კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველა კაცი ერთნაირია

სხვადასხვა ენაზე

ლევანმა გაოცებით შეხედა სავარძელში შინაურულად მოკეცილ ცოლს, რომელსაც ფეხებზე პლედი ჰქონდა შემოხვეული და, პატარა ბავშვივით, სიამოვნებით ჭამდა ქიშმიშს.

– შენ რა, სახლში ხარ? აბა, რომ დამირეკე, ნინისთან ერთად კინოში მინდა წასვლაო?!

– გადავიფიქრე. რატომღაც, ისევ სახლში მომინდა ყოფნა. კარგია, ადრე რომ მოხვედი. რა მომიტანე?

ლევანმა ხელში შერჩენილ ყუთს დახედა:

– ჰო, ეს ჩვენს კონდიტერს ვთხოვე, შენთვის ნამცხვრები ჩაეწყო.

– რა საყვარელი ხარ... – ლიზამ თვალები მინაბა, – ძალიან მანებივრებ. იმედია, არ მეტყვი, რომ ეს ბავშვის გამო ხდება.

– არა, რა თქმა უნდა. ეგ რამ გაფიქრებინა? – ლევანმა ყუთი მაგიდაზე დადო, ცოლთან მივიდა და თავზე აკოცა, – ჩემი პატარა, ჭირვეული გოგო... იცი, რა მოვიფიქრე? პატარა ივენთის მოწყობა მინდა, ახალი კაფე რომ გავაპიარო. ხომ კარგი აზრია?

– შესანიშნავი. მიყვარს კარგი ივენთები, მაგრამ, რომელი კაფე უნდა გააპიარო?

– რასაკვირველია, ის – ზამთრის ბაღითა და აკვარიუმებით. რეკლამა ყველაფერს სჭირდება. თუ სწორად „შევფუთავ“ ამ ყველაფერს, მალე ჩემი კაფე ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მოდური ადგილი გახდება. 

ლიზას გაეღიმა.

– რა გაცინებს? – გაუკვირდა კაცს.

– შენგან პირველად გავიგონე სიტყვები „პრესტიჟული“ და „მოდური“... ადრე ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდი.

– იმიტომ, რომ ჩემი ყველა რესტორანი ისედაც მოდური და პრესტიჟულია.

– მართლა?

– ჰო, აბა?! კაფე კი ცოტა სხვა თემაა. ქალაქში ბევრი კაფეა... ამიტომ, საჭიროა, ერთხელ „აიტაცონ,“ მერე კი ავტომატურ რეჟიმში წავა და წავა. იმდენი შრომა ჩავდე მასში, ასე რომ არ მოხდეს, ძალიან მეწყინება.

– ბომონდის წევრი უნდა გახდე? ლევან, შენ რომ არასოდეს გაინტერესებდა ასეთი რაღაცეები და ზოგჯერ სნობსაც კი მეძახდი? 

ლევანი ცოლს გვერდით მიუჯდა და მუცელზე მოეფერა:

– შევიცვალე. მინდა, შენი უკეთესად მესმოდეს, მეტი დრო რომ გავატაროთ ერთად და ჩემ გვერდით არ მოგეწყინოს.

– პირიქით რომ მოხდეს და შენ მოგწყინდეს ჩემ გვერდით? – პატარა ბავშვივით გაბუსხა ტუჩები ლიზამ, – მე ხომ ბავშვით ვიქნები დაკავებული. მოგეწონება მზრუნველი დედიკო? ჩემში ვნებიანი, სასურველი ქალი რომ ვეღარ დაინახო?

– აი, თურმე, რაზე ფიქრობ. იმიტომაც ხომ არ მეუბნებოდი ამდენ ხანს ბავშვის გაჩენაზე უარს? ლიზა, როცა შენში მარტო ვნებიან, სასურველ ქალს ვხედავდი, მოსვენება მქონდა დაკარგული – ვეჭვიანობდი და ვნერვიულობდი... ძალიან ვნერვიულობდი... ახლა კი, ეს ბოლო პერიოდი, მშვიდად ვარ და ამ სიმშვიდეს არაფერში გავცვლი.

ლიზამ კმაყოფილმა გაიცინა:

– მართლა? მართლა ასე ფიქრობ?

– რა თქმა უნდა. ეჭვი ხომ არ გეპარება?! ვერ ხედავ, როგორ „გამოვსწორდი?“ სულ შენ გვერდით ყოფნა მინდა და, როგორც კი დროს ვიხელთებ, მაშინვე სახლისკენ გამოვრბივარ. სულ მენატრები და ჩვენი შვილიც მენატრება...

– კარგია. სამზარეულოში უკოფეინო ყავაა. თუ არ გეზარება, მე ის გამიკეთე, შენთვისაც მოიდუღე და ნამცხვრები გავსინჯოთ.

– თან, ივენთზეც დავილაპარაკოთ, – ლევანს თვალები აუციმციმდა, – ხომ დამეხმარები?

– მე? რანაირად?

– ხალხი უნდა დამიპატიჟო... საჭირო ხალხი, რა თქმა უნდა – შენი „ვიპ“ მეგობრები და თანამშრომლები...

ლიზა შეიჭმუხნა და აიმრიზა:

– რა საჭიროა?

– როგორ არ არის საჭირო, ძალიანაც საჭიროა. მე ჩემი მხრიდან იმ კომპანიის ბიჭებს დავპატიჟებ, ჩემს რეკლამაზე რომ ზრუნავენ ამდენი ხანია.

– ვის?

– ხომ გითხარი, ვისაც. ჩემი კაფე-რესტორნების რეკლამა ვანდე და მართლაც თავდაუზოგავად იმუშავეს. ძალიან კარგი ხალხია. თანაც, ქალაქში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიად ითვლება, ხალხი იცნობს და რეკლამას წაადგება.

– როგორც გინდა, თუმცა, მე ასე არ ვფიქრობ. ანუ, ის ბიჭი უნდა მოვიდეს, ერთხელ რომ გამაცანი საფირმო კერძის გასინჯვისას?

– ისიც და სხვებიც. მართლა კარგი ხალხია,  მოგეწონება.

– მე საკმარისზე მეტ ადამიანს ვიცნობ და მომწონს. არ ვარ დაინტერესებული ნაცნობ-მეგობართა წრის გაფართოებით.

ლევანს ეუცნაურა ცოლის სიტყვები, მაგრამ, ჭირვეულობა მის ორსულობას დააბრალა და დიდი მნიშვნელობა ამ ამბისთვის არ მიუნიჭებია. ზოგადად, ძალიან კმაყოფილი იყო ლიზაში მომხდარი ცვლილებებით.

– შენს დაქალებსაც ხომ მოიყვან?

– კი, რა თქმა უნდა... – ლიზას უცებ სახე გაუნათდა და ეშმაკურმა ღიმილმა გაუპო ბაგე, – ესე იგი, კარგად გევერთობით? – გასძახა სამზარეულოში მყოფ ქმარს.

– აუცილებლად, – პასუხი ოდნავ დაუგვიანა ლევანმა და, როცა ლანგრით ხელში ოთახში შემობრუნდა, ჰკითხა: მოხვედი გუნებაზე?

– ჰო, რა ვიცი. უცებ მივხვდი, რომ გართობა მომნატრებია. როდისთვის გეგმავ?

– კვირის ბოლოსთვის ყველაფერი მზად იქნება. მინდა, ფურშეტის მენიუს შერჩევაში მიიღო მონაწილეობა. 

– არა! შენ ისედაც იცი, რა მიყვარს. ამიტომ, ბოლომდე გენდობი.

– მაშინ, შევეცდები, ცოტა გაგაოცოთ შენც და შენი მეგობრებიც, – ლევანმა ცოლს თვალი ჩაუკრა და ყუთს თავსახური ახადა, – ჯერ ესენი ნახე... ახალი კონდიტერი მყავს, ფრანგია. საოცრებებს სჩადის, ძალიან მოგეწონება.

ლიზამ ცხნობისმოყვარედ ჩაიჭყიტა ყუთში.

– ოჰო, ტრიუფელით დავიწყებ... ვნახოთ, შენი ფრანგი შეძლებს ჩემს გაოცებას თუ ვერა...

***

ქეთიმ პალტოს ღილები შეიკრა და სახე წამოწეულ საყელოში ჩამალა.

– გმადლობ, მშვენიერი ფილმი იყო. იმდენი ხანია, კინოში არ ვყოფილვარ...

თომამ დაირცხვინა:

– მადლობა მე არ მეკუთვნის. ეს მთლიანად ლიზას იდეა იყო და კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა. ასე რომ, მადლობას ვერ მივიღებ. აი, სხვა დროს თუ კიდევ მექნება შანსი თქვენი კინოში დაპატიჟების, სხვა საქმეა.

ქეთიმ თავი გააქნია, უარყოფის ნიშნად:

– არა მგონია. უნდა ვაღიაროთ, რომ ლიზას ინიციატივა-გეგმა ჩავარდა – არ გაამართლა. მეც აღარ მინდა, თქვენ შეგაწუხოთ და თავიც მოვიტყუო, რომ ჩემი ქმარი მხოლოდ იმაზე ფიქრობს, მე სად ვარ და რას ვაკეთებ. როგორც ჩანს, ეს ამბავი საერთოდ არ აღელვებს. არა უშავს, უარესსაც უძლებენ. ეტყობა, ორივეს ძალიან შეგვეშალა – მეც და იმასაც. ყოველ შემთხვევაში, თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ. იშვიათად მხვდებიან თქვენნაირი ადამიანები, მით უფრო – მამაკაცები.

– არა, არა, თქვენს მეუღლეზე ასე ნუ ფიქრობთ. მასზე არანაირი ინფორმაცია არ გაქვთ, ანუ, არ იცით, შეიტყო თუ არა თქვენზე რამე. ამიტომ, დასკვნის გაკეთებასაც ნუ იჩქარებთ. ყველაფერი სულ სხვანაირად შეიძლება იყოს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. სახლამდე მიგაცილებთ.

– არა, საჭირო არ არის. მანქანამდე მიმიყვნეთ და ჩემით წავალ.

– როგორც გენებოთ. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა.

ქეთიმ  გაიღიმა:

– კარგია, თუ ერთ მამაკაცს მაინც არ ვგონივარ პრეტენზიული, ანჩხლი და „ისტერიჩკა“.

თომა შეწუხდა:

– აი, ისევ ნერვიულობთ.

– ჰო, არ გამოვიდა. ერთბაშად ბევრ სიახლესთან მომიხდა შეჯახება და სიმშვიდის შენარჩუნება მიჭირს.

– მესმის თქვენი. მაინც გირჩევთ, არ ინერვიულოთ.

ქეთიმ საწყლად გაიღიმა.

***

ვახომ გამეტებით მიაჭირა ფეხი „გაზის“ სატერფულს. ბორბლებმა უსიამოვნოდ დაიღრჭიალეს.

– ცოტა ნელა, – გააფრთხილა გიგიმ და უცებ შეჰყვირა: მოიცადე, ქეთია იქ!..

ვახო გვიან მიხვდა, რას ეუბნებოდა გიგი და მკვეთრად დაამუხრუჭა

– ვინ ქეთი, ჩემი ცოლი?!

– ჰო, შენი ცოლი. შეხედე, მოპირდაპირე მხარეს, მანქანასთან. ვიღაც ტიპი ხელზე ჰკოცნის და ემშვიდობება.

– ოხ, მე მაგის... – იბღავლა ვახომ და მანქანიდან ისკუპა... გიგიც უკანვე მიჰყვა, მაგრამ გზის მოპირდაპირე მხარეს გადასვლა გაუჭირდათ. მანქანების რაოდენობა, მიუხედავად გვიანი დროისა, საკმარისზე მეტი იყო და არც ერთი არ აპირებდა გზის დათმობას, ასე რომ, ვეღარც ქეთის მიუსწრეს, რომელიც მანქანაში ჩაჯდა და წავიდა და ვეღარც იმ ტიპის კარგად შეთვალიერება მოახერხეს, ქეთი თავის მანქანამდე რომ მიიყვანა.

ვახო უკან, თავის ავტომობილთან დაბრუნდა და ხელი გამეტებით დასცხო საქარე მინას.

– ნელა, ბიჭო, არ ჩაამსხვრიო.

– ჩაიმსხვრეს, მაგის!.. – ვახომ ისეთი უშვერი სიტყვების კორიანტელი დააყენა, რომ გიგიც კი შეწუხდა:

– გეყოფა, რა... გინებით რას შეცვლი? ხომ ნახე და დარწმუნდი, მათ შორის ისეთი არაფერი ხდება.

ვახო ჭარხალივით გაწითლდა და გიგის ავად დაუბრიალა თვალები:

– შენ, მგონი, გააფრინე, ხომ? რა იდიოტობას ლაპარაკობ და მიმტკიცებ?

– დამშვიდდი, ვახო. რა დაგემართა? – გიგი სერიოზულად დააფრთხო მეგობრის აგრესიულმა ტონმა.

– ახლა დავმშვიდდე? ვერ გადამირჩება ვერც ქეთი და ვერც ეგ იდიოტი კავალერი. ორივეს მოვკლავ და კარგს იზამ, შენც თუ არ მომყვები ხელში, თორემ, საკუთარ თავზე და საქციელზე პასუხს არ ვაგებ.

– ძალიან გთხოვ, მომისმინე: რომელი კაცი კოცნის ნაშას ხელზე-მეთქი, ამას ვგულისხმობდი, – სიტუაციის შერბილება სცადა გიგიმ და სინამდვილეში ცეცხლზე ნავთი დაასხა. ვახომ გადარეულივით იბღავლა:

– რაო? ჩემი ცოლი „ნაშაა“?!

– აუ, შენ რა ტიპი ხარ, ტო... გაგიჟდი და იყვირე – რას მიაღწევ ამით? შეგიძლია, მომისმინო და ადამიანურად გაიგო, რას გელაპარაკები? ძალიან ცუდად ხარ, ვხვდები, მაგრამ ისიც უნდა დაინახო, რომ შენს დახმარებას ვცდილობ. იმის თქმა მინდოდა, რომ არ ჰგავდნენ შეყვარებულებს-მეთქი. ანუ, რას ნიშნავს ეს? იმას, რომ პატივს სცემს და მათი ურთიერთობა მხოლოდ დასაწყის სტადიაზეა.

– ვა, საიდან ასეთი დასკვნების გაკეთების უნარი? დედუქციის ნიჭმა გაიღვიძა შენში თუ იურისპრუდენციის სიყვარულმა იფეთქა? ორივეს რომ კისერს მოვუგრეხ, მერე დამჭირდება შენი სამართლებრივი ხედვები.

– აუ, რა ტყუილუბრალოდ ირევი. მე დავჯდები, რა, საჭესთან. ისეთი გაგიჟებული ხარ, ხელებიც კი გიკანკალებს.

– ნუ გეშინია, არ დაგამტვრევ. დაჯექი მანქანაში და გაჩუმდი!

გიგიმ ამოიოხრა და უსიტყვოდ დაემორჩილა. ასეთ განერვიულებულ და გაღიზიანებულ ვახოსთან კამათს აზრი მაინც არ ჰქონდა. 

ვახომ ძრავა აამუშავა და ორივე ხელი გამეტებით დასცხო საჭეს.

– ამის დედაც! ახლა სად წავიდე?

– ჩემთან, სად უნდა წახვიდე? ხომ არ ფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში ქეთის ნახვა და მასთან ლაპარაკი ღირს?

– ქეთისთან ლაპარაკი საერთოდ აღარ ღირს, – გამოსცრა ვახომ, – ეს საკითხი უკვე გარკვეულია. ახლა ერთადერთი რაღაც მინდა – ფაქტზე დავიჭირო და მერე ვანახვებ, როგორ უნდა ჩემთვის რქების დადგმა.

– ფაქტში რას გულისხმობ? – თავისი ჭკუით, უწყინარი კითხვა დაუსვა გიგიმ და მიიღო კიდეც ვახოსგან საპასუხო შეყვირება:

– რატომ გინდა, დამაკონკრეტებინო, სადისტი ხარ? და, საერთოდ, სხვა ენაზე რატომ მელაპარაკები? კაცი არა ხარ? ჩემი რატომ არ გესმის?

გიგიმ ხელები გაშალა:

– მესმის, მესმის, მაგრამ...

– რა მაგრამ, ქეთის გამართლებას რატომ ცდილობ?

– მე ვცდილობ? რა სისულელეა, საიდან მოიტანე? პირიქით.

– ტელეფონი გირეკავს, უპასუხე! – შეუღრინა ვახომ. გიგიმ რაღაც ჩაიბურტყუნა და მობილურს დასწვდა.

– გისმენთ... დიახ, ბატონო ლევან. როგორ არა, გიცანით... გასაგებია... დიახ, დიახ... მოსაწვევებიც ჩვენ უნდა დაგიბეჭდოთ? დიახ, რა თქმა უნდა... ვეტყვი ვახოს.

გიგიმ მობილური დადო:

– ლევანი იყო.

– ლევანი ვინღაა?

– რესტორნების ქსელის მეპატრონე. აი, ის... – გიგის უნდოდა ეთქვა, ჩვენი ზუკას საყვარლის ქმარიო, მაგრამ, დროზე შეიკავა თავი.

– მერე, რა უნდა? 

– კაფეს ხსნის და ივენთზე გვეპატიჟება. მოსაწვევებიც უნდა დავუბეჭდოთ.

– აღარაფერი მაინტერესებს... – ვახომ ისევ შეიგინა, – ჩემი ბედის დედაც...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3