რატომ განაგრძო ახალმა ხელისუფლებამ ძველის მიერ შექმნილი სახელფასო ტრადიცია და რატომ უჯდება მაღალჩინოსანთა „პატიოსნება“ საქართველოს მოსახლეობას უფრო და უფრო ძვირი
ძველი, ჯერაც საბჭოთადროინდელი ანეკდოტია: მზესუმზირის ორი გამყიდველი, რომლებიც ხიდზე საქმიანობდნენ, ვერ შეთანხმდა, რა არის კომუნიზმი. ერთ-ერთმა გადაწყვიტა, აზრი გამვლელისთვის ეკითხათ. გამვლელმა არ დაიზარა და ხატოვნად აუხსნა: გაჩერებაზე რომ ორი „ვოლგა“ დგას, ერთი ჩემია, ერთი – ჩემი მეგობრის, როდესაც შუაში შენი „ვოლგაც“ დადგება, კომუნიზმში ვიქნებითო. დაბრუნდა მზესუმზირის გამყიდველი თავის მეგობართან და აუხსნა: მე ხომ ხიდის თავში ვყიდი მზესუმზირას, შენ – ხიდის ბოლოში, შუაში რომ მესამეც დაიწყებს მზესუმზირის გაყიდვას, კომუნიზმში მაშინ ვიქნებითო. ეს ძველისძველი ანეკდოტი ჩვენს ქვეყანაში დამყარებულმა სახელფასო უსამართლობამ გამახსენა. მართალია, ჩინოვნიკებისთვის ქართული რეალობისთვის არაადეკვატურად მაღალი ხელფასების დანიშვნის ტრადიციას საფუძველი „ნაციონალებმა“ ჩაუყარეს, თუმცა გზას არც „მეოცნებეებმა“ უგანეს: ანუ იქ, ზემოთ, კვლავაც „ჯიპთა“ ცვენაა, აქ, ქვემოთ, კი „მზესუმზირით მოვაჭრეების“. რამდენად სამართლიანად ნაწილდება შემოსავლები ქვეყანაში და რატომ არის უცხო ხილი ჩვენი საზოგადოების „გავძეხი“ ნაწილისთვის სოციალური სოლიდარობა? – საკითხს ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად მიმოვიხილავთ.
– ბოლო 8 წელია, რაც მაღალჩინოსანთა ხელფასი აღემატება როგორც საარსებო მინიმუმს, ისე ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს. არ არსებობს რამე სქემა, რა ფარგლებში შეიძლება, აღემატებოდეს მაღალჩინოსანთა ხელფასები საარსებო მინიმუმსა თუ რომელიმე სხვა ზოგად მაჩვენებელს?
– სახელფასო თემა არის იმ შინაგანი წინააღმდეგობებისა და არასრულყოფილების გამოხატულება, რაშიც ჩვენი ეკონომიკაა. იმის გამო, რომ ჩვენი ეკონომიკა არ არის ისეთი ეფექტიანი, როგორიც გვინდა, რომ იყოს და მოსახლეობის მოთხოვნილებებსა და ჩვენს ისტორიას ეკადრება, ხელფასები არის ისეთი, როგორიც არის. მანამდე ერთ საკითხზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას: ბოლო წლებში ხელფასები ძალიან ინტენსიურად იზრდებოდა და საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი ქვეყანაში ნომინალური მშპ-ს ზრდას უსწრებდა ორჯერ და ცალკეული წლების მიხედვით, ორ-ნახევარჯერაც. მაგალითად, მთლიანი შიდა პროდუქტის ხელფასტევადობა 1996 წლის 6 პროცენტიდან 22 პროცენტამდე გაიზარდა. ზრდა საკმაოდ სოლიდურია, მაგრამ, თუ ხელფასტევადობის ჩვენს მაჩვენებელს ევროპისას შევადარებთ, ის საკმაოდ დაბალია. მაგალითად, გერმანიაში ეს მაჩვენებელი 60 პროცენტია. ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი კი 40 პროცენტს აღემატება. ამდენად, აქ პრობლემაა არა ის, რომ ხელფასებია მაღალი, მეტსაც გეტყვით, ქვეყანაში აღარ არსებობს ხელფასების შემდგომი ზრდის რესურსი, არამედ ის, რომ ხელფასის საშუალო სიდიდის ზრდას არ მოჰყოლია დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდა. ქვეყანაში ძალზე მცირეა ხელფასის მიმღებთა რაოდენობა. მაგალითად, ამერიკასთან შედარებით ჩვენთან ყოველ 1 000 ადამიანზე დაქირავებით დასაქმებულთა რიცხოვნობა 3-ჯერ დაბალია. შესაბამისად, ეს გავლენას ახდენს კეთილდღეობაზე და მთავარი უკვე არა საშუალო ხელფასია, არამედ ის, თუ რამდენია დასაქმებული. თუ 9-სართულიან კორპუსში მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს, მისი ხელფასი რომ გავანაწილოთ კორპუსის მაცხოვრებლებზე, ის მცირე გამოვა, ამიტომ ჯობს, თითო სართულზე თითოს მაინც ჰქონდეს ხელფასი, მარტივი შედარებაა, მაგრამ ნათლად ასახავს რეალობას.
– ამერიკასთან შედარებით სამჯერ მცირე დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ რის მაჩვენებელია?
– ეკონომიკურად ჩვენ ჩამოვრჩებით ამერიკას, მაგრამ ეს ჩამორჩენა უფრო მეტია დღეს, ვიდრე საშუალო ხელფასის მიხედვით. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. შემიძლია, ციფრები დავასახელო, მაგალითად, 2003 წელს ჩვენი მშპ ამერიკის მშპ-ს 2,4 პროცენტი იყო, საშუალო ხელფასი კი – 2,1 პროცენტი. ამჟამად მშპ-ს მიხედვით, დაახლოებით, 8 პროცენტამდე ვართ, ხოლო საშუალო ხელფასით, უკვე 13 პროცენტამდე. მაგრამ საქმე ის არის, რომ, რადგან ჩვენთან ხელფასის მიმღებთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, რეალურად, ის 13 პროცენტი 4 პროცენტი გამოდის.
– საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 700 ლარი, იანგარიშება დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებიდან და მის ამ 700 ლარობას განსაზღვრავს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა მაღალი ხელფასები, თუმცა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთაგან ყველა არ იღებს ისეთ მაღალ ხელფასებს, როგორსაც ჩინოვნიკები.
– დიახ, თვითონ სახელმწიფო სექტორში დასაქმებულებიც ორ კატეგორიად იყოფა: საჯარო მოხელეები და, მაგალითად, სკოლის პედაგოგები. საჯარო სკოლებში 60 000-70 000 პედაგოგი საქმიანობს, მაგრამ ისინი საჯარო მოხელეები არ არიან. ბიუჯეტის პროექტის საბიუჯეტო ასიგნებებს თუ გადავხედავთ, განათლების სისტემაში დაახლოებით 1 200 საჯარო მოხელეა და ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ისევე, როგორც 70 000 პედაგოგიც, მაგრამ პედაგოგები საჯარო მოხელეები არ არიან. იგივე ითქმის პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებზეც.
– საჯარო სამსახურის ვაკანსიების საიტზე მოცემულია სხვადასხვა ვაკანსიებისთვის განსაზღვრული ხელფასები: ყველაზე დაბალი რანგის საჯარო მოხელის ხელფასი, მინიმუმ, 800 ლარია; ხოლო საშუალო რანგის საჯარო მოხელის ხელფასი 1 000-დან 3 000-მდეა. პედაგოგი რამდენიმე თვეში თუ დააგროვებს 800 ლარს.
– მე არ მინდა, პედაგოგებს რადიკალური გამოსვლისკენ მოვუწოდო, მაგრამ უმრავლეს ქვეყანაში პედაგოგი აპრიორი მიეკუთვნება საშუალო კლასს და იგულისხმება, რომ მისი ხელფასი უნდა აღემატებოდეს ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს. სხვათა შორის, ეს ასე იყო რევოლუციამდე, ნიკოლოზის დროს რომ უწოდებენ: პედაგოგის ხელფასი 1,5-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო საშუალო ხელფასზე, განსაკუთრებით კი, სოფლის პედაგოგები იყვნენ დაფასებულნი. ამ ლოგიკით, თუ საჯარო მოხელის ყველაზე დაბალი ხელფასი 800 ლარია, პედაგოგის ხელფასი 1 200 ლარი მაინც უნდა იყოს. მაგალითად, ჩვენთან მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის ხელფასი მნიშვნელოვნად აღემატება გაეროს განიარაღების კომიტეტის ხელმძღვანელის ხელფასს. თავის დროზე ითქვა, ბიუჯეტიდან რომ გადავუხადოთ ხელფასი, მაშინ სახელმწიფო სტრუქტურების გავლენის ქვეშ მოექცევიანო, მაგრამ, ამავე ლოგიკით, მაშინ ბიუჯეტიდან არც პროკურორებს და მოსამართლეებს უნდა გადავუხადოთ ხელფასი, რომ ისინიც არ მოექცნენ რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის გავლენის ქვეშ.
– ახლა, მართალია, გაიზარდა პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელფასი, 7 200 ლარამდე, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილს წლიური 50 000 ჰქონდა, რაც ჩამორჩებოდა მისივე მრჩევლის, მინისტრების, მინისტრების მოადგილეების, სამხარეო პროკურორების და ა. შ. ხელფასს, მინიმუმ, 2-ჯერ მაინც. რა პრინციპით?
– ძველადაც იყო მსგავსი პრაქტიკა, მაგალითად, ვიცე-პრემიერის ხელფასი დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები იყო მისი დაცვის მუშაკთან შედარებით. ვიცე-პრემიერი იღებდა 13 მილიონ კუპონს, მისი დაცვის მუშაკი – 39 მილიონ კუპონს.
– ვის მოუმწიფდა თავში ასეთი გენიალური სქემა?
– იგულისხმებოდა, რომ ვიცე-პრემიერს სხვა პრივილეგიებიც ჰქონდა, დახმარებები, გრანტები და მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროდ ხელფასი არ განიხილებოდა. არ ვგულისხმობ კორუფციულ სქემებს, ლეგალური პრივილეგიები და შემოსავლები მაქვს მხედველობაში.
– გამოდის, რომ პარლამენტის წევრი ერთ თვეში იღებს იმდენ ხელფასს, რასაც პენსიონერი აიღებს 4 წელიწადში, ანუ 48 თვეში. არ არის უხერხული სხვაობა?
– ყველაზე იდეალური იქნებოდა, რომ საჯარო მოხელეების ხელფასი ჯერადად ყოფილიყო დამოკიდებული საარსებო მინიმუმთან. ვთქვათ, პირობითად, პრეზიდენტის ხელფასი 20-ჯერ უფრო მაღალი – საარსებო მინიმუმთან და ასე შემდეგ. მაგრამ 2001 წლიდან ეს სისტემა აღარ მუშაობს და მეტი თვითშემოქმედების საშუალება მიეცა სამინისტროებს. ეს არა მხოლოდ არაეკონომიურია, არამედ, ამცირებს სახელმწიფოებრივ პატრიოტიზმს, და ზრდის უწყებრივს. საჯარო მოხელეები დამოკიდებულნი ხდებიან იმ ხელმძღვანელებზე, რომლებმაც მიიყვანეს სამსახურში. ამდენად, საჯარო მოხელეები ამ პირობებში გამოდიან არა ერთიანი სახელმწიფოებრივი ინტერესების გამტარებლებად, არამედ, იმ პოლიტიკის გამტარებლებად, რასაც მათ უწყების ამჟამინდელი ხელმძღვანელი კარნახობს, იმიტომ რომ მათი შემოსავლები მთლიანად ამ უფროსის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
– ანუ თითოეული უწყება თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვრავს თავის სახელფასო ბადეს არსებული სახელფასო ბიუჯეტის პირობებში?
– მეტ-ნაკლებად თავისუფალნი არიან ისინი, თანაც, შეუძლიათ, საბიუჯეტო სახსრების გარკვეულად გადათამაშება. დაახლოებით, 10 პროცენტის ფარგლებში შეუძლიათ, გაზარდონ ან შეამცირონ ხელფასის ფონდი. მართალია, ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მაგრამ ამის საშუალება აქვთ.
– ნორმალურია ვითარება, როდესაც ერთი მოქალაქე ბიუჯეტიდან ერთ თვეში იღებს იმდენ ხელფასს, რასაც მეორე მოქალაქე 48 თვეში? და ეს არ ეხებათ მხოლოდ პარლამენტარებს, მინისტრებსა და მოადგილეებს ამაზე მეტიც აქვთ.
– თვალში მოსახვედრია, თორემ პარლამენტარები უნდა იღებდნენ მაღალ ხელფასს. რომ შევამციროთ პარლამენტარის ხელფასი და გადავანაწილოთ პენსიონრებზე, თითოეულის პენსია ყოველთვიურად 7-8 თეთრით გაიზრდება.
– მე მესმის, პარლამენტარი 150-ა და პენსიონერი – 800 000 და იმასაც ვეთანხმები, რომ მათ უნდა ჰქონდეთ მაღალი ხელფასი და არ მიგულისხმია, რომ უნდა მოიკლონ და დაუმატონ პენსიონერებს, მაგრამ თითო ათასი მოკლება დადებითად წარმოაჩენდა მათ და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას შეუწყობდა ხელს. ის თანხა, ვთქვათ, ბავშვებისთვის უფასო სპორტული ჯგუფების გახსნისთვის მოეხმარებინათ.
– მე ბევრს ვიცნობ პარლამენტშიც და სამინისტროებშიც, რომლებიც საკუთარ შემოსავალს მხოლოდ საკუთარ ოჯახს არ ახმარენ, ისინი უჩუმრად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე ეხმარებიან გაჭირვებულ ნათესავებს და მათ მიერ გაღებული ეს რეგულარული სახსრები საკმაოდ შთამბეჭდავია.
– გასაგებია, ნათესაობას გაუმართლებს და მათგან ვინმე პარლამენტში ან სამინისტროში მოხვდება, მაგრამ მე სახელმწიფოებრივ მიდგომასა და აზროვნებაზე ვლაპარაკობ.
– ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნდა არსებობდეს ეკონომიკური მექანიზმი, რათა საზოგადოების მეტი წევრი იყოს უზრუნველყოფილი და ეს უკავშირდებოდეს არა ვინმეს მიერ წყალობის გაღებას, არამედ, ეკონომიკურ საქმიანობას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ისეთი ეკონომიკური მექანიზმის შექმნაზე, რომელშიც დასაქმების რესურსი გაიზრდება და სამუშაო ადგილების რაოდენობა მოიმატებს. ამაში უნდა გადავუხადოთ ფული საჯარო მოხელეებს და პარლამენტარმა, უპირველესად, ასეთი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს, რომ მისი იქ ყოფნა ემსახურება ისეთი საკანონმდებლო გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, საინვესტიციო კლიმატის შექმნას და საბოლოოდ, მეტი სამუშაო ადგილის ფორმირებას. ეს უნდა იყოს მათი საქმიანობის შეფასების ძირითადი კრიტერიუმი.
– ვარდების რევოლუციისთანავე შეიქმნა რეფორმების ფონდი,. მოტივაცია იყო შემდეგი: ჩინოვნიკებს, რომ არ მოეპარათ, მაღალი ხელფასი სჭირდებოდათ. შემდგომმა წლებმა აჩვენა, რომ, რათა არ მოიპარონ, უფრო და უფრო მაღალი ხელფასები სჭირდებათ. იმთავითვე ვფიქრობდი, რომ ასეთი უსამართლო მოდელი სამართლიან სისტემას ვერ შექმნიდა. არადა, ეს უსამართლობა ისევ გრძელდება.
– სწორედ იმას ჰქვია სამოქალაქო საზოგადოება, რომ მისი ყველა ფენის წარმომადგენელი მეტ-ნაკლებად უნდა გრძნობდეს იმ ცხოვრების დონეს, გაჭირვებას თუ სიკეთეს, რაც მთლიანად საშუალოდაა საზოგადოებისთვის დამახასიათებელი. ის მოარული შედარება, ინგლისის დედოფალი ომის დროს სასახლეს არ ათბობდაო, სწორედ ამას ემსახურება, ის შეიძლება, ათბობდა, მაგრამ ამ გამონათქვამის არსია, რომ მმართველი უნდა იყოს თავისი ხალხის თანაზიარი. სოციალური სოლიდარობის გამოვლენა, სოციალური სამართლიანობის წინა პლანზე წამოწევა გაცილებით ჯანსაღ გარემოს ქმნის როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ სფეროში, ვიდრე შიშველი ნორმატიული აქტების მიღება ჯარიმებისა და სანქციების სახით. ამიტომ თუ საზოგადოება გრძნობს, ხელისუფალი მის მხარეზეა, განიცდის შექმნილ ვითარებას და ცდილობს, თავისი მდგომარეობა მიუსადაგოს დანარჩენი საზოგადოების მდგომარეობას, ის უფრო მეტი ნდობით, გაგებით და პასუხისმგებლობით ეკიდება ხელისუფლების შეფასებას.