როგორ ანარკომანებს ერთი ნარკომანი 8-12 ახალბედას და რატომ გახდა სანატრელი ჰეროინისა და სუბოტექსის მომხმარებელი ნარკომანები
გლობალფონდის დაფინანსებით ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში 17 პროცენტამდეა გაზრდილი პრობლემურ ნარკომანთა რაოდენობა. მონაცემები დამაჯერებელია, რადგან ხსენებულმა ორგანიზაციამ წლევანდელი კვლევის შედეგები თავის მიერ 4 წლის წინათ ჩატარებული კვლევის შედეგებს შეადარა. თუმცა ნარკომანია მსოფლიო პრობლემაა და, მათ შორის, განვითარებული სამყაროსიც, მონაცემები შემაშფოთებელია. იმის გათვალისწინებითაც, რომ ჩვენში სააფთიაქო ნარკომანია ყვავის და ადგილობრივ ნარკომანებს ძალიან იაფად შეუძლიათ ნარკოტიკული თრობის გამოწვევა, ოღონდ, იმავდროულად, ეს ყველაზე მოკლე გზაცაა ტანჯვით სიკვდილისკენ. რამ გამოიწვია წამალდამოკიდებულთა რიცხვის ზრდა და რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სახელმწიფო პოლიტიკა ამ პრობლემის მინიმუმამდე დასაყვანად? ამ კითხვაზე პასუხის მიღებას ნარკოლოგ, პროფესორ გელა ლეჟავასგან შევეცდებით.
– თავდაპირველად, განვმარტოთ, რას ნიშნავს პრობლემური ნარკომანი?
– პრობლემური ნარკომანი შეიძლება, იყოს ინიექციურიც და არაინიექციურიც, ანუ მძიმე ნარკომანების რიცხვი გაიზარდა ზოგ შემთხვევაში, 20 პროცენტითაც კი. ამავე ორგანიზაციამ ასეთივე გამოკვლევა 4 წლის წინათაც ჩაატარა და სწორედ იმ თავის გამოკვლევას ადარებს ამ მონაცემებს. 4 წლის წინანდელ გამოკვლევაშიც ნაკროლოგები შევთანხმდით იმ ციფრზე, რაც კვლევამ გამოავლინა – დაახლოებით, 41 000 პრობლემური ნარკომანი გამოდიოდა, ახალი კვლევით კი, ეს მონაცემი 17 და მეტი პროცენტითაა გაზრდილი.
– რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზები?
– ძნელი სათქმელია ცალსახად, რატომ გაიზარდა ეს მონაცემი. ძალოვანმა სტრუქტურებმა, მართალია, ძალიან კარგად იმუშავეს და ჰეროინი და სუბოტექსი შემცირდა შავ ბაზარზე, მაგრამ, სამაგიეროდ, ნარკომანიამ გადაინაცვლა აფთიაქებში და იმძლავრა ეგრეთ წოდებულმა სააფთიაქო ნარკომანიამ, რითაც კიდევ უფრო უარესი შედეგი მივიღეთ. ნაკროლოგები ხუმრობდნენ, იქნებ ვთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ჰეროინი დაუშვასო, იმდენად მძიმე შედეგი მოაქვს აფთიაქიდან გამოტანილი სხვადასხვა ნივთიერებისგან კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს. მათ შორისაა, მოგეხსენებათ, „კრაკადილიც“. ზოგადად, არ არსებობს ნარკომანიასთან ბრძოლის ერთი უნიტარული მეთოდი. მთელი ცივილიზებული სამყარო ადგენს ერთ-სამ-ხუთწლიან გეგმებს, ქმნიან სპეციალურ საბჭოებს პრეზიდენტთან ან პრემიერ-მინისტრთან. ჩნდება ახალი ორგანიზაციები. მაგალითად, ევროპაში შეიქმნა ადრეული შეტყობინების ორგანიზაცია, რომელიც, როგორც კი ახალი ნარკოტიკი ჩნდება, იკვლევს მას. სერიოზულად მუშაობენ ამ საკითხზე. ერთადერთი, საქართველოშია ეს ყველაფერი ჩამკვდარი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, კარგად ვმუშაობდითო. მართლაც, შეიქმნა კომისია იმდროინდელ იუსტიციის მინისტრთან, ადეიშვილთან, რომელსაც ამ პრობლემისთვის უნდა მოევლო, მაგრამ არ ვიცი, არაკომპეტენტურობის თუ სხვა მიზეზით, ფაქტია, 17-20 პროცენტითაა გაზრდილი პრობლემური ნარკომანების რიცხვი. დღესაც არანაირი ძვრა არ შეიმჩნევა. პრეზიდენტთან ან პრემიერ-მინისტრთან უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც გააერთიანებს ამ დარგის წამყვან სპეციალისტებს, სამთავრობო უწყებებს, რადგან ეს კომპლექსური პრობლემაა. ფულის დახარჯვის გარეშე მას არაფერი ეშველება. მაგალითად, ამერიკელების გათვლებით, ნარკომანიის წინააღმდეგ დახარჯულ ერთ დოლარზე 12 დოლარ მოგებას ნახულობს სახელმწიფო. ეს ცნობილი ფაქტია, აღარ ვამბობ იმას, რომ ერთი ნარკომანი 8-12 ახალბედას ანარკომანებს. ამიტომ არის ამტყდარი განგაში ევროპაში, ჩვენთან კი ყველაფერი მიწყნარებულია. მგონია, რომ პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, როგორც კი მოიცლიან, მიხედავენ ამ პრობლემას. შექმნიან მუდმივმოქმედ კომისიას, გამოძებნიან თანხებს და კომპლექსურად მთელ საზოგადოებას ჩართავენ ამ პროცესში. ნარკომანიის პრობლემა არანაკლებია იმ პრობლემებთან შედარებით, რომლებზეც დღეს მსჯელობს და რომლებსაც ყურადღებას აქცევს საზოგადოება. მეტიც, ნაკრომანია, ყველა დანარჩენზე ბევრად მძიმე პრობლემაცაა.
– თუ ნარკომანია ასე შავი ჭირივით გავრცელდა, უფლებების დასაცავი ადამიანი აღარ დარჩება უბრალოდ.
– ჯობია, ადამიანმა ქურდობა დაიწყოს, იმიტომ რომ, ბოლოს და ბოლოს, თავს დაანებებინებ, მაშინ, როდესაც ნარკომანის განკურნება ძალიან რთული საქმეა. ეს უმძიმესი პრობლემაა და ცნობილია, რომ არანაირი მიზეზი არ არის საკმარისი იმისთვის, ამ პრობლემაზე ზრუნვა გადაიდოს და შესუსტდეს.
– ახალბედების განარკომანებისას, ჩემი აზრით, ძალიან დიდ როლს ასრულებს იმ ახალბედების არაინფორმირებულობა, რომლებიც თამაშით იწყებენ და მნიშვნელოვანი პრობლემით ამთავრებენ.
– რასაკვირველია. მაგალითად, ამერიკა ფიქრობს, წელიწადში 19 მილიარდი დოლარი დახარჯოს ახალგაზრდებისთვის ამ პრობლემის გაცნობიერებაზე. ცნობილია, რომ ნარკოტიკების მიღების დაწყებისთვის და შემდეგ განარკომანებისთვის რამდენიმე მიზეზი აქვს ახალგაზრდას. ეს თეორიაში ჰგავს ყველა ახალგაზრდა ერთმანეთს, თორემ, რეალურად, ახალგაზრდები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. უამრავ ახალგაზრდას აქვს ფსიქიკური პრობლემები. ზოგს შფოთვის დონე აქვს მომატებული, ზოგს ოჯახში აქვს პრობლემები, ზოგში აუტიზმის ელემენტები შეიმჩნევა და ასე შემდეგ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა სკოლაში შექმნილია პედაგოგიური ჯგუფი, რომლებიც მუშაობენ იმ ბავშვებთან, რომლებსაც პრობელმები აქვთ სწავლაში, მოუსვენრები, უყურადღებოები არიან. ხდება მათი მშობლების და პედაგოგების კონსულტირებაც. ჩვენთან, სამწუხაროდ, პედაგოგებს არ ვასწავლით პროფესიულ დონეზე, რა უნდა იცოდეს ნარკომანიის პრევენციისთვის. არადა, შეიძლება, პედაგოგს არ ვასწავლოთ, რა არის ნარკომანია?! ამერიკაში ყველა მერვე ბავშვი გადის სპეციალურ ჯგუფში კონსულტაციას ერთჯერადს ან მრავალჯერადს. მეტიც, აღმოჩნდა, რომ ამ ბავშვების გარკვეულ ნაწილს ეს არ ჰყოფნის, ამიტომ არსებობს სკოლათაშორისი ჯგუფები, რომლებშიც შედიან პედაგოგები, ფსიქოლოგები, თუ საჭიროა ექიმებიც და ასეთი ჯგუფის დახმარებას საჭიროებს ყოველი მეთორმეტე ბავშვი ამერიკაში. აი, ასეთი დონის დახმარებას უწევენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბავშვებს, მათ შორის, ნარკომანიის პრევენციისთვისაც. ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა, მაგრამ სკოლაში დირექტორებს მისცეს უფლება, ჩაატაროს ბავშვის ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ანალიზები იმ შემთხვევაში, თუ ეჭვი გაუჩნდება. მეხუთე წელიწადია, მოქმედებს ეს პროგრამა. მეორე მხრივ, როდესაც გამოკვლევას ჩაუტარებ, უნდა გქონდეს საშუალება, რაღაცით დაეხმარო. მე მაქვს ურთიერთობა ბავშვებთან, როდესაც ვეუბნები: აი, შენ იცი, რომ შენი ამხანაგი იღებს ნარკოტიკს, როგორ ფიქრობ, რა უნდა გავაკეთო-მეთქი. მპასუხობენ, არ ვიციო, თვითონ მას რომ დაველაპარაკე, არ მიჯერებს; მშობელს რომ დაველაპარაკე, შენ ვინ გეკითხება. მასწავლებელს ვერ ვეტყვი, იმიტომ რომ „ჩაშვება“ გამომდისო. ამდენად, ჩვენ უნდა ვუთხრათ ამ ბავშვებს, რა უნდა გააკეთონ, რომ დაეხმარონ თავიანთ თანატოლებს. უდიდესი სამუშაოა ჩასატარებელი. უმაღლესებში კიდევ სხვა მიდგომაა საჭირო. მთელი სისტემებია შექმნილი ცივილიზებულ სამყაროში ნარკომანიის პრევენციისთვის და ამას ერთ სტატიაში ვერ გადმოსცემ. ჩვენთან კი არაფერი კეთდება.
– ნარკომანიის მკურნალობის საკითხი რა დონეზეა ჩვენთან?
– მაგალითად, ფილტვების ანთებას სჭირდება ორკვირიანი მკურნალობა და 10 გრამი ანტიბიოტიკი, თუ 2 გრამი ანტიბიოტიკით უმკურნალოებთ 5 დღის განმავლობაში, ხომ ვერ განიკურნება ავადმყოფი?! დაახლოებით ასეთი შეფარდებაა. ყველა შემთხვევაში არა, მაგრამ, ზოგადად, ასეა. თუ ამერიკაში ითვლება, რომ 3 თვეს უნდა უმკურნალო ნარკომანს, ჩვენთან თვე-ნახევარია, არადა, ამერიკელი და ჩვენი ნარკომანი რით განსხვავდება ერთმანეთისგან?! მთელი სისტემაა შესაქმნელი, რის გაკეთებაც მარტო არავის შეუძლია, ეს უნდა იყოს სპეციალური სახელმწიფო კომისია სახელმწიფოებრივი მიდგომით, რომელსაც სათავეში უნდა ედგეს პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი. დიდი იმედი მაქვს, რომ, როგორც კი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მოიცლიან, ერთ-ერთი მათგანი ამ პრობლემის გადაჭრას მოჰკიდებს ხელს.
– ყოფით დონეზე ყველამ ვიცით, რომ ნარკომანია ცუდია, იწვევს სწრაფ სიკვდილს, აავადებს ადამიანს, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენოთ მკითხველს, რა ზემოქმედება აქვს ნარკოტიკებს ადამიანის ორგანიზმსა და ფსიქიკაზე, განსაკუთრებით, სააფთიაქო ნარკომანიას?
– ზოგიერთი იმ სააფთიაქო საშუალებებიდან იწვევს სისხლძარღვების დაზიანებას და ადამიანი ცოცხლად ლპება; მეორე ვარიანტია, როდესაც ეს იწვევს ნერვული სისტემის მთლიანად დანგრევას, რადგან ნარკოტიკული ეფექტის მისაღებად დასაშვებზე 10-50-ჯერ მეტ დოზას იღებენ. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ პარკინსონის დაავადება ვითარდება; იწვევს გონების შეზღუდვას. მართალია, ვერ დავარქმევთ გონებასუსტობას, მაგრამ ადამიანს აღარ აქვს არანაირი ინტერესი და მხოლოდ ნარკოტიკებისკენაა მიმართული. ყველა ორგანო ზიანდება, იმისდა მიხედვით, რა ნარკოტიკია. რაც მთავარია, არც ერთი ეს ადამიანი არაფრის შექმნისთვის, მუშაობისთვის არ გამოდგება. ჯარის გაძლიერებაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ჯარს შეიძლება, გამოადგეს ასეთი ახალგაზრდა?! ოჯახზე ხომ არ ფიქრობენ და არ ფიქრობენ. თუ ბავშვი გააჩინა, შესაძლოა, ბავშვი უკვე ნარკომანად დაიბადოს. დღეს უკვე ისიც ცნობილია, რომ გენეტიკურადაც ახდენს გავლენას მშობლების ნარკომანობა ბავშვზე. ფაქტობრივად, ნარკომანიისადმი მიდრეკილი ბავშვების თაობები შეიძლება, შევქმნათ და იგივე ეხება ალკოჰოლსაც. სხვათა შორის, თუ დედის ნარკომანობა უშუალოდ ნაყოფზე ახდენს გავლენას, მამის ნარკომანობა – შვილის გენეტიკურ კოდზე.
– თუ დედა ფეხმძიმობისას იღებს ნარკოტიკს?
– დიახ. ამიტომ ეს ურთულესი პრობლემაა და გარდა სახელმწიფოებრივი მიდგომისა, ვერაფერი უშველის.
– როგორც ამბობენ, ძალიან დიდი რაოდენობითაა შავ ბაზარზე ეგრეთ წოდებული „ბიო“. რა გახდა მისი აკრძალვა?
– ძალიან კარგად იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამზადდა ტესტები, დადგენის საშუალებები, მაგრამ არ ვიცი, რა აჩერებს ამ პროცესს.
– კანონშია შესატანი შესაბამისი ცვლილებები?
– დასაწყისში 4 ნარკოტიკული ნივთიერების ჩამონათვალი იყო კანონში. ამიტომაც ვამბობ, რომ საჭიროა მუდმივმოქმედი კომისიის შექმნა, რომელიც ამ საკითხებზე მუდმივად იმუშავებს. ყოველ წელიწადს 10-დან 20-მდე ახალი ნარკოტიკი ჩნდება ბაზარზე. ისინი უნდა გამოავლინო, მაგრამ მარტო გამოვლენა ხომ არ არის საქმე?! უნდა მოახდინო მისი ტესტირება, შეიმუშაო მკურნალობის საშუალებები. ეს ძალიან რთული სამუშაოა, რომელიც ჩვენთან მიგდებულია.
– ქალების წილი როგორია ნარკომანებში?
– ქალების წილზე დაახლოებით შეიძლება საუბარი. რადგან, თუ კაცები ხვდებიან მაინც სამკურნალო დაწესებულებებში, ქალები, როგორც წესი, ამას ერიდებიან და, თუ მკურნალობენ, მხოლოდ შინაურ პირობებში. ამერიკის რეალობაში შეფარდებაა ერთი რვასთან, ლაპარაკია პრობლემურ ნაკრომანებზე; ჩვენთან, ალბათ, ერთი თხუთმეტთან იქნება, მაგრამ ეს ძალიან არაზუსტი მონაცემებია და არანაირ პასუხს არ ვაგებ ამ ციფრზე, სავარაუდო საექსპერტო შეფასებაა.
– ნარკომანთა რეალური რაოდენობა რამდენი შეიძლება, იყოს პრობლემურ ნარკომანთა გამოვლენილი რიცხვის გათვალისწინებით?
– 45 000-მდე პრობლმური ნარკომანია, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ, არაპრობლემური რამდენი იქნება?! 5-7-ჯერ მეტი.
– არაპრობლემური, ანუ შემთხვევიდან შემთხვევამდე ნაკროტიკის მომხმარებელი?
– დიახ, მათ არ აქვთ სერიოზული პრობლემები და არ იკეთებენ ვენაში, მაგრამ თითოეული მათგანი არის პრობლემურის კანდიდატი, იმიტომ რომ, ნარკოტიკის დამახასიათებელი თვისებაა: სულ უფრო და უფრო მეტს და მეტს მოითხოვს ორგანიზმი. ამიტომაც არის, რომ ევროპის ნარკოლოგიური დაწესებულებები გატენილია მარიხუანის მომხმარებლებით. პაციენტთა 60 პროცენტზე მეტი არის მარიხუანის მომხმარებელი, ჩვენთან კი მიაჩნიათ, რომ პლანის მოწევა არაფერია. გარდა ამისა, რამდენი ასეული საკონსულტაციო პროგრამაა შექმნილი მარიხუანის მომხმარებლებისთვის, არადა, მარიხუანა ყველაზე სუსტ ნარკოტიკად ითვლება, მაგრამ თანდათან მისი მომხმარებლის ორგანიზმი მოითხოვს მეტ და ძლიერ ნარკოტიკს.
– არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანის ორგანიზმი თავისთავად, ფიზიოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე, მეტად ან ნაკლებადაა დამოკიდებული ნარკოტიკისა თუ ნიკოტინისადმი. შესაბამისად, პირადად ჩემი ანტინიკოტინური და ანტინარკოტიკული პროპაგანდა საკუთარი შვილის მიმართ ეფუძნება ამ მოსაზრებას: რადგან არ იცი, რა მიდრეკილებები აქვს შენს ორგანიზმს, ერთადერთი პრევენციაა, არასდროს გასინჯო ნარკოტიკი თუ სიგარეტი, რომ არ გახდე არც მწეველი და არც ნარკომანი.
– დიახ, ვიღაცამ შეიძლება, ასჯერ მოწიოს და არაფერი მოხდეს, ვიღაცამ ერთხელ მოწიოს მარიხუანა და ნარკომანი გახდეს. ანალოგიური რამ ხდება სიგარეტთან მიმართებაშიც, გასინჯა, მაგრამ არ გახდა მწეველი. მაგრამ, რადგან არავის შეუძლია იმის თქმა, ვის აქვს მიდრეკილება და ვის არა, ამიტომ არ უნდა გასინჯო და ასპროცენტიანად ერიდო ნარკოტიკს. ამ კვლევის მონაცემებით, ჩვენთან მოსახლეობის 1,2 პროცენტი გამოვიდა პრობლემური ნარკომანი. ევროპაში კი ათას ადამიანზე ანგარიშობენ ნარკომანების რაოდენობას. ყველაზე დიდი მაჩვენებელი ესტონეთშია, 1,1 პროცენტი. ჩვენთან საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე ორჯერ მეტი პრობლემური ნარკომანია. ეს საგანგაშოა და გავიმეორებ, იმედი მაქვს, ჩვენი ხელისუფლება აუცილებლად დაკავდება მისი მოგვარებით.