რა აღმოაჩინა ღამით სასაფლაოზე გიორგი მუსხელიშვილმა და რატომ არ უშვებდნენ მას სასტუმროებში
გიორგი მუსხელიშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ოთხი თვის წინ გახდა – მისი გზა ქართულ პოლიტიკაში წლების წინ დაიწყო, რომელსაც ორწლიანი ტაიმაუტის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა. „თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ დამფუძნებელს ბოლო წლებში აქტიური საორგანიზაციო საკითხების მოგვარება ჰქონდა ჩაბარებული, რის გამოც ბევრ ხიფათიან ისტორიაშიც არაერთხელ გაეხვია, თუმცა, ამაზე და, კიდევ, იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ის ანაკლიაში „მტრის ბანაკში,” თავად ჩვენი რესპონდენტი გიამბობთ.
გიორგი მუსხელიშვილი: პოლიტიკას ცხოვრება დავუკავშირე 2002 წელს, როდესაც მოქალაქეთა კავშირს გამოეყო „გაერთიანებული დემოკრატების” ჯგუფი. მე პარტიის თბილისის საორგანიზაციო მდივანი გავხდი. მანამდე საზოგადოება” „თბილისელის” საქმიანობაში ვიყავი ჩართული, რადგან, მიმაჩნდა, რომ შემეძლო, ჩემი პატარა წვილი შემეტანა ჩემი ქალაქის კეთილდღეობაში. ამას არც არასდროს გავქცევივარ – ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან ვიყავი ჩართული ეროვნულ მოძრაობაში. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა სრულად აიღო ხელში ძალაუფლება, მე ვერ შევეგუე იმ ყველაფერს, რაც ამ ქვეყანაში დაიწყო და გავერიდე აქაურობას – ცოლთან ერთად წავედი მოსკოვში, სადაც კარგი სამეგობრო მყავდა. მოსკოვში ორი წელი დავრჩი და იქ ავაწყვე ბიზნესი – გავხსენი სამკერვალო ფაბრიკა, სადაც იკერებოდა ტანსაცმელი. სხვაგან დიდხანს გაძლება ძნელია, ამიტომ, 2006 წლის დასაწყისში გავყიდე ფაბრიკა და დავბრუნდი თბილისში. ჩამოვედი და აქ უკვე რთული სიტუაცია დამხვდა, ჩემს მეგობრებთან ერთად შევუერთდი გაერთიანებულ ოპოზიციას და არ გამოვკლებივარ არც ერთ საპროტესტო მიტინგსა და გამოსვლას. 2009 წელს, როდესაც საკნების აქცია მოეწყო, ვიყავი საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
– საორგანიზაციო თემებს ვერც აქ ასცდით. რატომ განდობენ ხოლმე ამ საქმეს?
– არ ვიცი, ამას ვერ გეტყვით. მე მახსოვს, როგორ მოგყვავდა „უცნობი” ბათუმიდან. მაშინ ბევრი ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხის მოგვარება დაგვჭირდა. 500-დან 700-მდე ადამიანის ტრანსპორტის, კვების მოგვარება არაა იოლი საქმე. 2009 წელს, როცა გაჩნდა იდეა, რომ გაკეთებულიყო დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია, მე ჩემს მეგობრებთან ერთად დავაფუძნე პარტია „თავისუფალი დემოკრატები”. ჩვენ ბევრ გამოცდას გავუძელით ერთად ამ ოთხ წელიწადში. 2011 წლის 7 ოქტომბერს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ დაიწყებდა შეურიგებელ ბრძოლას ნაციონალურ რეჟიმთან, ჩვენ და რესპუბლიკელები მისი ერთ-ერთი პირველი პარტნიორები გავხდით. მე მახსოვს, ძალიან მალე, „ქართუს” შენობაში, მეთერთმეტე სართულზე, გაიხსნა კოალიცია „ქართული ოცნების” პირველი შტაბი და ჩვენი პარტიიდან მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ შტაბის ამუშავება დაიწყო. სამ ადამიანს ჩაგვაბარეს რეგიონული მობილური ჯგუფების შექმნა მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს იყო ურთულესი საქმე. იმ წელს ძალიან მკაცრი ზამთარი იყო, რთული იყო რეგიონებში სიარული და ძალიან ბევრი ვიწვალეთ. მე და ჩემს მეუღლეს ერთი წელი მანქანაში გვეძინა; მარტო ჩვენ კი არა, უმცროსი, მეოთხე შვილიც კი თან დაგვყავდა, რომელიც მაშინ 4 წლის იყო.
– მეუღლე რა შუაში იყო?
– გურულია და როგორც ყველა გურული, მოუსვენარი (იცინის) ჩვენ ხუმრობით „მისტერ და მისის სმიტებს“ გვეძახდნენ, და მინდა გითხრათ, რომ არაერთხელ მოვყევით რთულ და მძიმე სიტუაციებში. ყველა დიდი მიტინგი და ღონისძიება, რომელიც რეგიონებში მოეწყო, ჩვენ მიერ იყო ორგანიზებული. მე, ზვიად ძიძიგურთან და ირაკლი ჩიქოვანთან ერთად, ვარ თბილისის პირველი დიდი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ახლა ერთი ისტორია გამახსენდა: 15 სექტემბერს ახალციხეში გვქონდა დიდი აქცია, იქიდან კი ზუგდიდში უნდა გადავსულიყავით. ვიფიქრე, თბილისში ჩამოსვლას აზრი არ ჰქონდა და ჩემს ცოლს ვუთხარი: ნინო, მოდი, პირდაპირ ზუგდიდში წავიდეთ-მეთქი. ჩვენთვის, როგორც წესი, ყველა სასტუმრო დაკეტილი იყო სააკაშვილის რეჟიმის მიერ, ამიტომ, სხვის სახელზე უნდა დაგვეჯავშნა ნომერი. ზუგდიდში ვერ მოვახერხეთ სასტუმროს დაჯავშნა, სასტუმრო დავჯავშნეთ ანაკლიაში, ჩემი ცოლის დაქალის სახელზე, რომელიც არის ბრიტანეთის მოქალაქე. საერთაშორისო მასშტაბის გავხადე ჩემი წრე (იცინის). შუაღამისას მივდივარ ანაკლიის გზაზე, არაფერი ირგვლივ არ ჩანს. სადღაც შორს შუქი გამოჩნდა, მივაყენე მანქანა იმ შუქთან და ვიფიქრე, გაიხაროს ამ შუქის „პატრონმა,” გზას გამაკვლევინებს-მეთქი და, რას ვხედავ: სასაფლაოზე ვართ – ვიღაცას მინის სახლი აუშენებია თავისი მიცვალებულისთვის; შიგნით მანქანა დგას, ღვინო, დოქი, ლამის ტელევიზორია ჩართული. გადარეული დავრჩი იმის შემხედვარე. რა უნდა გვექნა, გავაგრძელეთ გზა. იმ დღეს ქუთაისში ბევრი სტუმარი იყო ჩასული, სამთავრობო ღონისძიებაზე და სტუმრების ნაწილი ანაკლისკენ არ წასულა?! შევდივარ ანაკლიის სასტუმროში, სადაც დგას დაახლოებით ასი შავი „ჯიპი” და სასტუმრო სავსეა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებით, ყველა იქ არ ის? რა უნდა მექნა? შემრცხვა ჩემი ცოლის. იხტიბარს ხომ არ გავიტეხდით და, მეც და ნინოც, „ოცნების” მაისურებში გამოწყობილები შევედით სასტუმროს ფოიეში. ადმინისტრატორი ჩვენს დანახვაზე დაიბნა, ვერ გაიგო, იქ საიდან მოვხვდით, მაგრამ, რა უნდა ექნა – ნომერი დაჯავშნილი იყო. ნახევარი საათი ავსებდნენ ჩვენს საბუთებს და, მივხვდი, რისთვისაც „ამზადებდნენ” ჩვენს ნომერს. როგორც იქნა, შევედით ნომერში და ავტეხე ერთი ამბავი – აქ არც წყალია, არც არაფერი, ნომერი უნდა შემიცვალოთ-მეთქი. ასე ჩავუშალეთ ჩასაწერად გამზადებული ნომერი მისტერ და მისის სმიტებმა (იცინის).
– „მტრის ბანაკში” შეღწევა და აქტიური საორგანიზაციო საქმეების კეთება დაგფასებიათ.
– აქ რომ ვარ? ეს ნამდვილად არ იყო ჩემი ოცნება, მე არ ვარ კაბინეტსა და თანამდებობას გამოკიდებული კაცი. 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს პარტიულ სიაში ვიყავი, თუმცა, დიდად არც ეს მაინტერესებდა. სიაში ჩემ წინ ვინც იყო, ზოგი მინისტრი გახდა, ზოგი – პარლამენტარი. ვინმე აქაც ხომ უნდა შემოსულიყო და ასე მოვხვდით მე და მაკა გვარამია საკრებულოში. ცნობილი მოვლენების შემდეგ, ოთხი თვის წინ, გავხდი საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. კაბინეტი არაა საჩემო საქმე, მევალება თუ არა, არის თუ არა საჭირო, ყოველ დილით, მოხალისესავით, სხვადასხვა უბანში მივდივარ. საკუთარი გრაფიკი მაქვს გაკეთებული – მე ამ ქალაქში დაბადებული და გაზრდილი კაცი ვარ, რამდენიმე თაობით თბილისელი და, გამოდის, რომ იმ ხოხობთან ვარ კავშირში.
– რადგან გენეალოგიას მივადექით, გკითხავთ: დიდი მეცნიერის შთამომავალი ხართ?
– დიახ, ოღონდ, არა პირდაპირი შთამომავალი: მამაჩემის ბაბუა და ნიკო მუსხელიშვილი ბიძაშვილები იყვნენ. დედაჩემი, როგორც მსმენია, დანიშნული ყოფილა იმ ბეჭდით, რომელიც ნიკო მუსხელიშვილის დედას ეკუთვნოდა. მუსხელიშვილები ისე ცოტანი ვართ, ყველანი ერთმანეთს ვეკუთვნით ნათესავებად. ჩვენი ოჯახი რეპრესირებული იყო. მამაჩემის ბაბუა, როსტომ მუსხელიშვილი, ცნობილი პოლკოვნიკი გახლდათ, ქაქუცას ყველა გადაადგილებას აკონტროლებდა და ეხმარებოდა. ის 1924 წლის აჯანყებას ამზადებდა, როცა დაიჭირეს და დახვრიტეს. მეამბოხე ბაბუას კვალს ისე არ ჩაუვლია, მეც გადმომეცა მემკვიდრეობით (იცინის).
– იმდენი ბიზნესი გქონიათ წარსულში, არც დღეს არ უნდა იყოთ მათ ბოლომდე შელეული.
– დღეს არაფერიც არ მაქვს, არ დამიტოვეს არაფერი. მუდმივ შევიწროებასა და ყოველდღე ფინანსურ პოლიციაში ყოფნაში ბიზნესი არ გამოდის. 2008 წლის მერე დაიწყეს ჩემთან „აქტიური” შეხება, მას შემდეგ, რაც აქტიურად გამოვჩნდი. წლების წინ საქართველოში საბურავების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ვიყავი, კარგი ბიზნესი მქონდა, რაც წინა ხელისუფლებამ შეიწირა. ჯერ ევროპიდან ჩამომქონდა საბურავები, შემდეგ გავხსენი გზა ჩინეთში – პიონერი ვიყავი, არავინ რისკავდა მაშინ ჩინეთთან კავშირს. მე გავრისკე და საკმაოდ წარმატებულადაც. შვიდი წელი ჰაერში ვიყავი – გუანჯოუში ისე დავდიოდი, ხალხი რაჭაში რომ დადის (იცინის). ჩავედი თუ არა გუანჯოუში, ვიყიდე ოფისი. წელიწადში 7-8 თვე იქით ვიყავი. ერთხელ მეგობართან ერთად წავედი ჩინეთში. ჯერ სტამბულში ჩავფრინდით, მერე – ჰონკონგში. გუანჯოუმდე გრძელი გზაა. სტამბულში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ისე დამხვდნენ, 12 საათში ყველაფერი მოასწრეს, რისი მოსწრებაც შეიძლებოდა. 7-8 წელია, ჰონკონგში ცხოვრობს ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელიც მუშაობს იქაურ სიმფონიურ ორკესტრში. ის დაგვხვდა ნაქირავები იახტით და ისე გვიმასპინძლა, როგორც ბავშვობის მეგობარს შეჰფერის. ძალიან ბევრი დავლიეთ და ძალიან ბევრიც ვიმღერეთ. მეორე დღეს ნაბახუსევის გადასატანად დავსხედით ღვინის დასალევად. იმდენი დავლიეთ, ჰონკონგის ქუჩაში ქართულად ვმღეროდით. სიმღერა ვიცი, ნიჭიერთა მუსიკალურ ათწლედში ვსწავლობდი, მაგრამ, იქ ისეთი ნიჭიერები იყვნენ, რომ დამაკომპლექსეს და აღარ ვმღერი. სამაგიეროდ, ჰონკონგში ვბედავ სიმღერას თავისუფლად (იცინის). ჩვენთან ერთად ჩემი მეგობრის ორკესტრის თანამშრომლებიც იყვნენ, მათ შორის იყო ავსტრალიელი „სკრიპაჩი”. სკრიპკისთვის ფუტლიარი მოუხსნია და ძირს დაუდევს. იქიდან რომ წამოვედით, მერე მივხვდით, რომ ფულით იყო სავსე. არ მახსოვს, როგორ ჩავაღწიეთ ჩინეთამდე, იქ დამხვდა ჩემი პარტნიორი და ძმაკაცი – სერგო. მე მოვნათლე ასე – ისეთი ცუდი წარმოსათქმელია მისი სახელი, კოხვაა, უნდა თქვა სწორი „უდარენიით”, ვერ გამომივიდა, ავდექი და სერგო დავარქვი (იცინის). ისეთი მეგობრობა იცის იმ ჩინელმა კაცმა, გაოცდებით. აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე შვილის ქორწილი მქონდა და სამი დღით წამოვიდა ჩინეთიდან ქორწილისთვის. იოლი ხომ არ იყო, მაგრამ, თბილისსა და გუანჯოუს შორის ისეთი მეგობრობის ხიდი მაქვს გადებული, ამ ათასობით კილომეტრზე ჩამოსვლას რომ შეგაძლებინებს (იცინის).