კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მინდა, თავი შევაყვარო

ჩემს სამეგობროში არის ერთი ბიჭი, რომელიც მესამე წელია, მიყვარს. თუმცა, ვერ ვუმხელ, უფრო სწორად, არ ვიმჩნევ, რადგან, შეიძლება, დანარჩენმა მეგობრებმა გამამტყუნონ, ძმაკაცი რომ შემიყვარდა. მაგრამ, რა ჩემი ბრალია, გულს ხომ ვერ ვუბრძანებ?!

ხანდახან ისიც მგონია, რომ მისი შესაფერისი არ ვარ და, რომც გაიგოს, მიყვარს, მაინც არ შევუყვარდები. მაგრამ, მეორე მხრივ, როცა ვხედავ, როგორი გოგოები მოსწონს და რა ტიპშებთან დადის, იმით ფონზე ანგელოზობას აღარაფერი მიკლია. განსაკუთრებით არ მომეწონა მისი ბოლო სიყვარული (საბედნიეროდ, დროებითი). ამიტომ, ცოტა იმედი მომეცა, რომ, შეიძლება, მეც გამიღიმოს ცხოვრებაში ბედმა. მაგრამ, ეს რომ მოხდეს, როგორც ჩემმა ერთგულმა და ჭკვიანმა დაქალმა მირჩია, გეგას სხვა მხრიდან უნდა გავაცნო თავი, ანუ, ჩემი ის ღირსებები დავანახვო, რაც აქამდე არ შეუმჩნევია, თან, ნელ-ნელა უნდა ვაგრძნობინო, რომ მის გარეშე ცხოვრება აღარ შემიძლია. გაგიმხელთ, საახალწლო კარნავალზე, რომელსაც ჩვენი სამეგობრო ყოველ 31 დეკემბერს ვაწყობთ ხოლმე მთელი კოსტიუმებითა და ამბებით, ისეთი სიურპრიზის მოწყობას ვაპირებ ყველასთვის, განსაკუთრებით კი – გეგასთვის, რომ ნამდვილი ბომბი იქნება. მხოლოდ დაახლოებით გეტყვით, რომ ეს იქნება სულ რამდენიმეწუთიანი მინი-წარმოდგენა, რომელიც ფურორს მოახდენს, შოკში ჩააგდებს ყველას. მე კი შედეგად, გეგას სიყვარულით ანთებულ თვალებს დავინახავ.  გამოგიტყდებით და, ცოტათი ახალი წლის ღამის ჯადოსნურობისაც მჯერა – ეს ხომ სასწაულების ახდენის ღამეა და, რატომ არ შეიძლება, ერთი სასწაული მეც ამიხდეს – გეგამ შემიყვაროს?!

ინგა, 23 წლის. 

 

ჩემს რძალს შვილის გაჩენა არ უნდა

ჩემმა ერთადერთმა ვაჟმა განათხოვარი და შვილიანი ქალი შეირთო ცოლად. ცხადია, არ გაგვხარებია არც მე და არც ჩემს მეუღლეს, მაგრამ ჩვენი რძალიც და მისი 7 წლის ბიჭიც საკუთარი შვილიშვილივით მივიღეთ, რადგან, ჩვენმა ბიჭმა გამოგვიცხადა, ეს ქალი მიყვარს და სხვას არავის შევირთავ ცოლადო. ჩვენც პატივი ვეცით მის გრძნობას და ხმა არ ამოგვიღია.

ვერ ვიტყვი, რომ ჩემი რძალი უხასიათო ქალია, ქმარს არ უვლის ან ჩვენ არ გვცემს პატივს, მაგრამ, მეჩვენება, რომ ის კარგი ცოლისა და კარგი რძლის როლს თამაშობს და, საერთოდ, ძალიან ეშმაკი ქალი მგონია.

სიმართლე გითხრათ, პატარა გიორგის ძალიან შევეჩვიე და მართლა გულით შემიყვარდა. თვითონაც ძალიან დამიმეგობრდა, სულ კალთაში მიზის და „ბაბუ, ბაბუს“ მეძახის. ამიტომ, ნამდვილად არ მწყენია, როცა ჩემმა შვილმა მითხრა, გიორგის ჩემი გვარი და მამის სახელი უნდა მივცეო და მეც და ჩემმა ცოლმაც თანხმობა ვუთხარით. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ჩემმა შვილმა ეს გააკეთა, ჩემი რძალი აშკარად შეიცვალა. ასე, სათქმელად, ისეთს არაფერს აკეთებს, მაგრამ, რაღაცნაირად იქცევა – სულ პატარა წვრილმანებში ავლენს (ჯერჯერობით), თითქოს ის არის ამ სახლ-კარის მთავარი დიასახლისი, მე და ჩემი ცოლი კი შეხიზნული ნათესავები ვართ.

ამას წინათ ჩემთვის ერთი ძალიან უსიამოვნო რამ მოხდა: გიორგის დაბადების დღე სახლში გადავუხადეთ. რა თქმა უნდა, ჩემი რძლის ნათესავ-მეგობრებიც დაპატიჟეს (ძირითადად ისინი იყვნენ) და, შეთანხმებულებივით, თითქმის ყველა „იმათიანმა“ გიორგი, როგორც ჩვენი გვარის გამგრძელებელი და ერთადერთი მემკვიდრე, ისე ადღეგრძელა. ჩემმა შვილმაც აიტაცა ეს სადღეგრძელო და ასჯერ გაიმეორა. ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ მე ჩემი საკუთარი შვილიშვილი მინდა, ჩვენი გენის გამგრძელებელი. კი ბატონო, რადგან შვილიშვილად მივიღეთ ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც, რაც საჭიროა, არაფერს მოვაკლებთ, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს სახლში ჩემმა სისხლმა და ხორცმა არ ირბინოს.

სანამ ჩემი შვილი გიორგის გვარს მისცემდა, ჩემი რძალი სულ იმას ამბობდა, სამი შვილი უნდა გავაჩინოო, ახლა კი საეჭვოდ არის გაჩუმებული.

 უფრო სწორად, შიგადაშიგ შემოგვაპარებს ხოლმე, რომ შვილის გაჩენას ჯერჯერობით არ აპირებს, რადგან, კარიერას უნდა მიხედოს.  არ მინდა, ახალ წელს ჩემ გამო ოჯახში უსიამოვნება მოხდეს, მაგრამ, როგორც კი სადღესასწაულო დღეები ჩაივლის, მაშინვე დავუსვამ საკითხს შვილსაც და რძალსაც: ან გამიჩენენ ერთ შვილიშვილს მაინც, ან მემკვიდრედ სულ სხვა ვინმეს გამოვაცხადებ და ბინასაც და ყველაფერ დანარჩენსაც, რაც გამაჩნია, მას დავუტოვებ ანდერძით და მერე მოყვნენ ზღაპრებს კარიერასა და ათას სისულელეზე. ხატზე მაქვს დაფიცებული, რომ მართლა ასე ვიზამ და მიყარონ მერე კაკალი.

P.S. ძალიან მინდა, რომ ეს წერილი წაიკითხონ, იქნებ ორივე გონს მოეგოს (ჩემს შვილსაც ვგულისხმობ, იმიტომ რომ, ისიც ცოლის ჭკუაზეა გადასული, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ბევრ შვილზე ოცნებობდა).

შოთა, 69 წლის.

 

იმედი  არ უნდა დაკარგოთ

სტუდენტობის პერიოდში დიდი სტრესი  გადავიტანე. ჩემი ლექტორი შემიყვარდა, რომელმაც თავიდან თვითონ გამოიჩინა ჩემდამი ყურადღება და, ახალგაზრდა, გამოუცდელ გოგოს თავბრუ დამახვია თავისი ზრუნვით, დახვეწილი მანერებით, თბილი დამოკიდებულებით. მანამდე შეყვარებული არ მყოლია და, როგორც იტყვიან, თავით გადავეშვი გრძნობებში. თავიდან ცოტათი ის მზღუდავდა, რომ ჩემი ლექტორი იყო, მაგრამ, მხოლოდ ათი წლით ვიყავი მასზე უმცროსი, ანუ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭი იყო – 28-29 წლის.

უბედნიერესი ვიყავი. ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ ასეთ მამაკაცს შემახვედრა. რამდენიმე თვის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მინდოდა, ასე მომხდარიყო, ჩვენ ერთად გავატარეთ ღამე. რეზიკო მპირდებოდა, რომ უახლოეს დღეებში ჩემს მშობლებთან მოვიდოდა ხელის სათხოვნელად, მაგრამ, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მითხრა, უნდა დავშორდეთო. მე ისტერიკა დამემართა, რადგან, ვერ წარმომედგინა ასეთი ფინალი. რეზომ კი მითხრა, ცოლიანი რომ არ ვიყო, არ დავშორდებოდითო, მაგრამ ჩემი ცოლი ორსულად არის და ვერ მივატოვებო. პირველად მაშინ გავიგე, ცოლი რომ ჰყავდა. რა უნდა მექნა, ან მისთვის რა მომეთხოვა, როცა ყველაფერში თვითონ ვიყავი დამნაშავე. კიდევ კარგი, არ დავფეხმძიმდი, თორემ, რა მეშველებოდა, არ ვიცი.

ამ ამბის მერე რამდენიმე წელი ისე გავიდა, ბიჭთან პაემანი არ მქონია – აღარავის ვენდობოდი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კარგი სამსახური ვიშოვე, მაღალი ანაზღაურებით. საკმაოდ სოლიდური კრედიტი ავიღე, ცოტა ჩემი მშობლებიც დამეხმარნენ და კარგი ოროთახიანი ბინა ვიყიდე. რემონტის ფული აღარ დამრჩა და, ამიტომ, მეგობრებმა მითხრეს, ჩვენ გაგირემონტებთო და, მართლაც, პროფესიონალებივით იმუშავეს. ჩემმა ერთ-ერთმა დაქალმა ქმარი და ძმა მოიყვანა დასახმარებლად – არქიტექტორები არიან და ყველაფერს გემოვნებით გაგიკეთებენო. თემო, თამუნას ძმა, განსაკუთრებით აქტიურად და მონდომებით მუშაობდა. შაბათ-კვირასაც კი მოდიოდა ხოლმე და წვრილმან სამუშაოებს მარტო აკეთებდა. ერთ დღეს კი აღარ მოვიდა. თამუნამ მითხრა, გაცივდა და, რომ გაუვლის, ისევ მოვაო, მაგრამ, თვეზე მეტი ისე გავიდა, არ გამოჩენილა, რადგან გაციება გრიპში გადაეზარდა და გაურთულდა. მთელი იმ თვის განმავლობაში ადგილს ვერ ვპოულობდი, სულ ველოდი, როდის შემოაღებდა კარს. ბოლოს, როგორც იქნა, მოვიდა და ისეთი წივილ-კივილით შევხვდი, მგონი, სახტად დავტოვე. მერე კი ტირილი დავიწყე და გულში ჩავეკარი საყვედურებით, ასე არასდროს აღარ მოიქცე-მეთქი – მოკლედ, სიყვარულში გამოვუტყდი. თვითონაც მითხრა, რაც ავად ვიყავი, სულ შენზე ვფიქრობდი, ყოველ ღამე შენ მესიზმრებოდიო. მერე კარგა ხანს ვხვდებოდით, რომ უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი. თემო ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, რომ სულ დამავიწყა შიში და უნდობლობა მამაკაცების მიმართ. მე არ დამიმალავს ჩემი წარსული, მაგრამ მითხრა, რაც ჩემს გაცნობამდე იყო, არ მაინტერესებს. არც მე ვარ ანგელოზი. მთავარია, რომ ერთმანეთი გვიყვარს და ერთად თავს კარგად ვგრძნობთო. რემონტის დამთავრებიდან დაახლოებით ნახევარ წელიწადში დავქტორწინდით და თემო ჩემთან გადმოვიდა, რადგან მის ოჯახში ცოტა ვიწროდ არიან. მე კი ფეხმძიმედ ვარ და ორ თვეში ტყუპი ქალ-ვაჟის დედა გავხდები.

მეგი, 26 წლის.

скачать dle 11.3