ავიაკომპანია AIR Caucasus-ის სოლიდარობა უკრაინელებს
ავიაკომპანია AIR Caucasus უკრაინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. კომპანიის ორგანიზებით, შარდენის ქუჩაზე მდებარე „სოჰო ლაუნჯში“ უკრაინის მხარდამჭერი კონცერტი ჩატარდა.
„არა – ძალადობას!” – ასეთი იყო აქციის მთავარი გზავნილი. უკრაინული მუსიკის თანხლებით, სიმღერები უკრაინელმა და ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს. კონცერტს ქართველი და უკრაინელი სტუმრები დაესწრნენ.
AIR Caucasus-ის გენერალური დირექტორის, გიორგი კოდუას თქმით, კომპანია კიევის მიმართულებით ფრენებს აქტიურად ახორციელებს და უკრაინას, როგორც მეგობარ და პარტნიორ ქვეყნას, სოლიდარობას უცხადებს.
„AIR Caucasus მნიშვნელოვანი გადამზიდავია კიევის მიმართულებით. ზაფხულში ვგეგმავთ ფრენების განხორციელებას ოდესის, ხარკოვის, დონეცკის მიმართულებითაც. ამ ეტაპზე კი ავიარეისები მხოლოდ კიევის მიმართულებით გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესია, რომ უკრაინაში ნორმალური ვითრება იყოს, რაც შეიძლება მეტი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში და ჩვენც თავისუფლად ვიმოძრაოთ უკრაინის ქალაქებში,“ – აცხადებს AIR Caucasus-ის გენერალური დირექტორი გიორგი კოდუა.
მისივე თქმით, უკრაინა საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და მის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა საქართველოს მოქალაქეთათვის ერთგვარი ვალდებულებაცაა.
„მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, სურვილი მაქვს, გავითვალისწინოთ ის გამოცდილება, რომ, როცა ქართველები ზურგს ვაქცევდით მეზობელ ქვეყნებს გასაჭირში, ეს ბუმერანგივით უკან გვიბრუნდებოდა ხოლმე. საქართველოს მოქალაქეების პირადი ინტერესია, რომ მოკავშირე ქვეყნებში იყოს სიმშვიდე. თუ იქ არეულობა იქნება, ეს ჩვენს ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება. გარდა ამისა, ისტორიიდან ჩვენ არ გვახსოვს კონფლიქტი უკრაინასთან მიმართებაში. ის ყოველთვის იყო ლმობიერი, კარგი მეზობელი, მეგობარი და ყოველთვის გვეხმარებოდა. ჩვენი ვალიცაა, რომ მეგობარს მეგობრულად ვუპასუხოთ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკარიანას. გვინდა, რომ პროცესები წარიმართოს მშვიდობიანად და იქ მიმდინარე მოვლენები ცუდად არ აისახოს როგორც უკრაინაზე, ასევე, ჩვენს ქვეყანაზე,“ – აღნიშნავს AIR Caucasus-ის გენერალური დირექტორი.
ამასთან, მისივე განმარტებით, კომპანია AIR Caucasus-ს კიევის მიმართულებით ბილეთებზე ყველაზე დაბალი ფასები აქვს, ხოლო ბოლო პერიოდში, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, მგზავრთა ნაკადის შემცირება არ შეინიშნება.