კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ქალებისთვის

გელა გაჩუმდა და იატაკს ჩააშტერდა. მარიმ ცოტა ხანს აცადა‚ მაგრამ, პასუხი რომ ვერ მიიღო‚ წამოდგა‚ კარისკენ დაიძრა და გზადაგზა მიაყარა:

– მე ყველაფერი გითხარი. როცა ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებ‚ დამირეკე და მე თვითონ მოვიყვან ანუკას სასამართლოშიც და საჯარო რეესტრშიც. 

– ეგ საქმე არ გამოვა‚ – ამოიქშინა გელამ.

– რას ჰქვია‚ არ გამოვა? შენ კიდევ იმედი გაქვს‚ რომ ანუკა შეგირიგდება?

– შერიგება არც მინდა. ბინის საქმე არ გამოვა.

– რატომ? როგორ თუ არ გამოვა?

– ისე‚ რომ მე ბინის მფლობელი აღარ ვარ.

– რომლის აღარ ხარ?

– არც ერთის.

– გამარკვიე‚ ერთი‚ რაებს ბოდავ? – გადაირია მარი და ყოველგვარი ზომიერების გრძნობა დაკარგა‚ – აბა‚ ის ორი ბინა ვისია?

– იყვირე‚ რამდენიც გინდა! – ხმას აუწია გელამაც‚ – საბურთალოს ბინა ჩემს შვილს დავუმტკიცე!

– რომელს?

– ანდროს.

– მერე‚ მოგიგვარებია უკვე და რა გაღრიალებს? – გაუკვირდა მარის.

– იმ ანდროს კი არა‚ ამას‚ პატარა ანდროს‚ – ცოტა ნირწამხდარმა ჩაილაპარაკა გელამ.

მარი მიხვდა‚ რაც მოხდა და ეცადა‚ ჭკუიდან არ გადასულიყო. ამიტომ‚ შეძლებისდაგვარად მშვიდად უთხრა ყოფილ სიძეს:

– მერე‚ ეგ რა პრობლემაა! „იმ“ ანდროს მეორე ბინა გადაუფორმე!

– რომელი მეორე?

– ის‚ რომელშიც ახლა ცხოვრობს შენი ყოფილი ოჯახი – ვერაზე‚ კალანდაძის ქუჩაზე რომ მდებარეობს.

– არ გამოვა-მეთქი! – ისევ გაღიზიანდა გელა.

– არ შეიძლება‚ გავიგო‚ რატომ?

– შეიძლება‚ – გელას ხმაში ერთდროულად გაისმა ირონიაც‚ ნიშნის მოგებაც‚ ჯიბრიც‚ – ის ბინა დაგირავებულია საკმაოდ დიდ თანხად და‚ ალბათ‚ ვეღარც გამოვისყიდი‚ იმიტომ‚ რომ ჩემი ბიზნესი დაღმართისკენ მიექანება‚ სხვა შემოსავალი კი ჯერჯერობით არ გამაჩნია.

– ისე‚ რომ მოახერხო გამოსყიდვა‚ სურვილი თუ გექნებოდა‚ რომ ის ბინა შენი შვილებისთვის მიგეცა? – მარი ძალიან ეცადა‚ გესლი შეერია ხმისთვის.

– ეგ კი უკვე შენი საქმე არ არის‚ ლაწირაკო და დაახვიე აქედან‚ სანამ მთელი ხარ! – იყვირა გელამ.

– მე კი წავალ‚ შე უბედურო‚ მაგრამ... – მარიმ წინადადება ვეღარ დაასრულა‚ რადგან, კარში დოინჯშემოყრილი და ირონიულად მოღიმარი ნატა დაინახა.

– გელა‚ ვინ არის ეს გოგო‚ ნათესავი ჩამოგივიდა სოფლიდან?

– ნამდვილად შენი შესაფერისი გიპოვია‚ გენიოსო‚ – მიმართა მარიმ გელას‚ შემდეგ კი ნატას მიუბრუნდა: შენ კი‚ მახინჯო ძუკნავ‚ გოგო არ ვიყო‚ თუ შენივე ხელით არ შემოგახევინო ეგ დაჩაგრულისა და წამებულის საბურველი და შენი ნამდვილი სახე არ დავანახვო ამ ბოთეს‚ თავი შენს ქმრად რომ წარმოუდგენია‚ სინამდვილეში კი რიგით მეშვიდე საყვარელია – ეს‚ რაც მე ვიცი‚ თანაც‚ მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ჩაო! მაპატიეთ‚ რომ თაფლობის თვე ცოტათი ჩაგიმწარეთ‚ გვრიტუნებო! ბაი!.. – და მარი ისე სწრაფად გამოვიდა ნატას ბინიდან‚ რომ გელამ და ნატამ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრეს.

სადარბაზოში გამოსული მარი უცბად უკან შებრუნდა და ღია კარში გაშტერებით მდგარ გელას მიმართა:

– ერთგულო მეუღლევ‚ მზრუნველო მამავ  და მოყვარულო შვილო‚ დედაშენს რას უპირებ‚ ხომ არაფერს დამაბარებ იმ საცოდავ მოხუცთან?

მაგრამ‚ სანამ გელა პასუხს მოიფიქრებდა‚ ნატა გამოერკვა და სისინით უთხრა:

– ის „საცოდავი მოხუცი“ თავის საყვარელ რძალთან დარჩება. ან‚ თუ არ მოისურვებს მასთან ყოფნას‚ მოხუცთა თავშესაფრის დირექტორი ჩემი ახლობელია და ერთ ადგილს მომიხერხებს როგორმე. თავის შესანახ ფულს კი‚ იმედი მაქვს‚ ქმარი დაუტოვებდა. ასე რომ‚ ჩემო ძვირფასო‚ ჩემი სახლის გზა ყველამ დაივიწყეთ. მე აქ საქველმოქმედო ორგანიზაცია არ მაქვს და არც ერთის ფეხი არ ვნახო აქ მოდგმული‚ თორემ...

– თორემ რა‚ შენს ყოფილ საყვარლებს დაუძახებ და „ვიშიბალებად“ დანიშნავ‚ რომ შენი ახალი კურო დაიცვან? იცი‚ რაზე ვგიჟდები? იმაზე კი არა‚ რომ ეს ბოთე გამოიჭირე‚ ის მაგიჟებს‚ შენ როგორ მიაჩნდი მეგობრად ანუკასა და მის დაქალებს‚ როგორ ვერ მიხვდნენ‚ რომ შურიან‚ ბოროტ ქუჩის ქალს გაუყადრეს თავი‚ მაგრამ‚ ვხვდები‚ რაც მოხდა – ოთხივეს შეეცოდე უპატრონო‚ სოფლიდან გამოგდებული გოგო. ჰო‚ შენ წარმოიდგინე‚ გავარკვიე შენი წარსული: 15 წლიდან ბოზობდი. მარტო შენს სოფელში სამ კაცს დაუნგრიე ოჯახი. 16 წლისას უკვე ორი აბორტი გქონდა გაკეთებული. მესამე აბორტი არც ერთმა ექიმმა აღარ გაგიკეთა დიდი ანაზღაურების საფასურადაც კი‚ რადგან, ნაყოფი უკვე დიდი იყო და ვერავინ გარისკა. ამიტომ‚ იძულებული გახდი‚ გაგეჩინა‚ მაგრამ‚ ახალშობილი სოფლის განაპირას‚ ნაგავსაყრელზე დააგდე. თუმცა‚ ხომ გაგიგია – არ არსებობს საიდუმლო‚ რომელიც ადრე თუ გვიან არ გაცხადდება. ჰოდა‚ შენი ამბავიც გაიგო ხალხმა – ვიღაცამ დაგინახა ბავშვის გადაგდების დროს, მამაშენს მიუტანა ამბავი და‚ ცხადია‚ სხვებსაც უთხრა. ეს საშინელება კი არც სოფელმა გაპატია და არც ოჯახმა და ამიტომაც გამოგაგდეს სოფლიდან. მერე კი თბილისში ვიღაც ფულიანი ბებერი გამოიჭირე და იმან მოგაწყო ინსტიტუტში.

– გაჩუმდი! – საშინელი ხმით იკივლა ნატამ‚ – გაჩუმდი‚ თორემ‚ ჩემი ხელით დაგახრჩობ‚ შე პატარა ბოზო! – ნატა მთლიანად კანკალებდა და აღარ იცოდა‚ როგორ მოქცეულიყო. არ ეგონა, მის საშინელ საიდუმლოს თუ გაიგებდა ვინმე. მერე გაოგნებული, გელასკენ მიბრუნდა და მთელი ჯავრი მასზე ამოიყარა: შენ რაღას მიშტერებიხარ და უსმენ ამ ქუჩის გოგოს ბოდვას? იმის ნაცვლად‚ რომ ცოლი დაიცვა და კუდით ქვა ასროლინო ამ ცილისმწამებელ ნაბიჭვარს‚ დაგიღია პირი ლენჩივით და ამდენის უფლებას აძლევ! კაცი ხარ ამის შემდეგ? შენი იმედი უნდა მქონდეს?

– ეს ყველაფერი მართალია? – ჩუმად ჰკითხა გელამ და ნატას შეშინებულმა გახედა.

– რა იდიოტი ხარ! რა თქმა უნდა‚ ტყუილია! ამას როგორ უჯერებ‚ ვერ ხვდები‚ რომ ჩემი ოჯახის დანგრევას ცდილობს?

– ჰო‚ კარგი‚ დამშვიდდი‚ ნუ მიაქცევ ყურადღებას‚ სახლში შევიდეთ‚ – გელა შეეცადა‚ ნატა ბინაში შეეყვანა. კარს რომ კეტავდა‚ მარის მიუბრუნდა და დამუქრებით უთხრა: აღარ გაბედო და ჩემს ცოლს შეურაცხყოფა აღარ მიაყენო‚ თორემ‚ ციხეში ჩავასმევინებ შენს თავს! გაეთრიე აქედან! უფლებას არ მოგცემ‚ ჩემი ცოლ-შვილის მყუდროება დაარღვიო. გაეთრიე-მეთქი!

– ნატა შენი ცოლია და ის პატარა ბავშვი – შენი შვილი? დარწმუნებული ხარ? ეჭვიც არასდროს შეგპარვია‚ რომ შენ ხარ მამა? მე ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი – ხომ იცი‚ ყველაფერი ხდება ცხოვრებაში‚ შე საბრალო ამება! – მარიმ რამდენიმე საფეხური ჩაიარა‚ მერე ისევ მიუბრუნდა გელასა და ნატას და ბოლო ფრაზა უთხრა: ისე‚ ჩემს ცხოვრებაში არ მინახავს ასეთი შესაფერისი წყვილი – ორი ნაგავი! – და სწრაფად ჩაირბინა კიბე.

გაგიჟებული ნატა მარისკენ დაიძრა‚ თან თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა‚ რომ რამე მოეხელთებინა და ამ თავხედი გოგოსთვის თავი გაეხეთქა‚ მაგრამ, დაუპატიჟებელი სტუმარი  უკვე სადარბაზოდან გადიოდა და მეზობლების გასართობად აღარ მოინდომა სეირის მოწყობა. „ნეფე-პატარძალს“ კარგა ხნით დაერღვა იდილია. ნატა გარეთ აღარ გამოჰყოლია მარის – ზედმეტ ალიაქოთს მოერიდა‚ არ უნდოდა‚ ისედაც ამრეზილი მეზობლებისთვის ახალი საჭორაო მასალა მიეცა.

***

... ძალიან გაუჭირდა‚ მაგრამ‚ მარიმ ანუკას ყველაფერი უამბო. ანუკა გაოგნდა. „ესე იგი‚ ქუჩაში გაგვყარა‚ – ფიქრობდა შეძრული ქალი‚ – ბავშვებიც გაწირა‚ დედამისიც“... 

– მარის კი საკმაოდ ვრცელი‚ თუმცა, მხოლოდ ერთი წინადადება უთხრა:

– არ გეწყინოს‚ მაგრამ‚ მართლა სოფლის აშარი დედაკაცივით მოქცეულხარ. მე შენ იქ საჩხუბრად და საქმეების გასარჩევად არ გამიშვიხარ‚ თანაც‚ დარეკვა გთხოვე‚ და არა მისვლა... მაგრამ, ნატას ამბები საიდან გაარკვიე‚ მართლა ასეთი საშინელი ადამიანია?

– ჩემი მეგობრის ცოლია იმ რაიონიდან‚ საიდანაც ნატაა ჩამოსული და იმან გამიგო ყველაფერი. ვიცი‚ რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი‚ მაგრამ ისე მომინდა‚ ორივე გამემწარებინა‚ რომ თავი ვერ შევიკავე‚ – დაეთანხმა მარი.

– კარგი‚ რაც იყო‚ იყო. ხვალიდან სხვანაირად ვიცხოვრებთ‚ – თითქოს თავისთავს უთხრა ანუკამ.

მარის ეუცნაურა დეიდაშვილის ხმა და გაოცებულმა შეხედა – ის გაშტერებით იყურებოდა სადღაც შორს‚ ფანჯრის მიღმა და მარი მიხვდა‚ რომ იმ რამდენიმე წუთში ანუკაში საოცარი გარდატეხა მოხდა – მის წინ ახლა სხვა ქალი იჯდა: მტკიცე‚ ძლიერი‚ თავის თავში დარწმუნებული და... საყვარელი მამაკაცისგან მიტოვებული.

***

რამდენიმე დღის შემდეგ ანუკამ ბარგის შეკვრა დაიწყო. მარი მიხვდა‚ რომ ვერ გადაათქმევინებდა და ამიტომ ხმის ამოუღებლად ეხმარებოდა. როდესაც ანუკას დედამ გაიგო შვილის გადაწყვეტილება‚ კინაღამ გული გაუსკდა.

– ასე ფარ-ხმლის დაყრა არ შეიძლება‚ დედიკო‚ უნდა იბრძოლო!

– რისთვის ვიბრძოლო‚ დედა?

– ქმრისთვის‚ ოჯახის შენარჩუნებისთვის!

– რომელი ქმრისთვის ვიბრძოლო‚ დედაჩემო‚ იმ ქმრისთვის‚ რომელიც სიტყვითა და საქმით იმას მიმტკიცებს‚ რომ აღარ ვუნდივარ?! ძალით და ბრძოლით შენარჩუნებული და ჯაჭვით დაბმული ქმრის დედაც ვატირე! რად მინდა ვიღაც ძუკნასთან ზიარი ქმარი? ვნახოთ‚ ვინ დარჩება წაგებული – მე თუ ის. ძალიან გთხოვ‚ დედა‚ მისი სახელი აღარ მიხსენო‚ იყო და არა იყო რა! მე ახლა ქვრივი ვარ‚ ან‚ მარტოხელა დედა – როგორც გინდა‚ ისე ჩათვალე. როგორმე უიმისოდაც გავზრდი ჩემს შვილებს... – ანუკას ხმაში ისეთი სიმტკიცე იგრძნობოდა‚ რომ დედამისმა შეპასუხება ვეღარ გაბედა.

***

ანუკამ მშობლებთან ახლოს იქირავა‚ ოროთახიანი ბინა – ახალგარემონტებული და სანახევროდ მოწყობილი. ხვალიდან ახალ ბუდეში უნდა გადასულიყო და ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო. თავისი ბარგი და ავეჯი უკვე გადატანილი ჰქონდა. მხოლოდ საწოლები და სამზარეულოს ნივთები დარჩა წასაღები. არაფრისთვის ხელი არ უხლია‚ რაც გელას ან მისი მშობლების ნაყიდი იყო.

დილას მუშები მოვიდნენ‚ საწოლები აკეცეს‚ ყუთები ერთმანეთზე შეაწყვეს და ყველაფერი საბარგო მანქანაში ჩაზიდეს. გასვლისას ანუკამ ერთხელ კიდევ მოავლო სევდიანი მზერა კედლებს‚ რომლებშიც ამდენი წელი გაატარა. ის იყო‚ კარი უნდა გაეხურა‚ რომ ტელეფონმა დარეკა. აღარ იცოდა‚ რა ექნა – შებრუნებულიყო და ეპასუხა თუ უკანმოუხედავად გასცლოდა აქაურობას. ბოლოს მაინც მივიდა ტელეფონთან:

– გისმენთ!

– სამ დღეში ბინა დაცლილი იყოს‚ ქალბატონო და ხელს არაფერი გააყოლო – რაც მანდ არის‚ ყველაფერი ჩემს შვილს ეკუთვნის. მინდა‚ გაგახარო‚ ჭირიმე: ბანკმა ბინის გაყიდვის უფლება მოგვცა. ასე რომ‚ ბანკის ვალსაც გავისტუმრებთ და კარგა გვარიანი თანხაც დაგვრჩება. თბილისში რომ ჩამოვედი‚ ლამის ათი წელი ვიცხოვრე ქირით‚ ახლა კი შენ ნახე‚ როგორია ქირით ცხოვრება! არც პირად ცხოვრებაში მიმართლებდა. შენ რატომ უნდა გეჯობნა ჩემთვის? იმიტომ‚ რომ თბილისში დაიბადე და გაიზარდე?! მე თუ სოფლიდან ჩამოვედი‚ იმიტომაც ვერ წაგართვი ყველაფერი?! იცი‚ როდის წაგართვი ქმარი? რესტორანში რომ ვიქეიფეთ კურსელებმა‚ იმ დღიდან ერთი კვირის შემდეგ, შენი უერთგულესი და შენზე ყურებამდე შეყვარებული შენი ყოფილი თანამეცხედრე ჩემს საწოლთან იდგა მუხლებზე და სიყვარულს მეფიცებოდა...

– რატომ ჩაიდინე ეს? – ჩაიჩურჩულა შეძრწუნებულმა ანუკამ.

– იმიტომ‚ რომ მეც მინდოდა ბედნიერება! მეც მინდოდა‚ ვინმეს ისე ვყვარებოდი‚ როგორც მაშინ შენ უყვარდი გელას! სულ ერთი ადამიანის ხვედრი რატომ უნდა ყოფილიყო ბედნიერება?

– მერე‚ ხომ გყავდა მაშინ შეყვარებული‚ რად გინდოდა ცოლიანი კაცი? – ანუკამ ეს კითხვა დაუსვა და უცებ საოცარი სიმშვიდე დაეუფლა – იგრძნო‚ რასაც უპასუხებდა ნატა და, ერთადერთი გრძნობა‚ რამაც მთელი მისი არსება მოიცვა‚ სიბრალული იყო – სიბრალული გელასა და ნატას მიმართ.

– გინდა‚ თქვა‚ „საყვარელიო“‚ არა‚ ჭირიმე? ბოლომდე კულტურული და მორიდებული ხარ. ჰო‚ მყავდა‚ მაგრამ‚ ჯერ ერთი‚ იმას ფული გამოელია; მეორეც‚ ის საყვარელი იყო და არა შეყვარებული‚ ანუ‚ არ მიყვარდა ისევე‚ როგორც მისი წინამორბედნი და, მესამე – შენს ქმარს მეტი ფული ჰქონდა‚ თანაც‚ უკეთეს წრეში ტრიალებდა და მეც მინდოდა საზოგადოებაში გამოსვლა. გინდა‚ უკეთესი გითხრა?

– არ მინდა... – გააჟრჟოლა ანუკას‚ მაგრამ ყურმილი მაინც არ დაკიდა.

– მაინც გეტყვი. გახსოვს‚ შარშან შენს დაბადების დღეზე რესტორანში რომ წაგიყვანა გელამ? გახსოვს? – ჩაეკითხა ნატა.

– ჰო... – ანუკას გაახსენდა შარშანდელი დაბადების დღე და გული შეეკუმშა.

– ისიც გახსოვს‚ მობილურზე რომ დაურეკეს?

– ჰო... – მექანიკურად უპასუხა ანუკამ.

– ისიც გახსოვს‚ რომ გითხრა‚ სამსახურიდან მირეკავენ‚ თხუთმეტ წუთს დამელოდე‚ გასაღებს მივუტან და მოვალო?

– ჰო... – ანუკას ცოტაღა აკლდა ისტერიკამდე.

– იმ ზარის „ავტორი“ მე ვიყავი. სამშობიაროდან ვრეკავდი – ჩემი ერთი დაქალი აბორტს იკეთებდა და ექიმის ფული არ ჰქონდა. სხვათა შორის‚ ისიც ცოლიანი კაცისგან იყო ფეხმძიმედ‚ თანაც, მდიდრისგან. ჰოდა‚ იმ სულელმა არ დამიჯერა‚ რომ ვეხვეწებოდი‚ გააჩინე-მეთქი. ახლა კი ნანობს‚ მე რომ მიყურებს‚ მაგრამ‚ რაღა დროს... ერთი სიტყვით‚ შენმა საყვარელმა ქმარიკომ სამშობიაროში აბოროტის ფული მოიტანა‚ მერე ჩემი დაქალი სახლში მივიყვანეთ‚ იქიდან კი ჩემთან წამოვიდა. შუაღამისას ძლივს გამოვაგდე. ვეუბნებოდი‚ შენი ცოლი‚ ალბათ ისევ რესტორანში ზის და გელოდება-მეთქი. ჰოდა‚ მელოდოსო‚ –  სიცილით კვდებოდა.

– ტყუილია... – ჩაიჩურჩულა ანუკამ.

– გეგონოს. ერთი სიტყვით‚ ასეა‚ ჭირიმე. არ შეიძლება, ერთ მეგობარს ყველაფერში ბედი სწყალობდეს და მუდამ ბედნიერი იყოს‚ მეორე კი...

– მეცოდები... – გულწრფელად აღმოხდა ანუკას.

– რა-ა?! – ნატა ასეთ პასუხს არ ელოდა. ეგონა‚ ანუკა აყვირდებოდა‚ ატირდებოდა‚ ლანძღვასა და გინებას აუტეხდა‚ გული გაუსკდებოდა შეურაცხყოფისგან. იმან კი ერთი სიტყვა უთხრა და იქით გაუხეთქა გული‚ – გაიმეორე‚ რა თქვი? – ჩაეკითხა გაოგნებული.

– ორივე მეცოდებით‚ ძალიან საბრალოები ხართ‚ იმიტომ რომ, ახლაც არ გიყვართ ერთმანეთი და‚ საერთოდ‚ ეს ნაბიჯი მართლა სიყვარულმა კი არ გადაგადგმევინათ – მაშინ კიდევ რაღაც გამართლება ექნებოდა თქვენს საქციელს‚ – არამედ‚ სულ სხვა რამემ: შენ – შურმა და ბოღმამ‚ იმას კი – სიდებილემ. ახლა‚ რაც შეეხება ბინას: დღეიდან ეს ბინა დაცლილია და რაც გინდათ‚ ის უყავით. გელას ნივთები ყველაფერი ადგილზეა. ღმერთმა ყველაფერი ისე მოგახმაროთ‚ როგორც დაიმსახურეთ‚ – და ანუკამ ნელა დაკიდა ყურმილი.

***

ძნელად‚ მაგრამ‚ ანუკა მაინც შეეგუა ახალ მდგომარეობას. უფრო მობილიზებული და მკაცრი გახდა. დედ-მამა და მარი ძალიან ეხმარებოდნენ. ბავშვებიც თითქოს გრძნობდნენ დედის მდგომარეობას და, ცდილობდნენ‚ დარდი შეემსუბუქებინათ. მამას საერთოდ აღარ ახსენებდნენ‚ უფრო მეტიც – ცდილობდნენ‚ აღარც ეფიქრათ მასზე‚ თუმცა‚ გულის სიღრმეში გრძნობდნენ‚ რომ ის დღეები ენატრებოდათ‚ როცა გელაც მათთან ერთად ცხოვრობდა და ყველანი ბედნიერები იყვნენ. ერთი სიტყვით‚ მამა მაინც ენატრებოდათ‚ მაგრამ‚ ცდილობდნენ‚ ეს მონატრება განედევნათ გულიდან‚ რადგან‚ მიუხედავად მათი პატარა ასაკისა‚ ხვდებოდნენ‚ რომ მამამ მათაც (და არა მარტო დედას) უღალატა.

– ისე‚ მამა რომ მოვიდეს‚ რას იზამ? – ჰკითხა ერთ საღამოს ლელიკომ ძმას. ანდრო ჯერ დაიბნა‚ რადგან, ასეთ კითხვას არ ელოდა‚ მერე მოიღუშა და უნებურად მუშტები მოკუმა.

– კარს არ გავუღებ‚ – თქვა მოგვიანებით‚ – შენ?

– არ ვიცი. ალბათ‚ გავუღებ‚ თუ დედიკო არ იქნება სახლში. მომენატრა...

– მეც‚ – გამოტყდა ანდრო‚ – მაგრამ, მაინც არ გავუღებ. დიდი რომ ვიყო‚ ერთი კარგად მივბეგვავდი.

– გაგიჟდი? მამას სცემდი?

– ჰო‚ ვცემდი. იმიტომ‚ რომ ის კაცი ჩვენი მამა აღარ არის. თითქმის წელიწადი გავიდა და ერთხელ არ უცდია ჩვენი ნახვა. დაერეკა მაინც‚ – თქვა ანდრომ‚ მერე კი ძალიან მტკიცედ დაამატა: რომ გავიზრდები‚ მაინც ვცემ‚ თანაც‚ ძალიან მწარედ‚ – და ოთახიდან გავიდა.

***

ბავშვები ახალ სკოლას მალე შეეჩვივნენ. აქ უფრო მშვიდად გრძნობდნენ თავს – არავინ იცოდა მათი ოჯახის ამბავი და, ამიტომ, არც არავინ აწუხებდა ზედმეტი კითხვებითა თუ ორაზროვანი მზერით. ორივე კარგად სწავლობდა‚ არც საქციელს უწუნებდნენ მასწავლებლები და ანუკასაც უხაროდა‚ რომ ამ მხრივ მაინც არ ჰქონდა პრობლემები. თან‚ სკოლა ძალიან ახლოს იყო – სახლიდან ორმოცდაათ მეტრში და ბავშვები თვითონ დადიოდნენ. თუ ანუკა სახლში არ იყო‚ ბებიასთან და ბაბუასთან ადიოდნენ სადილად‚ გაკვეთილებსაც იქვე ამზადებდნენ და საღამომდე იქ რჩებოდნენ.

გადიოდა დრო. ანუკას სამსახურის საქმეც კარგად აეწყო: მთელი ქალაქის ელიტამ მასთან დაიწყო სიარული‚ როგორც საუკეთესო კოსმეტოლოგთან. ერთ დროს ფუფუნებით განებივრებულმა‚ მომჭირნედ ისწავლა ცხოვრება. სოლიდური შემოსავლის წყალობით კი საკმაო თანხას მოუყარა თავი‚ ქალაქის ცენტრში ფართი იყიდა‚ გაარემონტა და საკუთარი სილამაზის სალონი გახსნა. მაღალ დონეზე მოწყობილი სალონი მალე გახდა მოდური‚ ანუკას შემოსავალმაც იმატა და ერთ წელიწადში მანქანა იყიდა‚ კიდევ ერთი წლის შემდეგ კი ბინის მშენებლობაშიც შეიტანა ფული. ერთი სიტყვით‚ ანუკა ნამდვილი საქმიანი ქალი გახდა: ძალიან მოვლილი‚ ძალიან მომხიბლავი‚ საკუთარ თავში დარწმუნებული, საკმაოდ მკაცრი‚ საკმაოდ ოფიციალური და... ოდნავ სევდიანი.

– ზოგს რა ბედი აქვს‚ – აბმობდნენ ზურგსუკან ანუკას ძველი ნაცნობები. 

– თითქოს ქმართან გაყრა მოუხდაო‚ გარეგნობითაც კიდევ უფრო დამშვენდა და, ბარე ორ ქალს არ ექნება ასე აწყობილი ბიზნესი. ეჰ‚ უმართლებს ზოგიერთს! – ოხრავდნენ შურიანები.

– ყოჩაღ‚ ქალო! სხვა ხელს ჩაიქნევდა‚ მოეშვებოდა‚ ბედს დანებდებოდა‚ სასოწარკვეთილებაში ჩავარდებოდა‚ ამან კი შეუძლებელი შეძლო‚ – აქებდნენ მოკეთეები.

მაგრამ‚ ბევრმა არ იცოდა და არც აინტერესებდა‚ ყველა ამ სიკეთეს რამდენი წლის თავდაუზოგავი შრომა‚ ტირილში თეთრად გათენებული ღამეები‚ საყვარელი მამაკაცის გარეშე გატარებული ახალგაზრდობა ედო საფუძვლად. ხშირად შვილების თვალებში შემჩნეულ სევდას გამოუფხიზლებია ანუკა და ახალი ენერგიითა და ძალით აუვსია. არც ცრემლი დაუნახვებია ვინმესთვის და არც თავისი გასაჭირი შეუჩივლია; არც ოხვრა და კვნესა გაუგია მისგან ვინმეს – ხელისგულზე გაზრდილმა ნებიერამ უდრტვინველად ზიდა თავის ჯვარი და სულიერად და ფიზიკურად დაცემული ოჯახი ისე წამოსწია‚ ბევრს შეშურდებოდა. ანდრო სკოლას რომ ამთავრებდა‚ მაშინ გადავიდნენ ახალ ბინაში. ბავშვები ბედნიერები იყვნენ და ამაყობდნენ დედით. ანუკაც ხარობდა შვილებით. ეხვეწებოდა მოხუც მშობლებს‚ ჩემთან გადმოდით‚ დიდი ბინა გვაქვს‚ ყველა დავეტევითო‚ მაგრამ, მოხუცებს თავიანთ ბუდეში ერჩივნათ ყოფნა. აღარც ლელა ჩამოსულა ქუთაისიდან – დარჩა თავის დასთან და თითქმის ყოველდღე რეკავდა შვილიშვილებთან. ბევრს ეხვეწა ანუკა‚ ჩემოვალ და წამოგიყვანო‚ მაგრამ‚ ვერ დაითანხმა – თავისი შვილის საქციელის შემდეგ რცხვენოდა‚ რძალს დასწოლოდა კისერზე და ისევ დის ოჯახში დარჩენა არჩია.

ანუკა ყოველთვიურად უგზავნიდა დედამთილს ორას დოლარსა და საჩუქრებს. შორიდან ცდილობდა‚ ყურადღება არ მოეკლო მოხუცისთვის‚ რომელიც მართლა უყვარდა და ეცოდებოდა‚ რადგან, თავის ბედოვლათ შვილს ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ტელეფონითაც კი არ მოუკითხავს. თუმცა‚ ანუკა მაშინაც უგზავნიდა გარკვეულ თანხას დედამთილს‚ როცა საკუთარი შვილებისთვის ცარიელი პური ჰქონდა საუზმედაც‚ სადილადაც და ვახშმადაც. წელიწადში ორ-სამჯერ ანუკა შვილებთან ერთად ჩადიოდა ქუთაისში. ერთი სიტყვით‚ ყველაფერს ახერხებდა‚ ყველაფერს ასწრებდა‚ ყველასთვის იცლიდა‚ ყველა ახსოვდა‚ საკუთარი თავის გარდა.

მომწონებელი და ხელის მთხოვნელი არც მანამდე აკლდა‚ მაგრამ, მას შემდეგ‚ რაც მყარად დადგა ფეხზე‚ ხელის მთხოვნელებმაც იმრავლეს და მისი გულის მოგების მსურველებმაც.  მათ შორის საკმაოდ ცნობილი უცხოელი ბიზნესმენებიც იყვნენ. მაგრამ, ანუკამ თავის ბედის კარს დიდი ბოქლომი დაადო და სამუდამოდ ამოქოლა. მას ვეღარ წარმოედგინა ვერც ერთ მამაკაცთან ვერანაირ დონეზე ურთიერთობა‚ გარდა საქმიანისა. უფრო მეტიც – ყველა მამაკაცი მის თვალში მეტ-ნაკლებად ნაძირალა იყო. არც ფლირტი და სასიყვარულო ისტორიები აღელვებდა და აინტერესებდა. ამ მხრივ‚ თუ შეიძლება ასე ითქვას‚ ფრიგიდული გახდა. ერთი სიტყვით‚ ანუკამ ყველაფერი პირადული უარყო და მთელი დარჩენილი ცხოვრების შვილებისა და ახლობლებისთვის მიძღვნა გადაწყვიტა. ამაში ეკლესიაც ძალიან დაეხმარა – მთლიანად მიენდო უფალს და მისი შეწევნით შეძლო თავისი უბედურების დაძლევა. თუმცა‚ იყო პერიოდი‚ რომ ძალიან გაუჭირდა მარტოობა. მას‚ როგორც ყველა ნორმალურ ახალგაზრდა ქალს‚ უნდოდა, გვერდით ჰყოლოდა მოსიყვარულე მამაკაცი‚ რომელიც იზრუნებდა მასზე‚ მოეფერებოდა‚ მის თავს მკერდზე მიიყრდნობდა და ეტყოდა: ნუ გეშინია‚ მე შენთან ვარ. ჩვენს სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი მოერევაო; ან‚ როგორც ქალს‚ გაანებივრებდა‚ ფოიერვერკებს მოუწყობდა... მოკლედ‚ ნამდვილი სიყვარული ენატრებოდა. მას მერე‚ რაც გელამ მიატოვა‚ სხვადასხვა დროს სულ ორჯერ ჰქონდა მცდელობა‚ მრავალფეროვანი თაყვანისმცემლებიდან უფრო ღირსეულთან აეწყო ურთიერთობა‚ მაგრამ‚ ორივე ურთიერთობა საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა‚ რადგან‚ ვერც ერთმა „რჩეულმა“ ვერ „გაქაჩა“ კაცობაში. ორივე ჩაიჭრა‚ უფრო სწორად – გაიშიფრა: საბედნიეროდ‚ ანუკა ორივე შემთხვევაში დროულად მიხვდა‚ რომ არც ერთი არ იყო ნამდვილი მამაკაცი. თუმცა‚ საზოგადოებაში ისეთი სახელი ჰქონდათ‚ ყველა ქალი მათთან ურთიერთობაზე ოცნებობდა‚ თუნდაც ფლირტის დონეზე. ანუკა კმაყოფილი იყო თავისი საქციელით‚ რომ ორივე „რომანი“ თვითონვე ისე გაასაიდუმლოა‚ რომ არავის არაფერი გაუგია. შესაბამისად‚ არც ურთიერთობების პროცესს და არც გაშორებას, არ მოჰყოლია ჭორების აგორება. მაგრამ‚ ანუკამ საბოლოოდ ხელი ჩაიქნია სიყვარულზე, მამაკაცებზეც და საკმაოდ მკაცრი განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს: როგორც ჩანს‚ არ ვარ ისეთი ქალი‚ რომლისთვისაც მამაკაცს კაცობისა და რაინდობის სურვილი გაუჩნდებაო. ამიტომ‚ თითქმის დაივიწყა‚ რომ ქალი იყო‚ თანაც – ლამაზი ქალი და მამაკაცებს საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას.

ექვსი წელი ისე გავიდა‚ ანუკას გელა არც თვითონ‚ არც სხვისი მეშვეობით არ შეხმიანებია – არც შვილები უკითხავს‚ არც დედა და არც თავად ანუკა. გელას მეგობრები‚ მართალია‚ იშვიათად‚ მაგრამ‚ ხანდახან მაინც დაურეკავდნენ ხოლმე და ზრდილობის გამო ჰკითხავდნენ‚ ხომ არაფერი გჭირდებაო. ეს სატელეფონო ზარებიც ძირითადად მას შემდეგ გახშირდა‚ რაც ანუკა რესპექტაბელური ქალი გახდა. მანამდე კი‚ როცა მიტოვებული ანუკა ორი პატარა ბავშვით სხვის ჭერს იყო შეფარებული‚ თითქმის არავინ გაჰკარებია. ანუკას არც სწყენია და არც გაკვირვებია‚ რადგან‚ არ შეიძლებოდა‚ გელას მეგობრები გელაზე ბევრით უკეთესები ყოფილიყვნენ.

არც ანუკას უკითხავს გელას ამბავი‚ მაგრამ‚ ჭორიკანა დაქალებმა რამდენჯერმე მოუსისინეს: გელა ყურებით უჭირავს ცოლს. ბავშვს ქმარს აზრდევინებს‚ თვითონ კი აღმა-დაღმა დაგრიალებსო; ერთმანეთში ძალიან ცუდად არიან და ხშირად ჩხუბობენო; გელა გაკოტრდა და ცოლს მისი სახლიდან გაგდება უნდა‚ თუმცა‚ ჯერჯერობით არაფერი გამოსდის‚ რადგან, გელას წასასვლელი აღარსად აქვსო; გელა ძალიან ნანობს თავის საქციელს‚ მაგრამ, ვერ ბედავს ყოფილი ცოლის ნახვასო; ვეღარ იცნობ‚ ისეა გამხდარი და გაყვითლებული‚ აშკარად რაღაც სჭირს მაგ უბედურსო... ანუკას კი ნერვიც არ უტოკდებოდა‚ არანაირი გრძნობა აღარ გააჩნდა იმ კაცის მიმართ‚ ვინც ოდესღაც მთელ ქვეყანას ერჩივნა. თქვენ წარმოიდგინეთ‚ აღარც სძულდა‚ როგორც ეს გელას სახლიდან წასვლის შემდეგ დაემართა და აღარც ებრალებოდა. იმასაც კი ვერ იხსენებდა‚ რა ფერის თვალები ჰქონდა ყოფილ ქმარს‚ როგორი ხმა... ერთი სიტყვით‚ მას ეს კაცი აღარ ახსოვდა‚ თითქოს არც არასდროს იცნობდა.

***

ერთ დილას ანუკას ანიმ დაურეკა და ჰკითხა‚ ამ საღამოს რას აპირებო.

– შენთან მოსვლას‚ იუბილარო‚ – უპასუხა ანუკამ.

– ჩემთან აღარ მოხვიდე‚ „მარიოტში“ მოდი‚ 7 საათზე იქ ვიქნებით გოგოები. კარგად გამოიპრანჭე‚ იცოდე‚ ოთხივე ისე უნდა ვბრწყინავდეთ‚ ყველა უნდა დავშოკოთ! გელოდები! – ჩასძახა ყურმილს ანიმ.

ანუკამ მეგობრის დაბადების დღისთვის ნაყიდი საჩუქარი – მობილური ტელეფონი –  ლამაზ პარკში ჩადო და რესტორანში წასასვლელად ტანსაცმელი შეარჩია: მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი‚ ძვირფასი‚ ვარდნილი ქსოვილისგან შეკერილი შავი შარვალი‚ კრემისფერი აბრეშუმის‚ ბრეტელებიანი ულამაზესი მაისური და შარვლისავე პიჯაკი. სამკაულიც შესაბამისი გაიკეთა – სვაროვსკის ბეჭედი‚ საყურეები და ყელსაბამი. ვარცხნილობა უკვე გაკეთებული ჰქონდა‚ ფრჩხილებიც – მოწესრიგებული. მხოლოდ მაკიაჟი რჩებოდა. დრო კი საკმაოზე მეტი ჰქონდა. მარის დაურეკა და სთხოვა‚ თუ შეგიძლია‚ ამ საღამოს ბავშვებთან დარჩეო. მარი‚ როგორც ყოველთვის‚ ახლაც თავის სიმაღლეზე აღმოჩნდა და სიხარულით დათანხმდა – ჩემმა მოხუცებმა ისე შემშალეს‚ აღარ ვიცოდი‚ სად გავქცეულიყავი, სიამოვნებით მოვალო. ანუკას შვილები წამოიზარდნენ და მარი კარგად გრძნობდა თავს ამ მშვიდი და გონიერი მოზარდების საზოგადოებაში.

4 საათი სრულდებოდა‚ მარი რომ მოქაქანდა. მის დანახვაზე ანუკას გული გაუნათდა. თავს გადამხდარი უბედურების გადატანაში მარი ისე დაეხმარა‚ რომ ძალიან შეეჩვია და მიეკედლა.

– მაკიაჟს მე გაგიკეთებ‚ – შესთავაზა მარიმ.

– კარგი‚ ოღონდ‚ ჯერ არა‚ წასვლის წინ‚ თორემ, ყველაფერი ამეზილება სახეზე.

– კი ბატონო. მანამდე ყვავა დავლიოთ‚ თითო ღერი მოვწიოთ და‚ სანამ ბავშვები მოვლენ‚ ცოტა წავიჭორაოთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3