რა ნაღმი აუფეთქდა ნინო ზურიაშვილს და ვინ გაუგზავნა მას საპროტესტო ნოტა
სტუდია „მონიტორის” რედაქტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნინო ზურიაშვილი ჟურნალისტიკაში სრულიად შემთხვევით მოხვდა. თხუთმეტწლიანი სტაჟის შემდეგ თამამად ამბობს, რომ ეს არჩევანი არასდროს უნანია და იმის მიუხედავად, რომ ბევრი სირთულე და მუქრა გადაიტანა, არასდროს გაუხედავს უკან, ძველი პროფესიისკენ. ის უკვე „ნაღმების ჩადების” ოსტატია, იმ ნაღმებისა, ყველა ჟურნალისტურ გამოძიებას თან რომ ახლავს და აზარტს მატებს, რასაც ნინო ზურიაშვილი დღემდე ვერ შეელია.
ნინო ზურიაშვილი: თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ჟურნალისტიკაში სრულიად შემთხვევით, უმუშევრობის დაძლევის გამო მოვხვდი. პროფესიით ეკონომისტი ვარ, უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დავამთავრე, უკვე ასპირანტურაში ვსწავლობდი, როცა ჩემმა მეგობარმა მითხრა: გაზეთში ეკონომიკის საკითხების გაშუქება გვჭირდება, ჟურნალისტებს ეს თემა არ აინტერესებთ. ვერც წერენ და პარლამენტში განხილვებსაც კი ვერ უსმენენ, თუ წერა შეგიძლია, იქნებ ჩვენთან წამოხვიდეო. ისე მოხდა, რომ რომელ გაზეთშიც მივედი, ყველა პანტა-პუნტით დაიხურა. წესიერად მუშაობის დაწყებას ვერც კი ვასწრებდი, ორი-სამი წერილის მერე გაზეთი იხურებოდა. ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორმა, თემურ მეტრეველმა როცა გაიგო, რომ ყვარლიდან ვიყავი, ისიც კი მითხრა: ეკონომისტი გვჭირდება, რომელსაც წერა შეუძლია, ილია ჭავჭავაძის კუთხის შვილს, დავიჯერო, წერა გაგიჭირდებაო? ერთადერთი გაზეთი, რომელიც მალე არ დაიხურა და სადაც, როგორც ჟურნალისტმა დიდხანს ვიმუშავე იყო გაზეთი „კავკასიონი”. იქ ვისწავლე ჟურნალისტიკა. ის, რაც ამ პროფესიაში იყო მნიშვნელოვანი და საჭირო, მასწავლეს ვასილ მაღლაფერიძემ, სოზარ სუბარმა და ია ანთაძემ. მთელი ცხოვრება ხუთოსანი ვიყავი, არ ვიცი, რას გავაკეთებდი, ჩემს პროფესიას რომ გავყოლოდი. თუმცა, ნამდვილად არ ვნანობ, რომ ცხოვრება ჟურნალისტიკას დავუკავშირე. არასდროს მიფიქრია დაბრუნება „ეკონომიკისკენ”. არც კი ვიცი, სად მაქვს ის დიპლომი (იცინის).
– ახალბედა ჟურნალისტისთვის საგამოძიებო ჟურნალისტიკა რატომ აღმოჩნდა ყველაზე მიმზიდველი?
– ჟურნალისტური გამოძიება მათემატიკის ძალიან რთულ ამოცანას ჰგავს, რომელსაც მათემატიკური აზროვნება და ლოგიკა სჭირდება. ჩემთვის თავიდანვე დიდი ხიბლი ჰქონდა მუშაობას პრობლემურ საკითხზე, რომელსაც შემდეგ რეაქციები მოჰყვებოდა. მომწონდა, რომ ამით შემეძლო დავხმარებოდი იმ ადამიანს, ვისაც ესა თუ ის პრობლემა ჰქონდა. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვებოდა საყვედურები და უსიამოვნებები, თუმცა ეს უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი. ერთხელ დავწერე, როგორ იყვნენ ჩარეულები პარლამენტარები „მარშუტკების” ბიზნესებში. ვასიკო მაღლაფერიძემ ეს მასალა გაზეთში გაუშვა სათაურით: „მარშუტკა – ვისთვის „შუტკა”, ვისთვის „უტკა”. მეორე დღეს მე ჩვეულებრივ მივედი პარლამენტში, რა ვიცოდი, რა მელოდა იქ? ბიუროზე დაისვა საკითხი, რომ აკრძალულიყო ჩვენი დაშვება ბიუროს სხდომებზე, იმიტომ რომ, ასეთ წერილებს ვწერდით. თავიდან ასეთ რაღაცეებზე გული მიფანცქალებდა – მაზოხისტი კი არ ვიყავი, რომ ასეთი რეაქციები სიხარულით მიმეღო. როცა ვიღაცას ვუტევ, ეს არ მანიჭებს სიამოვნებას. პირიქით, რაც არ უნდა ცუდ ტიპთან მქონდეს საქმე და დარწმუნებული ვიყო, რომ ის არაა მართალი, მუდმივად თან მდევს უხერხულობის განცდა. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვფიქრობ, ნებისმიერი საკითხი, რაც პრობლემურია მეც მეხება და ეს უნდა გავაშუქო. ის, რომ ამას მძაფრი რეაქციები მოჰყვება, ეს არის თანმდევი პროცესი და ამას ვიტან. პირველად „კავკასიონში” ვიგემე მუქარის, უსიამოვნების „გემო.” არ მახსოვს, მესამე თუ მეოთხე სტატია იყო, როცა სამსახურიდან დამირეკეს და მკითხეს: სად ხარ, შენ გეძებენო. სამსახურში მისულს იქ დამხვდა ბაკურ გულუას წარმომადგენელი დიდი საპროტესტო ნოტით. თუმცა, ის ადამიანი ზღვარს ნამდვილად არ გასცდენია, იქ უჩემოდაც გასცეს პასუხი. ვასიკო და სოზარი თავის თავზე იღებდნენ პირველ რეაქციებს და ჟურნალისტამდე არ უშვებდნენ გაბრაზებულ ხალხს (იცინის).
– გეწერა შენთვის მშვიდად ბიუჯეტზე, ფისკალურ პოლიტიკაზე, რა გინდოდა?
– მე არ მიყვარს სიმშვიდე. მიმაჩნია, რომ გამოძიებითი ჟურნალისტიკა უფრო მნიშვნელოვანი და საჭიროა, რაც ბევრ ისეთ უნარს მოითხოვს, მეც რომ აღმოვაჩინე საკუთარ თავში. ეს არის სხვა ტიპის პასუხისმგებლობა, ღრმა მოტივაცია. ჩვენ ვაკეთეთ თავისუფალი ჟურნალისტიკა – ამისი განცდა არის ძალიან მაგარი. თუ გულგრილი ხარ ამა თუ იმ პრობლემის მიმართ, რომელიც აქვს შენს თანამოქალაქეს, გამოძიებით ჟურნალისტიკას ვერ შექმნი. ამ საქმეში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია „დრაივი.” ჟურნალისტური გამოძიება არის მწვავე მიმართულება. ეს არის ნაღმი, რომელიც შესაძლოა, შენვე აგიფეთქდეს.
– თავად აგფეთქებია ნაღმი?
– ამფეთქებია, თუმცა ეს მთლად ნაღმი არ ყოფილა. ალბათ, გახსოვთ შემთხვევა, როცა მილიონი ლარი წავაგეთ რკინიგზასთან. ეს არ იყო ცუდი ჟურნალისტური გამოძიება, მე არ ვყოფილვარ დაჭერილი შეცდომაზე, უბრალოდ, ასეთი იყო მაშინდელი ხელისუფლების ნება. შეცდომისგან, რა თქმა უნდა, არავინაა დაზღვეული. 120 ჟურნალისტური გამოძიებიდან, რომელიც გავიდა „60 წუთში,” ორი შემთხვევა იყო ისეთი, რომლებთან დაკავშირებითაც მძაფრი განცდები მაქვს. ვფიქრობ, ეს ორი ქეისი არ იყო გაკეთებული ეთიკის ნორმების დაცვით. ღმერთმა იცის, რომ ამ სიუჟეტში მე არც ერთი სიტყვის ავტორი არ ვარ, მაგრამ ეს იყო ჩვენი გუნდის გაკეთებული მასალა. ამის გამო მაშინ ძალიან დაეცა გადაცემის რეიტინგი, უამრავი ადამიანი რეკავდა და გვეჩხუბებოდა. ამიტომ არის დაკავშირებული ჟურნალისტური გამოძიება დიდ პასუხისმგებლობასთან. ჩვენ დღემდე ერთმანეთს ვუმოწმებთ ყველა მასალას, ყველა დეტალს. ასეთი შემოწმება ადრე არასდროს ყოფილა. ამ პროცედურას გადის ყველა ქეისი. ერთი ჟურნალისტი ჯდება, ჩემს შემთხვევაში, ეს არის მაგდა მემანიშვილი და ითხოვს ყველა დოკუმენტს, რაც კი ნახსენებია სიუჟეტში. ის ამოწმებს ფაქტებს, რომ არ გაიპაროს ერთი უმნიშვნელო დეტალიც კი. ხომ შეიძლება, ერთი ციფრი შემეშალოს დოკუმენტში? ან დავინახე, რაც წერია, მაგრამ არასწორად აღვიქვი? ამას მუდმივი შემოწმება სჭირდება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვიზის გარეშე, ეთერში არ გადის არც ერთი სცენარი, თავს ბევრი იურისტი გვახვევია. ისინი დეტალებს ამოწმებენ იურიდიული თვალსაზრისით, ჩვენ ამას ვაკეთებთ რედაქციულად. ასე რომ, გაუკონტროლებლად ეთერში ერთი სიტყვაც არ ხვდება.
– მწვავე თემებზე შენი „გადაბირების” მცდელობები ყოფილა?
– გადაბირების არა, ადვილი გამოსაცნობია, ვინ შეიძლება გადაიბირო ან გააჩუმო და ვინ არა. ამ თხუთმეტ წელიწადში იყო ბევრი მუქარა: თუ ამ თემას შეეხები, ეს ძვირი დაგიჯდება და ასე შემდეგ. ერთ-ერთ თემაზე მუშაობისას, იმ პერიოდში რამდენიმე დღე მითვალთვალებდა „სოდი”, მაგრამ არც ეს ყოფილა პრობლემა. მუქარის მძევალი არ უნდა გახდე. მუქარა ერთ ყურში უნდა შეუშვა და მეორედან გაუშვა, შიში უნდა მოიხსნა და გადაიტანო. ეს არის ოქროს წესი ჩვენს საქმეში. მახსოვს, როგორ მეჩხუბა ჯამლეტ ბაბილაშვილი, თქვენ ვინ ხართ, რომ ჩვენ სასამართლო პროცესებს გვიმართავთ, ჩვენ თქვენ მოგივლითო, – საჯაროდ მითხრა პრესკონფერენციაზე. უფ, რა მოთვლის, რაც მე ჩხუბები გადამიტანია, რაც სვანეთის სოფლებსა თუ დანგრეული ქარხნების ნანგრევებზე მიბოდიალია. აი, ამას ჰქვია, რომ უნდა გახვიდე გარეთ, შენი თვალით ნახო ყველაფერი, მიიხედო, მოიხედო. ეს ჟურნალისტიკა კაბინეტებში არ კეთდება (იცინის).
– საშიში ქალი ხარ.
– არა, არ ვარ საშიში ქალი, მე ვცდილობ, ყოველთვის ვთქვა სიმართლე. ასე რომ, ვიღაცას ჩემი კი არა, სიმართლის ეშინია. მე ჩემი გუნდის წევრებთან ერთად, ვესწერები ბევრ ტრენინგს, რომ ყველა მექანიზმი გავიაროთ, რომლებიც შეცდომების მინიმალიზაციისკენაა მიმართული.
– როგორც ვიცი, უკვე პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევი.
– ვკითხულობ ლექციებს „კავკასიის უნივერსიტეტის” მედია-სკოლაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ვიყავი მიწვეული ლექციების წასაკითხად რამდენიმე წელი. ხშირად მიწვევენ კონსულტანტად სხვადასხვა მედია-საშუალებებში, რომელთაც სურთ, ჟურნალისტური გამოძიებები დაიწყონ. ძალიან მაინტერესებს მედია-ადვოკატირება, ვარ კოალიციის წევრი, საიდანაც ვცდიოლობ, ცვლილებების მოხდენას მედია-გარემოს გაუმჯობესებაზე. მე მიყვარს ჩემი საქმე, რომელიც ძალიან ბევრი ნიუანსის გათვლას მოითხოვს. ჟურნალისტს, რომელიც მუშაობს საგამოძიებო ჟურნალისტიკაში, უნდა ჰქონდეს ინფორმაციის დიდი წყარო. შესაძლოა, კონკრეტულ თემაზე წყარო არც არსებობდეს და მონიტორინგისა და კვლევის შედეგად დავადგონო, რომ აქ რაღაც ხდება. დანარჩენი უკვე ტექნიკის ამბავია.