სისხლიანი ანგარიშსწორება ახალგაზრდებს შორის – რა გახდა დანაშაულის მიზეზი: ეჭვიანობა თუ ნათხოვარი ფეხსაცმელი
21 წლის ილია მ-შვილი და მისი მეგობარი შორენა ქ-ძე სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში დაზარალებული გოგონას სახლიდან წაიყვანეს. ახალგაზრდა ბიჭს სხეულის დაზიანება გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, შორენა ქ-ძე კი მხარში იყო დაჭრილი. გოგონას მდგომარეობა მსუბუქი გახლდათ, რაც შეეხება ილია მ-შვილს, მას ქირურგიული ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.
პირველადი მონაცემებით, ახალგაზრდები შემთხვევით დაწყებულ დაპირისპირებაში, მათთვის უცნობმა მამაკაცმა დაჭრა. თუმცა, მოგვიანებით დადგინდა, რომ ინციდენტს, რომლის შედეგადაც, ახალგაზრდები საავადმყოფოში მოხვდნენ, როგორც ოპერატიული ინფორმაციით სამართალდამცველებისთვისაც გახდა ცნობილი, ბევრი თვითმხილველი ჰყავდა. სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ილია მ-შვილსა და შორენა ქ-ძეს სხეულის დაზიანებები თანაკლასელმა, 21 წლის მალხაზ კ-შვილმა მიაყენათ, რომელიც წარსულში ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისთვის იყო გასამართლებული.
გამოძიების მიხედვით, მალხაზ კ-შვილს დაზარალებულ ახალგაზრდებთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. უფრო მეტიც, ის წარსულში შორენა ქ-ძის შეყვარებულიც იყო. თუმცა, მათი ურთიერთობა მას შემდეგ დასრულდა, რაც მალხაზი გისოსებს მიღმა მოხვდა. ციხიდან გათავისუფლებული მალხაზ კ-შვილი შორენასთან მაინც მეგობრობდა და საერთო ახლობლების მეშვეობით, ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. თუმცა, მალხაზის ცუდი ხასიათის გამო, მეგობრები მასთან ურთიერთობას მაინც თავს არიდებდნენ. მან ყველაზე მეტად ილია მ-შვილი ამოიჩემა, რომელიც შორენასთან დაახლოებული იყო. იმ დღეს, როცა თანაკლასელებსა და მეზობლებს შორის ინციდენტი მოხდა, ახალგაზრდები შორენა ქ-ძის სახლში იყვნენ შეკრებილნი და მის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. ინციდენტში მონაწილე პირთა და თვითმხილველთა ჩვენების მიხედვით, ამ დაბადების დღეზე დაუპატიჟებლად მივიდა მალხაზ კ-შვილიც. ამონაწერი მოწმის, ნატალია ქ-შვილის ჩვენებიდან: „უკვე დაშლას ვაპირებდით, როდესაც შორენასთან სახლში მალხაზი მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოსვლა არ გაგვხარებია, მაინც კარაგდ შევხვდით და ეს არც ერთმა არ შევიმჩნიეთ. მალხაზი მოსვლისთანავე აუხირდა ილია მ-შვილს, ეჭვიანობდა, რომ ილია შორენას ხვდებოდა. მოგვიანებით გავიგე, რომ კინკლაობის მიზეზი გახდა ფეხსაცმელი, რომელიც ილია მ-შვილმა მალხაზს ინციდენტამდე ერთი თვით ადრე მისცა და ის კი უკან აღარ უბრუნებდა. კამათი სუფრასთან დაიწყო, მალხაზმა ილია ქუჩაში გაიხმო საქმის გასარჩევად. ისინი ეზოში გავიდნენ, ალბათ, ათი წუთი იქნებოდა გასული, შორენაც ბიჭებს გაჰყვა. ცოტა ხანში ატყდა ჩოჩქოლი, ყველა გარეთ გავვარდით და დავინახეთ, რომ დაჭრილი ილია ძირს ეგდო, მალხაზი კი ფეხებს ურტყამდა. დანით მხარში იყო დაჭრილი შორენაც, მას მხარი სისხლით ჰქონდა მოსვრილი.”
როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, მალხაზ კ-შვილი შემთხვევის ადგილს მაშინვე გაერიდა. დაჭრილი ახალგაზარდები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეგობარი რომ პასუხისგებისგან ეხსნათ, განაცხადეს, უცნობი ადამიანი დაგვესხა თავსო. მოგვიანებით, დაზარალებულმა შორენა ქ-ძემ სამართალდამცველებთან განაცხადა, რომ ადამიანი, ვინც მას და მის მეგობარს დაზიანებები მიაყენა, მათივე მეგობარი მალხაზ კ-შვილი იყო. ამონაწერი დაზარალებულის ჩვენებიდან: „როცა ეზოში გავედი, მალხაზი და ილია უკვე ჩხუბობდნენ. მალხაზი მას ეუბნებოდა: მაგ ბოტასების გამო, მთელ ბიჭებს ჩემზე ალაპარაკებო. ილია კი უხსნიდა, რომ მე ფეხსაცმელი გათხოვე, შენ კი „დაწერება” გადაწყვიტეო. უცებ მალხაზმა დანა ამოიღო, ბნელოდა, მაგრამ დავინახე, როგორ დაარტყა დანა გულში. მე ილიას გადავეფარე, ამ დროს ვიგრძენი, რომ დანა მეც მომხვდა – ეს მაშინ მოხდა, როცა მალხაზმა ილიას მეორედ მოუქნია დანა. ილია ძირს ეგდო, მალხაზი ზედ გადამახტა და წიხლები დაუშინა. დანა ისევ ხელში ეჭირა. ჩემს კივილზე სახლიდან სტუმრები გამოცვივდნენ და მალხაზი გააკავეს. არ მახსოვს, როგორ გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. ყველა მე და ილიას შემოგვეხვია, მანაც დრო იხელთა. ის მანქანით იყო მოსული და როგორც ჩანს, იქაურობას მანქანითვე გაერიდა”.
სამართალდამცველებმა მალხაზ კ-შვილი ინციდენტიდან ორი საათის შემდეგ დააკავეს. მისი ავტომანქანიდან ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი – დანა, რომლითაც მან ორ მეგობარს სხეულის დაზიანებები მიაყენა. მალხაზ კ-შვილმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მოგვიანებით, მოკვლევით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილიდან გაქცეულმა ახალგაზრდამ რამდენიმე მეტრში მანქანით მოხუცი ქალი გაიტანა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მალხაზ კ-შვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველებმა, მისი ავტომობილის დაფიქსირება შეძლეს. მოკლედ, ნასვამმა მალხაზ კ-შვილმა ერთ საღამოს სამი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეძლო.
სასამართლო პროცესზე მალხაზ კ-შვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო. მისი განმარტებით, ილია მ-შვილს დანა შეგნებულად დაარტყა, გოგონას კი მხარში ჭრილობა უნებურად მიაყენა. გვაშველებდა და ამ დროს მოხვდა დანაო, – განაცხადა მან სასამართლო პროცესზე. რაც შეეხება დაპირისპირებას, რომელიც მას ბავშვობის მეგობართან ნათხოვარი ბოტასების გამო მოუხდა, ამასთან დაკავშირებით განმარტა: რომ ილია მ-შვილი ამ ფეხსაცმლის გამო მის ღირსებას და პატივს ლახავდა, უბანში ცუდ ხმებს უვრცელებდა და ეს დანაშაულიც საკუთარი ღირსების დასაცავად ჩაიდინა. სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულის დაცვის მხარის შუამდგომლობები და მალხაზ კ-შვილს, რომელმაც სამ ადამიანს სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.