როგორ სურნელს ანიჭებენ უპირატესობას კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები
კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს თავისი საყვარელი სურნელი აქვს, უფრო სწორად, ასტროლოგიურად, სურნელის დამახასიათებელი გემოვნება. თუ თქვენი საყვარელი ადამიანისთვის სუნამოს შერჩევა გსურთ, უნდა იცოდეთ, როგორი არომატი შეურჩიოთ, რომ კმაყოფილი დარჩეს. ასე რომ, ეგრეთ წოდებული „პარფიუმერიული გემოვნება“ ნებისმიერი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის განსხვავებულია და ამის ცოდნა აუცილებელია. სხვათა შორის, კუროს, ლომის, მორიელისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები ამჯობინებენ, მდგრადი სურნელის პარფიუმერიას, რომელიც არ ქრება გარკვეული დროის გასვლის შემდეგაც. ვერძის, კირჩხიბის, თხის რქისა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები კი მეორე ადამიანს აფასებენ მისი სურნელის შეგრძნების პირველივე შთაბეჭდილებით; ტყუპები, ქალწულები, მშვილდოსნები და თევზები კი ამჯობინებენ, ისეთი სუნამო დაისხან, მათი ქუჩაში გავლის შემდეგ რომ კვალს ტოვებს და სხვებისთვის მკვეთრად შესამჩნევია.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს მკვეთრი სურნელი უყვართ. ხშირად უპირატესობას, სპორტულ ხაზს ანიჭებენ. მათთვის არომატში მთავარია იმპულსი და ინდივიდუალობა. ვერძს სუნამო გარშემო მყოფებისგან უნდა გამოარჩევდეს, რათა ყველამ შეიგრძნოს მისი სურნელი და დაინახოს, რა განსხვავებული, ქალური, ძლიერი და, იმავდროულად, ნაზი არსებაა მათ წინაშე.
კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს მოტკბო სურნელი უყვართ. უპირატესობას ანიჭებენ ყვავილების, ხილის არომატსა და ბალახების კომპოზიციას. ხშირად იციან ამოჩემება და რომელიღაც ერთ არომატს ვერ ელევიან. ასტროლოგიურად ისინი „ტკბილი” ადამიანების სიაში არიან. ასევე, იზიდავთ, ვანილისა და პუდრის სურნელი.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები ტყის, ბალახის, სოიოს სურნელს ამჯობინებენ და ხშირად იცვლიან სუნამოებს. ამ მხრივ ერთფეროვნება მათ აღიზიანებთ. ძირითადად, აფასებენ ახალგაზრდულ და მოდურ ბრენდებს. ყოველთის იციან, რა დროს რა იპკურონ, რომ გარემოებებსაც მოერგონ და გარშემო მყოფებიც არ გააღიზიანონ თავისი პარფიუმერიით.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული სუნამოს არჩევისას განწყობაზეა ორიენტირებული. ამიტომ, არასდროს იცის, რა არომატი სურს. ცვალებადი გემოვნების გამო, მას ბევრი პარფიუმერიის შეძენა უწევს. თუმცა, უპირატესობას მაინც ბუნებრივ, სადა, მინდვრის ყვავილების არომატს ანიჭებს.
ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებულიები სუნამოსა და სხვა პარფიუმერიული ნაწარმის არჩევისას კაპრიზულები არიან. ყოველთვის უნდათ რაღაც განსხვავებული, ძვირფასი და დახვეწილი. ცდილობენ, არომატის მაგიური ძალით მოხიბლონ გარშემო მყოფები და ამით შეუქმნან შთაბეჭდილება. ასე რომ, თუ მათთვის საჩუქრად გადაწყვეტთ სუნამოს ან ნებისმიერი პარფიუმერიული ნაწარმის შეძენას, ყურადღება გაამახვილეთ ფასსა და მის მოდურობაზე.
ქალწულები, პირველ ყოვლისა, საკუთარი სხეულის სისუფთავეზე ზრუნავენ. კოსმეტიკითა და სუნამოთი ისინი საკმაოდ დელიკატურად სარგებლობენ, რადგან უპირატესობას სუფთა სხეულს ანიჭებენ. თუ მისთვის საჩუქრად გადაწყვეტთ პარფიუმერიის შერჩევას, გირჩევთ, უპირატესობა ნაზად შესაგრძნობ არომატს მიანიჭოთ.
სასწორები დიდ ყურადღებას ანიჭებენ სილამაზესა და გარეგნობას. უყვართ ზომიერების დაცვა და ცდილობენ, საკუთარი სუნამოს სურნელით არ გააღიზიანონ სხვები. უპირატესობას ანიჭებენ მშვიდ, მსუბუქ და დახვეწილ სურნელს. თუმცა, მისი შერჩევისას, ასევე, უნდა გაითვალისწინოთ პარფიუმის ფასი და მოდურობა.
მორიელის ნიშნით დაბადებულებს ისეთი სუნამო უნდა შეურჩიოთ, რომელიც ხაზს გაუსვამს მის სექსუალურობას, მიმზიდველობასა და პიროვნულობას, რადგან ის ცდილობს, გარშემო მყოფები თავისი არომაგიის მახეში გააბას. ამიტომაც არ იშურებენ ფულს ისეთი პარფიუმერიის შესაძენად, რომლითად, ფარულად და მომაჯადოებლად იმოქმედებს სხვებზე. ასე რომ, ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს უნდა შეურჩიოთ უჩვეულო, მისტიკური პარფიუმი, რომელიც, აღმოსავლური არომატით გაჯერებული, ერთდროულად გამჭოლიც იქნება და ტკბილიც.
მშვილდოსნებს უყვართ სუნამოების ხშირი ცვლა, თუმცა ეს სულაც არ მეტყველებს მათ მერყევ ხასიათზე. უბრალოდ, მიაჩნიათ, რომ ერთი და იგივე სურნელი მომაბეზრებელია. უპირატესობას ანიჭებენ ცნობილ ბრენდებსა და პრესტიჟულ პარფიუმს. უყვართ ბევრი სუნამოს დასხმა, რომ ამით ყურადღება მიიპყრონ. ყოველთვის მზად არიან, თავის სხეულზე გამოსცადონ ახალი სურნელი. ასე რომ, შეგიძლიათ, მისთვის შეარჩიოთ როგორც ტკბილი, ასევე, გრილი არომატის სუნამო და მიუძღვნათ საჩუქრად.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები დიდ ყურადღებას აქცევენ ისეთ სურნელს, რომლითაც კიდევ უფრო გამოიკვეთება მათი ქალურობა. უყვართ კლასიკური ბრენდები და არომატები; არ უყვართ სუნამოების ცვლა და, თუ თავისი არომატი აღმოაჩინეს, შესაძლოა, დიდხანს ვეღარც შეელიონ. უყვართ როგორც ტკბილი, ისე ზღვის სურნელის კოსმეტიკა და პარფიუმერია.
მერწყულები ხშირად იცვლიან გემოვნებას და უყვართ მსუყე, მძიმე არომატები. ყურადღებით აკვირდებიან მოდის ტენდენციებს, ყოველთვის იციან რა სურნელია მოდაში და სწორედ ამის მიხედვით ირჩევენ პარფიუმერიულ ნაწარმს. ასევე, უყვართ ექსპერიმენტები და, შეუძლიათ, დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა არომატის სუნამო იპკურონ.
თევზები ისეთ სურნელს ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც მათ სინაზესა და სისუსტეს უსვამს ხაზს. ამით ისინი ადვილად აბამენ მახეში საპირისპირო სქესს. უყვართ ტკბილი, ყვავილოვანი, ნაზი და რბილი არომატი. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები ხშირად იცვლის გემოვნებას და შეუძლიათ, ისეთი სუნამოც იპკურონ, მოდაში რომ აღარ არის, მოძველებულია, მაგრამ, ტკბილ, რომანტიკულ მოგონებებს აღძრავს მათში. უმეტესად კი, იმ სურნელს ანიჭებენ უპირატესობას, რომელსაც რეკლამა უკეთდება და მისი ბრენდი საკმაოდ ცნობილი და მოდურია.