რამდენი საცხოვრებელი ბინა და მიწის ნაკვეთი აქვს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე გიორგი ზედელაშვილს
შს მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზედელაშვილი 1969 წელსაა დაბადებული თბილისში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. მას სამი პროფესია აქვს: კერძოდ, 1987-1993 წლებში თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა, რის წყალობითაც მსოფლიო ისტორიის სპეციალისტი გახდა; თითქმის იმავე წლებში, ანუ 1989-დან 1993 წლამდე თსუ-ის სპეცფაკულტეტზე – „ბიზნესის უმაღლეს სკოლაშიც“ სწავლობდა და ბიზნესის ორგანიზაციასა და მენეჯმენტს დაეუფლა; ხოლო 1994 წლიდან თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე ეუფლებოდა იურისპრუდენციას 1999 წლამდე.
მისი პროფესიული გამოცდილება 1994 წელს იწყება, მაშინ მისი პროფესიისთვის ცოტათი შეუფერებელ სტრუქტურაში. კერძოდ, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის თბილისის სამმართველოს ვაკის რაიონულ განყოფილებაში, სადაც ოპერატიულ თანამშრომლად 1996 წლამდე იმუშავა. იმავე წელს სპეციალური დაცვის სამსახურში გადავიდა და სამსახურის უფროსის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების კონსულტანტი გახდა, მოგვიანებით, სამსახურის უფროსის თანაშემწეც; 1997-1998 წლებში სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის ოპერატიული სამმართველოს I განყოფილების I მიმართულების უფროსადაც დაინიშნა. 1998 წელს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში გადავიდა და თბილისის სამსახურის ვაკის რაიონული განყოფილების უფროსად 2003 წლამდე იმუშავა.
2003-დან 2004-მდე სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ოპერატიული სამმართველოს უფროსი იყო. 2004 წელს ისევ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს დაუბრუნდა და 2006 წლამდე პირადი შემადგენლობის უსაფრთხოების და ინსპექტირების სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა. 2006-2010 წლებში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსად დაწინაურდა. 2010-ში იმავე სამსახურის კადრების სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს; 2011-ში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. 2012 წელს შსს-ში გადაიყვანეს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ. 2013 წლის თებერვლიდან სააგენტოს დირექტორი გახდა, ხოლო 2013 წლის ნოემბრიდან კი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა.
მართალია, სახელმწიფო თანამდებობებზე წლების განმავლობაში მუშაობდა, თუმცა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო დეკლარაცია მხოლოდ 2013 წლის თებერვალში შეავსო. ბ-ნი ზედელაშვილი ოჯახის წევრებად მიუთითებს: 1969 წელს დაბადებულ მეუღლეს – ნატო ჩიქოვანს და შვილებს: 1990 წელს დაბადებულ გივის, 1997 წელს დაბადებულ თამარს და 2005 წელს დაბადებულ მარიამს.
გიორგი ზედელაშვილის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე (140 კვადრატული მეტრი ფართობის), იქვე მდებარე 40 კვადრატული მეტრი ფართობის ავტოფარეხი, მიწის ნაკვეთი თბილისში (928 კვადრატული მეტრი ფართობის) და 2008 წლის ავტომანქანა NISSAN QASHQAI. ნატო ჩიქოვანის საკუთრებაა მიწის ნაკვეთი ბეთანიაში – 1 340 კვადრატული მეტრი ფართობის.
დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ ოჯახის უფროსს ჰქონდა – 8 000 ლარი. 2012 წლის განმავლობაში გიორგი ზედელაშვილმა, როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამმართველოს უფროსმა, 1 756 ლარი აიღო, ხოლო, როგორც შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ 5 229 ლარი. თუ სახელმწიფო მოხელეთა ხელფასებს გავიხსენებთ, ბ-ნი ზედელაშვილის მიერ 2012 წლის განმავლობაში არცთუ დაბალ თანამდებობებზე მუშაობისას გამომუშავებული თანხა არაადეკვატურად დაბალია.