ვინ და როგორ გაიტაცა 75 მილიონის ღირებულების ძვირფასეულობა „კაგებეს“ მანქანიდან
„ტვირთი ¹337“
– ამხანაგო ვარლამ, „ტვირთი ¹337“ ათ წუთში წამოვა. ჩემი ადიუტანტი პირადად დაესწრება გადმობარების პროცესს და მიღება-ჩაბარების აქტი მას გამოატანეთ! – „ჩეკას“ კომისარმა ნესტორ ესაკიამ ყურმილი დაკიდა და იქვე მდგომ ადიუტანტს, ტიტე ხუბუას უთხრა:
– წაიღეთ ტვირთი. აბა, შენ იცი!
ვარლამ ზარიძე საქართველოს ცენტრალური ბანკის საცავის უფროსი იყო, „ჩეკას“ კომისარი ნესტორ ესაკია კი საქართველოს „ჩეკაში“ ექსპროპრიაციებს კურირებდა. ხოლო „ტვირთი ¹337“, ქართველი ჩეკისტების მიერ ექსპროპრიაციის გეგმის მიხედვით, ბურჟუაზიისა და სამღვდელოებისთვის ჩამორთმეული ძვირფასეულობა იყო.
ძვირფასეულობით სავსე ყუთის ზომები იყო ერთი მეტრი სიგრძეში და ნახევარ-ნახევარი მეტრი სიგანესა და სიმაღლეში. ყუთი უჟანგავი ფოლადისგან იყო დამზადებული, პირთამდე სავსე და 102 კილოგრამს იწონიდა, საიდანაც ყუთი 30 კილოგრამს იწონიდა, დანარჩენი 72 კილოგრამი კი – ექსპროპრირებული ძვირფასეულობის წონა. „ჩეკას“ ექსპერტის პირველადი შეფასებით, „ტვირთი ¹337-ის“ შიგთავსის მინიმალური ღირებულება 3 მილიონ მანეთს აღწევდა, რაც იმ პერიოდისთვის, ანუ 1926 წლისთვის, ასტრონომიული თანხა იყო.
„ტვირთი ¹337“ „ფორდის“ მარკის მსუბუქ ავტომობილში, უკან მოათავსეს. მას მიჰყვებოდა ოთხი ადამიანი: მძღოლი ივანე შაყულაშვილი, ოპერმუშაკი გიზო კეკელიძე, ოპერმუშაკი დურმიშხან დოდაშვილი და კომისარ ნესტორ ესაკიას ადიუტანტი – ტიტე ხუბუა. მანქანა „ჩეკას“ შენობის ეზოდან გამოვიდა, რომელიც მთაწმინდაზე, შევჩენკოს ქუჩაზე მდებარეობდა. მას სულ რაღაც ორიოდე კილომეტრი უნდა გაევლო და სოლოლაკში, ბანკში მისულიყო. მთავარი მარშრუტი რუსთაველის გამზირზე გადიოდა, სადაც ძვირფასეულობით სავსე მანქანა უნდა დაშვებულიყო, მაგრამ, ტვირთის უფროსმა ტიტე ხუბუამ მძღოლ შაყულაშვილს უთხრა:
– ზემოდან გადადი. სოლოლაკში მთაწმინდის გავლით წავიდეთ!
შაყულაშვილი ბრძანებას დაემორჩილა და მთაწმინდის აღმართს აუყვა, ვიწრო ქუჩებით სოლოლაკში გადავიდა და ამჟამინდელი ჭონქაძის ქუჩით დაეშვა ქვევით. მოსახვევთან ეტლმა ამოუხვია. ხუბუამ მძღოლს უთხრა:
– იმ ეტლთან შეაჩერე და ჩემი ბრძანების გარეშე ადგილიდან არ დაიძრა!
შაყულაშვილი კვლავ დაემორჩილა ხუბუას და „ფორდი“ ეტლთან შეაჩერა. მძღოლის გვერდით მოკალათებულმა ხუბუამ კი ორი „ნაგანი“ ამოიღო და მძღოლი და ორი ჩეკისტი მანქანაშივე ჩაცხრილა. შემდეგ მანქანიდან გადმოხტა, უკანა კარი გააღო და ეტლიდან გადმოსულ ორ მამაკაცს უთხრა:
– ჩქარა, აიღეთ ყუთი და წავედით!
ეტლიდან გადმოსულებმა ყუთი ეტლში ჩადეს. ერთ-ერთი მათგანი კოფოზე დაჯდა და ეტლი ადგილიდან დაძრა, ხუბუა და მეორე მამაკაცი კი ეტლში მოკალათდნენ. ცხენებმა ჭენებ-ჭენებით ჩაათავეს სოლოლაკი, სიონისა და მეტეხის ხიდის გავლით ღვინის აღმართი აიარეს და ავლაბრის ერთ-ერთ ეზოში შევიდნენ. მამაკაცებმა ძვირფასეულობით სავსე ყუთი სახლში შეიტანეს, მაგიდაზე დადეს და ერთ-ერთმა მათგანმა ხუბუას უთხრა:
– აბა, გავიყოთ ნადავლი და დავიშალოთ, თორემ, ალბათ, უკვე მთელი „ჩეკა“ ფეხზე დგას და, თუ გზები შეკრეს, თბილისიდან ვერ გავალთ.
ხუბუამ ისევ ამოაცურა ნაგანები, ორივე მამაკაცი იქვე დახოცა და მათი ცხედრები იატაკის ქვეშ, სარდაფში ჩაყარა, შემდეგ ძვირფასეულობით სავსე ყუთი გახსნა, კარგად დაათვალიერა და კმაყოფილმა ჩაილაპარაკა:
– ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. „ტვირთი ¹337“ ჩვენთანაა. სულ მალე ზღაპრულ ცხოვრებას დავიწყებთ...
ავლაბრის კერძო სახლ-კარი, სადაც ტიტე ხუბუამ ორი მამაკაცი მოკლა, ერთ-ერთ მათგანს ეკუთვნოდა. ტიტემ იქ ორი დღე და ღამე დაყო. მესამე დღეს, საღამოს რვა საათზე, მასთან შავპიჯაკიანი მამაკაცი მივიდა და ჰკითხა:
– რა ქენი?
– ბესო და კაკო მაშინვე დავხოცე და იატაკის ქვეშ ჩავყარე. ძვირფასეულობა ხელუხლებელია და ყუთში დევს, ყუთი კი მაგიდის ქვეშაა, – მიუგო პიჯაკიანს ხუბუამ და ჰკითხა: ქალაქში რა ხდება, მეძებენ?
– გეძებენ და დღესვე უნდა გავიდეთ. მოდი, ყუთი გადავიტანოთ და წავიდეთ.
ხუბუამ და პიჯაკიანმა ძვირფასეულობით სავსე ყუთი ეტლში შეინახეს, რომლითაც პიჯაკიანი იყო მოსული. პიჯაკიანის თხოვნით, ისინი კვლავ სახლში შებრუნდნენ. პიჯაკიანმა ხუბუას ნაგანიდან ორჯერ ესროლა თავში და იქვე მოკლა, იქაურობას ნავთი მოასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემდეგ გარეთ გამოვიდა, ეტლით ქვევით დაეშვა და უკვე მეტეხის ხიდიდან დაინახა, თუ როგორ მოეკიდა ცეცხლი სახლს, სადაც სამი მამაკაცის ცხედარი ეგდო...
40 წლის შემდეგ
1966 წლის მაისში, ვაკის პარკთან ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებდნენ და, ფუნდამენტს რომ თხრიდნენ, ბულდოზერმა მიწიდან უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ყუთი ამოაგდო, რომელზეც ამოტვიფრული იყო: „საქართველოს ჩეკა“. ყუთი ცარიელი აღმოჩნდა და მისთვის შეიძლება არც არავის მიექცია ყურადღება, მაგრამ, რადგანაც „ჩეკას“ ბეჭედი ერტყა, ის საქართველოს უშიშროების კომიტეტს გადასცეს. იქ კი მალევე დაადგინეს, რომ ეს სწორედ ის ყუთი იყო, რომლითაც 1926 წლის 25 აპრილს ექსპროპრირებული ძვირფასეულობა გადაჰქონდათ და მის გამო ექვსი ადამიანი დახოცეს. საბედნიეროდ, ცოცხალი აღმოჩნდა გამომძიებელი ნოდარ მიქაძე, რომელიც „ტვირთი ¹337-ის“ გატაცების საქმეს იძიებდა. ის 74 წლის პენსიონერი იყო, მაგრამ, ყველაფერი კარგად ახსოვდა და მასთან სახლში მისულ თავის ახალგაზრდა კოლეგას, თემურ გოცირიძეს უთხრა:
– ძალიან ჩახლართული, სისხლიანი და კარგად ორგანიზებული საქმე იყო. ყველა კვალი ტიტე ხუბუასთან ერთად გაქრა, რომლის უკანაც მთავარი დამნაშავე იდგა და, სავარაუდოდ, სწორედ მან გაიტაცა ძვირფასეულობა, მთავარი მოწმე კი საკუთარი ხელით მოკლა.
– ხუბუას უკან მდგომების სავარაუდო ეჭვმიტანილთა სია თუ შეადგინეთ?
– შევადგინეთ. ასეთი სულ ოთხი ადამიანი იყო, მაგრამ, ოთხივე საფუძვლიანად გადავამოწმეთ და სუფთები აღმოჩნდნენ. მახსოვს, ნესტორ ესაკიას, რომელიც ექსპროპრიაციებს კურირებდა და რომლის ადიუტანტიც იყო ხუბუა, გულმა დაარტყა, საავადმყოფოში მოხვდა და კარგა ხანს მკურნალობდა. მან გადადგომის პატაკიც კი დაწერა, მაგრამ, არ დააკმაყოფილეს; პირიქით, ბერიამ ის დააწინაურა კიდეც. შემდეგ მოსკოვშიც თან იახლა და კარგა ხანს იქ მუშაობდა და გენერლობაც მიიღო. ბერიას დაპატიმრებამდე ერთი წლით ადრე ესაკია საქართველოში დაბრუნდა და ერთ-ერთი მაღალი პოსტი ჩაიბარა უშიშროებაში. თუმცა, ბერიას დაპატიმრების ამბავი რომ შეიტყო, დამბლა დაეცა, ლოგინად ჩავარდა და მხოლოდ ამან იხსნა დაჭერისგან.
– ახლა ცოცხალია?
– 1962-ში გარდაიცვალა, ოთხი წლის წინ.
– კარგი, ბატონო ნოდარ, მეტს აღარ შეგაწუხებთ. დიდ მადლობას გიხდით, კარგად ბრძანდებოდეთ, – თემურ გოცირიძე გამოემშვიდობა პენსიონერ კოლეგას და წამოვიდა.
„კაგებეს“ 30 წლის კაპიტანს, თემურ გოცირიძეს ინტუიცია ჰკარნახობდა, რომ „ტვირთი ¹337-ის“ საქმეში ნესტორ ესაკიას ხელი ერია. ამიტომ, „კაგებეს“ გარდაცვლილი გენერლის დოსიეს შესწავლას შეუდგა, თუმცა, საეჭვოს ვერაფერს მიაგნო და იმედი თითქმის გადაეწურა, როდესაც ერთი საგულისხმო ფაქტი აღმოაჩინა, კერძოდ, ის, რომ ადრე ესაკიები ვაკეში, საკუთარ სახლში ცხოვრობდნენ, იმ მონაკვეთში, სადაც მშენებლებმა „ჩეკას“ შტამპიანი ყუთი იპოვეს. გოცირიძე თითქმის დარწმუნდა, რომ „ტვირთი 337-ის“ გატაცება ესაკიას ორგანიზებული იყო, ხუბუა კი შემსრულებლად ჰყავდა და ბოლოს თავიდან მოიშორა. კაპიტანმა დაადგინა, რომ ნესტორ ესაკიას ცოლი – მართა, შვილი – ლავრენტი და შვილიშვილი – ნესტორი ცოცხლები იყვნენ. მართა 80 წლის მოხუცი იყო. ნესტორი მეექვსე კლასში სწავლობდა, 36 წლის ლავრენტი კი თბილისის უშიშროების სამმართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო და პოდპოლკოვნიკის ჩინი ჰქონდა. გოცირიძე მიხვდა, რომ პატარა შეცდომაც რომ მოსვლოდა, „სუკის“ მაღალჩინოსანი მისგან სველ ადგილს დატოვებდა. ამიტომ, ფრთხილად შეუდგა მოკვლევას და დაადგინა, რომ ესაკიებს წყნეთში კერძო აგარაკი ჰქონდათ, რომელიც მათ 1951 წელს, ანუ, ნესტორის მოსკოვიდან დაბრუნებისთანავე მიიღეს. გოცირიძე ვარაუდობდა, რომ გარდაცვლილი გენერალი განძს აგარაკზე ინახავდა და მისი შვილი, ლავრენტი, საქმის კურსში არ იყო, რომ მამამისმა „ტვირთი ¹337“ გაიტაცა.
თემურ გოცირიძემ, პირადი რისკის ფასად, ესაკიების დაცარიელებული აგარაკი ჩუმად გაჩხრიკა, რისთვისაც ნაღმის მოსაძებნი მოწყობილობა გამოიყენა და სხვენის სქელ კედელში სამალავი აღმოაჩინა, სადაც ოთხი ცალი საშუალო ზომის ბიდონი იყო დამალული, რომლებშიც „ტვირთი ¹337-ის“ ძვირფასეულობა იყო ჩალაგებული და თითოეული 16 კილოგრამს იწონიდა, ტარის გარეშე. გოცირიძემ მეორე დილით პატაკი დაწერა სუკის თავმჯდომარის, ალექსი ინაურის სახელზე, რომელშიც აღიარებდა, რომ ესაკიების აგარაკზე უკანონოდ შევიდა, თუმცა, იქვე აღნიშნავდა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. იმავე დღეს „კაგებეს“ სპეცჯგუფმა ესაკიების აგარაკიდან 40 წლის წინ გატაცებული ძვირფასეულობა ამოიღო. შეფასების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის 75 მილიონი მანეთი ღირდა. პოდპოლკოვნიკმა ლავრენტი ესაკიამ გადადგომის პატაკი დაწერა და სამსახურიდან წავიდა, თემურ გოცირიძე დააწინაურეს და მაიორობა მიანიჭეს.