რა გაეზარდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს და რატომ შიმშილობს ის
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე იმ მინისტრთა შორისაა, ვისაც მინისტრობის ერთი წლის განმავლობაში, არც ხმაურიანი ისტორიებით გამოუჩენია თავი და არც სკანდალებში გახვეულა. პროფესიით ბიოლოგმა გარემოს დაცვის სამინისტროს ცხოვრება მოხალისე სტაჟიორის რანგში დაუკავშირა. 12 წლის შემდეგ კი იმავე სამინისტროს პირველი პირი გახდა, თუმცა არც პოსტს შეუცვლია და არც იმ რეგალიას, რაც ბევრი სირთულის გადალახვის შემდეგ ერგო.
ხათუნა გოგალაძე: ერთი წლის წინ, როდესაც პირველად წარმადგინეს მინისტრის პოსტზე, განსხვავებული ემოციები მქონდა, ვიდრე ახლა – როცა მეორედ დამამტკიცეს. მაშინ ეს ყველაფერი ძალიან სტრესული იყო. წარმოიდგინეთ, დამეკისრა იმ დარგის ხელმძღვანელობა, რომელიც ძალიან საყვარელია ჩემთვის, მაგრამ ამავე დროს არის საკმაოდ რთული. მინისტრად ხელახლა დამტკიცების შემდეგ გამიჩნდა საქმისადმი გაათმაგებული პასუხისმგებლობის განცდა. ის, რომ ტყით დაფარული საქართველოს ტერიტორიის 40 პროცენტი, წყალი, წიაღი, საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე, გარემოს სიჯანსაღე და სხვა მრავალი რამ ამ სამინისტროს ხელშია, არ გაძლევს მოსვენების უფლებას. როდესაც ახალი დანიშნული ხარ, არ მოგეთხოვება იმდენი, რამდენიც მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ.
– ამ ერთ წელიწადში თქვენს წინამორბედთან შელაპარაკებას თუ არ ჩავთვლით, არც ერთ ხმაურიან ისტორიაში არ ფიგურირებთ. როგორც ჩანს, კადრს მიღმა ყოფნა გირჩევნიათ.
– ჩემი მუშაობის სტილი ორიენტირებულია საქმეზე და არა იმაზე, რომ მოვლენების ეპიცენტრში ვიყო. იმასაც გეტყვით, რომ ამ ერთ წელიწადში ჩვენს სამინისტროში იმაზე ბევრი გაკეთდა, ვიდრე ეს საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი. ხშირად მსაყვედურობენ კიდეც, რომ ნაკლებად ვსაუბრობ სამინისტროს მიღწევებზე. საკუთარი თავის მიმართ თვითკრიტიკული ვარ, სულ ვფიქრობ, რომ რაღაც შეიძლებოდა კიდევ უფრო უკეთესად გაკეთებულიყო. რაც შეეხება ურთიერთობას ჩემს წინამორბედთან, ამ ერთ წელიწადში გოგა ხაჩიძეს სულ ორჯერ შევხვდი, ორჯერვე პარლამენტში, დამტკიცების დროს. თქვენ ალბათ იმას გულისხმობთ, როცა მინისტრად დანიშვნისას გოგა ხაჩიძემ ჩემს ნათქვამს არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთა. თუმცა, ამას ხმაურიან ისტორიას მაინც არ დავარქმევდი. ჩემი წინამორბედი სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია, ჩვენ ამ კუთხითაც არ გვაქვს შეხება. მე არ ვარ „ფეისბუქის” და სხვა სოციალური ქსელების მომხმარებელი. ამისთვის, უბრალოდ, დრო არ მრჩება. მე არც მინისტრობამდე ვყოფილვარ ამ ქსელების დიდი მომხმარებელი. ასე რომ, ამ მხრივაც არ იკვეთება ჩვენი გზები (იცინის).
– კაბინეტში გოგა ხაჩიძის დატოვებულ თევზებს როგორ უვლით?
– ვცდილობ, კარგად მოვუარო. რამდენიმე თევზი დავამატეთ კიდეც. მათი მოვლა მე თავადაც მსიამოვნებს. დილით, თუ დრო მაქვს, საკვებს ვუყრი თუ მე არ მცალია, ჩემი თანაშემწე ზრუნავს მათ გამოკვებაზე. ყოველ შემთხვევაში, უყურადღებოდ არ ვტოვებთ. ეს თევზები არც გოგა ხაჩიძის ყოფილა და არც ჩემია, სამინისტროს საკუთრებაა. მე ბიოლოგი ვარ, ვიწრო სპეციალობით – გენეტიკოსი და ბუნებრივია, თევზებზე ზრუნვა სიამოვნებას მანიჭებს. მართალია, ახლა ვეღარ ვიცლი ჩემი პირველი პროფესიისთვის, გენეტიკას ვგულისხმობ, თუმცა, თუ სადმე საინტერესო სიახლეს გადავაწყდი ამ მხრივ, დიდი ინტერესით ვეცნობი. სტუდენტობისას, პრაქტიკების პერიოდში ხშირად დავდიოდი მთასა თუ ბარში. ხევსურეთის, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და თბილისის მიმდებარე ტერიტორიების დალაშქვრა სწორედ სტუდენტობას და ჩემი ცხოვრების ძალიან ბედნიერ ხანას უკავშირდება. თუმცა, საქართველოში კიდევ ბევრი ისეთი ადგილია, რაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ მინახავს.
– წელს თქვენი სამოგზაურო არეალი ქართული ბუნების გარდა უცხოეთში ვიზიტებითაც იქნებოდა დატვირთული.
– არა, ასე არ ყოფილა, გაცილებით ნაკლები ვიზიტები მქონდა უცხოეთში, ვიდრე ოფიციალური მიწვევები. საქმე ძალიან ბევრი მაქვს, შესაბამისად, თუ სადმე ჩემი წასვლა აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვცდილობ, არ წავიდე. ეგზოტიკურობის თვალსაზრისით, წელს ძალიან საინტერესო იყო ვიზიტი კენიაში. ნაირობიში გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის სათავო ოფისია, სადაც ყოველწლიურად იმართება მთავრობათაშორისი შეხვედრები. ამ შეხვედრებზე განისაზღვრება მსოფლიო პოლიტიკა გარემოს დაცვის სფეროში. მქონდა საინტერესო ორმხრივი შეხვედრებიც. საინტერესო იყო არაფორმალური მხარეც – ერთი თავისუფალი დღე ჩვენ დაცულ ტერიტორიაზე, ნაკურუს ტბაზე გავატარეთ. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მანქანიდან ჩამოსვლა არ შეიძლებოდა, თუმცა ჩვენმა თანმხლებმა პირმა გაბედა და მარტორქა საკმაოდ ახლოდან გვაჩვენა. ზებრები, ჟირაფები, ბაბუინები და სხვა ცხოველები ხომ მრავლად დასეირნობდნენ. საოცარი იყო ფლამინგოების გუნდიც.
– ამ ერთმა წელიწადმა როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება?
– ჩემი ცხოვრება რამდენიმე მიმართულებით შეიცვალა. უფრო მეტად დატვირთული ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე ბოჰემური ცხოვრების წესი მქონდა. მე არასდროს მიცხოვრია ისეთი წესებით, რომ ახლა ჩარჩოების დაწესება მიწევდეს, მაგრამ უკვე მენატრება მეგობართან შეხვედრა და სადმე ყავის დალევა. დღეები ერთმანეთში მაქვს არეული, ვმუშაობ შაბათ-კვირასაც. ხან არც კი ვიცი, რომელი დღეა (იცინის). თუმცა, ყოველთვის ძალიან ბევრს ვმუშაობდი და ბევრი სირთულე მაქვს გავლილი. ახლა, როცა წარსულზე ვფიქრობ, საკუთარ თავს ვეუბნები: ყოჩაღ (იცინის)! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისე გადავიტანე ის სირთულეები, რომ დეპრესია არ დამემართა, არ ჩავიქნიე ყველაფერზე ხელი. იმ წლებში ყველასთვის რთული იყო ცხოვრება. ძალიან ბევრს წვალობდა ჩემი მეუღლეც, ხან რას წამოიწყებდა, ხან – რას. მე ვსწავლობდი, თან ვმუშაობდი. ამ სირთულეების გზაზე მეუღლეც ძალიან მიწყობდა ხელს. ვერ ვიტყვი, რომ როცა სამეცადინოდ ვჯდებოდი, ბავშვებს უვლიდა, მაგრამ მორალურად ჩემს გვერდით იყო და მამხნევებდა. როცა სასწავლო პროგრამით უნგრეთში წავედი, მეუღლე მაშინაც ძალიან მეხმარებოდა (სხვათა შორის, იქ გაჩნდა ჩემი შუათანა შვილი).
ეს ერთი წელი იყო მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩემი კარიერისთვის. უნგრეთიდან ჩამოსულმა აქ, ამ სამინისტროში დავიწყე მუშაობა გარემოს დაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოში. რვა თვე მოხალისედ ვიმუშავე, რადგან ბავშვი პატარა იყო და დამტოვებელი არ მყავდა. თავისუფალი რეჟიმი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. სამუშაო სახლში მომქონდა და ღამეებს ვათენებდი. სამინისტროში 6 წლის მუშაობის შემდეგ, ორი წლით სასწავლებლად ამერიკაში წავედი, სადაც ჩემი მესამე შვილი დაიბადა. იქ უკვე ოჯახთან ერთად ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს ის პერიოდი.
რაც მინისტრი გავხდი, ძალიან ცოტა დრო მრჩება ოჯახისთვის, შვილებისთვის. ამას განსაკუთრებით მტკივნეულად ჩემი უმცროსი შვილი აღიქვამს, რომელიც ჯერ მხოლოდ ხუთი წლისაა. ხშირად, როცა სახლში ვბრუნდები, მას უკვე სძინავს. ზოგჯერ ვერც დილითაც ვნახულობ, რადგან ადრე მიწევს სახლიდან გასვლა. ჩემი რეჟიმის მიუხედავად, ყოველდღიურად მაინც ვარ საქმის კურსში, სად და როგორ არიან ჩემი შვილები, დედის როლიდან ვერ გამოვალ. შუათანა ბიჭი 13 წლისაა, ამ ასაკში ბიჭისთვის დედასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. სულ უნდა, რომ სიახლეები მომიყვეს ჩემს 18 წლის ქალიშვილს, რასაც სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებთ. ჩვენი ოჯახი ძალიან სტუმრიანია. ყოველთვის ასე იყო. გვიყვარს ხალხმრავლობა, ეტყობა, ეს ჩვენს შვილებსაც გადაედოთ. შესაბამისად, როცა სახლში მივდივარ, ხან ერთი შვილის მეგობრები მხვდებიან, ხან – მეორის. ეს ძალიან მეხმარება – ვიცნობ ამ ბავშვებს, რაც ცხოვრებას იმ თვალსაზრისით მიიოლებს, რომ ზუსტად ვიცი, ვისთან ერთად ატარებენ დროს ჩემი შვილები. სხვა მხრივ ჩემი ცხოვრება არაფრით შეცვლილა, ისევ ისეთი ურთიერთობა მაქვს ჩემს ნაცნობებთან და მეზობლებთან. ნაგავსაც ვყრი, კარტოფილსაც ვყიდულობ მაღაზიაში და გაკვეთილების მომზადებაშიც ვეხმარები შვილებს, თუ ცოტა ადრე შევძელი სახლში მისვლა. მე არ მიყვარის იმის ხაზგასმა, რომ მინისტრი ვარ. ამას წინათ ერთ-ერთი რაიონის გამგებელს დავურეკე და ვუთხარი, ხათუნა გოგალაძე ვარ გარემოს დაცვის სამინისტროდან-მეთქი. საუბრისა და მისი მხრიდან ბევრი მადლობის შემდეგ, მკითხა, თუ რომელ პოზიციაზე ვმუშაობდი და სწორედ მაშინ მომიწია თქმა, რომ მინისტრი ვიყავი.
– დღეს როგორია თქვენი ქონებრივი დეკლარაცია?
– აბსოლუტურად იგივე, როგორიც ერთი წლის წინ იყო. მაქვს ერთი ბინა დიდ დიღომში, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ 2003 წელს შევიძინეთ. მაქვს სახლი სურამში, რომელიც ჩვენი დიდი ოჯახის – ჩემი, ჩემი დისა და ძმის საზიარო სახლია. თუ ოდესმე საშუალება მექნება, მინდა, შევიძინო მიწის ნაკვეთი და კერძო სახლი ავაშენო. იქამდე მე და ჩემი ოჯახი სურამის სახლით ვსარგებლობთ. ამ ერთ წელიწადში ახალი მანქანა არ გვიყიდია. თანხობრივად ცოტა უფრო მეტია ჩემი შემოსავალი, რაც მაძლევს საშუალებას, დავზოგო თანხა. თუმცა, დანაზოგი ადრეც მქონდა. სიმართლე გითხრათ, ჩემმა სამსახურმა უფრო მეტად გამიზარდა ხარჯები – თუ ადრე ვახერხებდი სახლში საჭმლის გაკეთებას, ახლა ამისთვის არ მცალია და ნახევარფაბრიკატებს ვყიდულობ, რაც უფრო აძვირებს ცხოვრებას. მაგალითად, ძალიან შემცირებული თავისუფალი დროის გამო, აუცილებელი ნივთების ყიდვა პირველსავე შემხვედრ მაღაზიაში მიწევს.
– როგორც ჩანს, მინისტრობას შეწირვია თქვენი წონაც.
– ეს თვალნათლივ ჩანს (იცინის). დიეტა ბუნებრივად გამოვიდა, ხშირად ვერ ვიცლი სადილისთვის, ხშირად კი – მავიწყდება. არც იმისთვის მაქვს დრო, რომ სამინისტროს სასადილოში ჩავიდე და ნახევარი საათი დავკარგო. ერთი წლის განმავლობაში წონის დაკლება ცხოვრების რეჟიმმა და უჭმელობამ გამოიწვია. თუმცა, ეს ის თემა არაა, რაზე ფიქრზეც შეიძლება, დრო დავკარგო (იცინის).