსო XIII-ის და.
1957 წელს გარდაიცვალა გიორგი ალექსანდრეს ძე მუხრანბატონი და შტოს უფროსი გახდა ირაკლი ბაგრატიონი.
1977 წელს გარდაიცვალა ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანბატონი. უფლისწული გახდა გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონი. საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, როგორც კი შეძლო, გიორგი ბაგრატიონმა მიატოვა აყვავებული ესპანეთი, თუმცა ძალიან უყვარდა და სამშობლოში დაბრუნდა. „მე უნდა ვემსახურო ჩემს ხალხს... მე სამშობლოში უნდა დავიმარხო“ – ამბობდა ის. იგი 2008 წელს გარდაიცვალა და დაკრძალეს სვეტიცხოველში.
გიორგი ბაგრატიონს დარჩა ოთხი შვილი: უფროსი – მარიამი (რომელიც დაქორწინებულია და ჰყავს ვაჟი), ირაკლი, დავითი და გურამი (უგო).
2009 წელს, ერთიანი საქართველოს მეფის, ალექსანდრე I დიდის მეორე შვილის შთამომავლმა, დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა იქორწინა ალექსანდრე I დიდის მესამე შვილის შთამომავალზე, ანა ნუგზარის ასულ ბაგრატიონ-გრუზინსკიზე. 2011 წლის 27 სექტემბერს მათ შეეძინათ ვაჟი – გიორგი.
პატარა უფლისწული, რომელიც ახლა 2 წლისაა, 3 ნოემბერს მოინათლა სვეტიცხოველში.