როგორ შეუძლია საქართველოს მთელი მსოფლიოს სასმელი წყლით უზრუნველყოფა
ქართულ წყალს საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია, – ამ დასკვნამდე მივიდნენ ქართველი მეცნიერები. საქართველოს ჰიდრორესურსების უნიკალურ თვისებებზე, ხარისხსა და საექსპორტო პოტენციალზე გვესაუბრება მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, კონცეფცია-პროგრამისა და დარგობრივი ეკონომიკის განვითარების პროექტების ავტორი და ხელმძღვანელი პაატა გიორგაძე:
– საქართველო ამჟამად ნამდვილად გაუსაძლის ეკონომიკურ პირობებშია, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ იმყოფება მოსახლეობის თითქმის 60 პროცენტზე მეტი. ეს, ძირითადად, გამოწვეულია იმით, რომ წარმოება ტოტალურად დაეცა, დაიხურა საწარმოები, სადაც ხალხი იყო დასაქმებული, რამაც გამოიწვია მასობრივად უმუშევრობა და ჩვენი დარგობრივი ეკონომიკის დეგრადირება. ჩვენი უმთავრესი მიზანია, შევქმნათ საშუალო ფენა და ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. უმთავრესი პოლიტიკური და ეკონომიკური ლაიტმოტივიც არის ის, რომ კმაყოფილი უმცირესობა ვაქციოთ კმაყოფილ უმრავლესობად, რომ ნორმალური ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეს ყველას და არა ერთეულებს. ძირითადი პუნქტები, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს, – ამისთვის, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია დღევანდელი მთავრობის პოლიტიკური ნება და, მიმაჩნია, რომ ახალ პოლიტიკურ რეალობაში ეს სავსებით შესაძლებელია – საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წელი სწორედ სათანადო ნიადაგის მომზადებას დაეთმო. უშუალოდ პრემიერი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე, დაინტერესებულია ჩვენი კონცეფციით მთელი ეკონომიკური გუნდი, და, ნამდვილად მოხარული ვარ, რომ ქვეყნის აღმავლობის გზით მშენებლობის ახალი ერა იწყება.
ქართველ საზოგადოებას ორი ათეული წელიწადია, გამუდმებით აწუხებს ჩვენი გაუსაძლისი ყოფიერების განმაპირობებელი ერთ-ერთი უმთავრესი კითხვის პასუხი: როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან და გვაქვს თუ არა ამის შანსი საერთოდ...
– უკაცრავად, რომ გეჭრებით, ამ კითხვაზე აქამდე არ არსებობდა პასუხი, ბატონო პაატა?
– კითხვას დეტალური პასუხი გავეცი ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების” თემატურ ჯგუფში რვათვიანი დღედაღამ დაუღალავი შრომის შედეგად, რომელსაც წინმსწრებად წლების განმავლობაში ჩემი სამეცნიერო კვლევები და ნაშრომები ედო საფუძვლად. ერთადერთი, ვიცოდით ის, რომ ასეთი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონი განპირობებული იყო, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, სახელმწიფო ბიუჯეტის მუდმივი სეკვესტრით, სწორედ ამ შინაგანმა განცდამ განაპირობა ჩემში ღრმა რწმენა იმისა, რომ ქვეყანა არ გაეხვეოდა ავბედობით გამოწვეულ უიმედობის ბურუსში, მომცა ბიძგი, მეფიქრა გამოსავალზე და, შედეგად, დაიდო ნაშრომის პირველი ტომი – გავეცით პასუხი ერთ-ერთ უმთავრეს კითხვას – რა უნდა დაედოს საფუძვლად ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებას. „ავწონეთ“ მთელი საქართველო, ბუნებრივი რესურსების მატერიალური ფასეულობებით; უხეშად რომ ვთქვათ, უწინარეს ყოვლისა, უნდა დაგვედგინა, რა „ღირს“ ჩვენი ქვეყანა, რა მატერიალური ღირებულებების მფლობელია ქართული სახელმწიფო. ჩაღრმავებული მაკროეკონომიკური კვლევების წარმოების შემდეგ პასუხი გაეცა უმთავრეს შეკითხვას: საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 საბადოს ბუნებრივი რესურსების მარაგებიდან ნაპოვნია დეტერმინანტული, კონკურენტუნარიანი უპირატესობის ერთადერთი ბუნებრივი რესურსი – დაბალმინერალიზებული მტკნარი სასმელი წყალი, რომელზეც მოთხოვნა მსოფლიო ბაზარზე ყოველდღიურად მძაფრად და სწრაფად იზრდება, რის გამოც უამრავი საფრთხეა მოსალოდნელი – დაწყებული რეგიონული ომებით და ასე შემდეგ, რასაც ადასტურებს „გაეროს“ სასმელი წყლის პრობლემების შემსწავლელი კომისიების დასკვნები შესაბამისი დადგენილებებით. ასევე, მრავალი სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მიღებული დეკლარაციები ასაბუთებენ, რომ: „მტკნარი წყლის დეფიციტთან დაკავშირებულმა 2025 წლის სავარაუდო პროგნოზმა 2015 წელს გადმოინაცვლა და 4 მილიარდი ადამიანი რჩება მტკნარი სასმელი წყლის მკაცრი დეფიციტის რეგიონებში. შესაბამისად, ამ პერიოდისთვის სასმელი წყლის მსოფლიო ბაზარს დასჭირდება 10 მილიარდი ლიტრი წყალი ყოველდღიურად. აზიისა და აფრიკის ქვეყნებში ყოველწლიურად 250 მილიონი ადამიანი იღუპება უხარისხო წყლისგან შეძენილი ავადობებით და მათგან 25-26 მილიონი ბავშვია. ადამიანის ორგანიზმის დაახლოებით 76 პროცენტი შედგება წყლისგან, ხოლო თავის ტვინის 96 პროცენტი, ასევე, წყალს წარმოადგენს. თუ წყალი ხარისხიანია, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაც გაცილებით მეტია, მაგრამ, დღეის მდგომარეობით, მთელ მსოფლიოშია დარღვეული ეკოლოგიური ბალანსი, დაბინძურებულია წყალსატევები.
ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში არის უნიკალური ჰიდრორესურსების თვალსაზრისით, წყლის ხარისხობრივი და თვისობრივი მაჩვენებლებით, ეს წყალი ფორმირდება ახალგაზრდა ვულკანური წარმოშობის ხუთსართულიან მიწისქვეშა ქანობებში. წყალდამწოლი ოლქების მეშვეობით ხორციელდება ნალექებისა და მდინარეების ნაწილობრივი ჩადინება-ჩაჟონვა მიწის ნაპრალებიდან გრუნტის წყლებში, ხუთსართულიან შრეებში იძენს მინერალებს და, ბუნებრივად გამდიდრებული, სილნარ და თიხნარ შრეებში გაფილტრული ამოედინება ზედაპირზე. ეს თვისობრივი მახასიათებლები მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის გრუნტის წყლებს არ გააჩნია.
მიწისქვეშა სასმელი წყლის კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორებია: ბუნებრივი განახლებადობა, ანუ, კვლავწარმოების უნარი; რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაღალი მაჩვენებლები, სტაბილურობა და უცვლელი რეჟიმი და, რაც მთავარია, დაბანდებული კაპიტალის სწრაფი უკუგების შესაძლებლობა. ყოველივე ეს ქმნის იმის აუცილებლობას, რომ ეროვნული ეკონომიკის აღმავლობისთვის უპირატესობა მივანიჭოთ გრუნტის წყლებს და არა ზედაპირულ მდინარეებს, რომელთა საერთო რაოდენობა საქართველოში 26 060-ია და (59 00 კილომეტრის სიგრძის) და ბადისებურად ქსელავს მთელი საქართველოს ტერიტორიას. ერთადერთი ტრანზიტული მდინარეა მტკვარი. მდინარეების ერთი მეოთხედი წყალამოდინების ადგილებში ერთ კვადრატულ კილომეტრზე ქმნის ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელ პროდუქტს. ალბათ, ბუნებრივად გაგიჩნდებათ კითხვა: რატომ არ გამოდგება დანარჩენი მდინარეები? დანარჩენი მდინარეები წყალამოდინების ადგილებში ფერდობებზე ღვარცოფისა და წყალდიდობების დროს, კარგავს ხარისხობრივ თვისებებს, ფერს, გემოს და, ამიტომ, ჩვენ ზედაპირულ წყლებს მივანიჭეთ სულ სხვა მნიშვნელობა. ეს მდინარეები უნდა გახდეს საქართველოს ენერგომატარებლები, ეროვნული ეკონომიკის განვითარებას სჭირდება დამოუკიდებელი ენერგეტიკა ენერგოუსაფრთხოების სისტემებით, მაგრამ, არა დიდი ჰესებისა და კაშხლების ხარჯზე. უნდა გავითვალისწინოთ რა, რომ მოქცეული ვართ ახალგაზრდა ვულკანური წარმოშობის პირობებში, როგორიცაა კავკასიონისა და თრიალეთის ქედები, მცირე და საშუალო ჰესები საქართველოს ეკოლოგიურ ბალანსს არ დაარღვევს.
საქართველოს ტერიტორიაზე მოიპოვება ძვირფასი და მძიმე მეტალები, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები, ტორფი, ქვანახშირი, გოგირდიანი და სხვა სამკურნალო წყლები, მცირე რაოდენობით გაზი და ნავთობი, მაგრამ, ზოგიერთი დაბალი რენტაბელობის მაჩვენებლით, ანუ, იმისთვის, რომ ეკონომიკა ბუნებრივი რესურსების ექსტენსიური წარმოებიდან ინტენსიურზე გადავიყვანოთ, ამას სჭირდება დროის ხანგრძლივი პერიოდი და დიდძალი კაპიტალდაბანდება. 20-25 წელიწადში ქვეყანა იგრძნობს შვებას, მაგრამ, კიდევ 20-25 წელს ასეთ მდგომარეობას სახელმწიფო ვერ გაუძლებს. ამას ემატება ისიც, რომ წარმოების პროცესით ეკოსისტემაზე მიყენებული ზარალის დაბალანსება, რეკულტივაციისა და სხვა აუცილებელი ღონისძიებების გატარებით, ბევრად ძვირი დაუჯდება ქვეყანას, ვიდრე წარმოებით მიღებული მოგება. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სწრაფი განვითარება ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებით. რასაც გამოწვლილვით ითვალისწინებს კონცეფცია-პროგრამა და პროექტი „წყალი – ეროვნული სიმდიდრე“.
ვიმეორებ: ჩვენ ზედაპირულ მდინარეებს არ ვეხებით, ზედაპირულ მდინარეებს, ენერგომატარებლებთან ერთად, აქვს სხვა ფუნქციური დატვირთვაც – ეს არის მიწისქვეშა გრუნტის წყლების კვლავწარმოების ხელშემწყობი ფაქტორები. პირველი და უმთავრესი ფაქტორია ტყის კორომები, ტყის ლანდშაფტური ზონები (საქართველოს ტერიტორიაზე გაშენებულია 300 მილიონი ჰექტარი ტყე), შემდეგ მოდის მდინარეები, 800-ზე მეტი ტბა, ჭაობები და მყინვარები, რომლებზეც ყველაზე ნაკლები რაოდენობა მოდის მიწისქვეშა გრუნტის წყლების განახლებადობისა – ეს არის ძირითადად კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე მდებარე წყალდამწოლი ოლქები, სადაც ზამთრის პერიოდში წარმოიქმნება თოვლის საფარი. ამდენად, გლობალური დათბობის პირობებში, ყინულოვანი საფარის დნობა საქართველოში უმნიშვნელო ზეგავლენას მოახდენს მიწისქვეშა გრუნტის წყლების ფორმირებაზე, ამიტომ, სახელმწიფოს ზრუნვის საგნად უნდა იქცეს ტყის აღდგენა და მისი მოვლა-პატრონობა.
ჩვენ დათვლილი გვაქვს, ერთ სულ მოსახლეზე რა რაოდენობის წყალი ფორმირდება როგორც დასავლეთ, ისე, აღმოსავლეთ საქართველოში. ამ მიდგომებით დადგენილია, რომ მიწისქვეშა გრუნტების წყლები ერთადერთი უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთაა და მისი პოტენციალიც სრულად პასუხობს შესაბამის ნორმებს. რაც შეეხება პოტენციალს, არის 573 მეტრ-კუბი წამში. აქედან, საექსპლუატაციოდ დასაშვებია 301 მეტრ-კუბი წამში, რისი გამოყენებაც ეკოლოგიურ ბალანსს არ დაარღვევს, ანუ, საქართველოს მასშტაბით, ჭაბურღილების მეშვეობით, არტეზიული აუზებიდან შეიძლება ამოვიღოთ და გამოვიყენოთ 301 მეტრ-კუბი წამში წყლის რაოდენობა, რაც არის 26 მილიარდი ლიტრი დღე-ღამეში. პატარა საქართველოს შეუძლია, სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტით მოამარაგოს მსოფლიოს 7-მილიარდიანი მოსახლეობა და კიდევ ჭარბი რჩება 8,5 მილიარდი ლიტრი წყალი დღე-ღამეში.
საქართველო უნდა გახდეს ბუნებრივი სასმელი წყლის მწარმოებელი და მსოფლიო ბაზარზე დაფასოებული პროდუქციის ექსპორტიორი, ინდუსტრიულად განვითარებული ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. ამრიგად, სასმელი წყლის ბუნებრივი რესურსების, როგორც ადამიანისთვის აუცილებელი სასიცოცხლო დანიშნულების პროდუქტის, კაპიტალიზაციის ტექნოლოგიების ფულად ქცევა, მისი მატერიალიზება საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ფასიანი, მომგებიანი ქაღალდების (აქციების, ობლიგაციების, თამასუქების) სახით და მსოფლიო ფინანსურ რესურსებში ჩართვის მექანიზმების გამოყენება, უზრუნველყოფს სასმელი წყლის ინდუსტრიის მშენებლობისთვის საჭირო თანხების მოზიდვას და წყლის მსოფლიო ბაზრის სეგმენტის მოპოვებას. ინდუსტრიას ვაშენებთ საექსპლუატაციო დასაშვები მარაგების (301 მეტრ-კუბი წამში) რაოდენობიდან 0,75 პროცენტის (ანუ, 2,5 მეტრ-კუბი წამში) გამოყენებით; საქართველოს ყველა მუნიციპალურ ერთეულში არსებული დებეტების შესაბამისად, ცალკეული წლიური წარმადობის ქარხნების საპროექტო სიმძლავრეების გათვალისწინებით, საერთო ჯამში, ვაწარმოებთ 50 მილიონ ტონა დაფასოებული სასმელი წყლის პროდუქციას, უახლოეს 2 წელიწადში კი, მშენებლობის დასრულების შემდგომ, მივიღებთ ეკონომიკურ შედეგს: ქვეყნის ფულადი შემოსავლები გაიზრდება 12 მილიარდი ამერიკული დოლარით; ბიუჯეტი შეივსება 3 მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი თანხით; დასაქმდება ათეულ ათასობით ადამიანი, საშუალო ხელფასით – 1 500 ამერიკული დოლარის ეკვივალენტით ლარში; მოიხსნება სიღარიბის არსებული მწვავე პრობლემები; შეჩერდება მიგრაციული პროცესები; დაიწყება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება; განხორციელდება სოფლისა და სატყეო მეურნეობების, ენერგეტიკის, მსუბუქი მრეწველობისა და სხვა სტრატეგიული საინვესტიციო ეკონომიკური პროექტების ჩვენივე სახსრებით დაფინანსება; რაც ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისა და დამოუკიდებლობის გარდაუვალი წინაპირობაა; დაიწყება სახელმწიფო შიდა ვალის გასტუმრება, საფუძველი ჩაეყრება სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობას.
საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უახლოეს ათწლეულში სასმელი წყალი გახდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსი კაცობრიობისთვის. საქართველო ამ რესურსის ერთ-ერთი დიდი მფლობელია და, მისი მომავალი ეკონომიკური განვითარება, ალბათ, დაკავშირებული უნდა იყოს წყალთან, კერძოდ, წყლის მსოფლიო ბაზარზე ჩვენი ადგილის მოპოვებასთან.