ვის „ღალატობს” ნინა სტამბულში და რა უყვარს მას ჰაერში
პოპულარული პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავები” ნინა წკრიალაშვილმა ფინალამდე ოთხი კვირით ადრე დატოვა – მისმა „ცეკვა-თამაშმა” იმაზე მეტხანს გასტანა, ვიდრე ამას თავად ფიქრობდა და ეს არც დაუმალავს. ცეკვაც ვისწავლე და საინტერესო ადამიანებიც გავიცანიო, – ამბობს და იმასაც გვიმხელს, რომ პროექტმა სულზე მოუსწრო და ცხოვრების რთული პერიოდის გადატანაში დაეხმარა, რაც მას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა.
ნინა: იმდენი ხანია, კარგად არ მიგრძნია თავი, მიჭირს კიდეც იმის თქმა, რომ ახლა კარგად ვარ. მართალია, ჯერ არ ვმუშაობ, მაგრამ ბოლო სამი თვე, რაც პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში” გავატარე, საკმაოდ დაკავებული ვიყავი. ეს მძიმე პერიოდის გადატანაში ძალიან დამეხმარა. ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა ძალიან საინტერესო იყო, გავიცანი ბევრი კარგი ადამიანი. ასე თუ ისე, ცეკვაც ვისწავლე, ამ მხრივ დიდი გამოცდილება ნამდვილად არ მქონდა. პროექტში რამდენიმემ არ ვიცოდით ცეკვა, ზოგი მეტად გამოცდილი იყო, ასე რომ, მათთან „გამკლავება” არ იყო იოლი. ვერ ვიტყვი, რომ პროექტის დატოვების გამო გული დამწყდა, პირიქით, გამიკვირდა, აქამდე რომ დავრჩი. მოგებაზე არც მიფიქრია. ეს არის თამაში, რომელსაც ვიღაც მოიგებს, ვიღაც წააგებს. ზოგი ავადმყოფურად განიცდის პროექტიდან გავრდნას, მე ასე არ ვარ. ყოველ ხუთშაბათს მზად ვიყავი, რომ შეიძლებოდა, პროექტი ზუსტად იმ დღეს დამეტოვებინა. არც გულშემატკივრების დიდი გუნდით არ მივლია ცირკში. დედა, და, დისშვილი და ჩემი მამიდაშვილი დადიოდნენ ჩემს მხარდასაჭერად. ერთი-ორჯერ ჩემი ძმაც იყო, კარგად გაერთო, მაგრამ მეტად ვეღარ მივიტყუე იქ (იცინის). მე არ ვარ იმ სტილის, რომ მეყიდა ბილეთები, დამერიგებინა ცირკში და მეთხოვა, ჩემი სახელი ეყვირათ. საერთოდ არ მიყვარს ასეთი რაღაცეები. ვისაც უნდა იყვიროს, ვისაც – არა, ძალით ხომ არ ვაყვირებ, დიდი განცდები არ მქონია. წელს მესამედ მქონდა შემოთავაზება ამ პროექტიდან. პირველ ორ სეზონზე უარი ვთქვი. ახლაც მეგონა, რომ ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ამხელა დატვირთვას ვერ გავუძლებდი, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა. ამ პროექტმა სულზე მომისწრო და გადამატანინა სტრესი. ახლა აბსოლუტურად ჩვეულ რეჟიმში ვცხოვრობ, ისევ ისეთი ძლიერი ვარ, როგორიც ვიყავი.
– ხუთი წლის განმავლობაში კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი იყავი, გქონდა ცხოვრების აქტიური რეჟიმი, გაგიჭირდა სამსახურის გარეშე დარჩენა?
– თავიდან არ მიჭირდა, პირიქით, ისე მომეწონა უმუშევრად ყოფნა, გადავირიე – ყოველდღე ვნახულობდი მეგობრებს, მეტ დროს ვუთმობდი შვილს, დავიწყე ზრუნვა საკუთარ თავზე, რასაც ვერ ვახერხებდი მუშაობის დროს. მოკლედ, ავინაზღაურე ყველაფერი, რაც მაკლდა – მასაჟი, ვარჯიში, ცხოვრების ჯანსაღი წესი. მერე მივხვდი, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება კატასტროფა იყო. ახლა ვგრძნობ, რომ ძალიან მომწყინდა უმუშევრობა და თუ რამეს არ ვაკეთებ, თავს ცუდად ვგრძნობ. ამას დაემატა, ისიც რომ გაზაფხულზე ავტოკატასტროფაში დაიღუპა ადამიანი, ვისთან ერთადაც წელიწადი და ორი თვე ვიცხოვრე. ჩვენ უკვე დაშორებულები ვიყავით, ტელეფონითაც კი არ ვკონტაქტობდით ერთმანეთთან, მაგრამ ეს ძალიან რთული გადასატანი აღმოჩნდა ჩემთვის. ის იყო ძალიან ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე ადამიანი. მისმა სიკვდილმა ძალიან დამწყვიტა გული, ეს იყო შოკი ჩემთვის. აღარაფერი მიკვირს, ცხოვრება ისეთი რამაა, კარგისთვისაც მზად უნდა იყო და ცუდისთვისაც. კარგ „პალასას” ცუდი მოსდევს, ცუდს – კარგი. ახლა გული მიგრძნობს, რომ კარგი პერიოდები დამეწყება. ღმერთი არასდროს გვიმზადებს ისეთ ტვირთს, რასაც ვერ გაუძლებ. ცხოვრება გრძელდება და ვიცი, რომ ბევრი კარგი რამ მელის წინ, მათ შორის, ის გრძნობაც, რომელიც ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მე, ყველაზე მეტად მცვლის.
– როგორ გცვლის?
– ძალიან მორჩილი ვხდები. აბსოლუტურ თავისუფლებას ვარ შეჩვეული, ყველა გადაწყვეტილებას თავად ვიღებ, მაგრამ, როცა ჩემს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, ვინც ჩემთვის ძვირფასია, ძალიან ვიცვლები. ვხვდები დამჯერი, ანგარიშს ვუწევ მის აზრს. რომელ მამაკაცს მოეწონება, ღამის თორმეტ საათზე საწოლიდან ადგე და დაქალებთან ყავის დასალევად წახვიდე. ამიტომაც ვცდილობ, ჩემს მამაკაცს შევუქმნა კომფორტი, რომლის გარეშეც, გამორიცხულია თანაცხოვრება. მე აღარ ვარ იმ ასაკში, რომ ვინმეს რამე ვუმტკიცო. როცა ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი, მათ ერთმანეთით ცხოვრებაც უნდა შეძლონ.
– ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელით შენი ახალი, პიკანტური ფოტოები გავრცელდა. სამინისტროში მუშაობის დროს რაც „გაკლდა”, ესეც იყო თუ კიდევ ერთი ეპატაჟით „ბრუნდები”.
– ეს არაა ახალი ფოტოები. ეს ფოტოები დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გადამიღო ძალიან ნიჭიერმა ფოტოგრაფმა ან ვიტალმა. მან ახლა მთხოვა, რომ ფოტოებს განათავსებდა სოციალურ ქსელში. რატომაც არა, შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი ვარ და რა პრობლემაა. თუმცა, თეთრეულში გადაღებულ ფოტოებს, მე ვერ ვუწოდებ, პიკანტურს. უბრალოდ, ესთეტიურად ლამაზი ფოტოებია. რომ დამჭირდეს, კიდევ გადავიღებ პიკანტურ ფოტოებს, ჩემგან ეს ვის უნდა გაუკვირდეს. ექვსი წლის წინ ლამის ანათემას გადამცეს იმ თამამი ფოტოებისთვის, რაც „ფლეიბოისთვის“ გადავიღე, მაგრამ, მე მეამაყება, რომ მეყო ძალა და ეს ნაბიჯი პირველმა გადავდგი. პირველი რომ ვიყავი, ჩემზე გადატყდა ჯოხი – ყველა მე დამდევდა, მამაოები, არასამთავრობო ორგანიზაციები. არა უშავრს, სამაგიეროდ, ასე თუ ისე შეიცვალა დამოკიდებულება თამამი გადაწყვეტილებების მიმართ. ეს ახალი ფოტოები საჯაროდ არ დავდე ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, თუმცა კულტურის სამინისტროსთვის ფოტოგრაფია, როგორც ხელოვნება, უცხო ნამდვილად არ იყო. აი, თავადაცვის სამინისტროში რომ მემუშავა და ასეთი ფოტოები გამომემზეურებინა, მაშინ კიდევ შეიძლებოდა, ვინმეს რამე ეთქვა. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ კულტურის სამინისტროში მუშაობისას, განსაკუთრებული აკრძალვები ნამდვილად არ დაუწესებიათ ჩემთვის. მე თვითონ ვხვდებოდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა და რა – არა.
– როგორ გაგყავს უმუშევრობის პერიოდი?
– ეს ერთი წელი საინტერესო აღმოჩნდა იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩემ ირგვლივ გაიფილტრა ხალხი. ვგიჟდები ფილტრაციაზე. სამაგიეროდ, დავრწმუნდი, ვინ არიან ისინი, ვისაც ნამდვილად ვუყვარვარ და გული შესტკივა ჩემზე. არა უშავრს, ცხოვრებას თავისი წესები აქვს, კანონზომიერებები, ისიც, რომ „დრონი მეფობენ და არა მეფენი.”
ეს ერთი წელი გადამატანინა სიცოცხლის სიყვარულმა და იმან, რომ ვარ ძალიან დიდი ოპტიმისტი. უკვე კარგად ვარ, ბევრს ვვარჯიშობ, ვკითხულობ, ბევრ დროს ვატარებ სახლში, ჩემს შვილთან, რომლის გამოც წაქცევის უფლება არ მაქვს. ჩემზე კი დადის ლეგენდები, რომ დიდი „ტუსოვშიცა” ვარ, მაგრამ არც ასეა საქმე. პირიქით, სახლში ყოფნა ძალიან მიყვარს. ზაფხულში ვერ ვჩერდები სახლში, მაგრამ ბევრი გართობის მერე, მაშინაც ვცარიელდები ხოლმე. ზამთარში კი სახლში ყოფნას არაფერი მირჩევნია. ხშირად მეგობრები მოდიან ჩემთან. საღამოობით ტელევიზორს ვუყურებ, ვკერავ. გადასარევად არ გამომდის ეს ამბავი, მაგრამ მაინც არ ვეშვები. ერთადერთი, რაც ვერ ავითვისე, „მეოჯახეობაა”. ჩემდა სამარცხვინოდ, საშინელი დიასახლისი ვარ. ამ ერთი წლის განმავლობაში, რამდენჯერმე ვიყავი უცხოეთში. მირჩევნია, ყველაფერი მოვიკლო და წელიწადში რამდენჯერმე, რამდენიმე დღით სადმე გავფრინდე. ძალიან მფლანგველი ვარ, მაგრამ მაინც მირჩევნია გავაკეთო დანაზოგი, მხოლოდ ყოველდღიური ხარჯებით შემოვიფარგლო და წავიდე სადმე. იქ კი გემრიელად „ვიშოპინგო.” რა ვქნა, მიყვარს ჰაერში ყოფნა. ამის გარდა, არ შემიძლია, სულ აქ ყოფნა. ძირითადად, მეგობრებთან ერთად მივდივარ უცხოეთში. ჩემი საუკეთესო კომპანიონია ჩემი სტილისტი მიშა გასიტაშვილი. ერთად დავწანწალებთ ხოლმე. ამოჩემებული ქვეყნები და ქალაქები მაქვს – მიყვარს პარიზი, ვენა, სამხრეთ იტალიის ქალაქები. გამორიცხულია, წელიწადში ერთხელ არ წავიდე პარიზში. იქ სხვანაირად ბედნიერი ვხდები. დავდივარ ჩემს საყვარელ კაფეებში. ვესაუბრები ყველას, ვისაც კი შეიძლება რამე ვუთხრა. ძალიან მიყვარს სტამბული, ვგიჟდები ამ ქალაქზე. ზოგჯერ 2-3 დღით გავიქცევი ხოლმე მეგობრებთან ერთად. იქ თავს კარგად ვირთობ. ერთ-ორ რამეს ვიყიდი, გემრიელობებს შევჭამ, ბევრს ვიბოდიალებ ფეხით, თმას შევიღებავ.
– მიშას ღალატობ?
– ჩემს პატარა მიშიკოს? მიშა გაგებით ეკიდება ამას. იცის, რომ სტამბულში რამდენიმე სალონია, სადაც შეიძლება, ცდუნებას ვერ გაუძლო – თმას თუ ვერ შეიღებავ, დაივარცხნი მაინც. ჩვენ ძალიან დემოკრატიული ურთიერთობა გვაქვს – სტილისტისა და პაციენტის მეგობრულ „ჟანრში”.
– და ამ ერთ წელიწადში ვინ არის შენი ფინანსისტი ასეთი მოგზაურობების დროს?
– თავიდან, მე ვიყავი საკუთარი თავის ფინანსისტი, მქონდა დანაზოგები. ვერ ვიტან, როცა ვინმეს ფულს ვართმევ, მაგრამ ახლა საპატიო მიზეზი მაქვს და ვსარგებლობ ოჯახის წევრების დახმარებით. რვა წელიწადი თვითონ ვინახავდი საკუთარ თავს და ცოტა ხნით ოჯახის შემოწირულობებით ცხოვრება შეიძლება. თუმცა, ზოგჯერ მეც მაქვს ჰონორარები კონცერტებიდან. დარწმუნებული ვარ, ეს პერიოდი გაივლის და ისევ გავხედები საკუთარი თავის ფინანსისტი. დროდადრო საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზეც ვფიქრობ. დიდი სიამოვნებით მექნებოდა თბილისში ყველაზე კარგი ბუტიკი, მაგრამ მეგობრები მეუბნებიან: ამას არ გირჩევთ, ყველაფერს შენ ჩაიცვამ და გაკოტრდებიო. ჩაცმა რომელ ქალს არ უყვარს, მაგრამ არ ვმალავ, მე ეს უკვე მავნე ჩვევად მექცა (იცინის)