რას აპირებენ ახალი წლის ღამეს კახა კინწურაშვილი და ლიკა ლაბაძე
„ცეკვავენ ვარსკვლავები“ კულმინაციისკენ მიდის. მეგა-შოუს მესამე სეზონი ნამდვილად განსხვავებული და შთამბეჭდავი გამოვიდა. ამ ყველაფერში, მკითხველიც დამეთანხმება, რომ სერიოზული წვლილი „თიბისი ოთახის“ წამყვანებს, კახა კინწურაშვილსა და ლიკა ლაბაძეს შეაქვთ. კახას დახვეწილი, ოდნავ ირონიანარევი იუმორი და ლიკას სილამაზე ამ ოთახს და მთელ შოუს განსაკუთრებულ პეწს აძლევს (ფოტოები მოგვაწოდა გიორგი ცაავამ).
– ამ პროექტში ორივე იყავით პირველ სეზონზე, მაგრამ, ალბათ, დამეთანხმებით, მესამე სეზონი გაცილებით უფრო მასშტაბური და შთამბეჭდავია. როგორ გგონიათ, რა არის ამის მიზეზი?
კახა: ნებისმიერი პროექტი, რომელზეც ძალიან დიდი მონდომებით მუშაობენ, როდესაც არსებობს მზაობა, რომ რაღაც კარგი გამოვიდეს, ის აუცილებლად განიცდის პროგრესს და ვითარდება. პირველი სეზონის პირველი და ბოლო გადაცემები რომ შეადარო, იქაც ძალიან დიდი განსხვავებაა. ისიც მგონია, რომ ცირკის სივრცე გადაცემას ძალიან მოუხდა: არენა, მაყურებლის ჩართულობა, ჩვენი ოთახის ინტეგრირება მაყურებელთან – ეს ყველაფერი თავის საქმეს აკეთებს. პლუს, ამ ყველაფერს ემატებიან სასწაული კონკურსანტები, რომლებიც პროფესიონალებივით ცეკვავენ.
– ოთხი წამყვანი თითქოს ბევრია ერთი შოუსთვის, მაგრამ, თქვენ დაამტკიცეთ, რომ ოთხივეს ყოფნა აუცილებელია. რამ განაპირობა თავიდან თქვენი დაწყვილება?
ლიკა: ამაზე, ალბათ, უფრო პროდიუსერებმა უნდა გიპასუხონ. ჩვენ კითხვა არ გაგვჩენია, პირიქით, ძალიან გაგვიხარდა. ყველაფერმა დადებითად იმუშავა შოუზე: იმან, რომ ცირკშია; იმან რომ ძლიერი კონკურსანტები არიან; რომ ოთხი წამყვანი და ჟიურის ხუთი წევრია; რომ შემოქმედებითი ჯგუფი უკვე ძალიან კარგად არის გარკვეული ნიუანსებში. ამ ერთობლიობამ პროექტს მასშტაბურობა შესძინა.
– დუტამ და ნანკამ მითხრეს, რომ თავიდან განსაზღვრული ფუნქცია არ ჰქონიათ და მერე თავად მოირგეს მონაწილეების დამცველების, „ადვოკატების” როლი. თქვენს შემთხვევაში თუ იყო წინასწარ განსაზღვრული ფუნქცია?
– ოთახის პირდაპირი დანიშნულება ის არის, რომ შენ აცილებ და ხვდები მონაწილეებს და მათ ყველაზე დიდ და გულწრფელ ემოციებთან ხარ პირისპირ. ჩვენ ვართ უშუალოდ ის ადამიანები, ვისზეც მთელი მათი ღელვა და ნერვიულობა გადმოდის – საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი. ღელავ ყველაფერზე – როგორ შეასრულებ ცეკვას, როგორ შეგაფასებენ, როგორ გამოიყურები... ქვემოთ ყველაფერზე დაძაბული ხარ, ამ ოთახში შემოსვლით კი თითქოს სახლში ბრუნდები. აქ გხვდებიან ის ადამიანები, ვინც შენთან ერთად ნერვიულობენ და განიცდიან, შენიშვნებს არ გაძლევენ და შენს მოტივაციაზე ზრუნავენ. ყველაზე ცოცხალი ჩვენი ოთახი გამოდის, ცოცხალ ემოციებთან აქ გაქვს საქმე, რასაც ვერაფრით შენიღბავ. გეწყინა თუ გაგიხარდა ქულა, კამყოფილი ხარ თუ არა ცეკვით ან შეფასებით – ძალიან შიშვლად ჩანს.
– იმპროვიზაციას თუ მიმართავთ და გაქვთ თუ არა სრული თავისუფლება?
– სრული იმპროვიზაციაა. ის, რაც მონაწილისგან გვაინტერესებს, პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იტყვის „პროფაილში,” როგორ შეასრულებს ცეკვას, რას ეტყვის ჟიური.
– ძალიან სასაცილო იყო, კახა რომ ქეთი ხატიაშვილს და გიორგი ბარბაქაძეს ჩაეხუტა.
კახა: ყველა ისეთი ბედნიერი იყო, ისე ეხუტებოდა ერთმანეთს, რომ სხვა შანსი არ მქონდა (იცინის).
ლიკა: ძალიან სასაცილოა ხოლმე მერე ფოტოების თვალიერება. ეკრანზე კიდევ ისე არ ჩანს, სახეები როგორ გვეცვლება ქულების დაწერის დროს (იცინიან) – ან უბედნიერესები ვართ ან გაოგნებულები.
– ლიკა, რომელი ჯობდა, წაყვანა თუ მონაწილეობა?
– წაყვანა, იმ მხრივ, რომ, აღარ ვნერვიულობ, არავინ მაფასებს და თავისუფალი ვარ ყველა იმ სტრესისგან, რაც პროექტს ახლავს. მაგრამ, მონაწილეობაც მენატრება, რადგან, ეს საოცარი ექსტრემი და ადრენალინი იყო. ვარჯიში და ფიზიკური მომზადებაც მენატრება, მაგრამ, არა ისეთი საშინელი, როგორშიც ვიყავი. ექვსი თვე სტრესიდან ვერ გამოვდიოდი, „ქუდის” მუსიკა რომ მესმოდა, ვკიოდი. ახლა უკვე ამ მუსიკის გაგონებაზე კარგად ვარ, მეორე სეზონზე, პრაქტიკულად, ხმაჩაწეულ გადაცემას ვუყურებდი.
– კახა, შენ ჯერ არ მიგიღია მონაწილეობაზე შემოთავაზება?
კახა: არა, მე თავიდანვე გავარკვიე, რომ, ჩვეულებრივი პინოქიო ვარ და თავი დამანებეთ, არასდროს არც შემომთავაზოთ ეს ამბავი-მეთქი. ჯერ ერთი, ძალიან შრომატევადია, კვირიდან კვირამდე რეპეტიციები, სხვა ვერაფრისთვის იცლი. ამ ყველაფერში ჩართვა დიდ დროს წაიღებს და, მინიმუმ სამი თვე ჩემი საქმეებისთვის, თეატრისთვის ვერ მოვიცლი. საკუთარ თავში რომ ვიყო დარწმუნებული ცეკვის მხრივ, კიდევ შეიძლება დაფიქრება, მაგრამ...
– ასე მგონია, არც ხარ ისეთი ნატურა, რომ იცეკვო. ვიღაცაზე, შეიძლება, არც წარმოგიდგენია, მაგრამ, როცა გაიგებ, რომ მონაწილეობს, არ გიკვირს. შენზე კი, რატომღაც, მგონია, არ იცეკვებ.
– მართლა?! საიდან მოდის ნეტავ ეს შთაბეჭდილება, კარგია ეს თუ ცუდი? (იცინის) აქ მხოლოდ მონაწილეობაზე არ არის საქმე, ეს საკმაოდ დიდი რისკია მსახიობისთვის, მის მიმართ ხალხის დამოკიდებულების თვალსაზრისით. მაყურებელი წყვეტს აქ ყველაფერს. შენი ცეკვა, „პროფაილი” ქმნის შენზე აზრს მაყურებელში და, თუ მათ არ მიგიღეს, სწორად არ გაგიგეს, შეიძლება, სცენას გლეჯდე, ისე ცეკვავდე, მაგრამ, არ შეგიყვარონ, არ მიგიღონ და მორჩა! პირველ სეზონში ბევრი ვარსკვლავი იყო და, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის სამორის ისე კარგად არ იცნობდნენ, მაყურებელმა ის უპირობოდ შეიყვარა. მისი გულწრფელობიდან და გახსნილობიდან გამომდინარე, უმესიჯებდნენ ბებოებიც და ბავშვებიც, ბაბუებიც და თინეიჯერებიც. გიორგი ყიფშიძეს ამ ნაბიჯს ვუწონებ, ძალიან სწორად მოიქცა, რომ მონაწილეობაზე დათანხმდა.
– იმ ოთახიდან სულ ხმაური გამოდის, ვერ ისვენებენ მონაწილეები?
– მართლა მაგარი მიდი-მოდია. ყველაზე წყნარად არიან, როდესაც ვიღაც ცეკვავს. ერთმანეთს სულ უყურებენ. როგორც კი ეს მორჩება და ჟიურის შეფასება გადის, ზოგი სიგარეტის მოსაწევად გარბის, ზოგი ხურდება, ზოგიერთი იღლება და გადის, რომ ძვლები გაატკაცუნოს და ასე შემდეგ (იცინის). მე და ლიკას სულ მათი დაშოშმინება გვიწევს.
ლიკა: სკოლის დამრიგებლებივით ვართ: აბა, ბავშვებო, წესიერად დასხედით-მეთქი. ხან პლედი აქვთ მოხურული, ხან წამოწოლილები არიან და ვალაგებთ ხოლმე ჩართვისთვის.
– ერთმანეთს როგორ მოერგეთ?
– მშვენივრად. დაბალანსებული გვაქვს ფუნქციები და ერთმანეთს ნერვებს არ ვუშლით.
კახა: ერთმანეთის არ გვესმის ხოლმე ხანდახან, ოღონდ, პირდაპირი გაგებით არ გვესმის. რადგან, ცირკში ძალიან დიდი აკუსტიკაა, დინამიკები ჩვენს თავთანაა ჩამოკიდებული და, მიკროფონში რასაც ვამბობთ, ტრიალებს და დინამიკიდან გვიბრუნდება. საშინელებაა. მხოლოდ ეს ტექნიკური გაუგებრობაა, რომელიც ხელს გვიშლის.
– ლიკა „დილაში” მუშაობას განაგრძობს, შენც, კახა, აქტიურად მუშაობ თეატრში და რამდენიმე დღის წინ პრემიერა გქონდა.
– დიახ. მუსიკისა და დრამის თეატრში დოიმ გადაწყვიტა, რომ ბევრ ახალგაზრდას მისცეს სპექტაკლის დადგმის საშუალება და ამით ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. არის ასეთი ახალგაზრდა, მიშა ჩარკვიანი, რომელმაც „დურუჯი“ აიღო. 23 წლის ძალიან ნიჭიერი ბიჭია, ძალიან გულწრფელად ვიმუშავეთ ერთად. ის საოცრად თავგანწირულია მუშაობის დროს და, ამან არა მარტო მე, არამედ, ყველა მსახიობი ჩაგვითრია. გარდა იმისა, რომ მიმაჩნია, სპექტკალი შედგა, მეც შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ამ სპექტაკლით ორი და სამი თუ არა, ერთი ნაბიჯი მაინც გადავდგი წინ პროფესიაში. ვთამაშობ ოსვალდს, შვილს, რომელიც მშობლებმა სასწავლებად სხვაგან გაგზავნეს, სახლში დაბრუნებული კი აღმოაჩენს, თურმე, სრულ ტყუილში ცხოვრობდა და იმიტომ იყო გაშვებული, რომ ოჯახურ კონფლიქტში არ ჩარეულიყო. მან უნდა გაარკვიოს, დაავადება, რომელიც სჭირს, გენეტიკურია თუ შეძენილი. ეს ყველაფერი კი მამის ცოდვებიდან მოდის და სპირალურად ტრიალებს ოჯახის გარშემო. ის იგებს სიმართლეს, რომ ეს ყველაფერი აჩრდილებიდან მომდინარეობს და ყველაფერი დრამატულად კი არა, ტრაგიკულად მთავრდება.
– ბოლოს მითხარით, ახალი წლისთვის როგორ ემზადებით?
ლიკა: საღამოს აქ ვართ, რადგან, შოუ იხურება და მერე ნამდვილად არ ვაპირებთ არაფერს. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ხუთი დღე ვისვენებ. არ მჯერა, რომ ხუთი დღის განმავლობაში შემიძლია, გამოვიძინო და დილის ხუთ საათზე არ ავდგე. შეიძლება ქალაქიდანაც წავიდე. თავზე დამხობას და გართობას ნამდვილად არ ვაპირებ.
კახა: მეც დაახლოებით ანალოგიურ სიტუაციაში ვარ. მენატრება გამოძინება და დასვენება. GDS-ის დილის გადაცემაში ვმუშაობ, ლიკასნაირად ყოველდღე არ ვარ, მაგრამ, მეც ძალიან ვიღლები (იცინის). იქიდან გამომდინარე, რომ მე და ჩემი ცოლი პირველად უნდა შევხვდეთ ახალ წელს იმ სახლში, რომელშიც ვცხოვრობთ, აუცილებლად სახლში ვიქნებით და სხვა სურვილი არც ერთი წამით არ გაგვივლია გულში. ასე რომ, აქედან ეგრევე სახლში გავვარდები.