საფინანსო პარადოქსი
ანუ, ფული – ბნელ ოთახში
თუმცა საქართველოს მოქალაქეების უმეტესობას ჯიბეებში ბამბა უჩხრიალებს, ფრიად ყვავის მიკროსაფინანსო ბიზნესი. სახელდობრ, 2006 წლიდან დღემდე მათი რაოდენობა 62-მდე გაიზარდა. მეტიც, არა მხოლოდ იბარტყეს, მათი ფინანსური მაჩვენებლებიც იმატებს და იმატებს!
სპეციალისტები გვატყობინებენ, რომ დღიდან დაარსებისა (2006 წელი) 2012-მდე მიკროსაფინანსოთა აქტივები 261-ჯერ გაზრდილა, წმინდა სესხები – 256-ჯერ, ხოლო, წმინდა მოგება, დაახლოებით, 50-ჯერ, რაც, თურმე, არც მეტი, არც ნაკლები, იმას ნიშნავს, რომ 5 000-პროცენტიანი მოგება მიუღიათ.
უფრო მეტიც, 2008 წელსაც კი, როდესაც ჩვენ აქეთ – ომი გვქონდა, მათ, იქით –მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, მიკროსაფინანსო სექტორის აქტივები 2007 წელთან შედარებით 100 პროცენტით გაზრდილა, გაუნაწილებელი მოგება კი – თითქმის 8-ჯერ.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ სფეროს კლიენტურა, ძირითადად, ბანკების მიერ დაწუნებული მომხმარებელია (რომელმაც ვერ შეძლო საბანკო კრედიტის დაფარვა და „შავ სიაში“ გაამწესეს), „გაჭირვებულს“ თავისი წილი ქვა არც მიკროსაფინანსოებმა დაამადლეს – ამიტომაც მათი საპროცენტო განაკვეთი (სხვადასხვა პროდუქტზე) ზოგჯერ წლიურ 100 პროცენტსაც უკაკუნებს (თუ უფრო მეტს, არა) ან – აჭარბებს.
ჩვენ, ბუნებრივია, კერძო ბიზნესს ვერ დავუშლით მუშაობას, თუმცა, თუ ჩვენი თანამოქალაქეები დაცარიელებულ ჯიბეებს ზემომოყვანილ ციფრებს შევუდარებთ, გამოდის, რომ ეს ჩვენი მიკროსაფინანსოები მაშინაც კი დაიჭერენ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამოგაცლიან) კატას (ანუ ფულს) ბნელ ოთახში (ანუ გახვრეტილი ჯიბიდან), როდესაც ის იქ არ არის!