კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ადამიანებს არ ივიწყებს არასდროს ღმერთი და რა შემთხვევაში წარმოაჩენს ქრისტიანს საკუთარი ღვაწლი

ეკლესია, როგორც იცით, შენდება მაცხოვრის, დედა ღვთისმშობლისა და სხვადასხვა წმიდანის სახელზე და, გარდა იმისა, რომ ტაძარი არის სულიწმიდის, მასში აუცილებლად უნდა იყოს დაცული სიწმიდე, ანუ, ეკლესიის, საკურთხევლების აგების ტრადიცია ყოველთვის იყო დამყარებული და მჭიდრო კავშირში წმიდანებთან და მათ სხეულებთან. წმიდანებისა და მათთან ურთიერთობის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი მამა საბა (ბიკაშვილი): 

 

– ძველად ტაძარი შენდებოდა იქ, სადაც რომელიმე წმიდანი იყო გარდაცვლილი ან დასაფლავებული, უკავშირდებოდა მისი მოღვაწეობის, მარტვილობის ხანას. ეს ადამიანები, წმიდანები, მოწამე-მარტვილები, რომლებმაც თავიანთი საქმით, მოწამეობით დაამტკიცეს საკუთარი სარწმუნოება და ეს აღიარეს მაცხოვრისა და ადამიანების წინაშე, გარკვეულწილად, უფლის მემკვიდრეებიც არიან. თითქმის ყველა ძველ ტაძარშია დაცული ძალიან ბევრი სიწმიდე – ეს, შეიძლება, იყოს წმიდანების უხრწნელი ნაწილები, სხეული, ასევე, წმიდა დანიშნულების საგნები: ჯვარი, ბარძიმ-ფეშხუმი. დღეს ძალიან ბევრი ტაძარი შენდება. შეიძლება, იქ რომელიმე წმიდანი არ გარდაცვლილა, რადგან, პირველ საუკუნეებს, როდესაც იყო ეკლესიების დევნა, ბევრი წელი გვაშორებს. მაგრამ, როდესაც ხდება ეკლესიის კურთხევა, განახლება, იმ ტაძარში აუცილებლად უნდა იყოს სიწმიდე დაცული. სიწმიდის დაცვა ამ შემთხვევაში მდგომარეობს იმაში, რომ, თუ იქ არ იყო წმიდანის საფლავი, არც ძველი ეკლესიის ნაშთი, საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ტრაპეზზე, სადაც შეიწირება უსისხლო მსხვერპლი, წირვა-ლოცვას აღავლენს სასულიერო პირი, ხდება პატარა ადგილების ამოჭრა, იქ ჩააბრძანებენ სიწმიდეებს და დაბეჭდავენ სპეციალური სითხით. ტრაპეზზე დასვენებულია ტილო, რომელსაც ჰქვია ოდიკი და მის გარეშე წირვა-ლოცვა დაუშვებელია. ოდიკზე გამოსახულია ჯვარცმის, გოდების კომპოზიცია, ასევე, ჯვარი, რომლის შუაგულში, უკანა მხრიდან, მოთავსებულია ამა თუ იმ წმიდანის ნაწილი ან სხვა სიწმიდე. ანუ, შეიძლება, ტაძარში არ იყოს წმიდანის საფლავი, მაგრამ, ოდიკი – წმიდა ტილო – თავისთავად არის სიწმიდის მატარებელი და ეს თავისთავად განასახიერებს საფლავს.

– რატომ არის აუცილებელი წმიდანებისთვის პატივის მიგება და როგორი სახე უნდა ჰქონდეს მას?

– ყველა ქრისტიანს გვმართებს, მათ სათანადო პატივი მივაგოთ და წირვის, ლოცვის აღსრულებაში ზომიერება დავიცვათ. წმიდანებთან, წმიდა ნაწილებთან ურთიერთობის, პატივისცემის ხარისხს საეკლესიო კანონიკა განაჩინებს: უპირველესი პატივისცემა მიეგება უფალს და, შემდეგ, რა თქმა უნდა, წმიდანებს. დღეს ქრისტიანები აცნობიერებენ იმას, რომ პატივი ჯერ უფალს მიეგება, მერე კი მის წმიდანებს, მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წმიდანების პატივისცემის, თაყვანისცემის გარეშე ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია, რადგან, ისინი არიან მაგალითი სარწმუნოებისა, სიყვარულისა, თავდადებისა და მოწამეობისა. იმ დღიდან, როცა ეკლესია დაარსდა, დაიწყო მისი დევნა, შევიწროება, მაგრამ, უწყვეტი იყო კავშირი ზეციურ წმიდანებსა და დედამიწის მკვიდრებს შორის და ეს ახლაც გრძელდება. სწორედ მაშინ, როდესაც ეკლესია განიცდიდა შევიწროებას, ყალიბდებოდა ზეციური დასი მოწამეებისა, წმიდანებისა, რომელიც თავად უფალმა დაადგინა ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის. ისინი ჩვენი მეოხები არიან, შეგვეწევიან, ლოცულობენ, უფალს შესთხოვენ ჩვენს კეთილდღეობას. წმიდანები, მათი უხრწნელი სხეულები, სხვა საეკლესიო სიწმიდეები აღასრულებენ ჩვენთვის უდიდეს სასწაულებს; მათი მეშვეობით მოგვემადლება წყალობა, მადლი, კურთხევა. მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რომ წმიდა სხეულები კი არ აღასრულებენ სასწაულებს, არამედ, ისინი იარაღი არიან უფლის წინაშე და მათი დახმარებით უფალი აღასრულებს ამა თუ იმ სასწაულს. 

– რადგან 17 დეკემბერს ბარბარობის დღესასწაულს აღვნიშნავთ, მინდა, ყურადღება გავამახვილოთ სწორედ წმიდა ბარბარეზე, რომელსაც საქართველოში დიდ პატივს მიაგებენ, ისევე, როგორც ქართულ ეკლესიაში. 

– წმიდა ბარბარე მეოთხე საუკუნეში ცხოვრობდა და ეს პერიოდი გამოირჩევა მორწმუნეების გასაოცარი რწმენით, თავდადებით, ერთგულებით თავიანთი სარწმუნოების მიმართ. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, თუ როგორ მიდიოდნენ აქამდე. მოწამეობრივ აღსასრულს ყოველთვის წინ უძღვის ღვაწლი, რომლისთვისაც ადამიანი საკუთარი შინაგანი და გარეგნული მდგომარეობით ემზადება და ის ერთ დღეს ხდება მოწამე. მაგრამ, ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ადამიანი აუცილებლად უნდა ეძიებდეს სიკვდილს ქრისტესთვის – ეს არც მართლმადიდებლობის და არც ქრისტიანობის თვითმიზანი არ არის, თუმცა, რაღაც ნაწილაკი ამ ბირთვისა ყოველთვის დევს. ამ პერიოდის ადამიანების, წმიდანების ცხოვრებაში ეს მომენტი ძალიან ხშირი იყო, დღეს კი იშვიათობაა, რადგან, ჩვენი დღევანდელი სულიერი მდგომარეობა არ შეესაბამება მათ მდგომარეობას. როდესაც სულიერებაზე ვსაუბრობთ, ადამიანის მთავარი მიზანი ყოველთვის იყო სულიერების მოხვეჭა და არა ბედნიერების ძებნა ამქვეყნად, რადგან, ბედნიერება შეიძლება იყოს ან არც იყოს. მაგრამ, მადლის მოხვეჭა, ადამიანის ცხონება, სასუფეველში დამკვიდრება მის შინაგან პიროვნებაში ხდება და არა გარეთ, სხვაგან. საქართველოში წმიდა ბარბარეს, რომელიც დიდმოწამეების რანგში შედის, განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ და, ის მსახურებაც, რომელიც ამ დღეს აღესრულება‚ გამორჩეულია. მსახურებები არის რანგების მიხედვით – დაწყებული მეექვსე, უმაღლესი რანგიდან, დამთავრებული პირველი რანგით, ანუ, სადაგი დღის მსახურებით. რა თქმა უნდა‚ მეექვსე და მეხუთე მსახურება განსაკუთრებით აღმატებულია. როგორც წმიდა ნინოს, წმიდა გიორგის, ასევე, წმიდა ბარბარეს დღესასწაულები მეხუთე რანგს მიეკუთვნება, ანუ, აღმატებული რანგია და გამორჩეულია. რაც მთავარია‚ ის‚ თავისი არსით, მნიშვნელობით, არ ჩამოუვარდება მეექვსე, ყველაზე აღმატებულ რანგს და ლიტურგიულადაც გამორჩეულია. საქართველოში წმიდა ბარბარეს განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, ის მიიჩნევა ბავშვების მფარველად და ხატზე ის ყოველთვის გამორჩეულად არის გამოსახული – ბარძიმით ხელში‚ რაც ნიშნავს მოწამეობრივი მსხვერპლის, იმ ფიალის მიღებას, რომელიც მან მთელი ცხოვრების განმავლობაში იტვირთა. წმიდა ბარბარეს და‚ ასევე‚ სხვა მოწამეების სარწმუნოება იმდენად დიდი იყო, რომ ისინი დროებითზე, წარმავალზე, ამქვეყნიურ სიამეებზე ადვილად ამბობდნენ უარს და მათი მთავარი ორიენტირი იყო ღმერთი, მისი სიყვარული და ერთგულება და, აქედან გამომდინარე, სხვა ყველა ადამიანის სიყვარული. არსებობენ გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც ჩვენგან დავიწყებულები არიან, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ არასდროს ივიწყებს ღმერთი. უბრალოდ, მათი ღვაწლი არ არის წარმოჩინებული და უფალმა ინება ასე. მაგრამ, არიან გამორჩეული ადამიანები, რომელთა ღვაწლის წარმოჩენა თავად უფალმა ინება. არიან, ასევე, ადამიანები, რომელთა ცხოვრება ეკლესიამ დაწერა, აღწერა, მაგრამ, გარდა ამისა, მათ ცხოვრებას თავად მათივე ღვაწლი წარმოაჩენს. ეკლესიაში არსებობენ მოწამეები და დიდმოწამეები, ანუ, გამორჩეულად დიდი ადამიანები, რომელთა ცხოვრება მათ სიდიდეზე, მათ ღვაწლზე თავად საუბრობს. ყველა ის წმიდანი, რომელიც არ არის დავიწყებული, შესულია თუნდაც ჩვენს მსახურების ტიპიკონში, კალენდარში და ყოველი დღე რომელიღაც წმიდანის სახელს უკავშირდება. წმიდა ბარბარეს ცხოვრება  და წამებაც კი გამორჩეული იყო, ენით აღუწერელი და, შეიძლება ითქვას, რომ ქრისტეს წამებასაც მიემსგავსა. ჩვენ ვიცით, რომ წმიდა ბარბარემ, წმიდა გიორგიმ უსასტიკესი წამება დაითმინეს. წმიდა ბარბარეს თავში ჩაარტყეს ჩაქუჩი, სხეული დაუსერეს, ასოები მოაჭრეს და ასე შემდეგ – ეს იყო ენით აუწერელი ტანჯვა და მისივე ცხოვრება წარმოაჩენს მის ღვაწლს. ასე რომ, ამ ადამიანების საქმეები იყო დიდი,  ამიტომაც უწოდებს მათ ეკლესია დიდმოწამეებს და, შესაბამისად, მათი ხსნების დღეც, ლიტურგიაც, აღმატებულია. 

скачать dle 11.3