დონეცკსა და ყაზახეთში მცხოვრები შვილები მამებს საქართველოში ეძებენ
ჟურნალისტის შენიშვნა: სამწუხაროდ, დაკარგულ ადამიანთა რიცხვი საკმაოდ დიდია, მაგრამ, ისინი, ვინც დაკარგულ ნათესავებს ეძებენ, მათი პოვნის იმედს არ კარგავენ. დღევანდელ ჩემს რუბრიკაში ორი ისტორიაა: ერთ მათგანში დონეცკში მცხოვრები შვილი, ელენა სერგეის ასული მამედოვა (მამინაცვალის გვარზეა), ეძებს მამას, 1965 წელს დაბადებულ პაატა მახარაშვილს; მეორეში კი, ყაზახეთში მცხოვრები ოლღა ვლადიმირის ასული ვოლჩენკო ეძებს შვილის მამას – 1978 წელს დაბადებულ დავით გრიგოშვილს. ყოვლად შესაძლებელია, რომ პაატას და დავითს აქვთ თავიანთი ოჯახები, მაგრამ, იმედი გვაქვს, რომ ამ ისტორიებს მათი ახლობლები ლოიალურად მოეკიდებიან და ნაპოვნ შვილებთან კავშირის დამყარების წინააღმდეგნი არ წავლენ, რადგან, ჩვენ ორმხრივი თანხმობის გარეშე ადამიანებს ერთმანეთთან ვერ დავაკავშირებთ.
ელენა სერგეის ასული მამედოვა ეძებს 47 წლის პაატა მახარაშვილს.
ისტორია I: ვეძებ მამას, 1965 წელს დაბადებულ პაატა მახარაშვილს. მამაჩემმა და დედაჩემმა (ანჟელა პლუშაევამ) ერთმანეთი უკრაინაში, ქალაქ დონეცკში 1987 წელს გაიცნეს. ყველაფერი, რაც მამის შესახებ ვიცი, არის ის, რომ ის, სავარაუდოდ, ამჟამად საქართველოში უნდა ცხოვრობდეს. პირადად მე, მამისგან მისი გაცნობის გარდა არაფერი მინდა. მისი მხოლოდ ერთი ფოტო მაქვს, სადაც ის დედასთან და ჩემთან ერთად არის გადაღებული. დონეცკში მამაჩემი დაახლოებით 1987 წელს იყო ჩამოსული. ამჟამად მე თვითონაც მაქვს ოჯახი და მეზრდება პატარა შვილი. ძალიან მინდა, რომ ჩემი შვილი იცნობდეს ბაბუას. შეიძლება, მე მყავს ნახევარდაძმები და მათი გაცნობაც მინდა. იმედი მაქვს, ისინიც არ იქნებიან ამის წინააღმდეგნი და ჩვენ ყველანი გავიცნობთ ერთმანეთს. მინდა, მივმართო მამას და ვუთხრა, რომ მე ის ყოველთვის მახსოვდა და მიყვარდა. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, მთავარია, ადამიანმა საბოლოოდ არ დაკარგოს თავისი ფესვები და მოიძიოს ისინი, როგორც შეუძლია.
ისტორია II: ვეძებ ჩემი შვილის მამას, 1978 წელს დაბადებულ დავით გრიგოშვილს. მე და დავითმა ერთმანეთი ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში გავიცანით 2006 წელს. ჩვენ ერთად ვმუშაობდით საცხობში და დავმეგობრდით, შემდგომ კი მე ჩემს ქალაქში – ეკიბასთუზში დავბრუნდი, სადაც 2007 წლის 24 ნოემბერს გამიჩნდა გოგონა – არინა. არინა დავითის შვილია. მამა-შვილმა ერთმანეთი მხოლოდ ერთხელ ნახა. არინა მაშინ 7 თვის იყო და დავითი ჩვენთან სტუმრად იყო ჩამოსული. მაქვს ფოტო, სადაც ერთად ვართ გადაღებული მე, დავითი და პატარა არინა. ამჟამად ჩემი გოგონა უკვე 6 წლის არის. მას ძალიან უნდა მამის გაცნობა და ნახვა. დიდი იმედი გვაქვს, რომ დავითს ვიპოვით, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი მას უკვე ოჯახი აქვს, მინდა, იცოდნენ, რომ მე და ჩემი გოგონა დავითისგან არაფერს ვითხოვთ, მხოლოდ ის გვინდა, რომ ბავშვმა მამა გაიცნოს. იმედია, ამის წინააღმდეგი არავინ იქნება. ხოლო, თუ დავითს თვითონ არ ენდომება არინას ნახვა, ვეცდები, ამას გაგებით მოვეკიდო და სათანადოდ ავუხსნა ბავშვს ყველაფერი. თქვენი დიდი იმედი გვაქვს, რომ დავითს გვაპოვნინებთ და ჩვენს ისტორიას გულთან ახლოს მიიტანთ.
თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიებთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.