კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტელექტუალური მკვლელი

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯორჯ ჰანეკერს თავისმა შეფმა (რომლის ინტელექტითაც მოხიბლული იყო ჯორჯი), მისტერ ულრიხმა, ჭადრაკი აჩუქა. უბრალო ჭადრაკი კი არა, სპილოს ძვლისა და შავი ხის, მოჩუქურთმებული და ძალიან ძვირფასიც. თან, ჭადრაკის ხელმძღვანელიც მოაყოლა და ცნობილ მოჭადრაკეებზე დაწერილი წიგნებიც. ჯორჯ ჰანეკერმა ჭადრაკი უძვირფასესი განძივით მიიტანა სახლში და ცოლს აჩვენა.

– სხვათა შორის, კარგი იქნება, თუ ჭადრაკის თამაშს შენც ისწავლი.

ლუიზამ წარბები გაოცებით აზიდა და ქმარს ზიზღით შეხედა:

– მეცოდები. ჭადრაკი რა კაცის საქმეა! ახლა გინდა, მეც ჩამითრიო მაგ სისულელეში? მაგ შენს ულრიხსაც ვერ ვიტან, საზიზღარი ვინმეა, ამპარტავანი და, როცა სტუმრად მოდის, ისე მიყურებს, როგორც არარაობას. 

– უსამართლო ხარ, – გააპროტესტა მისტერ ჰანეკერმა, – შესანიშნავი ადამიანია. თავის საგანძურს შეელია და დაუნანებლად მაჩუქა. ამას ყველა არ გააკეთებდა.

– ჰმ, საგანძური! შენ, გატყობ, ბევრი დრო გაქვს, ჭადრაკისთვის რომ მოგიცლია, სულელო. კარგი, გამოიცვალე, ყველაფერი თავის ადგილას ჩამოკიდე და ვივახშმოთ... ჩემი იმედი ნუ გექნება, ჭადრაკის თამაშზე ვერ მოვცდები, ისედაც უამრავი საქმე მაქვს. შენს გასაკეთებელსაც მე ვაკეთებ და, არანაირი სურვილი არ მაქვს, ჭადრაკის შესწავლაც დავიწყო.

– ულრიხმა მითხრა, ვინც სერიოზულად მოჰკიდებს ხელს ჭადრაკის თამაშს, მის გარეშე ცხოვრებას ვეღარ შეძლებსო.

– უკვე გითხარი, ჩემი იმედი ნუ გექნება-მეთქი!

მისტერ ჰანეკერმა ამოიოხრა. პრინციპში, სხვას არც ელოდა. ლუიზას და მას არასდროს ჰქონიათ საერთო ინტერესები. ქალს არ უყვარდა ოპერაში სიარული და უფრო მდარე ხელოვნება აინტერესებდა; მისტერ ჰანეკერს არ მიჰყავდა სახლში მეგობრები, რადგან, მის ცოლს ეს აღიზიანებდა; არ დადიოდნენ გამოფენებზე, პრემიერებზე... სამაგიეროდ, ლუიზა შესანიშნავი დიასახლისი იყო: სახლი ყოველთვის იდეალურ წესრიგში ჰქონდა და ყოველ კაპიკს უფრთხილდებოდა... ქმრის გასაოცრად, თხუთმეტი ათასი დოლარის დაზოგვაც კი შეძლო და, ახლა შეეძლოთ, სიბერეს მშვიდად შეხვედროდნენ. ერთი სიტყვით, მისტერ ჰანეკერი, ასე თუ ისე, მაინც არ უჩიოდა ბედს. 

მისტერ ულრიხი მართალი აღმოჩნდა: ჭადრაკმა მალე ისე შეიყოლია, რომ დროზე ადრეც კი მორბოდა სამსახურიდან, რომ დაფა გაეშალა და პარტიას ჩასჯდომოდა. ნელ-ნელა დაოსტატდა კიდეც. ღამ-ღამობით ცნობილ მოჭადრაკეთა პოპულარულ პარტიებს ეცნობოდა... გადიოდა დრო და სულ უფრო მწვავედ გრძნობდა პარტნიორის ნაკლებობას. ეს შემაძრწუნებელი განცდა მთელ მის გონებას დაეპატრონა. ცოცხალი პარტნიორი ოცნებად ექცა. გადაწყვიტა, საკუთარ თავში მეორე მოჭადრაკე „ჩაესახლებინა“ და მასთან დაეწყო პაექრობა. ეს იდეა მალე ისე აეკვიატა, რომ მოსვენება დაკარგა. თუმცა მისმა წარმოსახვამ შეძლო, წარმოედგინა „ის“ – მეტოქე, რომელიც მას ტოლს არ დაუდებდა. და, დაიწყო... საღამოები ჭადრაკის თამაშში გადიოდა. შავებით ყოველთვის თვითონ თამაშობდა, თეთრები „პარტნიორს“ დაუთმო. გააკეთებდა სვლას, ადგებოდა და ჭადრაკის დაფას საპირისპირო მხრიდან მიუჯდებოდა. ლუიზასთვის ეს სასაცილო საყურებელი იყო, ამიტომ, ერთხანს ითმინა... სავარძელში მჯდარი, ჩუმად ადევნებდა თვალს ქმრის საქციელს და ხითხითებდა, თან ქსოვდა... მაგრამ, ყველაფერს საზღვარი აქვს და ბოლოს ისიც გაღიზიანდა.

– სულელივით იქცევი! – დაუყვირა ქმარს, – შეგიძლია, ჭადრაკის დაფა შემოაბრუნო, წინ და უკან რისთვის დარბიხარ?

მისტერ ჰანეკერს წარბი არ შეუხრია, ჭადრაკის თამაშში მთელი არსებით იყო ჩაფლული, მაგრამ, შენიშნა, რომ მისი მოწინააღმდეგე დაიძაბა და ქალისკენ წყრომით გაიხედა. ერთბაშად მისტერ ჰანეკერმა აღმოაჩინა, რომ მის წინ თავისი შეფი, მისტერ ულრიხი იჯდა.

– როგორი შეუფერებელი მეუღლე გყავს, ჰანეკერ. საერთოდ არ შეუძლია, რომ გაგიგოს და მხარი აგიბას. მეც როგორ ვერ მიტანს! ისე მიყურებს ხოლმე, ვგრძნობ, რომ ვძულვარ. ძნელია, ასეთ ქალთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. 

მისტერ ჰანეკერი უხერხულად შეიშმუშნა და გაწითლდა.

– არა. არც ისეთი ცუდია, – სცადა ცოლის დაცვა, – უბრალოდ, წუხს, რომ საერთოდ აღარ ვეკონტაქტები. მობეზრდა და ვერც გავამტყუნებ.

– როგორი კეთილშობილი ხარ. მე ასეთ ცოლს ვერ გავუძლებდი. იცი, როგორ მიჭირს აქ მოსვლა? საშინელებაა, მისი სიძულვილით სავსე მზერის ატანა. სიმართლე რომ გითხრა, ჭადრაკის სიყვარული და შენი პატივისცემა მაიძულებს, აქ მოვიდე...

– ო, არა, უარს ნუ იტყვით ჩემთან მოსვლასა და თამაშზე! ამ საღამოების გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომიდგენია, – შეეხვეწა მისტერ ჰანეკერი.

– თუ გინდა, ერთი კვირით შვებულებას მოგცემ და დღისითაც ვითამაშოთ ხოლმე, – შესთავაზა მისტერ ულრიხმა. 

მისტერ ჰანეკერს სახე გაუბრწყინდა: 

– მართლა? გამაოგნებელი ახალი ამბავი მითხარით. ნელ-ნელა ვსწავლობ, ხომ, თამაშს?

– მინდა გითხრათ, რომ თავბრუდამხვევი წარმატებები გაქვთ. ძალიან ნიჭიერი ხართ. საშუალო დონეს უკვე გასცდით. ჯერსჯერობით ამ პარტიაშიც თანაბარი ძალები გვაქვს.

ჯორჯი გაწითლდა:

– მართლა?

– რა თქმა უნდა... მაგრამ, პარტიის გადადება მოგვიწევს – თქვენი ცოლი ისე გვიყურებს, სკანდალი გარდაუვალია.

– ო, არა. ხვალამდე ვერ მოვითმენ. მინდა, ჩემი შესაძლებლობები გაჩვენოთ.

– ჯორჯ... თქვენი მეუღლე... – უცებ ულრიხს თვალები აენთო, – არა, ამ ქალის მზერას ვერ ვუძლებ. უნდა წავიდე... შეიძლება, ხვალაც ვერ მოვიდე.

– რამ შეიძლება, ხელი შეგიშალოთ? – შეშფოთდა ჯორჯ ჰანეკერი.

– ლუიზამ, მაგალითად...

– ჯორჯ, არ გესმის, ჯორჯ? – გარკვევით გაისმა ლუიზას გამყინანი ხმა, – უკვე აღარც მელაპარაკები. ახლა მოვალ და მაგ ჭადრაკს იატაკზე გადმოგიყრი. ეს უკვე მეტისმეტია!..

ულრიხი ასადგომად წამოიწია.

– მეცოდები, ჯორჯ, ეს ქალი ნამდვილი კოშმარია...

– არა არა, სულელი ქალია, მაგრამ კარგი მეუღლეა და საკმაოდ ნორმალური მეგობარიც... – მისტერ ჰანეკერი სასოწარკვეთილი ცდილობდა ცოლის დაცვას.

– ჯორჯ, უკანასკნელად გაფრთხილებ: მოეშვი მაგ სისულელეს და ყურადღება მომაქციე!..

– აჰა, ახლა მოვა და ამ ჭადრაკს თავზე დაგვაყრის, – ირონიულად ჩაიცინა მისტერ ულრიხმა. 

ჯორჯმა ცოლისკენ გაიხედა – ლუიზა მართლაც უახლოვდებოდა მაგიდას... აი, ჭადრაკის ფიგურასაც შეახო ხელი... უცებ, ჯორჯის თვალწინ, მისტერ ულრიხმა ჭადრაკის დაფას სტაცა ხელი და ქალს მთელი ძალით ჩასცხო სახეში. ლუიზა უსულოდ დავარდა ძირს და გახეთქილი საფეთქლიდან სისხლმა ამოასხა...

ინსპექტორმა სინანულით შეხედა სავარძელში მჯდარ, ერთ წერტილზე მიშტერებულ ჯორჯ ჰანეკერს და ექსპერტს მიუბრუნდა:

– საცოდავი... ესე იგი, თქვენ ამბობთ, რომ პიროვნების გაორება სჭირს?

– ასეა. მკვლელობა თავად ჩაიდინა უფრო სწორად, იმ არსებამ, რომელიც მასში ჩასახლდა და ეს უბედური მისტერ ულრიხს ეძახის... გვამი შეგიძლიათ წაიღოთ. ყველაფერი ცხადზე ცხადია – შიზოფრენიის მძიმე ფორმაა. ის ახლა საკუთარი პიროვნების იდენტიფიკაციასაც ვერ მოახდენს... რას იზამთ, შიზოფრენია საშიში დაავადებაა. ნეტავი, ამ საწყალმა ქალმა რითი გააღიზიანა...

 

 

скачать dle 11.3