ოთხმოციათასევროიანი ფოტოკოლექციის გამოფენა ეროვნულ მუზეუმში
საქართველო პირველად მასპინძლობს 2014 წლის საუკეთესო ხელოვანის ტიტულის მქონე, უმაღლესი კლასის ფოტოგრაფის, ერვინ ოლაფის შემოქმედებას. ექსკლუზიური გამოფენის ექსპონატები, რომლებსაც ფესტივალი „იბერია“ წარმოგიდგენთ, პირველად ტოვებს ჰოლანდიის საზღვრებს და სპეციალურად ქართველი საზოგადოებისთვის ჩამოდის საქართველოში.
ერვინ ოლაფმა 2011 წელს ლეიდენის უნივერისტეტისა და მუზეუმ დე ლაკენჰაალის დაკვეთით, თანამედროვე ინტერპრეტაცია მისცა შუა საუკუნეების ჰოლანდიელი მხატვრების მიერ დანახულ უმნიშვნელოვანეს მოვლენას ნიდერლანდების ისტორიიდან, როგორიცაა „ლეიდენის ალყა და გათავისუფლება ესპანელი დამპყრობლებისგან 1574 წელს“.
ისტორიული სცენებისა და პერსონაჟების გაცოცხლება, მოვლენების თანამედროვე გააზრება, წარსულისა და აწმყოს შეხვედრა, ფერწერის ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა, ოლაფისეული ფოტოობიექტივით მათი დაფიქსირება, ხაზს უსვამს ამ ფოტოკოლექციის უნიკალურობას. ეს მეტად საინტერესო კონტრასტები დაუვიწყარი შთაბეჭდილების ქვეშ აქცევს მნახველს.
ფესტივალი „იბერია”, თავისი ერთგული პარტნიორებისა და სპონსორების დახმარებით, ხელახლა მოდის თბილისში, რათა ამჯერად ქართველ საზოგადოებას გააცნოს თანამედროვე ფოტოხელოვნების მეტრის, ერვინ ოლაფის ფოტოკამერიდან დანახული ჰოლანდიის ისტორიის საამაყო ეპიზოდი – ქალაქ ლეიდენის ისტორიის ფურცლები.
გამოფენა „ლეიდენი, ისტორიის ფურცლები“ გაიხსნება ამა წლის 19 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.
სამწუხაროდ, გამოფენის გახსნას ვერ დაესწრება თავად ფოტოხელოვანი, რის მიზეზადაც ის წლის ბოლოს დაგეგმილ უამრავ ღონისძიებასა და დედამიწის სხვა წერტილში ყოფნას ასახელებს.
გვინდა, ორიოდე სიტყვით მიმოვიხილოთ ერვინ ოლაფის შემოქმედება: მან სახელი გაითქვა თავისი სოფისტური, გონებამახვილური სტილით, რომლითაც შესრულებულია მისი უაღრესად თანამედროვე ფოტოსერიები და კომერციული ფოტოები. ერვინ ოლაფი 2014 წლის საუკეთესო ხელოვანად აღიარეს. მისი ფოტონამუშევრები ცნობილი ბრენდების: „ჰაინეკენის”, „ბეემვეს”, „მაიკროსოფტის”, „ჰენესის”, „ნოკიას”, „ლევისის” „დიესელისა” და სხვა კომპანიების სარეკლამო კამპანიებს ამშვენებს. ერვინ ოლაფის ნამუშევრებში იგრძნობა კლასიკური ხელოვნებისადმი არა მარტო პატივისცემა და სიყვარული, არამედ, ღრმა ცოდნაც. მისი ნამუშევრები მსოფლიოს უდიდეს და ყველაზე პრესტიჟულ საგამოფენო სივრცეებშია წარმოდგენილი.