რა შეცვალა ლალი მოროშკინას ბობოქარ ცხოვრებაში გათხოვებამ და სად აპირებს ის მეუღლესთან ერთად „გაპარვას”
რაც პენიტენციალური სისტემის დეპარტამენტის მრჩეველი ლალი მოროშკინა გათხოვდა, პრესის ფურცლებზე გამოჩენასაც ერიდება და სატელევიზიო არხებზეც იშვიათად ჩნდება. როგორც თავად ამბობს, მეუღლის, ირაკლი ჯაფარიძის გვერდით, თავს მშვიდად გრძნობს და მის ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი დაიწყო. თუ რატომ არიდებს ის თავს პრესის ფურცლებზე მოხვედრას, სად აპირებს ახალი წლის შეხვედრას და რა სიურპრიზი მოუწყო მეუღლემ, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ლალი მოროშკინა: ჩემთვის ყველაზე გამორჩეული და საყვარელი დღესასწაული ახალი წელია. როგორც კი დეკემბერი იწყება, ბედნიერების გრძნობა მეუფლება. მხოლოდ ერთი დეკემბერი ჩამშხამდა, როცა მოდულის შენობაში გავატარე. ყველას უყვარს დადებითი ემოცია, საჩუქრები, გალამაზებული ქუჩები – ეს ყველაფერი ბავშვობაში გაბრუნებს და გახსენებს იმ წლებს, როცა თოვლის ბაბუას ელოდი, მოდიოდა და საჩუქრებს ჩუმად გიდებდა ბალიშის ქვეშ. დედა ყოველთვის ახერხებდა, შეეფუთა საჩუქარი და ისე მალულად შეენახა, რომ მე და ჩემს ძმას არ გვენახა და, როცა ახალი წელი დგებოდა, დარწმუნებული ვიყავით, რომ ნაძვის ხესთან, ის თოვლის ბაბუას მოჰქონდა. ეს ტრადიცია მერე მე გავაგრძელე და, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩემი შვილები უკვე კაცები არიან, ახალი წლის საჩუქრებს ყოველთვის ვახვედრებ ნაძვის ხის ქვეშ და ეს დღე მათაც განსაკუთრებულად უყვართ. ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა და მე ეს ფუნქცია შევითავსე – კეთილ თოვლის ბაბუად დავრჩი (იცინის). ახლა, ცხენის წელი მოდის და მისგან ველი მშვიდობასა და სიმშვიდეს. რაც მეც მჭირდება და ქვეყანასაც.
– წელს სად ხვდები ახალ წელს და რა სიურპრიზს უმზადებ მეუღლეს?
– მე და ირაკლი ერთმანეთის ყველაზე დიდი საჩუქრები ვართ (იცინის). ეს ახალი წელი არ იქნება განსაკუთრებულად ხმაურიანი ჩვენთვის, რადგან, გადავწყვიტეთ, ჩვენ ორნი, მარტო შევხვდეთ და სადმე, რომანტიკულ გარემოში აღვნიშნოთ.
– ესე იგი, ამ ახალ წელს შვილებთან ერთად არ ხვდები?
– ჩემი შვილები უკვე დიდი ბიჭები არიან და მათ თავიანთი სამეგობრო-საახლობლო წრე ჰყავთ. მათთან ერთად უხარიათ ყოფნა და დროის გატარება. ეს კი ჩემი და ირაკლის პირველი ახალი წელია ერთად, ამიტომ, დაგეგმილი გვაქვს, მარტონი შევხვდეთ დღესასწაულს და ჩვენი ახალი წელი მოვიწყოთ. ირაკლი სვანია და, თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს, არ არის გამორიცხული, სვანეთშიც წავიდეთ და იქ მოვიწყოთ ჯადოსნური და რომანტიკული ახალი წელი. განსხვავებულ გარემოში გვინდა ვიყოთ იმ ღამეს და ეს, ალბათ, ან სვანეთი იქნება, ან უცხოეთის რომელიმე ქვეყანა. დაბადების დღეზე ირაკლიმ სიურპრიზი მომიწყო და ევროპაში გადავფრინდით. ძალიან კარგი დრო გავატარეთ და, ვფიქრობთ, ისევ გავიმეოროთ ევროპაში გასეირნება. ბევრი ვიბოდიალეთ საფრანგეთის, იტალიისა და საბერძნეთის ქუჩებში და ამით ჩვენი ქორწინებაც და ჩემი დაბადების დღეც ერთდროულად აღვნიშნეთ.
– ამ ბოლო დროს საკმაოდ შეცვლილი ჩანხარ: არსად ჩნდები, არც ჭორები ისმის შენზე და, ზოგადად, ჩრდილში ხარ. რა შეცვალა გათხოვებამ შენში?
– გათხოვებამ ჩემში ყველაფერი შეცვალა. პირველად ცხოვრებაში, არ მინდა რამის კეთება საზოგადოების ყურადღების მისაქცევად. მინდა, ჩემი ცხოვრება იყოს მხოლოდ ჩემი და ამიტომაც ვერიდები ინტერვიუების მიცემას პირად თემებზე. ყველას ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა გინდა, რომ ის რაღაც სითბო მხოლოდ შენთან იყოს და არ იყოს ყველას განსახილველი თემა. ანუ, ჩემი პირადი მინდა მხოლოდ ჩემს ოჯახში ტრიალებდეს. დამიჯერეთ, ყველაფერს თავისი ეტაპი აქვს და, ამ ეტაპებზე უნდა მოიქცე ისე, როგორც ამას მოითხოვს იმ კონკრეტულ მომენტში საზოგადოება. მაგრამ, დგება ასაკი და პროფესიულად ისეთი მომენტი, როცა ჯობია, ნაკლები ინფორმაცია მიაწოდო საზოგადოებას პირად ცხოვრებაზე. თუ თვითკონტროლი დაკარგე, მაშინ, საზოგადოებისთვისაც უინტერესო ხდები. შესაბამისად, ახლა, ჩემი სამუშაოდან და პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე, აღარ მიმაჩნია, რომ ზედმეტი საჯაროობაა საჭირო. პროფესიული ზრდის ეტაპზე ვარ და, ვფიქრობ, რომ რთულ სამუშაოს ვემსახურები. გარკვეულწილად, ეს არის ის სამსახური, რომ სულ ეკრანზე არ უნდა ჩანდე და ამასაც უკავშირდება ჩემი ერთგვარი ჩრდილში ყოფნა.
– ესე იგი, სკანდალური და ეპატაჟური ლალი მოროშკინა წარსულს ჩაბარდა?
– ეს ის ეტაპი იყო, რომელიც უნდა გამევლო, ეს ჩემს წიგნებსაც სჭირდებოდა. ახლა კი სხვა ეტაპზე ვარ და, ვფიქრობ, როცა კითხვის ნიშნები ჩნდება ადამიანზე, ის უფრო საინტერესოა, ვიდრე წიგნივით წაკითხული.
– წიგნების წერასაც შეეშვი?
– პირიქით, ახლა საინტერესო პროექტზე ვმუშაობ. წიგნის სამუშაო სახელწოდებაა – „ბალზაკი, პლუს-მინუს ათი”, ამაში ნათია გედენიძეც მეხმარება. ვფიქრობ, ეს წიგნი საინტერესო იქნება, რადგან, შეეხება სხვადასხვა პროფესიის და მედიაში მომუშავე ქალებს. უფრო კონკრეტულად კი, ეს იქნება ჩვენს მედიასივრცეში მომუშავე ქალების ოქროს ფონდი.