სამარხვო დიეტა
ალბათ, ბევრი დაგვეთანხმება, რომ მარხვის პერიოდში ზოგი საგრძნობლად იმატებს წონაში. ეს რომ არ მოხდეს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ მარხვა არ ნიშნავს მხოლოდ ცხოველური საკვების ამოღებას რაციონიდან; მარხულობის დროს ადამიანმა უნდა მიიღოს მცენარეული საკვები მცირე რაოდენობით. ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, არ უნდა გაძღეს, თუნდაც ხილით ან ბოსტნეულით, რადგან, ნაყროვანება უკვე აღარ ითვლება მარხვად.
მივსდიოთ ამ პრინციპს და დავარეგულიროთ როგორც ყოველდღიური კვების რეჟიმი, ისე თითოეული ულუფის შემადგენლობა და რაოდენობა.
მარხვის პერიოდში უნდა იკვებოთ დღეში 5-6-ჯერ. ბოლო კვება არ უნდა გადასცილდეს საღამოს 19 საათს. თითოეული ულუფა (სითხის გარდა) არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს. მთლიანად ამოიღეთ მენიუდან თუნდაც სამარხვო პურფუნთუშეული, მაიონეზი და მსუყე კერძები. ხილი და ბოსტნეული მიიღეთ უმი, მოხარშული ან მოთუთქული სახით. ბურღულეული მოამზადეთ წყალზე (მცირეოდენი ზეთითა და მარილით, ან – თაფლით). პურის ნაცვლად მიირთვით „ხლებცის“ ფირფიტები (თითო კვებაზე თითო ცალი) ან დიეტური პურის თითო პატარა ნაჭერი.
რადგან წვნიანის გარეშე, შეიძლება, კუჭ-ნაწლავის მოქმედება დაგერღვეთ, მოამზადეთ (უცხიმოდ) სამარხვო ბორშჩი, ვერმიშელიანი ან მუხუდოს სუპი (თითო ჯერზე 2 ჩამჩა).
თუ ბრინჯიან ან კარტოფილიან კერძს მოიმზადებთ, კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით და ნახევარი საათის განმავლობაში დადგით გამდინარე წყლის ქვეშ; ბრინჯი კი რამდენჯერმე გარეცხეთ, დაასხით მდუღარე წყალი, ნახევარი საათი ასე გააჩერეთ და შემდეგ კიდევ გარეცხეთ ორ-სამჯერ. ამ მეთოდით, ორივე პროდუქტს მაქსიმალურად გამოაცლით სახამებელს.
მოერიდეთ შემწვარ-მოხრაკულ, სუნელებიან ან წიწაკიან კერძებს.
რაც შეეხება სითხეს, როგორც წესი, დღის განმავლობაში უნდა დალიოთ 2 ლიტრი წყალი, გაზგასული მინერალური და ხილისა და ბოსტნეულის ახალგამოწურული (უშაქრო და უმარილო) წვენები. აუცილებელია დღეში ერთხელ 1 ჭიქა ტომატის წვენი დალიოთ (2 სავსე ჩაის კოვზი ტომატ-პასტა გახსენით 1 ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში) – ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნასა და ცხიმების წვას.
ცხიმების აქტიუროი მტერია გრეიპფრუტი და ანანასი. ამიტომ, თუ გაქვთ საშუალება, მიირთვით დღეში ერთხელ მაინც.
რაც შეეხება სალათებს, შეიძლება ითქვას, რომ „კარტ ბლანში“ გაქვთ, ოღონდ, შეგახსენებთ: მაიონეზის გარეშე.
თუ ამ წესებს სრულიად დაიცავთ, შობის დღესასწაულს ვალმოხდილი და ლამაზ ფორმაში შეხვდებით.
წარმატებებს გისურვებთ!