რა შემთხვევაში არ არის დისკრიმინაცია თანამშრომლებისთვის დაქორწინების აკრძალვა და რა ტიპის დისკრიმინაციული ქმედების გამო შეიძლება, დააჯარიმოს ინსპექტორმა ფიზიკური პირები 100-დან 500 ლარამდე
იმ მარტივი მიზეზით, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების პარაფირება მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასოცირების პროცესი კიდევ უფრო ინტენსიურ ფაზაში გადავიდა, იუსტიციის სამინისტრო ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე მუშაობს და ახალ – ინსპექტორის ინსტიტუტს გვთავაზობს. სამუშაო პროექტი გასულ კვირას საზოგადოებასაც წარუდგინეს: ჯერ ერთი, გაცნობის და, სავარაუდოდ, შენიშვნების მოსმენის მიზნითაც. საიას იურისტი გიორგი გოცირიძე ესწრებოდა განხილვას და სწორედ მას ვთხოვეთ, აეხსნა ჩვენი რეალობისთვის ახალი კანონპროექტის არსი, მიზნები და ისიც, თუ რით შეუმსუბუქებს თუ, პირიქით, შეუზღუდავს მოქალაქეებს მდგომარეობას ხსენებული კანონპროექტი, ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ის კანონად იქცევა.
– მხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების პროცესია ამ ტიპის კანონმდებლობაზე მუშაობის მიზეზი?
– უპირველესად, ეს არის ევროკავშირთან ასოცირების შემადგენელი ნაწილი, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობდეს დისკრიმინაციასთან ბრძოლის კონკრეტული მექანიზმები და, გარდა ამისა, ასოცირებაც რომ არც ყოფილიყო, აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს გაუმართლებელი არათანაბრობის აღმოფხვრის საშულებები და არ არის აუცილებელი, რომ ეს მხოლოდ უმცირესობებს ეხებოდეს. არსებობს უმრავლესობის დისკრიმინაციის ფაქტებიც, მაგალითად, როდესაც ეთნიკურად ქართველ მამაკაცებს არ უშვებდნენ ამა თუ იმ ბარში. ასე რომ, უმრავლესობამაც გამოსცადა დისკრიმინაციის სიმწარე.
– და, ძალიან ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას ჩვენს ქვეყანაში ქალები.
– რა თქმა უნდა, უმრავლესობის წარმომადგენლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ არათანაბარი მოპყრობის მსხვერპლნი. ეს კანონპროექტი არაფერს ადგენს ახალს, რაც მანამდე არ მოქმედებდა და არ იყო ასახული სხვადასხვა კანონში, საერთაშორისო ხელშეკრულებებში, რომელთა მონაწილეც არის საქართველო და, ბოლოს და ბოლოს, გვაქვს საქართველოს კონსტიტუციის მეთოთხმეტე მუხლი, რომელიც პირდაპირ კრძალავს დისკრიმინაციას. ასევე, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს უამრავი გადაწყვეტილება დისკრიმინაციის შესახებ, თუმცა, ეს კანონპროექტი სიახლესაც გვთავაზობს. კერძოდ, შემოდის ინსპექტორის ინსტიტუტი, რომელიც გააკონტროლებს დისკრიმინაციას არა მარტო სახელმწიფო დაწესებულებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, არამედ, კერძო დაწესებულებებში, რომლებიც საჯარო სერვისს ახორციელებენ, მაგალითად, რამეს ყიდიან ან მომსახურებას ეწევიან. თუკი ისინი ამ სერვისებს დისკრიმინაციულად გასცემენ, იარსებებს მექანიზმი, რომელიც რეაგირებას მოახდენს მსგავს საკითხებზე. როდესაც დამიკავშირდნენ ჟურნალისტები და არაბულ ბარებში ეთნიკურად ქართველი მამაკაცების არშეშვების ფაქტის შეფასება მთხოვეს, მე ვუპასუხე, რომ ეს იყო დისკრიმინაცია, მაგრამ, კანონმდებლობაში არ არსებობდა მექანიზმი, რომელიც დაადგენდა, თუ რა შეიძლებოდა, მოჰყოლოდა ასეთ ქმედებას სანქციის სახით. მართალია, სახელმწიფო სტრუქტურებთან მიმართებაში სხვა კანონმდებლობა მოქმედებს, მაგრამ, არსად წერია, რა მოჰყება კერძო ტიპის დისკრიმინაციას; არ არსებობდა რეაგირების მექანიზმი, რის საშუალებასაც ახლა უკვე ეს კანონპროექტი იძლევა.
– სანამ რეაგირების მექანიზმებზე გადავალთ, დავაზუსტებ: მხოლოდ ის კერძო დაწესებულებები მოხვდებიან ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის არეალში, რომლებსაც რაღაც ფორმით აქვთ შეხება საზოგადოებასთან? თუ, შიგნით, კერძო სტრუქტურაში ხდება თანამშრომლების დისკრიმინაცია?
– ეს დაკონკრეტებული არ არის კანონში, მაგრამ, რადგან შრომის ბაზარზე ყველას თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს, ესეც საზოგადოებისთვის სასარგებლო სერვისის მიწოდებაა. თუმცა, არსებობს რაღაც ტიპის დაწესებულებები, სადაც ბოლომდე ვერ გააკონტროლებ ამ პროცესს. მაგალითად, პოლიტიკურ პარტიას ვერ მოსთხოვ განსხვავებული იდეოლოგიის მქონე ადამიანის წევრად მიღებას.
– წერია ეს პროექტში?
– არა და ჩემი შენიშვნაც ეს არის. ამას გარდა, არის სხვა ინტერესთა ჯგუფებიც, რომლებშიც ყველა ადამიანი ვერ მოხვდება. მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აქვს რაღაც კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ჩვენ ვიღებთ წევრებს – ის აუცილებლად უნდა იყოს იურისტი. შესაძლოა, ეს არის განსხვავებული მოპყრობა, მაგრამ, ეს ვერ იქნება კანონით აკრძალული დისკრიმინაცია. „შრომის კოდექსი“ ისედაც კრძალავდა დისკრიმინაციას, მაგალითად, დისკრიმინაცია იყო და არის, თუ სამსახურში არ მივიღე ფეხმძიმე ქალბატონი, რაც აკრძალულია „შრომის კოდექსით“, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც არ არსებობდა მექანიზმი, როგორ უნდა ემოქმედა ამგვარი დისკრიმინაციის მსხვერპლს კერძო დამსაქმებელთან მიმართებაში. ახლა ეს კანონი გვთავაზობს მექანიზმს; ფაქტობრივად, ეს არის მექანიზმის კანონი და არა დისკრიმინაციის ამკრძალავი საშუალება.
– როგორ დაისჯება დისკრიმინაციის ჩამდენი და ვინ დასჯის მას?
– შემოთავაზებულია მექანიზმი – ინსპექტორი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 4 წლის ვადით აირჩევს. მართალია, ჩვენ გვყავს სახალხო დამცველი, მაგრამ მისი ფუნქცია შეზღუდულია მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებით. თანაც, ომბუდსმენი მხოლოდ რეკომენდაციებით შემოიფარგლება, რომელთა შესრულება არ არის სავალდებულო და რამე იძულებითი მექანიზმი მას არ გააჩნია. მაშინ, როდესაც ინსპექტორის იურისდიქცია არ შემოიფარგლება სახელმწიფო დაწესებულებებით, მას აქვს იურისდიქცია კერძო ტიპის დაწესებულებებზეც და აქვს იძულების ფუნქციაც. თუკი ინსპექტორი დაადგენს, რომ კონკრეტულმა სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებამ ჩაიდინა დისკრიმინაცია, მას აქვს დაჯარიმების მექანიზმი.
– ანუ, აპარატი ეყოლება?
– ეყოლება მოადგილე და, ბუნებრივია, აპარატი. იმავდროულად, ისინი გარკვეული გარანტიებით ისარგებლებენ: მათ არ შეიძლება, იძულებითი ჩვენება მისცენ იმ ინფორმაციის შესახებ, რაც მათ გაანდეს როგორც ინსპექტორს ან ინსპექტორის აპარატის თანამშრომელს. თუკი დადგინდება, რომ დისკრიმინაცია მოხდა, ინსპექტორი სთხოვს შესაბამის უწყებას, აღმოფხვრას დისკრიმინაციული ქმედება და აკისრებს ჯარიმას. თუ ჯარიმის გადახდა არ მოხდა, მისი ოდენობა სამმაგდება. ანუ, მართალია, ინსპექტორი თვითონ ვერ შეცვლის კონკრეტულ გადაწყვეტილებას, მაგრამ, აქვს საშუალება, აიძულოს კონკრეტული დაწესებულება, შეცვალოს ეს დისკრიმინაციული პრაქტიკა კონკრეტულ პირთან მიმართებაში.
– ჯარიმის ოდენობა რამდენია?
– ჯარიმის ოდენობა განსხვავებულია ფიზიკურ და იურიდიულ პირთან, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მიმართებაში. ფიზიკური პირი პირველ ჯერზე ჯარიმდება 100-დან 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირი, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანო – 500-დან 2 000 ლარამდე: თუკი არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას, მისი ოდენობა სამმაგდება.
– ფიზიკურმა პირმა რით შეიძლება, გამოიწვიოს დისკრიმინაცია?
– მაგალითად, ეს, შეიძლება, იყოს ინდმეწარმე, ან, ფიზიკური პირი იყოს დამქირავებელი და მოახდინოს დაქირავებული პირის დისკრიმინაცია.
– თეორიულად, ქუჩაში გამვლელმა მეორე გამვლელის მიმართ, შეიძლება, ჩაიდინოს დისკრიმინაცია? ან სამეზობლოში?
– შესაძლოა, ფიზიკურმა პირმაც ჩაიდინოს დისკრიმინაცია და ის დაჯარიმდება ამის გამო.
– მაინც შევახსენოთ მკითხველს, რა არის დისკრიმინაცია?
– დისკრიმინაცია არის განსაზღვრული ნიშნით თანაბარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ განსხვავებული მოპყრობა ან განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების მიმართ თანაბარი მოპყრობა, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანისადმი და ასეთი პრობლემის არმქონე ადამიანისადმი ერთნაირი მიდგომა. იგივე ხდება რწმენის შემთხვევაშიც: შესაძლოა, კონკრეტული რწმენა არ უკრძალავდეს ადამიანს სამხედრო სამსახურს, მაგალითად, მართლმადიდებლებს არ ეკრძალებათ სამხედრო სამსახური, თუმცა, არიან სხვა რელიგიური ჯგუფები, რომელთა წარმომადგენლებსაც ეს ეკრძალებათ.
– მაგრამ, მათთვის ხომ არსებობს ალტერნატიული – შრომითი სამსახური?
– არსებობს, მაგრამ, ალტერნატიული სამსახურის შესახებ კანონი რომ არ არსებობდეს, ეს იქნებოდა დისკრიმინაცია. სხვათა შორის, რეზერვთან მიმართებაში იყო პრობლემები: მაგალითად, სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან, მართალია, თავისუფლდებოდნენ და მიდიოდნენ ალტერნატიულ სამსახურში, მაგრამ, პაციფისტები, იეღოვას მოწმეები, კვაკერები და სხვა რელიგიური ჯგუფები არ თავისუფლდებოდნენ რეზერვისგან, რადგან, სახელმწიფო ყველას მიმართ ერთნაირ მოთხოვნას ახორციელებდა: ყველას სთხოვდა სარეზერვო სამსახურში წასვლას. ეს იყო დისკრიმინაცია და საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება – კონკრეტული ნორმა, რომელიც არ აძლევდა რეზერვს დაქვემდებარებულ ადამიანს ალტერნატიული სამსახურის მოთხოვნის საშუალებას, არაკონსტიტუციურად ცნო, რადგან, დისკრიმინაციული იყო. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის სიახლე, უბრალოდ, ახალ კანონპროექტში მოცემულია პროცესუალური და ინსტიტუციური სიახლე ინსპექტორის სახით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დისკრიმინაციის არც ერთი ფაქტი რეაგირებისა და დასჯის გარეშე არ დარჩეს.
– როგორ ვამტკიცებ დისკრიმინაციას? რით ხელმძღვანელობს ინსპექტორი ასეთ დროს, არის ეს გაწერილი კანონპროექტში?
– რადგან დისკრიმინაციის კრიტერიუმები ამომწურავად ვერ იქნება ჩამოთვლილი, პირდაპირი დისკრიმინაციაა ეს თუ ირიბი, შევთავაზეთ ამ კანონპროექტის ავტორს, იუსტიციის სამინისტროს, რომ კანონპროექტში ჩაწერილიყო დებულებები, თუ რა შეიძლება, ყოფილიყო ინსპექტორისთვის სახელმძღვანელო იმის დასადგენად, მოხდა თუ არა დისკრიმინაცია. ეს უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუცია, ევროპული ხელშეკრულებები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რაც უნდა გახდეს სამართლებრივი ბაზა, რითაც უნდა იხელმძღვანელოს ინსპექტორმა იმის დასადგენად, მოხდა თუ არა დისკრიმინაცია.
– კანონში ეს არ არის გაწერილი?
– არა.
– აბა, რის მიხედვით გამოვლინდება დისკრიმინაციის ფაქტი?
– იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ეს თავისთავად იგულისხმება, თუმცა, მაინც სასურველია, რომ ჩაიწეროს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: შესაძლოა, გარკვეული დისკრიმინაციის აკრძალვა წინააღმდეგობაში მოვიდეს სხვა უფლებასთან, მაგალითად, რელიგიის თავისუფლებასთან. საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განაწესის მიხედვით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეთნიკურად ქართველი უნდა იყოს. ეს არის განსხვავებული მოპყრობა, მაგრამ, უნდა ჩაითვალოს თუ არა დისკრიმიანციად? ამიტომ, კანონპროექტში გაჩნდა სპეციალური ჩანაწერი, რომ, არ შეიძლება ეს კანონი, იმგვარად იყოს განმარტებული, რომ ხელი შეუშალოს კონკრეტულ ჯგუფს, განახორციელოს თავისი რელიგიური რიტუალი, შეასრულოს თავისი წესები, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ ეს საჯარო წესრიგს არ დაარღვევს.
– ეს განმარტება თუ არ იქნა, მაშინ, ისიც დისკრიმინაციად შეიძლება, ჩაითვალოს, რომ არ შეიძლება, სასულიერო პირი იყოს ქალი.
– იმ ქმედების დისკრიმინაციულად შესაფასებლად, რომელიც ეკლესიის ან რომელიმე რელიგიური ჯგუფის ფარგლებს არ სცილდება, ხორციელდება ეკლესიის ან სხვა რელიგიური ჯგუფის შიგნით, ეს კანონი, ბუნებრივია, არ იქნება გამოყენებული. სხვათა შორის, იგივე შეიძლება ითქვას არასამთავრობო ორგანიზაციებზე. სამწუხაროდ, მართალია, ეს კანონში არ წერია, მაგრამ, არასამთავრობო ორგანიზაციის შიდა ორგანიზაციულ საქმეებსა და შიდა წევრობის კრიტერიუმებზე არ უნდა ვრცელდებოდეს ეს კანონი. მათ უნდა ჰქონდეთ წევრთა სელექციის საშუალება, რაც ისეთი ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ღირებულებებს ეფუძნება, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ამ კანონის ხარვეზია და მიმაჩნია, რომ უნდა ჩაიწეროს. თუმცა, გასაგებია, რომ კანონში ყველაფერი ვერ ჩაიწერება, რადგან, დისკრიმინაცია ამოუწურავი თემაა. კანონის იდეაა არა იმის თქმა, რა არის და არ არის დისკრიმინაცია, არამედ, მისი მიზანია, აღმოფხვრას დისკრიმინაცია, თუკი ის იქნება.
– კერძო სტრუქტურებში გავრცელებული პრაქტიკაა, დასაქირავებლებმა პირობა დადონ, რომ არ დაოჯახდებიან. არის ეს დისკრიმინაცია?
– დისკრიმინაცია არ არის, მაგრამ, სამაგიეროდ, არის სხვა უფლების შელახვა. მაგრამ, თუ მამაკაც თანამშრომლებს ამგვარ პირობას არ ართმევენ და მხოლოდ ქალებს სთხოვენ, მაშინ ეს დისკრიმინაცია იქნება. ერთი სიტყვით, თუ ორივე ჯგუფს ჩამოართვეს ეს უფლება, მაშინ ეს არის არა დისკრიმინაცია, არამედ, პირადი ცხოვრების უფლების დარღვევა და ასეთი საკითხები არ შედის ინსპექტორის მანდატში. ეს ომბუდსმენს ეხება, თუმცა, ომბუდსმენი კერძო კომპანიებთან მიმართებაში ვერაფერს გააწყობს.
– დისკრიმინაციაში ინსპექტორის ჩარევის შემდეგ როგორ წარმოგიდგენიათ დაჯარიმებული დისკრიმინატორი ხელმძღვანელისა და დისკრიმინებული თანამშრომლის ურთიერთობა? მეორე თვეს სხვა რამით მოსდებს შარს.
– თუ ის კონკრეტული პირი ვერ განაგრძობს თანამშრომლობას, უკვე სხვასთან მიმართებაში ხელმძღვანელს ეცოდინება, რომ ამ საფუძვლით არ უნდა დაძაბოს ურთიერთობა. ზოგადად, სასამართლოს დავაც კი არ გამორიცხავს, რომ ადამიანებმა საერთო ენა ვერ გამონახონ.
– ერთსქესიანი ქორწინებების არარსებობა შეიძლება, განვიხილოთ, როგორც დისკრიმინაცია?
– ეს არის კონკრეტული უფლება და, როგორც გითხარით, ეს კანონი რამე ახალ უფლებას არ ამატებს, არც ადრე არსებულ უფლებას კრძალავს, უბრალოდ, დისკრიმინაციისგან დაცვის მექანიზმი იქმნება. ერთსქესიანი ქორწინება არ არსებობდა ამ კანონის მიღებამდე და, შესაბამისად, ამ კანონსაც არ შემოაქვს. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი და ამ კუთხით არაფერი იცვლება. რა თქმა უნდა, სექსუალური ნიშნით დისკრიმინაცია ახლაც აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით კი იქმნება მექანიზი, თუ როგორ უნდა მოახდინოს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელმა რეაგირება, თუ მას სამსახურიდან გაათავისუფლებენ, ქირავნობის უფლებას შეუწყვეტენ ან სხვა რამე სიკეთეზე ეტყვიან უარს, მაგრამ, ეს არ ეხება ერთსქესიანი ქორწინების უფლებას.