რატომ ვერასდროს ვერავინ ხედავს გაბრაზებულ და მოწყენილ ნეკა სებისკვერაძეს და რა არის მისთვის ბედნიერება და წარმატება
ალბათ, ყველას კარგად ახსოვს პატარა ნეკა სებისკვერაძე, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი სმენითა და ხმით. ის ბავშვობიდან მღერის და ამ დრომდე გამოცემული აქვს 4 მუსიკალური ალბომი, გადაღებული აქვს 4 მუსიკალური კლიპი. მის ცხოვრებაშიც იყო შემოქმედებითი პაუზა, თუმცა ცოტა ხნის წინ პაუზა დაირღვა და ნეკამ მაყურებელს ახალი კლიპი შესთავაზა. გარდა სიმღერისა, ჩვენი რესპონდენტი უკვე 6 წელია თბილისის მერიაში მუშაობს, ის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელია. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი – ნიკოლოზი და დავითი.
– სიმღერა ძალიან პატარა ასაკში დაიწყე, ამიტომაც ახსოვს მსმენელს პატარა ნეკა სებისკვერაძე.
– 6 წლიდან ვმღერი, 9 წლის ასაკიდან კი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე მომიწია გასვლა და იქ მღერა. პრინციპში, ეს ის ასაკია, როცა საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ეს საქმე მინდა – დიდ სცენაზე დგომა მსურს და მაქსიმალურად მოვინდომე, რომ პროფესიონალურად მიმეხედა ამ საქმისათვის. ასე რომ, გამოდის, 9 წლის ასაკიდან ვარ აქტიურად ჩართული ამ საქმეში და ის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამას გარდა, ოჯახი, სამსახური, საკმაოდ დიდ დროსა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებს ძალიან დიდი დრო მიაქვთ, ბუნებრივია, ჩემს ცხოვრებაში შემოქმედებითი პაუზაც მქონდა. თუმცა, ჩემთვის სასურველი ჟანრის კონცერტებსა და საღამოებს არასდროს ვღალატობ, ვმღერი და ვცდილობ, ვიყო ყოველთვის ფორმაში.
– თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი ხარ, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ალბათ, უამრავი ადამიანი მოდის თხოვნით ამა თუ იმ კონცერტის დაგეგმვასთან დაკავშირებით. თუმცა, ყველას ვერ ეტყვი დადებით პასუხს, რაც არცთუ ისე მარტივია.
– ამასობაში 6 წელი გასულა, რაც ამ სამსახურში ვარ. მადლობა ღმერთს, იმ სფეროს ვემსახურები, ჩემთვის უაღრესად საყვარელი რომაა, ასე კარგად რომ ვიცნობ და არ ვაკეთებ რაიმე სხვა საქმეს. ეს ძალიან დიდი ბედნიერება და სიამოვნებაა ჩემთვის. რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, მართლაც უამრავი განაცხადი შემოდის. გვაქვს სხვადასხვა საბჭო, აქტიურად ვართ ჩართული კულტურულ ცხოვრებაში. კარგად ვიცით, ვის რა სჭირდება, ვინ რას აკეთებს, ვინ რა პროცესშია და ასე შემდეგ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ღირსეულ ხელოვანს ხელი შევუწყოთ თავიანთი შემოქმედების რეალიზებაში – იქნება ეს კონცერტი, მხატვრობა, წიგნის გამოშვება თუ სხვა. ასევე, აქტიურად ვეხმარებით თეატრს. მთავარია, ყველას მოუსმინო და გაიგო, ვის რა სჭირდება. ჩვენ კი მაქსიმალურად ვცდილობთ მათ შეძლებისდაგვარად მხარში დავუდგეთ.
– მოსმენის კულტურა და ნებისყოფა რომ დიდი გაქვს და ადამიანი – ღიმილი და პოზიტივი რომ ხარ, ეს ყველამ იცის. მე, პირადად, მოწყენილი ან გაბრაზებული ნეკა არ მახსოვს.
– ასეც არის ხოლმე, მაგრამ ვცდილობ, ეს არავის დავანახვო.
– ოჯახზეც მინდა გკითხო, როგორი დედა და მეუღლე ხარ?
– ოჯახი ნებისმიერი ნორმალური ადამიანის ცხოვრებაში დიდი ბედნიერება და წარმატებაა. ღმერთის წყალობით, არაჩვეულებრივი ოჯახი მაქვს. მაქსიმალურად ვუფრთხილდები როგორც ურთიერთობებს, ასევე შვილებს – ვცდილობ, მათ ყურადღება არ მოვაკლო. მართალია, ჩემს შვილებს ძალიან საქმიანი დედიკო ჰყავთ და სახლში 7 საათამდე ვერ ხედავენ, მაგრამ იმას, რაც ფუნქციურად დედას აუცილებლად ევალება, არასდროს ვაკლებ შვილებს. მადლობა ჩემს მშობლებს, რომლებიც მაქსიმალურად მეხმარებიან. უფროსი უკვე ბაღში დადის, რაც დიდი შეღავათია. ვცდილობ, შაბათ-კვირა ყოველთვის მათთან ერთად გავატარო. თან, ძალიან პატარები არიან – ნიკოლოზი და დავითი, 4 და 3 წლის. სულ რაღაც წელიწადი და 2 თვეა მათ შორის სხვაობა. ძალიან დამჯერი და ჭკვიანი შვილები მყავს. რაც შეეხება მეუღლეს, მაქსიმალურად მიწყობს ხელს. შეეგუა უკვე ჩემი დატვირთული ცხოვრების რეჟიმს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა არ მოსწონს, რომ ძალიან ვიღლები. რას ვიზამ, ასეთი გზა ავირჩიე, რომელსაც ვეღარ შევცვლი. სულ იმაზე მეჩხუბება, მეტი დრო უნდა დაუთმო საკუთარ თავსო.
– ალბათ, ერთი გამოსავალი მაინც არის – მეუღლე რომ აამღერო და ამ საქმეში ჩართო, მერე მიხვდება, რატომ არ გრჩება საკმარისი დრო საკუთარი თავისთვის.
– არა, ეს გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების ძალიან დიდი გულშემატკივარი და კარგი შემფასებელია, ამ კუთხით მას ვერ ჩავრთავ და ვერ დავასაქმებ, რადგან პროფესიით იურისტია.
– ბავშვებს თუ გამოჰყვათ დედის სასიმღერო ნიჭი?
– ორივეს ძალიან კარგი რიტმის შეგრძნება აქვს. განსაკუთრებით უფროსს, როცა ის თავისთვის მარტოა და ღიღინებს, ვხვდები, რომ მკაფიოდ გამოკვეთილი კარგი სმენა აქვს. ამაზე გათვლას არ ვაკეთებ, ცხადია, მაგრამ გულში მიხარია, რომ სიმღერა კარგად გამოსდის. ისიც ძალიან მახარებს, რომ უკვე კარგს და ცუდს ნამდვილად არჩევს. მოსწონს ქართული ხალხური სიმღერა და სიამოვნებით უსმენს. ორივე გაზრდილია ქართული, სხვადასხვა კუთხის, „ნანაზე.” სულ პატარები რომ იყვნენ, ვურთავდი და ვასმენინებდი. არავინ თქვას, რომ ეს არ მოქმედებს. ბავშვს, რასაც მოასმენინებ პატარა ასაკიდან, გემოვნებაც ისეთივე ჩამოუყალიბდება. ასე ვიყავი მეც, რისთვისაც დიდი მადლობა ჩემს მშობლებს.
– საახალწლოდ რას გეგმავს თქვენი სამსახური?
– ახალ წელს სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. იქნება როგორც საბავშვო ღონისძიებები, ასევე საახალწლო ღამის გალა კონცერტი, რომელსაც „რუსთავი 2-თან” და კულტურის სამინისტროსთან ერთად, გავაკეთებთ. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ძალიან ლამაზი ახალი წელი გვქონდეს.