“დამოუკიდებელ ჰოსპიტალთა ასოციაცია” – ახალი სიტყვა ქართულ სამედიცინო სივრცეში
15 დეკემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” მედიასთან პირველი ოფიციალური ბრიფინგი გამართა „დამოუკიდებელ ჰოსპიტალთა ასოციაციამ”, რომელიც, იმავდროულად, ორგანიზაციის პრეზენტაციაც გახლდათ. ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ: იაგო კალანდაძემ და დამფუძნებელთა საბჭოს წევრებმა ისაუბრეს კლინიკათა გაერთიანების მიზეზებსა და მის სამოქმედო სტრატეგიაზე.
„მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი”, „ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის ეროვნული ცენტრი”, „ჩაჩავას კლინიკა”, „თბილისის მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკა”, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა”, „ჩაფიძის გულის ცენტრი – ქართულ-გერმანული ჰოსპიტალი”, „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური”, „ნიუ ჰოსპიტალს” და „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი” – 10 წამყვანი კლინიკა, რომლებიც იმ მიზნით გაერთიანდნენ, რომ სწორედ კოორდინაცია აქციონ მოქმედების ამოსავალ წერტილად და ასოციაციის უნარიანი კოორდინირებით სამედიცინო სფეროს სამ ძირითად კომპონენტს: ჯანდაცვის სამინისტროს, სადაზღვევოსა და საავადმყოფოებს შორის, პაციენტს გაცილებით უკეთესი პირობები შეუქმნან. „ქვეყანამ აირჩია ევროპული კურსი და თავისთავად ცხადია, სამედიცინო მიმართულებაც მას უნდა პასუხობდეს. ევროპაში კი სწორედ ასეთი ასოციაციებია პრიორიტეტული, რაც საერთო სამედიცინო დონის სწრაფ ზრდას უწყობს ხელს,” – აღნიშნა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ბატონმა გოჩა ინგოროყვამ.