კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ისწავლა მამაკაცთან ბოლო ურთიერთობისას ანჩო დოლიძემ და რის გაკეთებაში ეხმარება მას აფექტური ხასიათი

„ახალი ხმის“ ერთ-ერთი თამამი და მოულოდნელობით სავსე მონაწილე, მაოს გუნდის წევრი – ანჩო დოლიძე პროფესიით მსახიობია. თუმცა, ამ მხრივ, კარიერას არ აგრძელებს. ის თავის ჯგუფ – „თავისუფალთან“ ერთად, პროექტ „ნიჭიერში“ მონაწილეობდა და მათი სიმღერები ინტერნეტში გამოჩენისთანავე პოპულარული გახდა. 17 დეკემბერს „ახალი ხმის“ ლაივ-კონცერტზე ანჩო ძალიან კარგი შოუს ჩვენებას გვპირდება. ასე რომ, ვისაც მოგწონთ ეს ნიჭიერი გოგონა, დაურეკეთ ტელეფონის ნომერზე: 0-903-200-217.

 

ანჩო დოლიძე: ბავშვობიდან ვმღეროდი, შემდეგ მუსიკას ვაკეთებდი და ვოკალს ვადებდი, საბოლოო ჯამში, გამომივიდა. ფილმისთვის „სიყვარულის ბალადა“ დავწერე მუსიკაც, ტექსტიც და შევასრულე კიდეც. უბრალოდ, ინგლისურად უფრო ვწერ სიმღერის ტექსტს, ვიდრე ქართულად – რთული ყოფილა ქართულად დაწერა. 

– როგორ გახდა შენი სიმღერა „სიყვარულის ბალადის“ საუნდთრეკი?

– ადრე „ნიჭიერშიც“ გამოვდიოდი. თეატრალურში შევიკრიბეთ, ჩვენი ჯგუფი გავაკეთეთ – „თავისუფალი“. ერთად ვღმეროდით, ვწერდით მუსიკას და გავედით ნახევარფინალში. იქიდან შემოგვთავაზეს ამ ფილმისთვის სიმღერის დაწერა, მაგრამ მალევე დავიშალეთ. დავრჩი მარტო. ერთ დღესაც დამირეკა ირაკლი კაკაბაძემ: რა ქენი, დაწერე სიმღერაო? კი-მეთქი და ზუსტად 20 წუთში, თავის ტექსტიან-მელოდიიანად, დავწერე და მივუტანე, ძალიან მოეწონა. ახლა ვცდილობ, უცხოურ ლეიბლებზე გავიდე და ცოტა შორს წავიდე. 

–  ამ კუთხით უკვე გადადგი ნაბიჯები? 

– „საუნდკლაუდზე“ ვდებ ჩემს ტრეკებს, მყავს ბევრი მსმენელი, მათ შორის, უცხოელი დიჯეები, რომლებიც მწერენ ხოლმე. შეიძლება, ჩემი მუსიკა მომავალში გაიყიდოს – ვნახოთ, რა იქნება. გარდა ამისა, დიჯეობაც დავიწყე – ყველაფერს მივედ-მოვედები. მაგრამ, ერთი ცუდი თვისება მაქვს – რაღაცას რომ დავიწყებ, მერე მივატოვებ ხოლმე.  „ახალ ხმაში“ მაომაც აღნიშნა, რომ ძალიან ჩავიფუშე – ცოტა ზარმაცი ვარ, არ ვმუშაობ და ასე ვიფუშები ხოლმე. რაც შეეხება დიჯეობას, მიწვევენ კლუბებში, ვუკრავ, თან, ჩემს სიმღერებსაც ვასრულებ. 

– რატომ გადაწყვიტე „ახალ ხმაში“ მონაწილეობა? 

– „ნიჭიერის“ შემდეგ ჩემთვის, წყნარად ვიყავი. მაგრამ, დეიდაჩემი სულ მეჩიჩინებოდა: გამოჩნდი, შენ არ უნდა იყო სახლში, უნდა ჩანდე. საბოლოო ჯამში, ვთქვი: მოდი, გავალ ქასთინგზე. მაგრამ იმხელა კონკურენცია იყო, ვიფიქრე: მე ვინ ამიყვანს, არც ვოკალის მასწავლებელთან მივლია და არც არსად არასდროს – დაუმუშავებელი ხმა მაქვს. მაგრამ, გავედი და გამიმართლა, ვნახოთ, რა იქნება ლაივებზე. 

– რას გვიმზადებ?

– „ნოკაუტი“ ძალიან მომეწონა. თან გაციებული ვიყავი, ვერ დავდიოდი რეპეტიციებზე. ამიტომ, წინა დღეს ავიღე ეს სიმღერა, ტექსტის სწავლაც კი ვერ მოვასწარი. მაგრამ კარგი გამოვიდა, თუმცა ლაივებზე ძალიან მაგარი რაღაცეების გაკეთებას ვაპირებ. რა თქმა უნდა, ამ პროექტში ხმა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა, მაგრამ შოუ თუ არ ახლავს ამ ყველაფერს, მაშინ „ჩართე რადიო და უსმინე სიმღერას, ჩვენ შოუ გვინდა,“ – ეს ერთ-ერთ კომენტარში ამოვიკითხე. მე მიყვარს შოუ, განსხვავებული რაღაცეები, გიჟი ვარ. ხომ ნახე, რა მეცვა ბრმა ქასთინგზე – ჩემი შეთითხნილი კაბა. თუმცა, კაბაც არ იყო ეს. ისეთი ამბები ატყდა: საქორწილო კაბა ეცვა, ეს რა აცვიაო. მერე ეს „საროჩკა“, რომ შემოვიხიე, თან, შიგნიდან საცურაო კოსტუმი მეცვა. არც ვაპირებდი გახდას, მაგრამ იმდენად შევედი მუღამში, რომ, ჰოპ და გავიხადე. აფექტური ადამიანი ვარ, უცებ შეიძლება, ისეთი რამ გავაკეთო, ყველას გაუკვირდეს... თან, ბოლოს, დარბაზში რომ ვისროლე... 17 დეკემბერს იქნება ჩემი ლაივი, ჩემს გამოსვლაზე იქნება ვოკალიც, შოუც. ჩემი აზრით, მოსასმენად ძალიან კარგი, მომგებიანი იქნება. ჩაფიქრებული მაქვს: თუ დავტოვებ შოუს, კარგად მაინც გავაკეთო ყველაფერი, სხვებსაც ვასიამოვნებ. შეიძლება, ცუდად გამომივიდეს, მაგრამ სულ ვამბობ: მე რა მუსიკასაც ვაკეთებ, რა შეხედულებებიც მაქვს მუსიკაზე, იქიდან გამომდინარე, სულ სხვა თემა ვარ, სხვა განზომილება. ჩემი სტილი არ არის ქავერების მღერა, არ მიყვარს მიბაძვა. ამ პროექტით მინდოდა ამ ყველაფერში საკუთარი თავი გამომეცადა, მაგრამ მივხვდი, რომ მაინც ჩემსას უნდა მივაწვე. თუმცა, ამ პროექტში ბევრი რამ შევიძინე, თუნდაც ის, რომ სცენაზე აღარ ვნერვიულობ, რაც მთავარია, მაოსთან მოვხვდი. არადა, არც კი ვოცნებობდი, თუ შემობრუნდებოდა. ოთხივე რომ შემომიბრუნდა, ძალიან გამიკვირდა. მაო ჩემს სტილშია, პატარა მაოს ვეძახი ჩემს თავს და კმაყოფილი ვარ, მასთან რომ ვარ. ახლა ლაივზე ჩემს მიქსს გავაკეთებ, ჩემს ნამუშევარსაც ვანახვებ ხალხს, სხვანაირ ვოკალურ მონაცემებსაც. ბენდი თავის საქმეს გააკეთებს, საქსაფონისტიც მეყოლება – ჩემი მეგობარი ნანუკა ბითაძე და თუ  მომცემენ უფლებას, „თესეუ არტი“ დაემხმარება თავისი ინსტრუმენტებით. მოკლედ, მაგარი შოუ იქნება. მინდა, იქაურობა გავავსო და ვიგიჟო. 

– ინტერნეტში ძალიან ბევრს წერდნენ შენი თამამი და გამბედავი ხასიათის შესახებ. შენი აზრით, ასეთი ხარ? 

– გიორგი ყიფშიძე, რომ მოვკლა... ადრე დამირეკა და მითხრა: „ჩემი ცოლის დაქალებში“ პატარა როლი იქნება, წელი გამოგიჩნდება მხოლოდო. წელი კი არა, მგონი, სულ შიშველი ვარ იმ ეპიზოდში, თან, „ვერსკის“ გოგჩო ვარ. ამის მერე ყველა მირეკავს და მეუბნებიან: გაიხდი? გამარჯობა! ამას იზამ, იმას იზამ? ისეთი რა ტანი მაქვს, რომ მეხვეწებიან: გაიხადე, გაიხადეო. ეტყობა, საქართველოში ამ კუთხით პრობლემებია, აღარ იხდის არავინ. არ ვარ კომპლექსიანი და მიმაჩნია, რომ ზოგჯერ ექსპერიმენტები, სითამამე  ამართლებს. ძალიან მიყვარს სიჩქარე, ხშირად ვგიჟობ – ხან რა მარტყამს თავში, ხან კიდევ – რა. სპონტანური ადამიანი ვარ. შეიძლება, უცებ ავდგე და წავიდე ბათუმში, ან თუ მექნება საშუალება, სადმე გავფრინდე. 

– გარშემო მყოფები, ოჯახის წევრები, ალბათ, ამ ყველაფერს შეეგუვნენ.

– როცა სახლში მივდივარ, გიჟებს გვანან ხოლმე: ხან წითელი მივდივარ, ხან – მწვანე, ხან რა მაქვს გახვრეტილი, ხან ტატუ მაქვს და ვერავინ მცნობს. ეს ჩემი ტატუებიც ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ახლა კიდევ დავიმატე. ხელზე უზრდელობა მაწერია, ცოტა გავთავხედდი, ამივარდა თავში და დავიწერე. ამას წინებზე ტუჩის კონტურის გაკეთება მინდოდა. ალერგიაზე შემამოწმეს, გამიწითლდა სინჯის ადგილი, მეუბნებოდნენ: არა, რა ალერგიული, უნდა გაიკეთოო. მაგრამ, საბოლოოდ, აღარ გავიკეთე და გადავურჩი სიკვდილს... ზოგადად, იმიჯის, ვარცხნილობის შეცვლა დეპრესიის დაძლევაში გეხმარება, გგონია, სხვანაირ ცხოვრებას იწყებ, უფრო კარგად გამოგდის ყველაფერი. თან, ასეთი დევიზი მაქვს: ერთხელ მოდიხარ ცხოვრებაში, ამიტომ გააკეთე ის, რაც გინდა, ოღონდ ისე, რომ საკუთარ თავს, შენიანებს არ ავნო. ამას წინათ „ფეისბუქზე“ დავწერე სტატუსი: თუ გინდა, ქმარს, მეგობარს, შეყვარებულს არ მობეზრდე, ყოველთვე უნდა იცვალო იმიჯი.

– გყავს ქმარი ან შეყვარებული? 

– არც ერთი არ მყავს. სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე. მე როგორიც მინდა, ისეთი ზღაპრებშიც არ არიან. ვერ ვიტან, როცა რაღაცეებს გიკრძალავენ. ჯერ ერთი, ისეთს არაფერს ვაკეთებ, რომ აკრძალვა დამჭირდეს. პატარა ბიჭები არ მიყვარს, უფრო მეტად მომწონს დახვეწილი, დიდი მამაკაცები, სადღაც, 28 წლის ზევით – ჩამოყალიბებული, რომ გივლის, პატივს გცემს. სხვათა შორის, როცა შეყვარებული ვარ, მთლიანად ვერთვები ამ გრძნობაში. შეიძლება, ვინც შემიყვარდება, იმ ადამიანის „მონა“ გავხდე, მის გამო ყველაფერზე უარი ვთქვა და მივატოვო. თუმცა, ბოლო დროს მივხვდი, რომ ეს ძალიან ცუდია ქალისთვის. ამიტომ, ამოვიგდე თავიდან – შენსას თუ არ მიაწექი, პრინციპები თუ არ გაგაჩნია, კაცსაც არ მოუნდები, იქნები მარტო, ეულად. 

– რამ მიგიყვანა ამ აზრამდე? 

– ცოტა ხნის წინ მყავდა შეყვარებული, სერიოზულად ვიყავით ერთად. აზიატური გამოხდომები ჰქონდა: ის არ ქნა, ეს არ ქნა, თუმცა მერე შეეგუა ყველაფერს. მაგრამ, კაცი ქალზე მაღლა თუ არ დგას და ქალი უფრო ძლიერია, ვერც ერთი კაცი ვერ გაუძლებს და ვერ დარჩება მის გვერდით. ასე რომ, დავშორდით, ვერ მიგებდა და, საბოლოო ჯამში, მაინც აზიატი იყო. თან, ისეთი რაღაცეები გააკეთა, რომ არ მინდა ამაზე ვისაუბრო. ძალიან შევცდი, რომ ამ ადამიანთან დავიჭირე ურთიერთობა. ახლა უკვე რენტგენის აპარატი ვარ – რომ შევხედავ ადამიანს, მაშინვე ვხვდები: რა უნდა, ვინ არის, როგორია, მომავალში რა იქნება და ასე შემდეგ. ასე რომ, სანამ ფეხზე არ დავდგები, არ ავიწყობ ცხოვრებას, მანამადე არავინ მეყოლება გვერდით. 

 

скачать dle 11.3