როგორ გახდა „ბანკ რესპუბლიკის“, „თიბისი ბანკის“, „სენტა პეტროლიუმისა“ და „სილქნეტის“ თანამშრომელი დავით ხუციშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე ჭიკაიძე
საქართველოს ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი, პოლიციის პოლკოვნიკი ალექსანდრე ჭიკაიძე 1985 წლის 6 ივნისსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე მიიღო, სადაც დიპლომატიის სპეციალობას 2007 წლამდე ეუფლებოდა.
მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ ბ-ნი ჭიკაიძის შრომითი ბიოგრაფია 2008 წელს იწყება და 2009 წლამდე თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევისა და ვაკე-საბურთალოს რაიონის სხვადასხვა განყოფილებაში მუშაობდა. 2009 წელს შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი გახდა, ხოლო 2010 წელს – შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი. 2011 წელს უკვე თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსი იყო, 2012-ში შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსადაც დაინიშნა. 2013 წლის მარტიდან შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად დაიწყო მუშაობა, ხოლო ნოემბრიდან კი, სულაც, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
მართალია, სტაჟიანი ჩინოვნიკია, თუმცა სამსახურის ბიუროში მის მიერ მხოლოდ 2012 წლის 31 დეკემბერს შევსებული დეკლარაცია იძებნება, რომელშიც აწ უკვე შს მინისტრი ოჯახის წევრებად მიუთითებს: 1982 წელს დაბადებულ მეუღლეს, ნათია ოკრიბელაშვილს, 1962 წელს დაბადებულ დედას, მზია მაღალდაძეს და ორ შვილს: 2010 წელს დაბადებულ ნატალიასა და 2012 წელს დაბადებულ გივის.
ოჯახის ერთდაერთი უძრავი ქონების მფლობელი ბ-ნი ჭიკაიძეა: ეს გახლავთ 100 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი ბინა თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე. მაშინ, როდესაც ბ-ნი ჭიკაიძე შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი იყო და ამ პოსტზე მუშაობამ, ერთიანად, 28 112 ლარი მოუტანა, მისი მეუღლე ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა ექიმად და მისმა წლიურმა ანაზღაურებამ 7 200 ლარი შეადგინა.
დავით ხუციშვილი
შს მინისტრის მოადგილე პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დავით ხუციშვილი 1975 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება მანაც თსუ-ში მიიღო, ოღონდ ეკონომიკის ფაკულტეტზე და საბანკო საქმის სპეციალისტია. თუმცა 2002-2004 წლებში ESM თბილისში ბიზნესის ადმინისტრირების კურსი გაიარა.
მისი შრომითი ბიოგრაფია 1996 წელს იწყება „არმაზი ბანკის“ საკრედიტო და საინვესტიციო მენეჯერობით; 1997-1998 წლებში „თიბისი ბანკის“ საკრედიტო და საინვესტიციო მენეჯერი იყო, ხოლო 1998-2001 წლებში „თიბისი ბანკის“ ქუთაისის ფილიალის დირექტორიც გახდა. 2001 წელს იმავე ბანკის ხარისხის მართვის განყოფილების უფროსად დანიშნეს. 2003 წელს შპს „სენტა პეტროლიუმში“ გადავიდა – ფინანსურ და ადმინისტრაციულ მენეჯერად. 2006 წელს შპს „ტრაიკვესტ ინტერნეიშენელ გრუპის“ დირექტორი გახდა. 2007 წელს კვლავ საბანკო სფეროს დაუბრუნდა, ამჯერად „ბანკ რესპუბლიკა, ჯგუფი სოსიეტე ჟენერალს“, სადაც ორგანიზაციული დეპარტამენტის უფროსად 2009 წლამდე მუშაობდა. 2009-ში კვლავ „სენტა პეტროლიუმში“ გადავიდა საცალო ქსელის დირექტორად. 2011-2012 წლებში „სილქნეტის“ გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი გახლდათ. 2012 წელს – „ონიქს კონსალტინგის“ მმართველი პარტნიორი. 2012 წლის ნოემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა, 2013 წლის ნოემბერში კი შს მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ბ-ნ დავით ხუციშვილს, ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო, ფინანსური და ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია, ყოველ შემთხვევაში, მსგავსი ჩანაწერი საჯარო მოხელეთა ბიუროს ვებ-გვერდზე ამ დრომდე არ იძებნებოდა.