ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელები მსოფლიო სპორტის ისტორიაში
ფეხბურთელების უმეტესობა აქტიურ სპორტულ კარიერას 40 წლამდე ამთავრებს, საშუალო სტატისტიკურად – 35-36 წლის ასაკში, თუმცა, არიან გამონაკლისებიც, რომლებიც თამაშს 40 წლის შესრულების შემდეგაც განაგრძობენ, ამის ნათელი მაგალითი კი „მანჩესტერ იუნაიტედის” უელსელი ნახევარმცველი რაიან გიგზი და „ინტერის” არგენტინელი ლიდერი ხავიერ ძანეტი არიან. ორივეს წელს შეუსრულდა 40 წელი, თუმცა, დღევანდელ ნომერში იმ ფეხბურთელებს შემოგთავაზებთ, რომლებმაც კარიერა 40 წლის გადაცილების შემდეგაც გააგრძელეს.
სტენლი მეტიუზი: საფეხბურთო კარიერა – 1932-1965 წლები
სერ სტენლი მეტიუზი ბრიტანული ფეხბურთის ლეგენდა და უნიკალური ფეხბურთელია, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ერთხელაც არ მიუღია ყვითელი და, მით უმეტეს, წითელი ბარათი. თავისი სპორტული კარიერა სტენლიმ „სტოკ სიტიში” დაიწყო და იქვე დაასრულა 1965 წელს, 33 წლის შემდეგ. 48 წლის ასაკში სტენლი ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო უკანასკნელი მატჩი ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მან 42 წლის ასაკში ითამაშა, რაც დღემდე რეკორდად ითვლება.
როჟე მილა: საფეხბურთო კარიერა – 1968-1996 წლები
ლეგენდარული კამერუნელი ფეხბურთელის ვარსკვლავი მსოფლიო ფეხბურთის ოლიმპზე 1990 წელს, იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე აინთო. იმ დროისთვის როჟე უკვე 38 წლის იყო. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი მან, 42 წლის ასაკში, გოლის გატანა მოახერხა რუსეთის ნაკრების კარში და დღემდე ითვლება გოლის ყველაზე ასაკოვან ავტორად მუნდიალების ისტორიაში. როჟე მილა 45 წლის ასაკამდე თამაშობდა კამერუნელ კლუბებში და, მრავალთა აზრით, ნაადრევად დაასრულა კარიერა.
ბენგტ ანდერსონი: საფეხბურთო კარიერა – 1984 წლიდან – დღემდე
მოქმედი ფეხბურთელებიდან ყველაზე ასაკოვანი შვედი გოლკიპერი, 47 წლის ბენგტ ანდერსონი, შვედური „იორგრიტეს” ღირსებას იცავს. ბენგტი 90-იან წლებში შვედეთის ყველაზე პოპულარულ კლუბ „გიოტებორგში” თამაშობდა და იქიდანვე მიიღო მიწვევა შვედეთის ნაკრებში. კონტრაქტი მას 41 წლის ასაკში დაუსრულდა, თუმცა, მან გადაწყვიტა, გაეგრძელებინა კარიერა და დღემდე საიმედოდ იცავს კლუბის კარს.
დევიდ ჯეიმსი: საფეხბურთო კარიერა – 1988 წლიდან – დღემდე
იმპოზანტური ინგლისელი გოლკიპერი დევიდ ჯეიმსი ამჟამად ისლანდიის ჩემპიონატში კლუბ „ვესტმანაეირის” ღისრებას იცავს. ჯეიმსი 43 წლისაა და უკანასკნელი მატჩი ინგლისის ნაკრებში მან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა 40 წლის ასაკში. საგულისხმოა, რომ დევიდ ჯეიმსი თავისი ამჟამინდელი კლუბის ფეხბურთელების უმეტესობას ასაკით მამად ეკუთვნის.
ბრედ ფრიდელი: საფეხბურთო კარიერა – 1989 წლიდან – დღემდე
ამერიკელი ბრედ ფრიდელი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 42 წელი შეუსრულდა ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე ავტორიტეტული მეკარეა. ცნობისთვის, ფრიდელი თავის ამჟამინდელ მწვრთნელზე, პორტუგალიელ ანდრე ვილაჟ-ბოაშზე, 6 წლით უფროსია. ზაფხულში კლუბთან ერთად ის თბილისს ესტუმრა, როდესაც „ტოტენჰემი” ევროპის ლიგის გათამაშებაში თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა.