კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის მოზომვა უჭირს ყოველ დილით თათია დონაძეს და ითხოვს თუ არა საოცრებებს ის მამაკაცისგან

მხატვრული ტანმოვარჯიშე თათია დონაძე, რომელიც წლების განმავლობაში სპორტის ამ სახეობაში ნომერ პირველი და ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მოგვიანებით, ფართო საზოგადოებამ ჯერ „მის საქართველოზე“ გაიცნო, შემდეგ კი გადაცემა „ნიჭიერში“. თათია ამჟამად ბანკში მუშაობს და, პარალელურად, „მაესტროს“ დილის გადაცემიდან – „მაღვიძარა“ მაყურებელს ვარჯიშით აღვიძებს.

 

თათია დონაძე: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დავამთავრე მაგისტრატურა – ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. ჯერ ვმუშაობდი დაცვის პოლიციის – საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, შემდეგ ბანკში დავიწყე მუშაობა.   

– ბანკში გიწევს დრესკოდის დაცვა, დილიდან საღამომდე ერთ ადგილზე ჯდომა, კლიენტების მომსახურება. სპორტის შემდეგ, როგორ მოგწონს მუშაობის ასეთი სტილი? 

– სპორტის შემდეგ რთული იყო ჩემთვის ამასთან შეგუება. დარბაზი ჩვენი სახლი იყო – საკმაოდ რთული, დატვირთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრება მქონდა, ბევრს ვმოგზაურობდით, 20-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მაგრამ, თავად მივედი იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ტანვარჯიშის გარდა, სხვა პროფესიაც უნდა მქონოდა. არ მინდოდა, ჩემი საბოლოო პროფესია მწვრთნელობა ყოფილიყო. თუმცა, მაქვს დიპლომი, რომლის დახმარებითაც შემიძლია, პროფესიონალ მწვრთნელად ვიმუშაო. მოკლედ, სპორტის შემდეგ ბანკში მუშაობა გამიჭირდა, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ არ მომწონს. პირიქით, ჩემთვის ძალიან საინტერესოა. 

– მახსოვს, როგორც ტანმოვარჯიშეს, სერიოზული მიღწევები გქონდა. 

– საქართველოს ჩემპიონი ვარ მრავალგზის, საერთაშორისო ტურნირებიც მაქვს მოგებული, მსოფლიო ჩემპიონატზე კლუბებს შორის ფინალისტები ვიყავით – ეს საქართველოსთვის ძალიან კარგი შედეგია. მაშინ იაპონიაში ტარდებოდა შეჯიბრი, სამნი ვიყავით, მეშვიდე ადგილი დავიკავეთ და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო. საჭირო იყო რუსეთში, უკრაინაში გვევარჯიშა, წამყვან ქვეყნებში წავსულიყავით შეკრებებზე, რომ კიდევ უფრო კარგი შედეგი გვქონოდა. თვეობით უნდა ვყოფილიყავით იქ. ეს კი საკმაოდ დიდ ხარჯებს მითხოვდა, რის საშუალებაც არ იყო, არც ახლა არ არის. თუმცა, იმ დროს ფედერაციის სათავეში ნელი სალაძე მოვიდა და მისი დახმარებით გაუმჯობესდა სიტუაცია: დაფინანსებაც გვქონდა და იმის საშუალებაც, რომ ტურნირებში მიგვეღო მონაწილეობა. მაგრამ, ეს ჯერ მაინც არ არის საკმარისი. 

– ამის გამო დაანებე თავი? 

– ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო მომიწია თავის დანებება. უბრალოდ, ეს ყველაფერი რომ ყოფილიყო, უფრო მეტი წარმატება მექნებოდა, რადგან ჩემი მონაცემები ნამდვილად მაძლევდა ამის საშუალებას. ტანვარჯიში მოკლევადიანი სპორტია, მაქსიმუმ 20-22 წლამდე ივარჯიშო. ამიტომაც, 20 წლის ასაკში დავანებე თავი. ჩავთვალე, რომ სპორტში ჩემი თავი ამოვწურე. რომ გამეგრძელებინა, მეტი მიღწევები მაინც აღარ მექნებოდა. ამიტომ, გადავწყვიტე, სხვა საქმისთვის მიმეხედა. ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მივიღე, სპორტში ჩემი საქმე გავაკეთე. რომ შემეძლოს წარსულში დაბრუნება, ისევ იგივეს გავაკეთებდი. მაგრამ, პირველი პერიოდი ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე, დეპრესიული მომენტებიც მქონდა. რომ გაიღვიძებ და უცებ მიხვდები: არ იცი რა უნდა აკეთო, არ მიდიხარ დარბაზში. არადა, 12 წელი დაპროგრამებული ხარ: იღვიძებ დილით, იღებ ჩანთას, მიდიხარ დარბაზში და იქ ხარ დაღამებამდე. უცებ აღმოჩნდება, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა, აღარ არის. მაგრამ, შემდეგ პირადი ცხოვრებით ჩავანაცვლე და ასე თუ ისე, ადვილად გადავიტანე. 

– ხომ არ გათხოვდი? 

– გათხოვილი არ ვარ და მიხარია, რადგან ვფიქრობ, ეს ბევრ რამეში შემიშლიდა ხელს. 

– შეყვარებულიც არ გყავს? 

– არსებობს ჩემს ცხოვრებაში მამაკაცი, ყოველ შემთხვევაში, მარტო არ ვარ.

– რა ეტაპზეა თქვენი ურთიერთობა? 

– ვერ ვიტყვი, რომ  ეს ურთიერთობა ოფიციალურია. უბრალოდ, სიმპათიები მაქვს ერთი ადამიანის მიმართ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი რამ მინდა აღვნიშნო: ბედნიერი ვარ, რომ ვინც აქამდე მომწონდა თუ მიყვარდა, დღეს ჩემ გვერდით არ არის. ბედნიერი ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე თავის დროზე,  რადგან, მერე ისეთი რაღაცეები მოხდა, მივხვდი, ეს ადამიანი არ იყო ღირსეული და არ იმსახურებდა ჩემ გვერდით ყოფნას. საერთოდ, განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვ მამაკაცისგან. ზოგადად, ქართველ კაცებს სჩვევიათ – ქალი რაღაცაში უნდა შეზღუდონ. ეს არის ის, რასაც ვერასდროს ავიტან. სხვა, რამე საოცრებას ნამდვილად არ ვითხოვ.

– მახსოვს, ადრე „ნიჭიერში“ გამოდიოდი და შენმა ლამაზმა ნომერმა მაყურებლის, ჟიურის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. 

– იმ დროს სპორტისთვის თავი მქონდა დანებებული. მეორე სეზონში მივიღე მონაწილეობა, თვითონ დამიკავშირდნენ. თავიდან არ ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ მერე დავფიქრდი: საქართველოში ხალხმა არ იცის, რა არის  მხატვრული ტანვარჯიში. მე კი შემეძელო გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც ხალხს ნამდვილად მოეწონებოდა, გაუკვრიდებოდა და სპორტის ამ სახეობას კარგად გაიცნობდა. მეც გამიცნობდნენ, ბოლოს და ბოლოს, 12 წელი ვვარჯიშობდი, ამდენ ქვეყანაში გამქონდა საქართველოს სახელი, რატომ არ უნდა მიცნობდეს ხალხი?! ასე რომ, გადავწყვიტე მონაწილეობა და ამის შემდეგ ტანვარჯიშზე სიარულის ბევრი მსურველი გამოჩნდა. მეც მწერენ ხოლმე: მინდა, შენნაირი ტანმოვარჯიშე გამოვიდეო. მიხარია, რომ ამ საქმეში მეც გარკვეული წვლილი შევიტანე. დღევანდელ თაობაში პირველი ტანმოვარჯიშე ვარ, რომელიც ხალხმა ასე გაიცნო. 

– ტანვარჯიშისთვის თავის დანებების შემდეგ ვარჯიშს განაგრძობ? 

– თავიდან ძალიან მიჭირდა. რომ ვეღარ ვიხარჯებოდი, ენერგიას ვერ ვხარჯავდი, რასაც ორგანიზმი წლების განმავლობაში მიჩვეული იყო, თავს ცუდად ვგრძნობდი. ამიტომ, პირველი-ორი წელი ცეკვით ჩავანაცვლე, ნელ-ნელა შევამცირე დატვირთვა და ახლა აღარ მჭირდება ისეთი ფიზიკური აქტივობა, როგორც ადრე. სამსახურიც მაკმაყოფილებს, არ ვგრძნობ თავს ცუდად. 

– სპორტი ადამიანს უყალიბებს ცხოვრების სტილს, დისციპლინას. 

– ჯერ ერთი, უფრო მეტად შრომისმოყვარე, ამტანი ხდები და შემდეგ ბევრი რამ ძალიან მარტივი გეჩვენება. ზოგჯერ ადამიანი ისეთ რამეზე დაიწუწუნებს, ვფიქრობ: რა აწუწუნებს-მეთქი. ჩემთვის უკვე აღარაფერია გადაულახავი და შეუძლებელი, სპორტმა იმდენად გამაკაჟა. დღეში 8-9 საათი ვარჯიში არ არის ადვილი. ამიტომაც, ვურჩევ ხალხს, რომ ცხოვრებაში ბევრ რამეს უფრო მარტივად შეხედონ, გაცილებით რთული რაღაცეებიც არსებობს. 

– ტრავმებიც ხშირად გქონია? 

– სპორტში ტრავმები ძალიან ხშირია, რა თქმა უნდა, მქონია სერიოზული ტრავმებიც. ზოგჯერ მკურნალობ, მაგრამ არის შემთხვევა, შეჯიბრზე მიდიხარ და არ გაქვს დრო, იმკურნალო. ამიტომ, იძულებული ხდები, ან ნატკენი ფეხით, ან ამოვარდნილი დისკით წახვიდე, ივარჯიშო. როცა შეჯიბრია, ვერ გამოტოვებ. ნემსებით გიყუჩებენ, მაგრამ მაინც ძალიან რთულია. ამ ყველაფერს რომ გავუძელი, იმიტომ მეჩვენება ცხოვრება მარტივი. 

– ამჟამად „მაესტროს“ დილის გადაცემა – „მაღვიძარაში“ მუშაობ და ხალხს შენთან ერთად ვარჯიშისკენ მოუწოდებ. 

„მაღვიძარადან“ თვითონ დამიკავშირდნენ, ალბათ, „ნიჭიერში“ ვყავდი მათ ნანახი. ჩემთვისაც მისაღები იყო მათი წინადადება, მეორე სამსახურს თავისუფლად შევუთავსე. ცოტ-ცოტას რომ ვვარჯიშობ, მეც მსიამოვნებს, ჩემთვისაც კარგია. თან, ხალხისგან რომ ვხედავ დადებით ემოციებს – შენთან ერთად მეც ვვარჯიშობო, მიხარია, მომწონს ეს სამსახური. სულ ვფიქრობ, ისეთი ვარჯიშები შევარჩიო, ხალხს არ გაუჭირდეს გაკეთება. ჩემთვის ეს ცოტა რთული მოსაზომია, რადგან მოქნილი ვარ, ნავარჯიშები და მგონია, რომ ზოგი ვარჯიში ადვილია. მაგრამ, მერე რთული აღმოჩნდება ხოლმე. ამიტომაც, გოგონები მახლავს და მათ რომ ვაკეთებინებ ვარჯიშს, ვხვდები, რომელია მათთვის მისაღები. ჩემი გამოცდილებიდან პატარა რჩევებსაც ვუზიარებ და მგონია, რომ ეს ყველაფერი ხალხისთვის მისაღებია. როცა შენს სხეულს, კუნთებს ფლობ, სულ სხვანაირი ადამიანი ხდები. ძალიან მიყვარს კამერა, სცენა და მიხარია, რომ „მაესტროში“ აღმოვჩნდი. შიგადაშიგ, როცა კონცერტებია, მეძახიან, იქაც ვმონაწილეობ და ესეც სასიამოვნოა ჩემთვის.

 

скачать dle 11.3