„ნაციონალურად“ გულმოკლულები
„ვაი, ვეღარ ვხედავ დემოკრატიულ მზეს“
რაკი, როგორც თავად ამბობენ, მათთვის ევროპული ფასეულობები წმიდათაწმიდაა (აკი პრეზიდენტობის კანდიდატი პრაიმერით გამოავლინეს?!), სავსებით ბუნებრივია, რომ, მას შემდეგ, რაც დეპუტატმა ჯაჭვლიანმა დეპუტატ ბარამიძეზე გაიწია (და, რომ არ შეეკავებინათ, შერკინება ნოკაუტით დასრულდებოდა), პარლამენტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს და სიტყვაც დატოვეს, რომ არც დაუბრუნდებიან საკანონმდებლო მუშაობას, სანამ უმრავლესობა ადეკვატურად არ შეაფასებდა მომხდარს (რამეთუ, მათი განმარტებით, ეს არ ჯდება ცივილიზებული ურთიერთობის კონტექსტში).
ჩვენ ორთავ ხელით ვეთანხმებით, რომ მომხდარი შორს არის ცივილიზებული ურთიერთობისგან („ვაი, ვეღარ ვხედავ დემოკრატიულ მზეს“), თუმცა, ერთობ უცნაურია ეს შეფასება აწ უკვე უმცირესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობისგან“, იმ მარტივი მიზეზით, რასაც ბ-ნი აკაკი ბობოხიძე ჰქვია, რომელმაც, მას შემდეგ, რაც სიტყვით გამოსვლისას ბ-ნ პეტრე მამრაძეს სხდომათა დარბაზში ჩაარტყა (მეტის საშუალება არ მიეცა, რადგან, მანდატურებმა გაანეიტრალეს), განაცხადა, რომ არ აპირებს უარი თქვას ცემა-ტყეპაზე, თუკი ოპონენტის აზრები არ მოეწონება (სხვა შემთხვევებს აღარ გავიხსენებ, ესეც საკმარისია).
მეორე მხრივ, ნაციონალური უმცირესობის საპროტესტო განცხადება საზოგადოებას დეპუტატმა სერგო რატიანმა გააცნო და, ზედაც, მიმოძღვრა, თუ როგორი არ უნდა იყოს დეპუტატი. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს ის ბ-ნი რატიანია, რომელმაც „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში დეპუტატ კობა დავითაშვილს ჭიქა ესროლა (სხვათა შორის, იმიტომ, რომ ბ-ნი დავითაშვილის რეპლიკებმა გამოიყვანა „წყობილებიდან”) და დავამატებთ, რომ, დეპუტატ ჯაჭვლიანის განმარტებით, დეპუტატ ბარამიძეს იმიტომ ეცა, რომ მისმა ჟესტმა გააღიზიანა (შეგახსენებთ, დეპუტატმა ბარამიძემ დეპუტატ ჯაჭვლიანის სიტყვით გამოსვლისას მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი მარჯვენა საფეთქელთან მიიტანა და დაატრიალა), არისტოტელეს ლოგიკით, გამოდის, რომ დეპუტატ ჯაჭვლიანს დეპუტატ ბარამიძესთან მიმართებაში დეპუტატ რატიანის სქემით უმოქმედია – თუმცა, გაუგებარია, რატომ არ მოეწონა ეს ამბავი თავად ამ სქემის მამამთავარს?!