როდიდან იწყება ოლიმპიადების ბოიკოტის ისტორია და პროტესტის რა ფორმებისთვის მიუმართავთ ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს უშუალოდ ოლიმპიური თამაშებისას
თავდაპირველად იმის შესახებ გახდა ცნობილი, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს გერმანიის პრეზიდენტი არ დაესწრებოდა, იმ მიზეზით, რომ შეშფოთებულია რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებებით, აქცენტით – სექსუალური უმცირესობის უფლებების დარღვევაზე. მოგვიანებით, მის ბოიკოტს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვივიან რედინგიც შეუერთდა. მისი პროტესტის მოტივიც ანალოგიურია – ევროპელი ქალბატონი დისკრიმინაციად მიიჩნევს რუსეთში ამას წინათ მიღებულ კანონს არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ.
ჩვენ სოჭის ოლიმპიადისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს და დიდი სჯა-ბაასის, ზოგჯერ გაწევ-გამოწევის შემდეგაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სოჭში მხოლოდ სპორტსმენები გაამგზავროს, ყოველგვარი სამთავრობო დელეგაციის გარეშე. იმის გათვალისწინებით, რომ თემა კვლავაც აქტუალურია, გადავწყვიტეთ, გადაგვეხება ოლიმპიადების ბოიკოტის ისტორიისთვის და იმ საინტერესო ფაქტისთვის, რასაც ოლიმპიადებში არაღიარებულთა მონაწილეობის უფლება ჰქვია. თემაზე სიმონ კილაძე გვესაუბრება.
– მართალია, პრემიერ-მინისტრმა უკვე გვაცნობა საქართველოს მონაწილეობის ფორმა სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში, თუმცა საზოგადოებაში მაინც არ არის ერთგვაროვანი აზრი. იქნებ, მართლაც, ბოიკოტი სჯობდა?
– მათ, ვინც სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტზე ლაპარაკობს და ამისკენ მოგვიწოდებს, შევახსენებ, რომ ნოემბრის დასაწყისში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ყველა ქვეყანას მოუწოდა, უარი თქვან სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტზე, თუ ისინი ამაზე ფიქრობენ. უფრო მეტიც, ამას წინათ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ოლიმპიური ზავის შესახებ სოჭის ოლიმპიური თამაშების პერიოდში, ანუ გაერო, თავის მხრივ, მხარს უჭერს ოლიმპიური თამაშების სოჭში ჩატარებას.
– თუმცა სულ ახლახან შევიტყვეთ, რომ გერმანიის პრეზიდენტი უცხადებს ბოიკოტს და მას ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტიც შეუერთდა.
– დიახ, ქართველმა ჟურნალისტებმა დიდი ზარზეიმით ამცნეს საზოგადოებას, რომ გერმანიის პრეზიდენტმა იოაჰიმ გაუკმა ბოიკოტი გამოუცხადა რუსეთს და ადამიანის უფლებების დარღვევების გამო სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრება. თან, ჟურნალ „შპიგელს“ იმოწმებდნენ. როგორც ჩანს, ჟურნალისტებმა კარგად ვერ გაიგეს „შპიგელის“ ინფორმაცია: ჟურნალი ვარაუდს გამოთქვამდა, რომ ალბათ, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო არ ჩადისო, ჩვენებმა კი ეს ჭეშმარიტებად და მტკიცებულებად წარმოაჩინეს. სამწუხაროდ, ყურადღება აღარავინ მიაქცია გერმანიის ოლიმპიური კომიტეტების ფედერაციის განცხადებას, რომელიც იმ დღესვე გაკეთდა და რის თანახმად, იოაჰიმ გაუკი ბოიკოტს ვერ გამოუცხადებდა ოლიმპიადას, რადგან მას სოჭში ჩასვლა საერთოდაც არ ჰქონდა დაგეგმილიო. მართალია, თვით იოაჰიმ გაუკი რუსეთს, მაინცდამაინც, სიყვარულით არ უცქერს, ადრეც უთქვამს, რუსეთში არასოდეს წავალ, რადგან იქ გეებისა და ლესბოსელთა უფლებები ირღვევაო, მაგრამ, როდესაც ადამიანი საერთოდ არ ფიქრობს რუსეთში ჩასვლას, რა შუაშია აქ ოლიმპიადის ბოიკოტი?! აქვე მინდა, გავიხსენო პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებაც: „ჩვენ არ ვგეგმავთ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებას. ვიმედოვნებ, ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება, რომ ჩვენ ასეთი მკვეთრი ნაბიჯის გადადგმა გვაიძულოს“.
გავრცელებულია მცდარი შეხედულება, რომ თითქოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებად ითვლებიან ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, სინამდვილეში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები არიან ფიზიკური პირები, რომელთა რაოდენობა 115-მდეა. მათგან 70 პირი არ არის დაკავშირებული რაიმე სპორტულ თანამდებობასთან და საქმიანობასთან, მაგალითად, ჰენრი კისინჯერი, რომელიც 2000 წლიდანაა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი. დანარჩენთაგან 15 მოქმედი სპორტსმენია, 15 – საერთაშორისო სპორტული ფედერაციები და ასოციაციები, კიდევ 15 – ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები და მათი ასოციაციები. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, თავის მხრივ, აღიარებს ეროვნულ კომიტეტებს.
– საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის სტატუსი როგორ განისაზღვრება?
– საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი შედის ევროპის ოლიმპიური კომიტეტის შემადგენლობაში, ევროპის ქვეყნების სხვა დანარჩენ 49 ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად. თავის მხრივ, ევროპის ოლიმპიური კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია.
– როგორც მივხვდი, ხელისუფლებამ ოქროს შუალედის მსგავსი მოძებნა, როდესაც სამთავრობო დელეგაციის გაგზავნაზე განაცხადა უარი. ეს ფორმა გამოხატავს ჩვენი პროტესტის არსს?
– ამას წინათ „ფეისბუქზე” მწვავე დისკუსია მიმდინარეობდა სოჭში საქართველოს დელეგაციის წასვლა-არწასვლის საკითხზე. ერთ-ერთი პიროვნება ამტკიცებდა, რომ თუ სოჭში ქართველი სპორტსმენების დელეგაცია ჩავა და მათთან საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელიც იქნება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფომ ოფიციალურად მიიღო მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებშიო. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოქალაქე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს სახელმწიფოს ოფიციალურ სტრუქტურად მიიჩნევს, მაგრამ ეს ასე არ არის. მოდი, ჩავიხედოთ, რა წერია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესდებაში. მანამდე მოგახსენებთ, რომ თითოეული ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, მათ შორის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ის) აღიარების საფუძველზე მოქმედებს. დღეისთვის სოკ-ის მიერ აღიარებულია 204 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ერთ საინტერესო ფაქტსაც გეტყვით: ამ 204 კომიტეტიდან 192 გაეროს წევრ-სახელმწიფოებში მოქმედებს, 12 კი არასუვერენულ ანუ არადამოუკიდებელ ტერიტორიებზე. თვითონ განსაჯეთ: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ აღიარებული ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებია: ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის კუნძულების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ამერიკის შეერთებული შტატების სამოას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ბრიტანეთის ბერმუდის კუნძულების ოლიმპიური კომიტეტი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოლიმპიური კომიტეტი, კუნძულ კუკის (ახალი ზელანდია) ოლიმპიური კომიტეტი, კაიმანის კუნძულების (დიდი ბრიტანეთი), ჰონკონგის (ჩინეთი), ტაივანის (ჩინეთი), პალესტინის, პუერტო-რიკოს (აშშ) ოლიმპიური კომიტეტები... ჩამოთვლილი ტერიტორიებიდან არც ერთი არც დამოუკიდებელი სახელმწიფოა და არც გაეროს წევრი.
– როგორია ოლიმპიადების ბოიკოტის ისტორია და რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა ის ბოიკოტის ავტორებისთვის?
– პოლიტიკური პროტესტების საჯარო დემონსტრირება ოლიმპიურ თამაშებს, ფაქტობრივად, თავიდანვე სდევდა თან. პირველი მსგავსი შემთხვევა მოხდა 1908 წლის ზაფხულის მეოთხე ოლიმპიური თამაშების დროს ლონდონში, როდესაც პირველად დაიგეგმა ოლიმპიური გუნდების გამოსვლა ეროვნული დროშებით. მოხდა კონფუზი: ფინეთის დიდი სამთავროს ეროვნული ოლიმპიური კომტეტის სპორტულმა დელეგაციამ, რომელიც 1907 წელს დაარსდა, განიზრახა, ეროვნული დროშით გამოსულიყო, მაგრამ, რადგანაც ფინეთის სამთავრო რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო, რუსეთის მთავრობამ მათ ეროვნული დროშით გამოსვლა აუკრძალა და ურჩია, რუსული სამფეროვანი დროშით გამოსულიყვნენ. მართალია, რუსეთი ოლიმპიურ თამაშებში არ იღებდა მონაწილეობას, რადგან რუსეთის საიმპერიო ოლიმპიური კომიტეტი 1911 წელს შეიქმნა, ფინელებმა გადაწყვიტეს, უარი ეთქვათ რუსულ დროშაზე და საერთოდაც დროშის გარეშე გამოვიდნენ.
ბოიკოტი იყო ბერლინის მეთერთმეტე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროსაც, რომელიც გერმანიაში 1936 წელს, ფაშისტების მმართველობის დროს, ჩატარდა. საინტერესოა, რომ ბერლინი თამაშების მასპინძლად 1931 წელს, ფაშისტების მოსვლამდე გამოცხადდა. თუმცა ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებამ გერმანია რასისტული იდეების რეალიზებაში დაადანაშაულა და მოითხოვა, თამაშების სხვა ქვეყანაში, კერძოდ, ესპანეთში, ბარსელონაში გადატანა. გერმანიის ხელისუფლებამ ყველა ღონე იხმარა, რომ ბერლინისთვის ცივილიზებულ-დემოკრატიული ელფერი მიეცა: ჩამოხსნეს ნაცისტური ლოზუნგები და ბანერები, ცნობილი გერმანული დისციპლინით და წესრიგით მოგვარდა ყველა პრობლემა თუ საკითხი. როდესაც ბერლინში პიერ დე-კუბერტენი მიიწვიეს, ის აღფრთოვანებული დარჩა ნანახით. გერმანიის რეიხის რადიოთი გამოვიდა და ადოლფ ჰიტლერს მადლობა გადაუხადა. თან, მას „ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო შემოქმედებითი ადამიანი“ უწოდა. ფაქტია, რომ ბერლინის ოლიმპიურმა თამაშებმა ყოველგვარი ექსცესისა და არნახული ორგანიზაციის დონეზე ჩაიარა, გერმანიამ კი ყველაზე მეტი ოქროსა და ვერცხლის მედალი აიღო. სხვათა შორის, ფაშისტურ გერმანიასთან მიმართებით გარკვეული სიმპათიების გამო, მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საჯაროდ ბოდიში მოიხადა.
– საინტერესოა, საბჭოთა კავშირს ან რატომ მისცეს ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება და შემდეგ რატომ გამოუცხადეს ბოიკოტი. ესე იგი, პოლიტიკა მაინც იღებს მონაწილეობას ამ თითქოს მხოლოდ სპორტულ ღონისძიებაში.
– დიახ, ბოიკოტის საკითხი დადგა 1980-იანი წლების პირველ ნახევარშიც, მოსკოვისა და ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშების დროს, როდესაც საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობა ყველაზე მძაფრი კრიზისის მომსწრე გახდა.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას: საბჭოთა კავშირის დედაქალაქმა მსოკოვმა ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება 1974 წლის 23 ოქტომბერს მოიპოვა ვენაში გამართულ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 74-ე სესიაზე, სადაც 39 ხმით 20-ის წინააღმდეგ, დაამარცხა ერთადერთი კონკურენტი ლოს-ანჯელესი. მთელი საბჭოთა კავშირი გაცხოველებულ სამზადისს შეუდგა. ყველაფერი თავისი წესით და რიგით მიდიოდა, მაგრამ, როდესაც 1979 წლის დეკემბრის ბოლოს საბჭოთა ჯარის ნაწილები ავღანეთში შეიჭრნენ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა მსოფლიოს ქვეყნებს მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდა. ბოიკოტს 64 ქვეყანა შეუერთდა, მათ შორის: კანადა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, იაპონია, ჩინეთი, კენია, ნორვეგია. ამის მიუხედავად, მოსკოვის თამაშებზე დელეგაციები გამოგზავნეს ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებმა: დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, იტალიამ, ფინეთმა, ახალმა ზელანდიამ, ესპანეთმა და შვედეთმა. ზოგიერთი იმ ქვეყნის დელეგაციამ, რომელიც ბოიკოტს არ შეუერთდა, პროტესტი უშუალოდ თამაშებზე გამოხატა სხვადასხვა ფორმით: 10 დელეგაცია საერთოდ არ გამოვიდა გახსნის აღლუმზე; რამდენიმე დელეგაცია არა სახელმწიფო, არამედ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ან საერთაშორისო ოლიმპიური დროშით მოდიოდა; ზოგიერთმა უარი თქვა გამარჯვების შემთხვევაში თავისი ქვეყნის ჰიმნის შესრულებაზე. პრეზიდენტმა კარტერმა უფლება არ მისცა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, დახურვის ცერემონიალზე აღემართათ ამერიკის, როგორც მომავალი ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყნის, დროშა.
– საბჭოთა კავშირის ერთგვარი პასუხი იყო შემდეგ იმ ოლიმპიადის ბოიკოტირება, რომელიც ლოს-ანჯელესში უნდა ჩატარებულიყო?
– ოლიმპიადის გახსნამდე ორი თვით ადრე, 1984 წლის მაისში, საბჭოთა კავშირმა გამოაცხადა, რომ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებდა, რადგან თავისი სპორტსმენების უსაფრთხოების გარანტია არ ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამეფებული ანტისაბჭოთა და ანტიკომუნისტური განწყობილებების გამო. მაგრამ სპორტსმენთა უსაფრთხოება აქ არაფერ შუაში იყო: საბჭოთა კავშირი სამაგიეროს უხდიდა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოსკოვის თამაშების ბიოკოტისთვის. საბჭოთა ბოიკოტს მიემხრნენ: ავღანეთი, ბულგარეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, ეთიოპია, ვიეტნამი, კუბა, ლაოსი, მონღოლეთი, პოლონეთი, სამხრეთი იემენი, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია და ჩრდილოეთი კორეა. ბოიკოტს მხარი არ დაუჭირეს იუგოსლავიამ და რუმინეთმა. თუ იუგოსლავიისგან, რომელიც ისედაც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა, ეს მოსალოდნელიც იყო, რუმინეთისგან ასეთი ნაბიჯი გმირობად მიიჩნიეს. 1932 წლის შემდეგ ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე პირველად გამოჩნდა ჩინეთი. თამაშების პირველი ოქროს მედალი სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენელმა მოიგო: ქსუ ჰაიფენგმა ნებისმიერი პისტოლეტით მსროლელთა შეჯიბრებაში გაიმარჯვა. ეს ჩინელთა პირველი ოქროს მედალი იყო ოლიმპიადების ისტორიაში. ბოიკოტის მიუხედავად, ლოს-ანჯელესის თამაშებში 140 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა, 60-ით მეტმა, ვიდრე მოსკოვში, და 19-ით მეტმა, ვიდრე მანამდე, ამ მხრივ, სარეკორდო მიუნხენის თამაშებში.
– ისევ ჩვენს პრობლემას რომ დავუბრუნდეთ, რა პოლიტიკურ, ანუ არასპორტულ უსიამოვნო სიურპრიზს შეიძლება, ველოდოთ სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან?
– ზოგადად, პროვოკაციებისგან არც ერთი ოლიმპიური თამაშები არ იყო დაზღვეული და, თუ გავითვალისწინებთ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებას, მხედველობაში მაქვს ტერორიზმის ფაქტები, შეიძლება ითქვას, არაა გამორიცხული სოჭის ოლიმპიადაზეც მოხდეს რაიმე პროვოკაცია. რასაკვირველია, რუსეთის სპეცსამსახურები, მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და სამართალდამცავი ორგანოები ყველანაირად ეცდებიან პროვოკაციების პროფილაქტიკას, მაგრამ ისიც ცხადია, რომ არც ჩრდილოკავკასიელი ექსტრემისტები დარჩებიან ვალში. შესაძლოა, რუსეთის რომელიმე ნაციონალისტურმა ჯგუფმა ანტიქართული მანიფესტაცია მოაწყოს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად აღიარა ჩერქეზთა გენოციდი. არც ისაა გამორიცხული, რომ რომელიმე ჩერქეზულმა ორგანიზაციამ სპეციალურად ფართოდ გააპიაროს საქართველოს მხარდაჭერა და ამით რუსები გააღიზიანოს. არაა გამორიცხული, რაიმე ანტიქართული ქმედება აფხაზი ნაციონალისტ-სეპარატისტების მხრიდანაც. რაც შეეხება რუსულ პრესას, ბუნებრივია, პრესაშიც გაიხსენებენ საქართველოს „დესტრუქციულ როლს“ ჩრდილოეთ კავკასიაში. მოკლედ, საკმაოდ საფუძვლიანი ვარაუდია იმისა, რომ საქართველო პროვოკაციებს უნდა ელოდოს.