რა თქვა სტალინმა „საიდუმლო სერობაზე“, სადაც მეფის ოჯახს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
დოკუმენტი, რომლის ასლიც არ არსებობს 1918 წლის 16 ივლისის პოლიტბიუროს სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერია. „საიდუმლო სერობა“ მეფის ოჯახის ბედზე სამსჯავროდ შეიკრიბა იმ დღეს კრემლში. ზოგიერთი ჭორის თანახმად, რომელსაც ტროცკისტული ბლოკის დაქირავებული აგენტები ავრცელებდნენ, მეფის ოჯახის ამოწყვეტა სტალინს ჰბრალდება, რაც მტკნარი სიცრუეა და მას ეს სტენოგრაფიული ჩანაწერი აქარწყლებს. 1918 წლის 16 ივლისს, საღამოს 16 საათზე, კრემლში პოლიტბიუროს დახურული სხდომა გაიმართა, რომელზეც ყველა წევრი არ ყოფილა მიწვეული. მას ესწრებოდნენ – ლენინი, სტალინი, ტროცკი, ორჯონიკიძე, კიროვი, სვერდლოვი, ზინოვიევი, კამენევი, ბუხარინი, ტომსკი და კომისარი გოლოშჩოკინი, რომელსაც სპეციალური მოხსენება უნდა წაეკითხა მეფის ოჯახის მდგომარეობის შესახებ და საერთოდ, მის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე. სხდომის სტენოგრამას ლენინის მდივანი, ელენა სტასოვა წერდა. სხდომა ლენინმა გახსნა და ორწუთიან გამოსვლაში აღნიშნა, რომ: „ამხანაგმა გოლოშჩოკინმა კომისარ ბელობლორდოვის საიდუმლო ტელეგრამა წარმოადგინა, სადაც წერია, რომ ეკატერინბურგი 3 დღეში დაეცემა და შესაძლებელია, მეფის ოჯახის დახსნა, რაც ჩვენ ზედმეტ პრობლემებს შეგვიქმნის“. შემდეგ სიტყვა გოლოშჩოკინმა აიღო, რომელმაც ფრონტებზე შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა და დაასკვნა, უახლოეს დროში თეთრგვარდიელები ფრონტს გაარღვევენო და წინადადება შემოიტანა, პოლიტბიუროს მეფის ოჯახის დახვრეტის ბრძანება დაემტკიცებინა. შემდეგ, ჯერ ტროცკი გამოვიდა, რომელსაც ორჯონიკიძე და სვერდლოვი მიჰყვნენ. დანარჩენებმა თავი რომ შეიკავეს გამოსვლისგან, სიტყვა კვლავ ლენინმა აიღო და ეს საკითხი კენჭისყრაზე დააყენა. უდავო იყო, რომ პოლიტბიურო დახვრეტის ვერდიქტს გამოიტანდა. უეცრად სტალინი ფეხზე წამოდგა, სიტყვა ითხოვა და დასტური რომ მიიღო, დაიწყო: „ამხანაგებო, უპირველესად, ფრონტებზე შექმნილი მდგომარეობა მთლიანად სამხედრო საქმეთა სახალხო კომისრის (ტროცკის) კისერზეა. თუმცა, ჩემი ინფორმაციებით, ეკატერინბურგში არცთუ ისე საგანგაშო მდგომარეობაა სამხედრო თვალსაზრისით. თუ მაინცდამაინც საჭიროება მოითხოვს, შეგვიძლია, იქ საგანგებო რაზმი გავაგზავნოთ და მეფის ოჯახი აქეთ გადმოვიყვანოთ. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ უკიდურესი ზომების. ეს ჩვენ პოლიტიკურ დივიდენდებს არ შეგვმატებს საერთაშორისო წრეებში და არც ისტორია გვაპატიებს ასეთ სისასტიკეს. მე გთხოვთ, ყველა კარგად დაფიქრდეთ, აწონ-დაწონოთ ეს წინადადება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება. ვიმეორებ, მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ მათი განადგურების და ეს ნაბიჯი რამდენიმე ათეული წლის შემდეგაც კი, წინ დაუხვდებათ ჩვენს მემკვიდრეებს“. ტროცკიმ, სტალინის ბოლო ფრაზაზე ირონიულად გაიცინა და შხამიანი რეპლიკა ისროლა: „წლების შემდეგ როგორ გეგმავთ მოვლენებს, როდესაც სიტუაცია ყოველ საათში იცვლებაო“. სტალინს პასუხი არ გაუცია და ლენინს შესვენება სთხოვა. 19.00 საათზე შესვენება გამოცხადდა და ლენინმა ყველას მოუწოდა, ერთ საათში ისევ შეკრებილიყვნენ. ამასობაში სტალინი ორჯონიკიძესა და კიროვს შეუერთდა, რომლებიც გაცხარებული საუბრობდნენ და მათთან ერთად კრემლის ოვალური სასადილოსკენ გაემართა. მოგვიანებით, სტალინის მდივანი, ბაჟანოვი ყვებოდა: „მე მოპირდაპირე მაგიდასთან ვიჯექი და თვალს არ ვაშორებდი სტალინის, კიროვისა და ორჯონიკიძის საუბარს. სტალინი, მისთვის უჩვეულო ემოციურობით ლაპარაკობდა და რაღაცას უმტკიცებდა მათ. ისინი კი უხმოდ უსმენდნენ“. როგორც ეტყობა, სტალინმა ბოლომდე ვერ დაარწმუნა ისინი, მაგრამ კიროვსა და ორჯონიკიძეს დახვრეტის ვერდიქტზე ხელი არ მოუწერიათ და კენჭისყრის დროს თავი შეიკავეს. სხდომა, ლენინის მაგიერ, ტროცკიმ განაახლა და ეტყობოდა, ეს შეთანხმებულად მოხდა, რადგან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ლენინს არ სურდა, ამ სასტიკ პროექტს მისი სახელი დარქმეოდა. სინამდვილეში, ლენინის იდეა იყო მეფის ოჯახის ამოწყვეტა, რაც მისი შურისძიების (ძმის გამო) პროგრამის ბოლო აკორდს წარმოადგენდა. როგორც ეტყობა, შესვენებაზე ტროცკიმ და ლენინმა მოქმედების ახალი ტაქტიკა შეიმუშავეს. მეორე სხდომაზე, რომელიც 6 საათს გაგრძელდა, ტროცკიმ 7-ჯერ აიღო სიტყვა, ლენინმა – 4-ჯერ, კამენევმა, ზინოვიევმა და ტომსკიმ – 2-2-ჯერ, ხოლო სტალინმა, რომელიც კვლავ ბოლოს გამოვიდა, მხოლოდ ერთხელ. უკვე ღამის პირველი საათი იყო, სხდომის მონაწილეები რომ დაიშალნენ, 3 საათზე კი ისევ შეიკრიბნენ. სხდომა კვლავ ტროცკიმ განაახლა, რომელმაც თქვა: „კომისარ ბელობორდოვისგან რამდენიმე წუთის წინ ტელეგრამა მოვიდა, რომელსაც ახლავე წაგიკითხვავთ. შემდეგ მან ქაღალდი გაშალა და ტექსტის კითხვა დაიწყო: „თეთრგვარდიელთა ცალკეული შენაერთები ქალაქის მისადგომებთან იმყოფებიან და წუთი-წუთზე მათ დამხმარე ძალები შეუერთდებიან. ჩვენ სისხლისგან ვიცლებით, უნარი აღარ შეგვწევს, მათი ზეწოლა შევაჩეროთ და ნება დაგვრთეთ, საგანგებო ბრძანება შევასრულოთ“. საგანგებო ბრძანება მეფის ოჯახის ლიკვიდაციას ნიშნავდა, რაც დაუყოვნებლივ უნდა მოყვანილიყო სისრულეში. ტროცკის გამოსვლის შემდეგ პაუზა ჩამოვარდა. ყველა დუმდა, მათ შორის ტროცკიც და სტალინიც, ხოლო ლენინი, რომელიც აქეთ-იქით იყურებოდა, წამოდგა და თქვა: „მეფე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაუვარდეს ხელში თეთრგვარდიელებს. ეს ჩვენს რევოლუციურ მონაპოვარს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. თქვენ რევოლუციის რაინდები ხართ და ისტორიული პასუხისმგებლობა გაკისრიათ. მოგიწოდებთ, ნუ გაექცევით ამ პასუხისმგებლობას და მტკიცე გადაწყვეტილება მიიღეთ“. ეს, ფაქტობრივად, მეფის ოჯახის წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავდა, რაც კენჭისყრისას აისახა. ათიდან შვიდმა სასიკვდილო განაჩენს მისცა ხმა, ორმა თავი შეიკავა და მხოლოდ სტალინი იყო წინააღმდეგი. კენჭისყრა ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო დასრულებული, რომ გოლოშჩოკინი შიფროგრამის ტექსტს გადასცემდა სააპარატოდან, რომელშიც ეწერა: „დაუყოვნებლივ მოიყვანეთ მოქმედებაში საგანგებო ბრძანება, რომელიც პოლიტბიურომ დაამტკიცა 17.07.1918.06 სთ“. სხდომის მონაწილეები რამდენიმე წუთში დაიშალნენ და თავიანთ კაბინეტებსა და საცხოვრებელ ოთახებში წავიდ-წამოვიდნენ. სტალინი, ორჯონიკიძე და კიროვი კი სტალინის კაბინეტში აგრძელებდნენ საუბარს, რომელსაც ასე იხსენებდა ორჯონიკიძე: „სტალინი მძიმე ნაბიჯებით დადიოდა კაბინეტში და განუწყვეტლივ ეწეოდა. ოთახში საშინელი ბუღი დადგა, თუმცა ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით, რომ ფანჯრის გაღება არც ერთს არ გაგვხსენებია. კობა შეჩერდა, ჩიბუხი პირიდან გამოიღო და თქვა: „ლენინი შეცდა, მას ეს არ უნდა ექნა, რადგან ახლა ჩვენი შიდა და გარე მტრები ორმაგად გაიზრდება. ჩვენ კი სასტიკი ბრძოლების გადატანა მოგვიწევს. ძალიან დიდი მსხვერპლი იქნება და ეს უშუალოდ მისი (ლენინის) და იმ დანარჩენების კისერზე იქნება, ვინც ეს უაზრობა გააფორმა. მათ ვერ შეუგნიათ, რომ სისხლი საუკუნეების ქარტეხილებზე გადადის და სანამ სამაგიეროს არ მიიღებს, არ დაოკდება“. სტალინი მე მომმართავდა. მივხვდი, რომ ის სისხლის აღების დიდ მასშტაბებს გულისხმობდა, რაც სულ რამდენიმე კვირაში ისეთი სისასტიკით გაჩაღდა, რომ კიდით-კიდემდე მოიცვა ეს უზარმაზარი ქვეყანა“.
ორჯონიკიძე სამოქალაქო ომს გულისხმობდა, რომელმაც მილიონობით სიცოცხლე შეიწირა და რამდენჯერმე ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკა მარცხის პირასაც იდგა ამ ომში, რადგან იმხელა რკალი შეიქმნა მის გარშემო, რომ მისი დაცვა და გაძლება მხოლოდ და მხოლოდ მტკიცე ნებისყოფის ადამიანს შეეძლო, ისეთს, როგორიც სტალინი იყო. ტროცკი, ბუხარინი, კამენევი, სხვები და თვით ლენინიც კი, იუდენიჩის შემოტევის წინ, უკან დახევას და პეტროგრადის დატოვებას აპირებდნენ. რომ არა სტალინის ურყევი ნება, პეტროგრადი დაეცემოდა, რასაც მთელი რუსეთის დაცემა, საბჭოთა ხელისუფლების დამარცხება და ბურჟუაზიის აღდგენა მოჰყვებოდა. ერთ-ერთ სამხედრო თათბირზე, რომელზეც ტროცკი სამხედრო-სტრატეგიულ საკითხებს განიხილავდა, მან პეტერბურგის დათმობის იდეა წამოაყენა, რასაც ლენინიც დაეთანხმა და სხვა წევრებიც მზად იყვნენ საამისოდ. მაშინ სტალინი ფეხზე წამოიჭრა, რაც მისთვის უჩვეულო იყო და ძალზე უხეშად გააწყვეტინა სიტყვა ტროცკის: „გაიხსენეთ 17 ივლისი, იმდროინდელი ატმოსფერო და იმ გადასახედიდან შეხედეთ დღევანდელ სიტუაციას. მაშინ ეს დამღუპველი გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო, შიდა ფრონტზე ბრძოლა მნიშვნელოვნად გაგვიადვილდებოდა. კარგი, რაც იყო, იყო... ამას უკვე ვეღარ ვუშველით, მაგრამ დღესაც რომ იგივეს იმეორებთ და კვლავ ისტორიის სასწორზე აგდებთ რევოლუციის ბედს, ეს უკვე კატასტროფის ტოლფასი შეიძლება გახდეს. უკვე მეორედ მოგიწოდებთ, რომ მედგრად დავდგეთ და ვიმეორებ, მეორე შეცდომას უკვე ნამდვილად აღარ გვაპატიებს ისტორია. თუკი მაინც არ გაჭრის ჩემი არგუმენტები და რევოლუციური სამხედრო საბჭო დედლურ პოზიციას დაიკავებს, მე პოლიტბიუროს დავტოვებ, ყველა თანამდებობიდან გადავდგები და რიგით მეომრად წავალ პეტროგრადის დასაცავად. დარწმუნებული ვარ, მისი დაცემა რევოლუციური დროშის დაცემას გამოიწვევს, რაც ჩვენი კატასტროფით დასრულდება“. სტალინის ამ უჩვეულო ემოციურმა სიტყვამ მონუსხა ძველი ბოლშევიკები და ყველამ ერთხმად მისცა ხმა პეტროგრადის დაცვას. ზინოვიევმა წინადადება შეიტანა, რომ ეს საქმე უშუალოდ სტალინისთვის ჩაებარებინათ და ტროცკისთვის სადავეები ჩამოერთმიათ. თუმცა, იმავდროულად, ტროცკი სამხედრო საქმეთა კომისრად რჩებოდა. ამ წინადადებასაც ყველამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი, მათ შორის ტროცკიმაც და იქვე გადასცა ქალაქის დაცვის უფლებამოსილება. სულ რამდენიმე დღეში ქალაქზე სასტიკი, მრავალმხრივი იერიში განხორციელდა, მაგრამ სტალინმა წარმატებით დაიცვა ის და რამდენიმე კვირაში საპასუხო იერიშზე გადავიდა.