რა ეტაპებს გადის ქალი სიყვარულში და როდის აღარ უშვებს ის შეცდომას გრძნობის გავლენით
გრძნობის გავლენით ადამიანები უშვებენ შეცდომებს, რომლებსაც კონკრეტული, ჩამოყალიბებული სახე აქვს. სიყვარული ხშირად გვწყვეტს რეალობას და სულ სხვანაირად გვანახვებს ადამიანებს. ზოგჯერ ისინი სულაც არ არიან ისეთები, როგორებადაც ჩვენ გვეჩვენება. შეყვარებული თვალებით გაცილებით კეთილშობილი, ღირსეული და მომხიბვლელი გვგონია. რეალობა კი ხშირად სხვაა. ერთი სიტყვით, ქალმა სიყვარულზე უნდა იფიქროს, მაგრამ რეალობას არ უნდა მოწყდეს, რათა იმედგაცრუება და ტკივილი არ იწვნიოს.
თეიკო (30 წლის): ჩემს ცხოვრებაზე როცა ვფიქრობ და ვიხსენებ, რა და როგორ გავიარე, აშკარად ვხედავ, რა შეცდომებიც დავუშვი. ბუნებრივია, ახლა რამის შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ სულ ოდნავ მეტი რომ მცოდნოდა, თუნდაც საკუთარ სურვილებზე, ამდენი ტკივილის გადატანა აღარ მომიხდებოდა. უკვე ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ახალგაზრდისთვის უმთავრესია, თვითონ იყოს შეყვარებული. ყველა ქალი გამიგებს. იმიტომ რომ, ყველასთვის ნაცნობია მდგომარეობა, როცა მთავარია, ვიღაც გიყვარდეს. ანუ, შეყვარებულობის განცდას ორგანიზმი გთხოვს საკვებივით და შეიძლება, ისეთ მამაკაცზე იოცნებო, რომელიც ერთხელ სადღაც გინახავს და აღარც შეხვედრიხარ. მერე უკვე დგება ეტაპი, როცა უნდა უყვარდე და გიყვარდეს. ორმხრივი სიყვარული აუცილებელია და სხვანაირად ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება. ვირტუალური სიყვარული ან სიყვარულის „ობიექტი“ ვეღარ დაგაკმაყოფილებს...
– ანუ, ქალს სიყვარულში რამდენიმე ეტაპი აქვს?
– დიახ. სწორედ ამისი თქმა მინდა. შეიძლება, ჩვენ კარგად ვერც ვაცნობიერებთ ამას, მაგრამ ფაქტია – სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირი სიყვარული გვჭირდება.
– მარტო ქალებს, თუ კაცებსაც აქვთ სიყვარულში ეტაპები?
– მგონი, რომ კაცებსაც აქვთ ასეთი ეტაპები. შეიძლება, ისინი ნაკლებად ფიქრობენ ამაზე. კაცი უფრო სხვანაირადაა მოწყობილი. თუმცა, ხომ გეუბნებით, მე ვერ ვილაპარაკებ ამაზე, არაკომპეტენტური ვიქნები. ქალის სიყვარულის ეტაპებზე ვსაუბრობდით. ყველაზე რეალური და სასურველი მესამე ეტაპია – როცა შენთვის მთავარია, უყვარდე იმას...
– შენ არ უნდა გიყვარდეს?
– დამიჯერეთ, როცა უყვარხარ „იმას“, შენც გიყვარდება. შეუძლებელია სხვანაირად. წარმოიდგინეთ, უყვარხარ კაცს და ყველაფერს აკეთებს შენი ბედნიერებისთვის. დარჩები მის მიმართ გულგრილი? ან რა ჯობია, შენ გიყვარდეს და იტანჯებოდე – უყურებდე, როგორ გაურბის თვალები სხვა ქალებისკენ და ითმენდე ამას?! მაშინ, მაზოხისტი უნდა იყო. თუმცა, გეთანხმებით, რომ ასეთი ქალებიც არსებობენ. ახლა რომ ვფიქრობ, რაღაც მომენტში, მეც ვიქცეოდი მაზოხისტივით, როცა სრულიად შეგნებულად ვამართლებდი უღირს საქციელს და ვხუჭავდი თვალებს აშკარა უზნეობაზე. ჩემ მიმართ განხორციელებულ უზნეობას და უსამართლობას ვგულისხმობ, თორემ, ყველა ადამიანს საკუთარი მორალი აქვს და საკუთარი სინდისის წინაშე ვალდებულებაც უნდა გააჩნდეს. ჩემი ქმარი თორმეტი წლით არის ჩემზე უფროსი. მე ის ცამეტი წლისას შემიყვარდა და თავიდან მართლა ჩემ მიერ გამოგონილი სიყვარული მიყვარდა. ვერ ვიჯერებდი, რომ რეალურად იყო შესაძლებელი ჩვენი ურთიერთობა. ცამეტი წლის გოგოს ზუსტად ის ეტაპი მქონდა, რომელზეც ვილაპარაკეთ. მთავარი იყო, მე მყვარებოდა. ის ვერც მამჩნევდა. მაგრამ ეს არ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. ოღონდ კი დამენახა და ყველაფერზე თანახმა ვიყავი, არც ეჭვიანობის მომენტები მქონია. მაშინ ამ ყველაფრისგან ძალიან შორს ვიყავი და ბედნიერებასაც სრულფასოვნად შევიგრძნობდი.
– ვერ მამჩნევდაო, ამბობთ. მაინც ბედნიერი ვიყავიო... იყო კი, თქვენი გრძნობა სერიოზული?
– მაშინდელი გადმოსახედიდან – იყო და ჯობდა, იქვე მორჩენილიყო ეს ყველაფერი. ვნანობ, ეს სიყვარული მეორე ეტაპზე რომ გადავიყვანე. არ ღირდა. იდეალიზებული, რომანტიკული სიყვარული ასეთივე უნდა დარჩეს. მისი „გამატერიალიზება“ და ხორცშესხმა ყოველთვის ცუდად მთავრდება. შემამჩნია, ექვსი წლის შემდეგ, საერთო მეგობრის დაბადების დღეზე. ეგრევე გადაირია და გაგიჟდა. ერთი წუთით აღარ მომასვენა. სიყვარულს მეფიცებოდა და მეუბნებოდა, თუ მე არ გამომყვები, თავს არ ვიცოცხლებო. მეც წავედი ოცნებებში – როგორ გავყვებოდი ცოლად, გვექნებოდა ულამაზესი ქორწილი და როგორ მატარებდა ხელისგულზე... გავფრინდი ღრუბლებში და კისერიც მოვიტეხე. ცხოვრება არ არის რომანტიზმით გაჟღენთილი და მიწაზე მყარად თუ არ დადგები, პატარა ნიავიც კი მოგერევა.
– იცოდა, რომ ექვსი წლის წინ შეყვარებული იყავით მასზე?
– მე ვუთხარი. სულელი ვარ, ხომ? თუმცა, იმ ეტაპზე, როცა გრძნობა იმას გაუჩნდა, მე შედარებით რეალურად ვაზროვნებდი. თუ ვუყვარვარ, მეც შევიყვარებ-მეთქი. მოკლედ, ჩვენი კავშირი შედგა. აღარ მივაქციე ყურადღება იმას, რომ უამრავი გოგო ურეკავდა. რატომ უნდა მაინტერესებდეს მისი „ყოფილები“, როცა ახლა მე ვარ მისი დედოფალი-მეთქი, ვფიქრობდი. შტერი რომ იქნება ქალი. როცა კაცი შეჩვეულია ქალებში წანწალს, ის ამას არ მოიშლის და ვერც სრულფასოვნად შეიყვარებს ვინმეს. ქმარი ისე შევიყვარე, რომ მან მთელი ჩემი სამყარო შეავსო. არავინ და აღარაფერი მაინტერესებდა მის გარდა. ჩემი ყველა ინტერესი მხოლოდ მას უკავშირდებოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისიც ზუსტად ასე იყო ჩემ მიმართ განწყობილი.
– ანუ, სიტყვაზე ენდეთ?
– ასე გამოვიდა. ოდნავი ეჭვიც არ გამჩენია, რომ ისეთივე ძლიერი გრძნობა არ ჰქონდა ჩემ მიმართ, როგორც მე. ახლა რომ ვაცნობიერებ, მესაკუთრული გრძნობა უფრო აკავშირებდა ჩემთან, ვიდრე სიყვარული. ცოლის კრიტერიუმს ვუკმაყოფილებდი, რატომაც არა? – წესიერიც ვიყავი, ლამაზიც, ჭკვიანიც და კარგი ოჯახის შვილიც. თან, მიყვარდა. ეტყობა, ეს ყველაფერი გაითვალისწინა და ისე შემირთო ცოლად... პრობლემები ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ დაიწყო. ზუსტად ის მესაკუთრული გრძნობა იყო მიზეზი იმ ქცევისა, როგორც მე ის მექცეოდა. უნდოდა, რომ ერთპიროვნული მბრძანებელი ყოფილიყო. მე არ მქონდა უფლება, მეკითხა მისთვის, სად ან რატომ მიდიოდა. რომ დაენახა, მის მობილურს მივეკარე, მომკლავდა.
– ძალადობდა თქვენზე?
– ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. ხელი არ დაურტყამს, მაგრამ ყვირილი და სახლში ნივთების მტვრევა ახასიათებდა. მე კაცი ვარ და სიტყვას არავინ არ უნდა მიბრუნებდესო. „ხელისგულზე“ ტარებაც თავისებურად ესმოდა – ძვირფასი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ყიდვა. მიაჩნდა, რომ ეს აბსოლუტურად საკმარისი იყო ჩემი ბედნიერებისთვის. პარალელურად, „ნაშებიც“ უნდა ჰყოლოდა, ესეც მისი კაცობის დამადასტურებელი აუცილებელი „ატრიბუტი“ იყო და მე ხმა არ უნდა ამომეღო. ისიც უნდა მეკმარა, რომ ცოლი, ანუ პრივილეგირებული ქალი მის ცხოვრებაში, მე ვიყავი. ეს ჩემთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო. მესამე წელს შეგვეძინა შვილი და ჩემმა ქმარმა გამომიცხადა, ახლა შენ ჩემი შვილის დედა ხარ და მეტი პასუხისმგებლობა გმართებს. ბავშვი შენ უნდა გაზარდო. ვერ ავიტან, ძიძას ან ბებიებს მიუგდო, შენ კი მეგობრებში ან აქეთ-იქით იწანწალოო. არ მომეწონა ეს ამბავი, მაგრამ არც მძაფრად გამიპროტესტებია. ბავშვს მართლაც ვჭირდებოდი.
– „ნაშებში“ სიარულის უფლებას აძლევდით? არ რეაგირებდით ამაზე?
– იცით, რა იყო? აშკარად და გამაღიზიანებლად ამას არ აკეთებდა. მის „ნაშას“ მე არასოდეს შევუწუხებივარ. სახლში რომ იყო, არც ტელეფონზე ურეკავდა ვინმე და არც თვითონ რეკავდა. მეც თავს ვიტყუებდი, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. ვერც იმას ვიტყვი, რომ ძალიან გამოკეტილი ვიყავი. მქონდა, უფრო სწორად, მაძლევდა იმის საშუალებას, მისი ნაყიდი „ბრენდები“ გამომემზეურებინა – კინოში, თეატრში და წვეულებებზე დავყავდი, მეგობრებთან. მამაც კარგი იყო. ბავშვს ძალიან ანებივრებდა. მისთვის ყველაფერი საუკეთესო მოჰქონდა. ჩემში პროტესტის გრძნობამ როდის იფეთქა, არ ვიცი. ალბათ, მაშინ, როცა აღმოვაჩინე, რომ მისი საყვარელი ქალი არ ვიყავი. ცოლი ვიყავი, მისი შვილის დედაც ვიყავი, მაგრამ არამც და არამც – საყვარელი ქალი. „ჩემო სიყვარულო“ – არასოდეს უთქვამს ჩემთვის. ლოგინშიც ვხვდებოდი, რომ ისე არ მექცეოდა, როგორც სასურველ, საყვარელ ქალს.
– სიტყვებს ასეთი მნიშვნელობა აქვს?
– არ აქვს, როცა კაცი ყველაფრით გაგრძნობინებს, რომ მისთვის სასურველი ქალი ხარ. დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ მთელი ეს წლები უსამართლობაში ვცხოვრობდი. ქმრის მიმართ სიყვარული ტვირთად მექცა, თანაც, მომაბეზრებელ ტვირთად. შემაძრწუნებელი იყო გრძნობა, რომელიც ადრე ბედნიერებას მანიჭებდა.
– ქმარი აღარ გიყვართ?
– „აღარ მიყვარს“ – ასე არა! მიყვარს და სიყვარული მაწუხებს. ესაა პრობლემა. მინდა, ამოვირეცხო გულიდან და გავთავისუფლდე. მშვიდად ამოვისუნთქებდი. მერე კი მოვძებნიდი კაცს, რომელიც მართლა შემიყვარდებოდა. დამაფასებდა და ბედნიერს გამხდიდა. მზად ვარ, ოჯახიც დავანგრო. ძალიან ბევრი ჩავდე ქმართან ურთიერთობაში, ოჯახში, სიყვარულში, მაგრამ დივიდენდები ვერ მივიღე. აღარ მინდა, ასე ცხოვრება. ჩემი ემოციური რესურსები ამოწურულია. ცოლ-ქმარი ერთმანეთს უნდა გრძნობდეს. ერთმანეთით უნდა არსებობდეს. სხვანაირად, ცხოვრებას აზრი არა აქვს. მე ამაში უკვე დარწმუნებული ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გვერდით ის ადამიანი მყავდეს, ვისაც მართლა ვეყვარები... ანუ, სიყვარულის მესამე ეტაპი მჭირდება...