იმედგაცრუებული
შენ რომ ჩემთვის აღიარების ფურცელი არ მოგიტანიაო
მართალია, ჩვენ ჩვენს პირველ ვერსიაზე ვართ – ევროკავშირთან ვახლოვდებით და არც ჩვენს ოკუპანტ მეზობელ რფ-ს შეუცვლია ნირ-ფერი – საბაჟო კავშირისთვის ყიდულობს თანამოაზრეებს, თუმცა, ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებები, ჩვეულებისამებრ, გრძელდება და, არანაკლებ ჩვეულებისამებრ – უშედეგოდ.
გასულ კვირას მორიგი 26-ე რაუნდიც გასრულდა, ოღონდ, მთლად ისეც ვერა, შოთა რომ ამბობდა, „ვითა სიზმარი ღამისა“, რადგან, მხარეებმა ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება ვერ გააფორმეს.
ან კი როგორ გააფორმებდნენ, როდესაც, რფ-ს აზრით, ეს ჩვენი სეპარატისტული რეგიონები სრულფასოვანი სუბიექტები ბრძანდებიან და თბილისი მათ უნდა დაჰპირდეს ძალის გამოუყენებლობას. ხოლო, რადგან იცის, რომ ოკუპანტთა ტანკებია ჩვენებური სეპარატისტებისთვის ძალისა და ღონის მიმცემი, თბილისი მოსკოვისგან ითხოვს ამ გარანტიის მიღებას.
ამ უშედეგო რაუნდს ბ-ნი კარასინიც ესწრებოდა (აი, ის კარასინი, ვახტანგ აბაშიძესთან ერთად რფ-საქართველოს შორის ვითარებას რომ არეგულირებს) და ფრიად გულდაწყვეტილიც დარჩენილა (მოვიხმობ ციტატას): „ჟენევის მოლაპარაკებათა ეს რაუნდი არის პირველი მას შემდეგ, რაც საქართველოს ახალ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი აირჩიეს, მაგრამ, ჯერჯერობით ქართული მხარის პოზიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა“ – ვითომ ელოდნენ, რომ თბილისიდან თვალცრემლიანები აღიარების ფურცლებს ჩაუტანდნენ?!