კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქურდული ცხოვრება

ნაკოლშჩიკი ოცდაორიოდე წლის ბიჭი იყო და ისე საქმიანად და დამაჯერებლად მიხსნიდა, თუ როგორ უნდა მოვხვედრილიყავი ოქროს ცეხში გვირაბის მეშვეობით, იფიქრებდი, მთელი ცხოვრება ჩალიჩის მეტი არაფერი გაუკეთებიაო. ერთი სიტყვით, გასტრონომიდან გვირაბის გათხრა შესანიშნავად გამოგვივიდა. რა თქმა უნდა, ღამით ვმუშაობდით და არანაირ კვალს არ ვტოვებდით. ორ კვირაში ყველაფერი მზად იყო და მილიციის შენობაში მოთავსებულ ოქროს ცეხში მშვიდობიანად შევძვერით. სეიფიც იქვე გავხსენით და იქიდან დიდძალი ოქრო წამოვიღეთ, რომელიც სამართლიანად განაწილდა. ამ საქმემ კი მილიციის უფროსი უკიდურესად გააცოფა და ბესპრეძელს მიჰყო ხელი, თუმცა, სამმართველოს უფროსმა, ბესარიონ აბრალავამ, ის თავის კაბინეტში გამოიძახა და შეახურა:

– რა ხდება შენს უბანზე? ხალხი ჩივის – ამბობს, უკანონოდ აგვიკლოო. რას ერჩი უდანაშაულო ხალხს? გირჩევნია, ოქროს გამტაცებლები დაიჭირო, თუ ტრაკი გაქვს, ხალხს კი ნუ აწიოკებ შენი უმწეობის გამო! შენ გგონია, არ ვიცი, რომ იმ ცეხის პოლნი წილში ხარ და ამან გაგაცოფა?! ჭკვიანად იყავი, საქმეს მიხედე და ბესპრეძელს თავი დაანებე, თორემ, შენს შემცვლელს უმალვე ვიპოვი!

ამ საუბრის შინაარსი თავად აბრალავამ მომიყვა, როდესაც იმავე საღამოს სახლში მომაკითხა, თავის მანქანაში ჩამისვა და მითხრა:

– კობრა, პირველად გადაურჩი სასჯელს და ჩემი კაბინეტიდან მშვიდობით გაგიშვი. არადა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კოლეგის პირწმინდად გასუფთავებაში შენი ხელი ერია. ახლაც ასეა და ამჯერად აღარ გაგიშვებ. გამოტყდი დანაშაულში. ოქრო დააბრუნე და, პატიოსან სიტყვას გაძლევ, არ შეგეხები.

– ძია ბესო, ამ საქმეში სუფთა ვარ, – ვუთხარი აბრალავას, მან კი სიტყვა გამაწყვეტინა და ხმას აუწია:

– როგორც იმ საქმეში, ხომ?

– დიახ, როგორც იმ საქმეში, – მშვიდად მივუგე მილიციის სამმართველოს უფროსს და თვალი თვალში გავუყარე.

– მაგარი ნაგლი ხარ, ასე უტიფრად რომ მატყუებ.

– არ გატყუებ, ძია ბესო, ამ საქმეში სუფთა ვარ.

– როგორ არ მატყუებ, ბიჭო, სანამ შენ და ბერძენა სროკზე იყავით, თბილისში კი არა და საქართველოში არ ხდებოდა ასეთი ქურდობები. ერთი თვეც არაა გასული და კილოგრამობით ოქრო მოიპარეს, თანაც, მილიციის შენობიდან. ასეთ რამეს თქვენ გარდა, ვერავინ ჩაიდენდა.

– ძია ბესო, ნუთუ ისეთი სულელი გგონივარ, რომ მილიციის შენობაში საქურდავად შევიდოდი?

– სულელი რა შუაშია, პროფესიონალი ხარ.

– მით უმეტეს, ძია ბესო.

– რა მით უმეტეს, ბიჭო, – ვერ მიხვდა აბრალავა, მე კი დავუკონკრეტე:

– ის, ძია ბესო, რომ პროფესიონალი ქურდი მილიციის შენობას არც კი გაეკარება, რაც არ უნდა დიდი კუში ეგულებოდეს იქ. სხვა თუ არაფერი, ხომ შეიძლებოდი, ვინმეს დავენახე? მე ხომ აქ კედლებიც მიცნობენ და, მინდა ახლა მე ტუფტა სროკი?! ბოლო-ბოლო, დასაცინი გავხდებოდი და მეტყოდნენ: მილიციაში საქურდავად რამ შეგიყვანაო. არა, ძია ბესო, მე არ ვყოფილვარ.

აბრალავა ისე გააოცა ჩემმა პასუხმა, რომ წამით დაბნეულმა შემომხედა, მაგრამ, მალევე გამოერკვა და მითხრა:

– კობრა, თავს ნუ მომაკვლევინებ. შენ რა, შენი უბნის ხისთავა ინსპექტორი ხომ არ გგონივარ? გინდა, დამაჯერო, რომ, არ იცი, როგორ გაიტანეს ოქროს ცეხი?

– საიდან, ძია ბესო?

– შენ არ იცი, რომ მილიციაში გვირაბით შევიდნენ?

– გვირაბით?

– კობრა, თავს ნუ ისირებ, შენი ნამოქმედარია და ახლავე კაპეზეში წაგიყვან! – ღრიალებდა ბესარიონ აბრალავა.

მე ორივე ხელი შევატყუპე, წინ გავიშვირე და მილიციის სამმართველოს უფროსს მშვიდად ვუთხარი:

– აი, ჩემი ხელები. დამადე ბრასლეტები, ძია ბესო და გადამიყვანე კაპეზეში. შეგიძლია, პრესებშიც გამატარო და თავადვე დარწმუნდე, რომ სიმართლეს ვლაპარაკობ.

– რა სიმართლეს?

– როდის იყო, ძია ბესო, რომ გვირაბებს ვთხრიდი? ჩემი სპეციალობა ბაითში შესვლაა და არა შახტიორობა. თანაც, კარგად იცი, რომ თბილისში მაინც არ ვჩალიჩობ.

– გასწი ხელები და აქედან დამეკარგე! – მითხრა აბრალავამ და დაამატა: იცი, რომ უფაქტებოდ არ დაგიჭერ და ამიტომ მებლატავები. არადა, ეს საქმე ნაღდად შენი გაკეთებულია. კარგად იცოდე, რომ, თუკი შენს კვალზე გამოვალთ, ვერაფერი გიშველის. გგონია, ვერ გამოვალთ, ხომ?

– ვერ გამოხვალთ, ძია ბესო, ნამდვილად ვერ გამოხვალთ, რადგან, ამ საქმეში სუფთა ვარ.

– კარგი, წადი, – ჩაეცინა აბრალავას, მანქანის კარი საკუთარი ხელით გამიღო და დაამატა: ფაქტით ჩამივარდები ხელში და ამ საუბარსაც მაშინ გაგახსენებ.

– ტყუილად გაქვს ამის იმედი, ძია ბესო, იმიტომ, რომ მე აქ არასდროს ვიჩალიჩებ. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ შენ იქნები მილიციის სამმართველოს უფროსი – მივუგე აბრალავას, გამოვემშვიდობე და სახლში შევედი.

აბრალავამ მანქანა დაქოქა და წავიდა. ჩემთან ბერძენა და ოქროს ცეხის საქმის ნაკოლშჩიკი იყვნენ, რომლებიც მოუთმენლად მელოდნენ და სახლში რომ დავბრუნდი, ბერძენამ მკითხა:

– რაო ბესომ?

– დარწმუნებულია, რომ მე და შენ ვიჩალიჩეთ.

– მერე?

– რა მერე, იმედი აქვს, რომ ფაქტით დამიჭერს და ამ საუბარსაც მაშინ გაგახსენებო, – ვუთხარი ბერძენას, შემდეგ საათს შევხედე და დავამატე: ორ საათში ვიწყებთ. აბა, ნელ-ნელა დავიძრათ.

საქმე ის იყო, რომ ჩვენი „ტრიო“ მორიგი საქმის გასაკეთებლად მიდიოდა. ოქროს ცეხის საქმიდან სულ რაღაც ხუთი დღე იყო გასული და ანალოგიური საქმე გვქონდა მომზადებული, ოღონდ, ამჯერად არა მილიციის შენობაში. გასტრონომიდან გვირაბის თხრის პარალელურად, ჩვენ გვირაბს ვთხრიდით სხვა ცეხშიც, რომელიც სხვა უბანსა და სხვა შენობაში იყო განთავსებული. ჩვენი ასეთი ტაქტიკა კი ორი რამით იყო განპირობებული: პირველი და მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ, ვიცოდით, აბრალავა ჩვენზე მიიტანდა ეჭვს და მის დასაბნევად გავაკეთეთ; მეორე მიზეზი კი ის იყო, რომ ცეხში საკმაო ოქრო იყო შენახული და კარგ კუშს ველოდებოდით.

მორიგი საქმის გასაკეთებლად ზუსტად შუაღამისას შევძვერით გვირაბში, ბოლო ნახევარი მეტრიც გავთხარეთ და ცეხში შევედით. სეიფი, ისევე, როგორც პირველი საქმის დროს, მილიციის შენობაში, ადვილად გავხსენით და მართლაც კარგი კუში ავიღეთ. იმავე ღამეს, ჩვენი ახალგაზრდა პაძელნიკი ლენინგრადში გავამგზავრეთ მოპარული ოქროთი და კონსპირაციული ბინის მისამართი მივეცით, სადაც უნდა დაგვლოდებოდა. ჩვენ ის შეგნებულად არ დავაკავშირეთ კეშასთან, რათა, რაიმე გაუგებრობის შემთხვევაში, არ „დამწვარიყო“. პაძელნიკი იმდენ ხანს დაგველოდებოდა, სანამ ეს საჭირო იქნებოდა, მაგრამ, რამდენი ხანი იყო საჭირო, არ ვიცოდით. ყველაფერი მილიციაზე იყო დამოკიდებული და, არ გამოვრიცხავდით, რომ დროებით პატიმრობაშიც კი ავეყვანეთ აბრალავას. ხოლო, თბილისიდან საქმის გაკეთებისთანავე რომ გავმგზავრებულიყავით, აბრალავას ეჭვები ჩვენ მიმართ დადასტურდებოდა და, აღარც დაგვინდობდა. ამიტომ, მე და ბერძენა წინასწარ ვიყავით მოლაპარაკებულები, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით და მეორე დღისთვის უკვე მილიციის ვიზიტს ველოდით სახლებში... ჩვენი ვარაუდი ერთი ერთში გამართლდა – ჯერ შუადღეც არ იყო დამდგარი, რომ მე და ბერძენას თბილისის მილიციის სამმართველოს ორი ოპერჯგუფი დაგვადგა სახლებში და პოლკოვნიკ ბესარიონ აბრალავას დაქვემდებარებულ უწყებაში, ანუ თბილისის მილიციის სამმართველოში მიგვიყვანეს. აბრალავას კაბინეტში ორივე ერთად შეგვიყვანეს. როდესაც მე და ბერძენა პოლკოვნიკის პირისპირ დავრჩით, მას ვკითხე:

– პრინციპებს გადაუხვიეთ, ძია ბესო?

იმპულსური აბრალავა ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა და ერთხანს ეჭვიც კი შემეპარა, წუხანდელ საქმეზე ხომ არ დავიწვით-მეთქი. თუმცა, არაფერი შევიმჩნიე, მან კი მრავალმნიშვნელოვნად მითხრა:

– ხომ გითხარი, კობრა, რომ ფაქტებს მოვიპოვებთ და ამ საუბარს გაგახსენებ-მეთქი?

– დიახ, ეს თქვენ გუშინ საღამოს მითხარით, – დავუდასტურე პოლკოვნიკს.

– ძალიან კარგი, – ირონიულად ჩაეცინა აბრალავას, – ახლა მე შენ ერთ მოთხრობას მოგიყვები და, თუ რამე გამომრჩა, დაამატე, კარგი?

– კარგი. გისმენთ.

– ჰოდა, ჩემო კობრა, როგორც კი მე და შენ დავშორდით, შენ და შენი პაძელნიკები საქმეზე წახვედით, წინასწარ მომზადებულ გვირაბში შეძვერით, ოქროს ცეხში სეიფი გახსენით და საკმაოდ დიდი კუშიც აიღეთ. მართალი ვარ? როგორი მოთხრობაა?

აბრალავა, ზოგადად, რა თქმა უნდა, მართალი იყო, მაგრამ, მხოლოდ ზოგადად და, მივხვდი, რომ ჩემი წამოგება უნდოდა, სინამდვილეში კი არანაირი ფაქტები არ ჰქონდა. ამიტომ, მხრები ავიჩეჩე, თავი გავაქნიე და მივუგე:

– ძია ბესო, არ გეწყინოს, მაგრამ, ეს მოთხრობა კი არა, ზღაპარია.

– რაო?!

– ძია ბესო, მეხუმრებით?

– სახუმაროდ მაქვს, ბიჭო, საქმე? – წამომენთო აბრალავა, – ორი ოპერჯგუფი მოვაცდინე თქვენ გამო და, შენ მეუბნები, ხუმრობო?

– ძია ბესო, არ გეწყინოს, მაგრამ, მართლაც მოაცდინეთ ოპერები. მე და ბერძენა წუხელ არანაირ საქმეზე არ ვყოფილვართ, – ვუთხარი პოლკოვნიკს, ბერძენამ კი დაამატა:

– მართალს ვამბობთ, ბატონო ბესარიონ, მე და კობრა გუშინ ერთად ვიყავით მის სახლში და გვიან დავიშალეთ. უფრო სწორად, მე წავედი სახლში.

– მაინც, რას აკეთებდით?

ბერძენამ თავი ჩაღუნა, მე კი პოლკოვნიკს ვუთხარი:

– თუ ცხელ გულზე არ დაგვიჭერ, მაშინ გეტყვი, ძია ბესო.

– რამე დააშავეთ?

– ისეთი არაფერი, ძია ბესო, რომ თქვენი ყურადღების ღირსი იყოს და ასეთ რამეზე დაგვიჭიროთ, მაგრამ, მაინც...

– აბა, თქვი, რას აკეთებდით?

– ძია ბესო, ჯერ პირობა მოგვეცი, რომ არ დაგვიჭერ და არც ზედმეტ კითხვებს დაგვისვამ, – ვუთხარი აბრალავას.

– შენ რა, „ძაღლის“ სიტყვას ენდობი? – ირონიულად ჰკითხა პოლკოვნიკმა.

– „ძაღლის“ კი არა, კაცის.

– ძია ბესო, გუშინ მე და ბერძენამ ისეთი დური გავაბოლეთ, რომ ნახევარი სახლი გადავჭამე. ისე მომშივდა და დილამდე ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მარსზე დავდიოდი ფეხშიშველი, – ვუთხარი აბრალავას.

– ესე იგი, პლანი მოწიეთ?

– დიახ, – დავუდასტურე პოლკოვნიკს.

– საიდან გქონდათ?

– ძია ბესო, შენ ხომ პირობა მომეცი? – ვუთხარი პოლკოვნიკს, ამ დროს კი წინასწარ შეთანხმებული სცენარით ბერძენა ჩაერთო და აბრალავას უთხრა:

– მე მოვიტანე, მაგრამ, საიდან, რომც მომკლათ, ვერ გეტყვით.

– „ვერ გეტყვი!“ – გამოაჯავრა აბრალავამ ბერძენას, – თუ ჩუსტებით მარსზე დადიოდით, ესე იგი, მაგარი, ბომბა პლანი იყო. ასეთი პლანი კი დღესდღეობით ზემოვერელ ვართანას აქვს და იმას გამოართმევდით.

ზემოვერელი ვართანა პლანის ბარიგა იყო, მილიციასთან შეკრული და წინა დღით ბერძენამ მართლაც მას გამოართვა მოსაწევი, რაც ჩვენი სცენარით იყო გათვალისწინებული. ჩვენ ვიცოდით, რომ აბრალავა აუცილებლად გადაამოწმებდა ვართანასთან პლანის გამორთმევის ფაქტს და, რომ ჰკითხავდა: ბერძენას პლანი მიეციო? ის უპასუხებდა – მივეცი, უფროსო და, ისეთი ბომბაა, ერთი კვირა კოსმოსში იფრენდაო...

აბრალავას გამოჯავრებაზე ბერძენა „უკიდურესად აღშფოთდა“ და უთხრა:

– ესაა თქვენი კაცური სიტყვა, ბატონო ბესარიონ? საქმე ვერ შეგვტენეთ და პლანზე გვსროკავთ?

– შენ, ბიჭო, ენას კბილი დააჭირე, – კბილებში გამოცრა აბრალავამ, – მე არავის არაფერს არ ვტენი. აბა, ერთი ფაქტი მაინც მითხარით, რომ ვინმეს რამე ავკიდე!

– ასეთი ფაქტები არ გვაქვს, – ვუთხარი აბრალავას.

– ჰოდა, მოკეტეთ, – გვითხრა აბრალავამ, შემდეგ სელექტორს ხელი დააჭირა და თავის თანაშემწეს უბრძანა:

– ბიჭებს უთხარი, შემოვიდნენ, ბერძენა და კობრა ნარკოექსპერტიზაზე ჩაიყვანონ და პასუხი მალევე მაცნობონ.

ყველაფერი ჩვენი სცენარით მიდიოდა. მე და ბერძენამ პლანი საქმის დამთავრებისთანავე მოვწიეთ, რაც ჩვენი ალიბი უნდა ყოფილიყო და, რაც უფრო მეტ ნარკოტიკულ თრობას უჩვენებდა ექსპერტიზა იმ შემთხვევაში, ჩვენთვის უკეთესი იყო. „ყველაფერი კარგად მიდის“, – გავიფიქრე გუნებაში, აბრალავას კი უკიდურესად აღშფოთებული ტონით ვუთხარი:

– გვიჭერ, ძია ბესო?

– ღმერთს შეევედრეთ, რომ ექსპერტიზამ დიდი დოზა აჩვენოს, რადგან, ვართანას პლანმოწეულები არა მარტო საქმეს ვერ გააკეთებდით, არამედ, დამოუკიდებლად მოფსმასაც კი ვერ მოახერხებდით, – გვითხრა აბრალავამ და კაბინეტში შემოსულ ოპერებს უბრძანა:

– ჩქარა, შეასრულეთ ბრძანება და პასუხი არ დამიგვიანოთ!

მილიციის სამმართველოში ნარკოექსპერტიზა ახალი ტექნოლოგიით ჩაგვიტარეს და ოთხი საათის შემდეგ დასკვნა უკვე მზად იყო, რომელშიც ეწერა, რომ მე და ბერძენა ძლიერი ნარკოტიკული თრობის ქვეშ ვიმყოფებოდით. ეს რომ აბრალავამ წაიკითხა, ალმაცერად გადმოგვხედა და გვითხრა:

– ყველაფერი ემთხვევა. მოსაწევი ვართანასგან აიღეთ, ახლაც კაიფში ხართ და, წესით, წუხანდელი საქმე თქვენი გაკეთებული არ უნდა იყოს, თუმცა, ბოლომდე მაინც არ მჯერა თქვენი უდანაშაულობის.

– კარგი, რა, ძია ბესო, – ვუთხარი აბრალავას, – გუშინ ხომ გითხარი, რომ ჩვენ თბილისში არ ვჩალიჩობთ.

– წადით, თუმცა, არ მჯერა, რომ უდანაშაულოები ხართ.

– კარგად, ძია ბესო, – ვუთხარი აბრალავას, რომელსაც ბერძენაც დაემშვიდობა და მილიციის სამმართველოს შენობიდან გამოვედით. საღამოს ცხრა საათი სრულდებოდა და მე და ბერძენამ ფეხით გავლა გადავწყვიტეთ. სამმართველოს შენობას ორასიოდე მეტრით რომ მოვშორდით, ბერძენამ მითხრა:

– საღოლ ჩვენ, მაგრად გამოგვივიდა, ახლა მესამე ეტაპიც გავიაროთ და აბრალავას საბოლოოდ გაუქრება ჩვენზე ყოველგვარი ეჭვები.

– ვნახოთ, – ღიმილით მივუგე ბერძენას, ტაქსის ხელი დავუქნიეთ და ჩავსხედით. ორმოციოდე მეტრში „ჟიგული“ აგვედევნა, რომელიც, რა თქმა უნდა, აბრალავას დავალებით მოქმედებდა.

მილიციის სამმართველოდან გამოსვლის მერე, სპეციალური ოპერჯგუფი ოცდაოთხი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ გვითვალთვალებდა, რაც იმით იყო განპირობებული, რომ აბრალავას კვლავ ჩვენზე ჰქონდა ეჭვი და, იმედოვნებდა, რომ ფაქტზე დაგვიჭერდა. აბრალავას ეჭვის მომენტი, ჩვენი გეგმის ქვაკუთხედი იყო და, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სწორედ აბრალავას ეჭვიანობით უნდა გაგვექარწყლებინა მისი ეჭვები ჩვენ მიმართ. ანუ, ჩვენი სამეტაპიანი გეგმის ბოლო ნაწილის მიხედვით, მესამე ცეხი უნდა გაგვექურდა, სადაც, ასევე, წინასწარ გვქონდა მომზადებული გვირაბი. მესამე ეტაპის განხორციელების დროს კი მილიციელები უკვე ოცდაოთხსაათიან რეჟიმში გვასხდნენ „კუდზე“ და, ამის გაკეთება, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი იყო. თუმცა, სამმართველოდან გამოსვლის დღიდან მეოთხე საღამოს, მე და ბერძენამ ორი პუტანკა ავაგდეთ სასტუმრო „აჭარაში“ და ჯერ იქვე, რესტორანში ვიქეიფეთ, შემდეგ კი ჩემთან წავედით და სახლში გავაგრძელეთ „კურაჟი“. მთელი ამ პროცესის პერიოდში, მილიციის ოპერებს ჩვენთვის თვალი არ მოუშორებიათ და სახლში რომ შევედით, ისინიც შორიახლოს ჩასაფრდნენ. ჩვენ მუსიკა ჩავრთეთ, შუქი შევასუსტეთ, პუტანკებს შამპანურში დასაძინებელი ჩავუყარეთ და მივაძინეთ, ჩვენ კი ბაბუაჩემის მიერ გათხრილი გვირაბით სახლიდან გავედით და საქმეზე გავემართეთ. სულ რაღაც ორ საათში კუშიც ავიღეთ და საიმედოდ გადავმალეთ, სახლშიც დავბრუნდით, პუტანკებიც გავაღვიძეთ, რომლებსაც არც კი ახსოვდათ, რომ ეძინათ და ქეიფი განვაგრძეთ. დაახლოებით დილის 4 საათზე ბერძენა და მისი ნაშა ჩემგან წავიდნენ და ბერძენასთან ავიდნენ, მე კი ჩემი ნაშა დავიტოვე. მოთვალთვალე ოპერებს, რა თქმა უნდა, აზრადაც არ მოსვლიათ, რომ მე და ბერძენა საჩალიჩოდ ვიყავით წასულები და აბრალავას მოახსენებდნენ, რომ ჩვენ მთელი ღამე ვგულაობდით. მეორე დღეს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე, ბესარიონ აბრალავა პირადად მეწვია სახლში, ყურადღებით ამათვალიერა-ჩამათვალიერა და მითხრა:

– შენთან საქმე მაქვს.

– მოხდა რამე, ძია ბესო?

– კი.

– ნაშა მყავს, ახლავე გავუშვებ და ვილაპარაკოთ.

– იყოს, კუხნაში დავსხდეთ.

მე ხალათი ჩავიცვი, სამზარეულოში გავედი, სადაც აბრალავა მელოდებოდა და ვუთხარი:

– გისმენ, ძია ბესო, რაშია საქმე?

– კობრა, წუხელ მესამე ოქროს ცეხი გაქურდეს იმავე მეთოდით, – დაიწყო აბრალავამ, მე კი მას შეშფოთებული სახით შევაწყვეტინე სიტყვა:

– ძია ბესო, ისევ ჩვენზე გაქვს ეჭვი? მე და ბერძენა გუშინ მთელი ღამე ვგულაობდით.

– მოიცა, სიტყვას ნუ მაწყვეტინებ. არანაირი ეჭვი არ მაქვს. ვიცი, რომ მთელი ღამე გულაობდით – ჩემები გითვალთვალებდნენ. უბრალოდ, მინდა გამიიასნო, ვინ ჩალიჩობს, ოქრო დაავაზვრატებინო და უთხრა, რომ აქედან აახვიონ. შეძლებ?

– ძია ბესო, კარგია, რომ ჩვენს სიმართლეში დარწმუნდი. ხომ გითხარი, აქ არ ვჩალიჩობთ-მეთქი, თანაც, შახტიორობა ჩვენი სტილი არაა. ახლა კი ლოგიკას მივყვეთ.

– მივყვეთ, – მითხრა აბრალავამ.

– ძია ბესო, ხომ დარწმუნდით, რომ მე და ბერძენა არ ვჩალიჩობთ? – გავუმეორე აბრალავას.

– კი, დავრწმუნდი.

– ისიც ხომ იასნია, რომ ვიღაც ძალიან მაგრები და უცნობები ჩალიჩობენ?

– უცნობებზე თავს შევიკავებ, მაგრები კი ნამდვილად არიან.

– კარგი, ძია ბესო, გარწმუნებთ, რომ მართლა არ ვიცით, ვინ არიან და თქვენზე არანაკლებად მაინტერესებს, ვინ ჩალიჩობს. თუმცა, საეჭვოა, რომ თავი გაიშიფრონ და რამე შევიტყო. მიუხედავად ამისა, ყველანაირად შევეცდები, რამე გავიგო. მართალია, მათ ვინაობას არ გეტყვით, მაგრამ, თუ მივაგენი, ვაზვრატს აუცილებლად გავაკეთებინებ.

– გასაგებია. ახლა წავედი და, თუ რამე სიახლე იქნა, ალბათ, არ გამაწბილებ, – მითხრა აბრალავამ, გამომემშვიდობა და წავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ აბრალავა ძალიან ეჭვიანი კაცი იყო და იოლად არაფერს იჯერებდა, მე და ბერძენამ მაინც მოვახერხეთ მისი დარწმუნება ჩვენს უდანაშაულობაში და, როდესაც ერთი კვირის შემდეგ პირადად მეწვია სახლში, ვუთხარი:

– ძია ბესო, ბოდიშს გიხდი, მაგრამ, ვერაფერი შევიტყვე. როგორც ვვარაუდობდი, ვიღაც ახალი კამანდაა და არავინ იცნობს.

– ასეც ვიცოდი. მეც ბევრი ვიფიქრე და დავრწმუნდი, რომ ვიღაც უცხოები ჩალიჩობდნენ, ალბათ, გასტროლიორები.

– ეგ უკვე არ ვიცი, ძია ბესო, მაგრამ, კარგია, რომ ჩვენი გჯერათ.

– მჯერა თუ არ მჯერა, ამ საქმეში მართლები ხართ, – გაეცინა პოლკოვნიკს, შემდეგ ამათვალიერ-ჩამათვალიერა და, სანამ წავიდოდა, მითხრა: ვნანობ, რომ ბავშვობაშივე ვერ გაგშიფრე, თორემ, ახლა წესიერ გზაზე იდგებოდი და ქურდი არ გამოხვიდოდი.

– ცდებით, ძია ბესო, ქურდობა ჩემი ბავშვობის მიზანი იყო და მხოლოდ სიკვდილი თუ შემიშლიდა ხელს ამ მიზნის მიღწევაში, – ვუთხარი აბრალავას, რაზეც მან ღიმილით მომიგო:

– ჰოდა, მეც მოგკლავდი და შენს ბავშვურ მიზნებს წერტილს დავუსვამდი.

მიუხედავად იმისა, რომ აბრალავა მილიციელი იყო და კრისტალური პატიოსნებითა და კანონმორჩილებით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა, დარწმუნებული ვარ, ჩემ მიმართ ცუდად არ იყო განწყობილი და, რასაც ამბობდა, არ ტყუოდა. ჩემი მისწრაფებები მას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამოეპარა, რომ ხუჭუჭას ძმაკაცი ვიყავი, ხუჭუჭას მამა კი – მისი უფროსი და ახლობელი, ამის გამო კი ხუჭუჭა და მისი უახლოესი გარემოცვა ხელშეუხებელნი ვიყავით. სწორედ ამიტომაც, ვერაფერს გვიბედავდა უბნის მრისხანე ინსპექტორი „ძევიატკა“ და, როგორც ადრე ვთქვი, ხშირად გვემალებოდა კიდეც და ჩვენთან შეხვედრას ერიდებოდა.

საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო და საშინელი არეულობისა და ბესპრეძელის პერიოდი იდგა, როდესაც რამდენიმე დღით თბილისში ჩამოვედი ერთ საქმეზე. მაისი იდგა. ბერძენა ახალი გამოსული იყო ციხიდან და ერთი ჩვენი მეგობრის მანქანით ერთ-ერთ ბაზრობაზე წავედით ბაზრობის დირექტორის სანახავად. იქ უამრავი ხალხი ირეოდა, გზას ძლივს მივიკლევდით და ხან ვინ გვეჯახებოდა, ხან – ვინ.

– მაროჟნიიი! აბა, გემრიელი მაროჟნიიი! იყიდეთ, ხალხნო, მაროჟნი! – მომესმა ძალიან ნაცნობი ხმა. მარცხნივ გავიხედე და თეთრხალათიანი მენაყინე დამეტაკა, რომელსაც იაფფასიანი ნაყინებით სავსე უზარმაზარი პლასტმასის ყუთი ჰქონდა მხარზე გადაკიდებული.

– ბოდიში, ჩემო ბატონო, დიდი ბოდიში, – ძალიან შეწუხდა მენაყინე, მლიქვნელურად გამიღიმა და გზის გაგრძელებას აპირებდა, როდესაც მასში ძევიატკა შევიცანი. მანაც მიცნო, რატომღაც, ოფლმა დაასხა და მორიდებულად მომესალმა:

– გამარჯობა!

– გაგიმარჯოს, – გულწრფელად გამეხარდა ძევიატკას ნახვა და მაგრად ჩამოვართვი ხელი. ის გახალისდა და მკითხა:

– როგორ ბრძანდებით?

– კარგი, რა, – გავუღიმე ძევიატკას, – როდის იყო თქვენობით მელაპარაკებოდი? არა მიშავს, შენ როგორ ხარ, მილიციას შეეშვი?

– ეეჰ, კობრა, რამდენი ხანია, შევეშვი.

– მაინც რამდენი?

– თითქმის ხუთი წელი სრულდება.

– მერე, პენსიას არ გაძლევენ?

– მათხოვრულს, – მწარედ გაეღიმა ძევიატკას, – ნორმალური პენსია რომ მქონდეს, პოდპოლკოვნიკი კაცი მაროჟნს გავყიდდი? მაგრამ, რა უნდა ვქნა? შვილებსა და შვილიშვილებს რჩენა ხომ უნდათ?

– უნდათ, როგორ არ უნდათ, – დავეთანხმე ძევიატკას, რომელმაც ხელი ჩაიქნია და მითხრა:

– შენ როგორ ხარ, კობრა, რამდენი წელია, აღარ შევხვედრივართ. ქურდი ხარ, ხომ?

– კი, ქურდი ვარ.

– გახსოვს, კობრა, როგორ დაგდევდით?

– მაგას რა დამავიწყებს, რაც შენ ჩემთვის, ხუჭუჭასთვის და ყბედალოსთვის გიდევნია.

– ხუჭუჭა ახლა დიდი კაცია და, მგონი, რუსეთში  უნდა იყოს. ყბედალო კი, თუ არ ვცდები, ქურდია, ხომ?

– კი, მასეა. სხვა როგორ ხართ?

– აი, ასე ვარ, ჩემო კობრა, როგორც მხედავ – ვყიდი მაროჟნს და ამით ვარსებობ, – მითხრა ძევიატკამ. ამ დროს ბერძენამ თავისთან მიხმო ხელით, რომელიც ბაზრობის დირექტორთან ერთად იდგა და მიყურებდა. მე ძევიატკას გავუღიმე, ასდოლარიანი ამოვაცურე, ხელში ჩავუდე და ვუთხარი:

– მეჩქარება. ბოდიში, მაგრამ, უნდა წავიდე. ეს კი ჩემგან გქონდეთ, პატივისცემის ნიშნად.

– მადლობა, ჩემო კობრა, მადლობა, ღმერთმა გაგახაროს, – მითხრა ძევიატკამ, თავი დამიკრა და გზა განაგრძო.

– ვის ელაპარაკებოდი, კობრა? – მითხრა ბერძენამ, როდესაც მასთან მივედი.

– ძევიატკას.

– ვის?!

– ძევიატკას. მაროჟნს ყიდის ბაზრობაზე.

– მემაროჟნეს საიდან იცნობთ? – დაინტერესდა ბაზრობის დირექტორი.

– ჩვენი უბნის ინსპექტორი იყო, – მივუგე ბაზრობის დირექტორს, რომელიც ჩვენგან დავალებული იყო და დავამატე: ერთი თხოვნა მაქვს.

– ბრძანე, კობრა, გისმენ.

– იქნებ, რამე სამსახური მოუძებნო ძევიატკას, რომ ორიოდე კაპიკი მიიტანოს სახლში, ცოდოა, ამხელა კაცი ყუთმოკიდებული რომ დარბის აქეთ-იქით. 

– რაზეა ლაპარაკი, ჩემო კობრა, დღესვე ამკრეფად გადავიყვან, მით უმეტეს, რომ მილიციაში ყოფილა ნამუშევარი და ეს საქმე არ შეეშლება.

– ამკრეფად? – ვკითხე დირექტორს.

– ჰო, ამკრეფად. დღის ბოლოს მოვაჭრეებს დაუვლის და გადასახადს გამოართმევს. კარგი შემოსავალი ექნება, დაახლოებით ოცდაათი, ორმოცი დოლარი დღეში.

– ჰოდა, აგაშენა ღმერთმა! დიდი მადლობელი ვარ პატივისცემისთვის, – ვუთხარი ბაზრობის დირექტორს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3