დრო ცვლის ყველაფერს
აღმოჩენას დიდხანს ელოდნენ
იცით, როგორ ხსნიდნენ კონსერვებს, სანამ მისი გასახსნელი არ არსებობდა? – ჩაქუჩით და ბრტყელტუჩათი. 1810 წელს გაჩნდა და დაპატენტდა პირველი კონსერვის ქილა. მისი ავტორი გახლდათ ინგლისელი პიტერ დიურანი. მაგრამ, მან თავის გამოგონებას გასახსნელი არ მოაყოლა. 1824 წელს გამოშვებული ხორცის კონსერვის ქილას პირდაპირ ეწერა – გახსენით ჩაქუჩის გამოყენებითო. ლითონის სისქე, რომლითაც მაშინ არმიისთვის კონსერვებს ამზადებდნენ 5 მილიმეტრს აღწევდა. ჯარისკაცები მას შაშხანის დანებით ხსნიდნენ. თავად დაკონსერვების იდეის ავტორი და რეცეპტის შემქმნელი იყო არა დიურანი, არამედ, ფრანგი ნეკოლა ამპერი. დიურანისა და ამპერის პატენტები 1812 წელს შეიძინეს ჯონ ჰოლმა და ბრაიან დონკინმა. მათვე ააშენეს 1813 წელს ლონდონში პირველი საკონსერვო ქარხანა და უშვებდნენ კონსერვებს სპეციალურად ბრიტანელი არმიისთვის. თითო კოლოფი ნახევარ კილოგრამზე მეტს იწონიდა. მზადდებოდა ხელით. ერთი მუშა ერთი საათის განმავლობაში 4-6 ქილაზე მეტს ვერ ამზადებდა და ამიტომაც ღირდა ძვირი.
კონსერვის პირველი გასახსნელის ავტორი გახლავთ ინგლისელი რობერტ იეიტსი. თავის კონსტრუქციაზე პატენტი მან 1855 წელს მიიღო, მაგრამ, წარმოებაში ფართოდ არ დაინერგა – ისინი ჰქონდათ მხოლოდ კონსერვის გამყიდველებს, რომლებიც ქილას ხსნიდნენ და ისე ატანდენ მყიდველს. 1858 წელს ამერიკელმა ეზრა უორნერმა კონეკტიკუტის შტატიდან, დააპატენტა „კონსერვების გამხსნელი“ – უცნაური ფორმის, არც ისე მოსახერხებელი დანა. მერე საქმეში სამხედრო გამომგონებლები ჩაერივნენ. ამერიკელებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში, ჩიკაგოში დააპატენტეს ამერიკის სამხედრო არმიის დანა „პ-38“ – კონსერვის გასახსნელის თარიღად სწორედ 1858 წელი უნდა მივიჩნიოთ.
დრო ცვლის ყველაფერს!
პირველი თვითგორია – ბავშვების საყვარელი გასართობი, თავიდან სულაც არ შექმნილა მათთვის. 1890 წელს დამზადებული თვითგორია, რომელიც ინგლისში, ლითონისგან შექმნეს, 15 კილოგრამს იწონიდა. მისი ბორბლების დიამეტრი 450 მილიმეტრი იყო და ძალიან ჰგავდა ველოსიპედს.
1918 წელს ფრანგებმა „სამოკატი“ ხისგან დაამზადეს და ამით მისი წონა 3 კილოგრამამდე შეამცირეს. ბორბლების დიამეტრი კი 80 მილიმეტრი იყო.
რუსებმა, მაშინდელ საბჭოთა კავშირში, 1964 წელს, შექმნეს „სამოკატი“ ლითონისა და რეზინისგან. ბორბლების დიამეტრი 130 მილიმეტრი იყო და მთლიანად 6 კილოგრამს იწონიდა. ყველაზე თანამედროვე თვითგორია გააკეთეს შარშან, სამხრეთ კორეაში. მასალა მინაბოჭკოვანი ქსოვილია. ბორბლების დიამეტრია 150 მილიმეტრი. განკუთვნილია უფროსებისთვის და იწონის 8 კილოგრამს.