როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
მთვრალაშვილი-კერვალიშვილი
გადმოცემის თანახმად, გვარი მთვრალაშვილი კერვალიშვილების გვარიდან იღებს სათავეს.
ვინმე პეტრე კერვალიშვილი, წარმოშობით რაჭველი, მეფე ერეკლესთან მზარეულად მსახურობდა. კარგი და კეთილი კაცი ყოფილა და ერეკლეს ძალიან ჰყვარებია. პეტრეს 12 წელი შვილი არ ჰყოლია და ერთ მშვენიერ დღეს ვაჟი შესძენია. ღვინოს არ ეტანებოდა, მაგრამ იმ დღეს სიხარულისგან გათამამებულა, დაულევია და მთვრალს ჩასძინებია. როცა მეფეს მზარეული მოუკითხავს, უთქვამთ, მთვრალია და სძინავსო. ერეკლეს, მეორე დღეს დაუბარებია პეტრე, მასაც მოკრძალებით უთქვამს, ვაჟი შემეძინა და ამის გამო დავთვერიო. მაშინ მეფეს უბრძანებია, ბავშვს გვარად მთვრალაშვილი მიეცით და გაათავისუფლეთ ყველა ბეგარისგან, მამული კი მიეცით სოფელ პატარძეულშიო.
გვარის შეცვლის გამო კერვალიშვილები ძალიან გაბრაზებულან და სიონის ეკლესიაში პეტრე შეუჩვენებიათ.
მიუხედავად ამ ისტორიისა, მთვრალაშვილები შემდგომ კმაყოფილები იყვნენ, რადგან მათ გვარი თვით მეფე ერეკლემ უბოძა.
მას შემდეგ მთვრალაშვილებს რაჭაში არ დაედგომებოდათ და სხვაგან გადასახლებულან. სავარაუდოდ, ამ გვარის წარმომადგენლები ონის რაიონის სოფელ სიორიდან უნდა იყვნენ პირვანდელი წარმოშობით.
მთვრალაშვილი მცირერიცხოვანი გვარია.
საქართველოში 103 მთვრალაშვილი ცხოვრობს. თბილისში – 90, საგარეჯოში – 9, ოზურგეთში – 4.
ბეკურაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბეკური.
ბეკურაშვილი და ემინტოშვილი ერთი და იგივე გვარია.
ენრიკო ბეკურაშვილი, იგივე ემინტოშვილი, დიდი ენაგეთის აღწერაში, მოიხსენიება 1823 წელს.
დიდ ენაგეთში მცხოვრები იოსებ ბეკურაშვილი 1873 წელს ამავე სოფლის ეკლესიაში შვილს უნათლავს ფარცხისელ ივანე წულაძეს.
ამავე ძირისაა გვარი ბეკურიშვილი.
საქართველოში 411 ბეკურაშვილი ცხოვრობს.
87 – ბეკურიშვილი.
თედორაძე-თევდორაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თეოდორე, რაც ბერძნულად „ღვთის საჩუქარს” ნიშნავს. ბერძნული თეოდორედან შემდგომ ქართულში თევდორე გავრცელდა. გვაქვს ასევე, მისგან ნაწარმოები ქალის საკუთარი სახელები – თეოდორა და დოროთა.
სახელ თევდორესგან ნაწარმოები გვარებია თედეიშვილი, თედელური, თედეშვილი, თედოზაშვილი, თედორაშვილი, თედიაშვილი, თევდორაშვილი, თევდორაძე.
„ალისმერეს მცხოვრებ ივანე თედორაძეს ქუთაისის საყდრის ბეგარა ემართა 1558 წელს“.
საქართველოში 2 115 თედორაძე ცხოვრობს: ხელვაჩაურში – 487, ბათუმში – 226, აბაშაში – 206. არიან სხვაგანაც.
თვალიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თვალია.
იაკობ თვალიაშვილი 1791 წლის დამლევს მოხსენიებულია მღვდელი კოკარასშვილის მიერ როსტომ და გიორგი დავითაშვილებისადმი გაცემულ პირობის წიგნში.
ამავე ძირისაა გვარები: თვალაძე, თვალაშვილი, თვალაბეიშვილი, თვალავაძე, თვალთავაძე, თვალოძე.
საქართველოში 714 თვალიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 206, გორში – 116, ახმეტაში – 75, არიან სხვაგანაც.
ზაქარიაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ზაქარია, რომელიც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „ღმერთს ახსოვს.” მისი კნინობით-ალერსობითი ფორმებია: ზაქრო, შაქრო, შაქარა.
1873 წელს, კოდაში მოიხსენიებიან ზაქარიას შვილები.
მსგავსი წარმოშობისაა გვარები: ზაქარია, ზაქარეიშვილი, ზაქარიაძე, ზაქარაძე, ზაქრაძე, ზაქროშვილი.
საქართველოში 603 ზაქარიაშვილი ცხოვრობს:
387 – ზაქარიშვილი.
26 – ზაქაროვი.
მათიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მათე – რომელიც ძველი ებრაული წარმოშობისაა და „ღვთის საჩუქარს“ ნიშნავს.
„კოდაში მცხოვრებ საბატონო ყმას, სოლომონ მათიაშვილსა და სჯულიერსა ცოლსა მისსა მარიამს, 1834 წელს დაებადათ ვაჟი მიხეილი. სახელი განათლა და მონათლა კოდის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმა, იაკობ აბრამის ძე ხუროშვილმა.”
მოგვიანებით, გვარი მათიაშვილი რუსულის გავლენით მატინოვად ჩაწერეს. ამავე ძირისაა გვარები: მატიაშვილი, მათესშვილი, მათეშვილი, მატიკაშვილი.
მატიაშვილების ერთი შტო 1886 წლის აღწერით, შემდეგ აზატაშვილად ჩაეწერა.
საქართველოში 2 870 მათიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 336, საგარეჯოში – 301, გურჯაანში 272. არიან სხვაგანაც.
20 – მატიაშვილი.
ანთაძე
გვარი ანთაძის ფუძეა საკუთარი სახელი ანთა, ანთია. ანთა ქართველთა წარმართული ღვთაების ბოლომოკვეცილი ფორმაა, რომელიც საკუთარ სახელად ქცეულა.
ანთებს ადრე სლავებს ეძახდნენ, ამიტომ ანთაძის დღევანდელი მიახლოებითი თარგმანი იქნებოდა რუსიშვილი ან რუსიძე.
ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც ეკავათ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამას მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები: ანთია, ანთიძე, ანთელავა და სხვები.
ამავე ძირისა და წარმოშობისაა გვარები ანთაიძე, ანთაური.
ანთაძეები გურიის აზნაურთა სიაში არიან შეყვანილები.
საქართველოში 2 225 ანთაძე ცხოვრობს: თბილისში – 536, ქობულეთში – 434, ოზურგეთში – 317. არიან სხვაგანაც.
ბერია-ბერიაშვილი
ილია მაისურაძემ დაწვრილებით აღწერა ბერ ძირისგან წარმოქმნილი გვარ-სახელები.
ბერი იგივეა, რაც ვაჟი, ძე, ყმა. მისგან წარმოქმნილია როგორც საკუთარი, ისე მეტსახელები.
საქართველოში გავრცელებულ 25 000 გვარს შორის, ბერიძეებს პირველი ადგილი უჭირავთ, ბერიძედან წარმოქმნილია 33-ზე მეტი გვარი.
ბერიდან კი წარმოშობილია გვარები ბერია და ბერიაშვილი. მეცნიერებს არ დაუდგენიათ და არც უცდიათ დაედგინათ, რომელი უფრო ადრე გაჩნდა.
საქართველოში 1 698 ბერია ცხოვრობს: თბილისში – 375, ჩხოროწყუში – 364, ზუგდიდში – 231. არიან სხვაგანაც.
2 994 ბერიაშვილი: თბილისში – 1 052, კასპში – 453, სიღნაღში – 377. არიან სხვაგანაც.
გორაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გორა.
1721 წელს ასურეთში მოხსენიებულია იასე სოლოღაშვილის ყმა – ბასილა გორაშვილი.
ზოგადად, ამ გვართან დაკავშირებით ისტორიულ მასალებში, საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვხვდება.
საქართველოში 84 გორაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 25, დედოფლისწყაროში – 17, საგარეჯოში – 12. არიან სხვაგანაც.
ხარჩილავა-ხარჩილაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხარჩილა.
ამავე ძირისაა გვარი ხარჩილაძე.
საქართველოში ორივე გვარი ფართოდაა გავრცელებული, მაგრამ, რაოდენობის მიხედვით ხარჩილავა ჭარბობს. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ორივე ერთი და იგივე გვარია.
ასევე, გვხვდება ტოპონიმები ლეხარჩილე – სოფელი ფუისქურის მარცხენა მხარეს, ლახარჩილე – უბანი ჯვარში, ნახალჩილუ – ფერდობები ოჩხომურის მარცხენა მხარეს, სახარჩილო – უბნები ხამისკარსა და ყულევში.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის, ხარჩილავას რაოდენობის მიხედვით 360-ე ადგილი უჭირავს.
საქართველოში 2 225 ხარჩილავა ცხოვრობს: ზუგდიდში – 718, წალენჯიხაში – 707, თბილისში – 237. არიან სხვაგანაც.
მოისწრაფიშვილი-მოისწრაფეშვილი
გვარი გვხვდება ორი ფორმით, კერძოდ, მოისწრაფიშვილი და მოისწრაფეშვილი.
მათ პირველ საცხოვრებლად დაფიქსირებულია ლანჩხუთი.
მოისწრაფა, მოისწრაფე საკუთარი სახელია. დროზე ადრე დაბადებულ შვილზე ამბობენ – იჩქარე, ისწრაფე, მოისწრაფეო და აქედან წარმოიშვა ეს სახელიც.
საქართველოში 184 მოისწრაფეშვილი ცხოვრობს: ლანჩხუთში – 179, თბილისში – 3, ოზურგეთში – 2.
567 მოისწრაფიშვილი: თბილისში – 134, ბათუმში – 133, ოზურგეთში – 109, არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით მოამზადა